‍ანა ხახუტაშვილი (1886-1960)

ავტორი: ნინო ჩიხლაძე
წყარო: ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალები, თბილისი, 1990

xaxutashvili anრევოლუციამდელ ქართველ დემოკრატ მწერალ ქალებს უნდა მივაკუთვნოთ ცნობილი, თვალსაჩინო, საბავშვო ლიტერატურის წმერალი ქალი, ბელეტრისტი ანა ხახუტაშვილი (ცქვიტი). იგი ერთი იმათთაგანია, ვინც მოწმე იყო გლეხების უსამართლო ჩაგვრისა და რომლის თავზე გადაიარა მრისხანე რევოლუციის მძიმე დღეებმა.

ანა ხახუტაშვილი სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი ქალი მშრომელ ხალხს მოუწოდებდა ძალმომრეობის წინააღმდეგ. იგი დიდი იმედითა და გამარჯვების რწმენით შეჰყურედა სამშობლოს მომავალს.

რევოლუციამდელ მის შემოქმედებაში ისმოდა ცხოვრებით განაწამები გლეხკაცობის წუხილი, ბედის ჩივილი და გულსაკლავი გმინვა სოფლის ამაოებაზე. მეორე მხრივ, ნაჩვენები იყო ქალაქის დარბაზებისა და თავზეხელაღებული მემამულეების განებივრებული ცხოვრება. იგი წარმომადგენელია იმ კრიტიკული რეალიზმისა, რომელიც მაშინდელ ლიტერატურას ცხოვრების სინამდვილის მამხილებლად მოევლინა.

ანა ხახუტაშვილი კარგად იცნობდა ძველი საქართველოს, კერძოდ, ქართლის სოფლის ცხოვრებას, მის ჭირსა და ვარამს, სიხარულსა და მწუხარებას.

„– ჩვენს ოჯახთან, – იგონებს ანა, – დაახლოებულნი იყვნენ ხალხოსნები, რევოლუციურად განწყობილი ქართველი და რუსი ინტელიგენტები. მახსოვს, ერთ-ერთი მათგანი პეტერბურგიდან იყო გადმოსახლებული და გორში ცხოვრობდა. ერთხელ მას ჰკითხეს: – რატომ დაგსაჯესო? – იგი წელში გასწორდა, თავი ამაყად ასწია და ხმამაღლა, გაბედულად წარმოთქვა: უბრალო ხალხის სიყვარულის გამოო. მერე დასძინა: თურმე არ არის ადამიანისათვის უფრო დიდი მიზანი, ვიდრე ის, რომ ხალხს ემსახურო. მე ყველა ხალხი მიყვარს და უპირატესობას არავის ვანიჭებ. ეს ბუნების საწინააღმდეგო რამ იქნებოდაო.

ასეთი წრფელი ინტერნაციონალური სულისკვეთებით იყვნენ გამსჭვალული ის ადამიანები, რომლებთანაც მეგობრობა და ურთიერთობა ჰქონდა ანა ხახუტაშვილის ოჯახს. ცხადია, ასეთ ოჯახში აგზრდილი და ამ ხალხის მსოფლმხედველობის გავლენის ქვეშ მოქცეული ქალიშვილი, რომელმაც გამოსცადა მრავალი სიმწარე, შევიწროება, დევნა და სხვა, რევოლუციური ბრძოლის გზას აირჩევდა.

ანა ხახუტაშვილი გვერდში ამოუდგა თავისი დროის საზოგადო მოღვაწე ქალებს: მარიამ დემურიას, ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელს, ეკაერინე გაბაშვილს, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, დომინიკა ერისთავ-განდეგილს, ნინო ნაკაშიძესა და მათთან ერთად იბრძოდა სამშობლოს თავისუფლებისათვის.

მწერალი წერდა ძველი სოფლის დუხჭირ ცხოვრებაზე, სიღარიბეზე, ჩამორჩენილობაზე, სიბნელეზე, უმეცრებაზე, სოფელზე, რომელიც გაანადგურა ბატონყმობის მძიმე უღელმა.

ვერც ბატონყმობის მოსპობის შემდეგ გაიმართა წელში ქართველი გლეხი. ვერ იქნა, ვერ მოიშორა თავიდან სიღატაკე, თუმცა არც მომავლის იმედი დაუკარგავს. შრომობდა, იბრძოდა, რომ დაეძლია ის სიდუხჭირე და უსამართლობა, რომელსაც ასე მძლავრად ჰქონდა ფესვები გადგმული იმდროინდელ საქართველოში.

ეს იყო ანა ხახუტაშვილის რევოლუციამდელი საბავშვო მოთხრობების ძირითადი თემა.

აკაკი წერეთელმა ანა ხახუტაშვილი „ღვთაებრივი ნიჭით“ დაჯილდოებულ საბავშვო მწერლებს მიაკუთვნა. ანა ხახუტაშვილის ყველა საბავშვო მოთხრობა არის მკვეთრი, თავდადებული ბრძოლა სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ.

გადაიარა შავმა ღრუბელმა. ახალმა სოციალურმა ვითარებამ გლეხს თავისუფლება მოუტანა. ფრთებშესხმული ახალგაზრდა პოეტი ანა ხახუტაშვილი ეხმაურება ახალ ცხოვრებას. ნიჭიერი ქალი ადვილად უღებს ალღოს ცხოვრების მოთხოვნილებას, ციის, როგორ და რაზე წეროს. მის საბავშვო მოთხრობებსა და ლექსებში აღარ ისმის ნიკალასა და თედუას, თანდილასა და ეფრემას წუწუნი... მათ აღარ უჭირთ ბალღების შენახვა, ლუკმა-პურის შოვნა, მათი ჩაცმა-დახურვა, შემოსვა და სხვ. იგი ახალი ცხოვრების მეხოტბე გახდა. მთელი თავისი მწერლური მოწოდებით ეხმაურება პარტიისა და მთავრობის ღონისძიებებს მოზარდი თაობის, ბავშვების აღზრდის საქმეში, იბრძვის ახალფეხადგმული საბავშვო მწერლოის ზრდისა და განვითარებისათვსი. ეს არ იყო მაშინ პატარა საქმე, ლიტერატურულმა რიტიკამ იმთავითვე იგი საბჭოთა საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთ ფუძემდებლად აღიარა.

ანა ანტონის ასული ხახუტაშვილი დაიბადა 1886 წელს სოფელ მეჯვრისხევში (გორის მაზრა), სასულიერო პირის ოჯახში.

„იმ დღეს, რა დღესაც მე დავიბადე, – წერს მწერალი, – საშინელი თქეში, ქარბუქი და ჭექა-ქუხილი იდგა. აპრილის აზვირთებული მდინარე წალკევით ემუქრებოდა სოფელ მეჯვრისხევს.

როდესაც მე მღვდლის თანდასწრებით ბებია მაგდანამ თავისი თითები დამადო, ტუჩებ და შუბლშეკრულს უკმაყოფილოდ უთქვამს მამასთვის:

– ესეც გოგო, ქრისტიანი არა ხარ? საცოდავი!!!.. ეს ამბავი მეხივით დაეცა ჩემი ოჯახის შინაურებს... მაგრამ მე იმათ ჯიბრზე მაინც გავიზარდე. გოგოებით თავმობეზრებულ დედაჩემს რვა წელიწადი არ მოვშორებულვარ“.

რვა წლის პატარა ანა, როგორც თვითონ ამბობს, მეზობელი სოფლის ოთხწლიან სკოლაში შეუყვანიათ, მაგრამ რადგან მას ძლიერ უყვარდა თავისი სოფელი, მსი ბუნება, გაჭივებია მისი მიტოვება და სხვა პირობებთან შეგუება. იგი წერს: „მე ყოველთვის თან დამდევდა ჩემი სოფლის მდინარის შხუილი, ჩემი კარმიდამოს მწვანედ მობიბინე ველი და მთვარიანი საღამოების ეშხი“.

1894 წელ ანა ხახუტაშვილი მშობლებს მცხეთაში მიჰყავთ მონასტერთან არსებულ ოთხკლასიან სასწავლებელში. თავის მემუარებში მწერალი ქალი დიდი სიყვარულით იგონებს იქ გატარებულ თავის ქალიშვილობას:

„მიყვარდა ჩემი მონასტრის გარემო. ყველა თავისუფალ დროს სკოლის აივნიდან ფართოდ გაშლილ მშფოთვარე არაგვს გავცქეროდი. ბებრის ციხის სათოფურებს თვალს არ ვაშორებდი, გუი სიხარულით ემვსებოდა, აქა-იქ ჩანგრეულ კედლებზე შერჩენილი სარკმელებიდან რომ ცა ფირუზის ფრად იცქირებოდა... მიტაცებდა მონასტრის შემოგარენი და მისი თვალწარმტაცი ბუნება, მაგრამ საკმარისი იყო, რომელიმე მონაზვნის ლოცვა გაბმულ ზუზუნად დამწეოდა, რომ იმ ღამეს გუნება შემეცვლებოდა“.

მონასტერში ანა ხახუტაშვილი კარგად სწავლობდა, ბეჯითი მოსწავლის სახელი ჰქონდა, მაგრამ ყველა საგნებზე უფრო განსაკუთრებულ სიყვარულს ქართულ ენაში იჩენდა. ერთხელ, როცა მასწავლებელმა კლასში ილია ჭავჭავაძის „გუთნის დედა“ მისცა ბავშვებს საზეპიროდ, პატარა ანას გული აუჩუყდა, ითმინა თვალზე მომდგარი ცრემლები, მაგრამ თავი მაინც ვერ შეიკავა და ტირილი დაიწყო. ამ დღიდან ილია მისი იდეალი გახდა. ამას უცებ დიდი სიხარული დაემატა, როცა მასწავლებლისაგან შეიტყო, ილია ცოცხალიაო. ეს კლასში ყველას გაუკვირდა, ბავშვებში ჩურჩული ატყდა. ანას ვერ წარმოედგინა, რომ მწერლები ცოცხლები იყვნენ. მტკიცედ გადაწყვიტა, თბილისში ენახა მისი სახლი.

„გავიგებ მისამართს, – წერდა პოეტი, – მის სახლთან შორიახლო ავიტუზები, ან სახლიდან გასულს, ან შინ დაბრუნებულს თვალს მოვკრავ... მეტი არაფერი მინდოდა და ბედნიერად ჩავთვლიდი ჩემს თავს“.

ამ ნატვრამ, ილიას ნახვის სურვილმა, ქალიშვილის გულში ისე ღრმად მოიკალათა, ეჭვი არ იყო ამ გადაწყვეტილებას ის ნამდვილად აასრულებდა, მაგრამ უცნაური დამთხვევა მოხდა – მონსტრის კედლებში ხმა დაირხა, ილია ჭავჭავაძე მოწაფეების შესახვედრად მობრძანდებაო.

მეორე დღეს, ალაყაფის კარებში ილია გამოჩნდა, მას თან ახლდა ორი კაცი, ერთი უცხოეთიდან ჩამოსული მწერალი არტურ ლაისტი იყო.

ანა ხახუტაშვილს ილია არ ენახა, მაგრამ იცნო, პოეტი სწორედ ისეთი იყო, როგორც მას წარმოდგენილი ჰყავდა. და აი, საოცრება – ილია კეთილშობილი ღიმილით მისკენ წამოვიდა და პატარა ქალიშვილს ხელი ჩამოართვა.

მასწავლებელმა ანას ლოტბარობა შესთავაზა და ანიშნა სიმღერა დაეწყო.

„სიმღერა ძალიან მიყვარდა, ხმაც ხელს მიწყობდა“, – იგონებს მწერალი ქალი.

ილია ჭავჭავაძე განცვიფრებაში მოიყვანა თერთმეტი წლის გოგონამ, რომელიც ასე თამამად უძღვებოდა მოწაფეებისა და მონაზვნების ჯგუფს.

„ცივმა ოფლმა დამასხა, მაგრამ ჩემი ხმით სხვებს ტონი მივეი და დავიწყე „შენ ხარ ვენახი აყვავებული...“ ასეთი გრძნობით არასოდეს მიმღერია. ეს ალბათ იმიტომ, რომ ჩემს წინ სასიქადულო, დიდი პოეტი იდგა.

ილია თვალს არ აშორებდა ჩემი პატარა თითების მოძრაობას. ვეღარ მოვითმინე, ვღელავდი, ცახცახით მივუახლოვდი მას და ხელზე ვაკოცე. ვიგრძენი, რომ არაფერი იყო დასაძრახი. ყველა კმაყოფილი დარჩა. აქ მასწავლებელმა ვეღარ მოითმინა და დასძინა: „ბატონო ილია! ამ ბავშვს ისე მოეწონა თქვენი „გუთნის დედა“, იტირა, დაიფიცა, თბილისში მოვძებნი და იმ ტკბილ მარჯვენას დავუკოცნი, რითაც ეს შესანიშნავი ლექსი დაიწერაო“.

ილიას გაეცინა, თავზე ხელი გადაუსვა გოგონას, მოეფერა.

ასე შესრულდა ანა ხახუტაშვილის ოცნება და ნატვრა ილიას ნახვისა და გაცნობისა.

მალე ანა ხახუტაშვილი თბილისში გადადის და ეპარქიალურ სასწავლებელში განაგრძობს სწავლას, რომელსაც ამთავრებს ოქროს მედალზე.

მის ოცნებას, უმაღლეს სასწავლებელში შესვლისა, დროებით ხელი შეუშალა ოჯახის ხელმოკლეობამ.

თვრამეტი წლის ანა ხახუტაშვილი მუშაობას იწყებს ტელეგრაფის უწყებაში, ტელეფონზე მომუშავედ. აქ, რასაკვირველია, დაინტერესებასაც ჰქონდა ადგილი, რადგან ამ სისტემაში უფრო მეტ ხელფასს იძლეოდნენ, ვიდრე სხვაგან.

„ჩემი სამსახური ენით გამოუთქმელი ტანჯვა იყო ჩემთვის, – იგონებს მწერალი ქალი, – მშობლებს მოშორებულს, ბუნებას მოწყვეტილს, თავისუფლად აღზრდილს, გამიჭირდა ასეთ პირობებში ცხოვრება. ვინ მოთვლის რამდენეჯრ მინახავს სიზმარში ჩემი მოსხმული ვენახი, რამდენჯერ გავუღვიძებივარ წისქვილის ქვისა და სარეკელას რაკუნს... რამდენი კარგი წიგნი წამიკითხავს აქ, სანამ ჩემი სიმინდი დაიფქვებოდა“.

მაგრამ გამოხდა ხანი. ანა ხახუტაშვილის ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა. სწროედ ტელეგრაფის უწყებაში გაიცნო და დაუახლოვდა რევოლუციოენრებს, გაიტაცა რევოლუციურმა მუშაობამ, აქტიურად ჩაება მათ წრეში. მისმა დაუშრეტელმა ენერგიამ თითქოს აქ ჰპოვა თავისი სულის დასაყრდენი. პირნათლად ასრულებდა სხვადასხვა ორგანიზაციულ დავალებებს. მალე თვითონაც უშიშრად იღებდა დამოუკიდებლად შესასრულებელ სამუშაოებს. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია ჟანდარმერიას.

1905 წელს, 19 წლის ქალიშვილს „მგლის ბილეთით“ ითხოვენ სამსახურიდან. ამას მწვავედ განიცდიდა მომავალი მწერალი ქალი. კარგად იცოდა, რომ ამ ბილეთის პატრონს არსად სამსახურში არ მიიღებდნენ. მგელივით განმარტოებულს უნდა ეცხოვრა ხალხისაგან და საზოგადოებისაგან მოწყვეტილს... სხვა გზა არ ჰქონდა, დაიწყო ისევ კერძო გაკეთვილებით ცხოვრება, რომ ეს თავზე დატეხილი უსიამოვნება გადაეტანა.

ბავშვებთან სიახლოვემ და მათთან ურთიერთობამ გაუღვიძა ანა ხახუტაშვილს სურვილი ლექსებისა და მოთხრობების წერისა. მათმა სიყვარულმა დააწერინა ანას სამი საბავშვო მოთხრობა. არავის უმხელდა, მას არ აკმაყოფილებდა თავისი დაწერილი ლექსები და მოთხრობები.

1910 წელს ქ. თბილისში ქალთა უმაღლესი კურსები დაარსდა. ანა იქ მოეწყო ლიტერატურის განხრით. დიდი ინტერესით დაეწაფა ევროპული ლიტერატურის კითხვას. წიგნს ხელიდან არ უშვებდა, კითხულობდა დღე და ღამე.

„თავი უმნიშვნელო არსებად ვიგრძენი და კალამიც ხელიდან გამივარდა, – წერს ანა ხახუტაშვილი, – რა უნდა დამეწერა ისეთი, რომ ამ ბუმბერაზ შექსპირსა თუ გოეთესთან გამომეტანა ჩემი ნაჯღაბნი. დიდხანს ვგრძნობდი ჩემს თავს უსუსურად... მაგრამ მალე ჩემი სიძის ძალდატანებით რედაქციის კარებთან აღმოვჩნდი“.

1910 წელი იყო. რედაქციის წინ, სადაც ამჟამად გრიბოედოვის თეატგრია, იდგა სახეაწითლებული, აღელვებული ქალიშვილი ქაღალდებით ხელში. ეს ანა ხახუტაშვილი გახლდათ, აივლიდა კიბის რამდენიმე საფეხურს, თვლიდა, მაგრამ სწრაფად ისევ უკან ბრუნდებოდა, ჩანს „ნაკადულის“ რედაქციაში შესვლა უნდოდა და ვერ ბედავდა. ბოლოს, ის იყო წასვლა დააპირა, რომ მოულოდნელად ვიღაცამ მკლავში ხელი წაავლო.

– აქ რას აკეთებთ, ქალიშვილო?! – მოესმა ნაცნობი ხმა. აქამდე მის გულს, რომ ბაგაბუგი გაჰქონდა, უცებ დამშვიდდა, იცნო, ეს ძია შიო იყო, ძია შიო, ბავშვების საყვარელი მწერალი. შეკრთა.

– არაფერს! – დაბნეულად უპასუხა ქალიშვილმა. შიო დგას და თავის სიკეთით სავსე თვალებს არ აშორებს ახალგაზრდა ქალს.

– ოო, შენ ისეთი ეშმაკი ჩანხარ, უთუოდ დაწერდი რამეს. აბა, ეს რა არის?! – და ხელი რვეულისაკენ წაიღო, რომელიც მომავალ პოეტ ქალს გულში ისე ჩაეკრა, თითქოს ვინმე ართმევდა. – წამოდი, აბა, ახლავე წამოდი ჩემთან, – ხელი ჩაჰკრა შიო მღვიმელმა და „ნაკადულის“ რედაქციაში შეიყვანა.

ოთახში შესულებს რედაქტორი მარიამ დემურია ფეხზე წამოუდგა და კეთილი ღიმილით გადახედა შიოს გვერდით მდგომ უცნობ ახალგაზრდა სტუმარს.

აქ წააკითხეს მას თავისი საბავშვო მოთხრობა „წამებულის აღდგომა“. მოუწონეს, შეაქეს...

– უსათუოდ განაგრძეთ წერა, ამას კი, აუცილებლივ დაგიბეჭდავთო! – უთხრა მარიამ დემურიამ.

– მაგრამ გვარი რატომ არ მოაწერეთ? – იკითხა რედაქტორმა.

– გვარი?! – დაიბნა ახალგაზრდა ქალი. – გვარი რად უნდა?!

ყველას გაეცინა.

– მართალია, გვარი რა საჭიროა, – მხიარულად აუბა მხარი შიო მღვიმელმა, რომ ქალიშვილი უხერხული მდგომარეობიდან გამოეყვანა, – აბა, შეხედეთ, რა ცოცხალი გოგონაა, რა ცქვიტი და მკვირცხლია! წავიდეთ ერთად, ჩემო ცქვიტო, – უთხრა ძია შიომ და კარები გაუღო.

სწორედ ეს იყო ის პირველი მოთხრობა, რომელიც „ნაკადულში“ დაიბეჭდა. ფსევდონიმად „ცქვიტი“ მიაწერეს, ამიტომ ეძახდა შიო მღვიმელი შემდეგ ახალგაზრდა მწერალს „ნათლულს“.

ანა ხახუტაშვილის პირველ მოთხრობას მოჰყვა მეორე, მესამე და ასე შემდეგ. „ცქვიტმა“ მიიპყრო ქართველი საზოგადოების ყურადღება. ასე განსაჯეთ დიდი პოეტი აკაკი წერეთელიც კი დაინტერესდა ახალგაზრდა ნიჭიერი ავტორის გაცნობით.

– ამ ახალგაზრდამ მშვენიერი ქართული იცის, მომგვარეთ ერთი, უსათუოდ მინდა ვნახო, – უთქვამს აკაკი წერეთელს რედაქციაში.

ანა ხახუტაშვილი მიუყვანეს პოეტს. აკაკი მაშინ სასტუმრო „ფრანციაში“ ცხოვრობდა. მან მაშინვე პოეტი ქალი ნინო ორბელიანი მოიხმო, რომელსაც ამავე სასტუმროში ეჭირა ერთი ოთახი. ცქვიტი მოხიბლა პოეტი ქალის, ნინო ორბეიანის ქრთულმა ეროვნულმა ტანისამოსმა. ეს ერთადერთი ქალი იყო შემორჩენილი, რომელიც სიბერემდე ატარებდა ასეთ ტანსაცმელს. ამით იცნობდნენ მას.

აკაკი წერეთლის ასე ახლო ნახვით დიდად აღტაცებული იყო ცქვიტი, მაგრამ ახლა უკვე ხოტბაშესხმული, უფრო ცოცხლად და თამამად იქცეოდა.

– სად ისწავლე, ქალო, ასეთი ქართული? მშვენიერი ენითა სწერ, – შეეკითხა აკაკი.

– მე თვითონ ვისწავლე ხალხში, სოფელში, მეზობლებში, – ყოჩაღად უპასუხა ახალგაზრდა ქალმა.

მოეწონა მგოსანს გოგონას ჭკვიანური პასუხი.

– მეზობლებში?! – ჩაილაპარაკა აკაკიმ თავისთვის, – სადაური ხარ?

– გორელი.

– აი, ხომ ხედავ, – მიუბრუნდა აკაკი პოეტ ნინო ორბელიანს, – ხალხი დიდია და ყველას მასწავლებელი. გააგრძელე წერა, შენ კარგი მწერალი გამოხვალ და კარგი მომავალი გექნება, – დაულოცა დიდმა აკაკიმ მომავალ პოეტს, ანა ხახუტაშვილს მწერლობის გზა.

ყველაზე დიდი ფაქტორი, რამაც განაპირობა ანა ხახუტაშვილის საბავშვო ლიტერატურაში დამკვდირება, იყო მისი მასწავლებლობა, ბავშვებთან და სკოლასთან სიახლვოე.

ქალთა კურსების დამთავრების შემდეგ ასწავლიდა ქართულ ენას, ჯერ გორის გიმნაზიაში და შემდეგ თბილისის მე-2 გიმნაზიაში.

ბავშვებთან სიახლოვემ და მათი ბუნების შესწავლამ შთააგონა მწერალ ქალს მათთვის დაეწერა პატარ-პატარა მოთხრობები. იგი ყოველთვის ცდილობდა, ახლო ყოფილიყო ბავშვებთან. ამ მიზნით, ხშირად, ზაფხულობით პიონერთა ბანაკებში მიდიოდა. აკვირდებოდა ბავშვების ქცევას, მათ გართობა-თამაშობებს და მდიდარი შთაბეჭდილებებით აღსავსე წერდა საინტერესო საბავშვო მოთხრობებს. პედაგოგიური გამოცდილება ხელს უწყობდა მოთხრობები გამდიდრებული ყოფილიყო აღმზრდელობითი მაგალითების ჩვენებით.

ბავშვებთან საერთო ენის გამონახვის საოცარი ალღო ჰქონდა ანას. ბავშვები გარს ეხვეოდნენ, როგორც მოსიყვარულე დედას. სწორედ ასეთი იდეალური მასწავლებლის სახე ჰქონდა მხედველობაში ჩვენს საყვარელ პოეტს იოსებ ნონეშვილს, როცა თქვა: „მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელიო“.

ანა ხახუტაშვილმა არაჩვეულებრივი, წარმტაცი თხრობა იცოდა. ბუნების ცხოვრებიდან, ჩიტების, შოშიების, ხეკაკუნების ამბებს ისეთი ინტერესით ყვებოდა, უმალვე საოცარი ინტიმი მყარდებოდა მწერალსა და პატარებს შორის. ბავშვებთან დაახლოების ღვთით ბოძებული ნიჭი ჰქონდა. იოსებ გრიშაშვილს მიუძღვნა პატარა ნოველა „ჭიამაია გრიშაშვილის გულზე“, რომელიც დღემდე გამოუქვეყნებელია. ნოველა იმდენად კოლორიტულია, რომ იგი ნამდვილად იმსახურებს გამოქვეყნებას. ნოველაში კარგად არის გახსნილი ჭეშმარიტი პოეტის სული, მსი ფაქიზი ბუნება, ღირსება, დიდი სიყვარულის მატარებელი გული, რომ ჭიამაიაც კი, იქ, პოეტის გულზე ჰპოვებს თავის საიმედო ბინას.

გორიდან ქალაქ თბილისში ერთ-ერთ კოლმეურნეს ორი დიდი კალათა ვარდისფერლოყებიანი ახლად დდაწყვეტილი ატამი ჩამოაქვს გასაყიდად.

მყიდველთა შორის დახლთან აღმოჩნდება პოეტი იოსებ გრიშაშვილი, არჩევს ლამაზ-ლამაზ ატმებს და ქაღალდის პარკში ალაგებს. პოეტი, პარკიდან რომ ატმები არ გადმოცვივდეს, პარკს გულთან მიიყრდნობს, რათა სახლში ამანათი უვნებლად მიიტანოს.

ატმის ფოთოლს ჭიამაიაც გამოჰყოლოდა. პოეტის მკერდზე უჩვეულო სითბო იგრძნო და მოიკალათა.

კოლმეურნე გოგონებს შეემჩნიათ პოეტის მკერდზე ჭიამაია: „ჭია, ჭიამაიაო, ვისზე გავთხოვდებიო, – დაუწყეს ძახილი ჭიამაიას, – არ გესმის!“ – თავისკენ უხმობდნენ ქალიშვილები. ამ შემთხვევაზე აიგო მოთხრობა „ჭიამაია გრიშაშვილის გულზე“.

ანა ხახუტაშვილი მეგობრობდა როგორც თავისი თანამედროვე უფროსი თაობის მწერლებთან, ასევე უმცროსი თაობის შემოქმედებთან – მარიჯანთან, ანიკო ღვინიაშვილთან და სხვებთან.

ეკატერინე გაბაშვილისაგან დიდად დავალებული ანა ხახუტაშვილი საათობით იჯდა ხოლმე საწოლზე მიჯაჭვულ ავადმყოფ თავის უფროს მეგობართან.

– არა, ეკატერინე, ამდენ ხანს წოლა ნამდვილად არ გიხდებათ.

– წასვლის დრო დიდი ხანია დადგა, ჩემო ანა, და ცხოვრებასთან რაღას მაკოწიწებ! თავად როგორა ხარ? ვხედავ, ძალიან მუყაითად მუშაობ, ვკითხულობ შენს ლამაზ მოთხრობებს, ბედნიერი ხარ... ახლანდელ მწერალ ქალებს ბევრი დრო გაქვთ შემოქმედებისათვის, ეს საინტერესო ეპოქა აბიბინებული მინდორივით მრავალფეროვანია, როგორ და რამდენიც გინდათ, იმნაირ თაიგულებს შეჰკრავტ. ჩვენმა ქალებმა ახლა მადამ დე სტალის და ჟორჟ სანდს აჯობეთ.

მარიჯანიც დიდად აფასებდა ანა ხახუტაშვილს. უყვარდა მისი მშვენიერი ქართული. მან ერტმა პირველთაგანმა თქვა აკაკისა და შიო მღვმელის შემდეგ: „ქართლის გულიდან მოგაქვს სიმდიდრე მშობელ ენისო“.

„თუ მეტყვი, რომ ვარ სტუმარი ძვირი,
არ მახსოვს სოფლის ხიდი და ჩრდილი,
მაინც ორივეს ერთად გვაქვს ძირი,
ერთი ფესვიდან ვართ წამოზრდილი.

შევხარი მხარეს პრიველად ნახულს,
ღრუბლებს აფრენილს ცაში ხუნდება.
ასეა – მერცხალს ყოველ გაზაფხულს
მშობლიურ სახლში სურს დაბრუნება“.

ეს ლექსი მარიჯანმა 1957 წელს მიუძღვნა ანას. მას შემდეგ ერთად კიდევ კარგა ხანს იმოღვაწეს. ეფერებოდნენ, ეალერსებოდნენ საბავშვო ლიტერატურას, მუყაითად მუშაობდნენ, წერდნენ და ამდიდრებდნენ ბავშვების სულიერ სამყაროს ახალ-ახალი ლექსებითა და მოთხრობებით.

ანა ხახუტაშვილის გარდაცვალების ერთი წლის თავზე მარიჯანმა კიდევ ერთი ლექსი მიუძღვნა თავის ძვირფას მეგობარს.

„შენზე ამბობენ, ქართლის გულიდან
მოგაქვს სიმდიდრე, მშობლიურ ენის.
აქ შენ ბავშვობას თუ მზე უვლიდა,
დღეს ჩვენ გევლებით ტაშით და ლხენით.

აქ ირწეოდა შენი აკვანი,
აქ წინაპრების კვლავ ღვივის კერა,
შენ აქ პირველად ეცი თაყვანი
მზის ამოსვლას და ვარსკვლავთა ცვენს.

და მეჯვრისხევზე, ჩემო ანიკო,
განა სათქმელი მე კი არა მაქვს,
ჩემი მშობელი დედა აქ იყო,
მასაც მოსდევდა ენის ბარაქა“.

არც საბავშვო მწერლებსი ახალი თაობა დარჩენილა ანა ხახუტაშვილის ვალში. მის ფრთებქვეშ გამოიზარდნენ ჩვენი ნიჭიერი საბავშვო მწერლები ქეთევან ჭილაშვილი, ნინო ბეზარაშვილი, დოდო ვადაჭკორია და სხვები.

ნინო ბეზარაშვილმა კარგად იცოდა ანა ხახუატშვილის ყადრი. მისდამი სიყვარული დ პატივისცემა ლექსში გამოხატა:

„ყვავილებს სითბო და ცის ნამი სჭირდება,
თორემ უნაყოფოდ დარჩება მარადის,
შენი სტრიქონები სწორედ ცის ნამია,
მოსული პაწია გულების კარამდე.
დიდია ეგ შენი ზრუნვა და ამაგი,
გაივლის დრო და მაინც გვემახსოვრება.
ტკბილი ქართულით აგივნთე სურვილი,
ლამაზ ზღაპრებით გვასწავლე ცხოვრება.
დრო ისე გავიდა, რომ ვერც კი გაიგე,
თმებზე დაგაფრქვია ჭაღარა ფოთლები,
მაინც არ ღალატობ „ცხოვრების ყვავილებს“,
მათთან ხარ და კვლავ მათთან იქნები“.

ანა ხახუტაშვილსი თბილი გული და სახლის კარები ყოველთვის ღია იყო ახალგაზრდა მწერლებისათვის, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მწერალი ქალები მიაკითხავდნენ, აინტერესებდა მათი გზა, მათი პერსპექტივები საბავშვო ლიტერატურაში, რაზე მუშაობდნენ, რაზე წერდნენ.

– აბა, თქვენ იცით, რაც ძველმა თაობამ დავაკელით ჩვენს ბავშვებს, რაც ვერ მოვასწარით და გასაკეთებელი დაგვრჩა, თქვენ გაახარეთ მათი გულებიო, – ეტყოდა ხოლმე ის ახალგაზრდა მწერლებს.

ანა ხახუტაშვილის პირად არქივში შეხვდებით ლიტერატორების, კრიტიკოსების, საბავშვო მწერლების საქმიან წერილებს, დაბადების თარიღებთან დაკავშირებულ მილოცვებს: მაყვალა მრევლიშვილის, მარჯანის, ანა ხახუტაშვილსი შემოქმედების კრიტიკოსისა და დამფასებლის, ჩვენი საბავშვო ლიტერატურის მოამაგის, ანა ღვინიაშვილის წერლებს; თაყვანისმცემლებთა: ნინო ჯავახიშვილის, ქეთევან ჯავახიშვილის, ქეთევან ქუჩუკაშვილის, ქეთევან ირემაძის, ქეთევან ჭილაშვილისა და სხვათა დეპეშებსა და წერილებს.

აქვე შევხვდით ჟურნალ „საქართველოს ქალის“ ყოფილი რედაქტორის, საზოგადო მოღვწის თეო აბაშმაძის საინტერესო, საქმიან წერილს, რითაც მწერალ ქალს თხოვს, მონაწილეობა მიიღოს თავისი მოთხრობების დაბეჭდვით, ახლადგამოცემული, აღდგენილი ჟურნალის მუშაობაში.

„სალამი ქ-ნ ანას!

გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს, დიდხანს, რომ გვეყოლოს თქვენი თავი, ჩვენო კარგო ანა!

ალბათ გაიგებდით, საქართველოში ქალთა ჟურნალის გამოცემა განახლდა (ჯერ ორგანიზაციულ პერიოდში ვიმყოფებით, ბინაც არ მიგვიღია). სექტემბერში გამოვა. პირველივე ნომერს თქვენ გამოგიგზავნით... მინდოდა მოლაპარაკება, როცა ჩამობრძანდებით, გნახავთ. ახლა ვამზადებთ ოქტომბრის ნომერს დიდი ილიას დღეებთან დაკავშირებით. გვინდა თქვენი მოგონება. დარწმუნებული ვარ, გექნებათ ლამაზი და მნიშვნელოვანი მოგონება, ძალიან საჩქაროა, რედაქციის თხოვნაა, თუ თქვენი სურვილიც იქნება, გთხოვთ, გამომიგზავნოთ 3-4 გვერდი. ჩვენი მისამართი: თბილისი, ძერჟინსკის ქუჩა 36. განათლების მუშაკთა პროფკავშირის ცეკას – გადასაცემად თეო აბაშმაძეს.

თქვენი ღრმად პატივმცემელი,
თეო აბაშმაძე“.

ამ წერილიდან ჩანს, თუ რამდენად დაინტერესებული იყო რედაქტორი ანა ხახუტაშვილი წერილებისა და მოთხრობების დაბეჭდვით, რათა სახელი შეექმნა ჟურნალისათვის, მით უმეტეს, რომ ახლად აღდგენილ ჟურნალს სჭირდებოდა კომპეტენტური და ნიჭიერი მწერლების გარს შემოკრება და მხარის დაჭერა.

ანა ხახუტაშვილის შემოქმედების შესახებ ბევრი დაწერილა, ბევრი თქმულა. მწერალი ქალის უახლოესი მეგობარი კრიტიკოსი, ლიტერატორი ანიკო ღვინიაშვილი, რომელიც მისი მოთხრობების მაქებარიც და მსჯავრმდებელიც იყო, ერთ-ერთ წერილში წერდა:

„ორმოცი წლის წინათ ანა ხახუტაშვილმა, სახალხო სწავლებისათვის მზადების დროს, მეტად მოკრძალებით მოიტანა თავისი პირველი მოთხრობა „ნაკადულის“ რედაქციაში „მეჯვრისხეველის“ ფსევდონიმით. მოთხრობა უცვლელად დაიბეჭდა.

ახალგაზრდა მწერალი ქალის მოთხრობა „ცოცხალი სურათი“ „ჯეჯილის“ რედაქციაში მსჯელობის საგნად გადაიქცა. ყველამ მიაქცია ყურადღება მის ცოცხალ შინაარსს და შესანიშნავ ენას“.

მართალი იყო ანიკო ღვინიაშვილი, როცა აღნიშნავდა, საოცრად კოლორიტულიაო ანა ხახუტაშვილის მოთხრობების ქარგა, კომპოზიციურად შესანიშნავად შეკრული, ათიათასჯერ გაზომილი და აწონილი, რომელშიც დღის სინათლესავით მოსჩანს მწერლის მიერ გაწეული შრომა.

ცხადია, აქ ძნელია ანა ხახუტაშვილის ასორმოცდაათზე მეტი პატარ-პატარა მოთხრობების ფაბულისა თუ შინაარსის იდეურობაზე ლაპარაკი და გარჩევა, მაგრამ ის კი უნდა აღინიშოს, რომ მისი წიგნების ერთი გადახედვაც კმარა, დავინახოთ, როგორ მრავალფეროვანი და კოლორიტული შემოქმედია იგი, რამდენი რამის მთქმელია თუნდაც მისი პატარა მოთხრობა „დედა“, რომლის სათაურიც კი ბევრს ეუბნება მკითხველს.

„პატარა ელისოს ძლიერ უყვარს თავისი დედა, მთელი ქვეყნის სილამაზეში დედის სახეს სჭვრეტს“, – ასე იწყებს ანა ხახუტაშვილი ამ პატარა მოთხრობას. პატარა ელისომ არ იცის, როგორ და რით გამოხატოს თავისი სიყვარული დედისადმი და უცებ იას დაინახავს. მაშინ დაებადება სურვილი, ია გაზაფხულის მახარობელი, მოწყვიტოს და დედას გაზაფხული მიულოცოს, მაგრამ უფესვოდ ხომ დაჭკნებაო, ფიქრობს ელისო. მაშინ ფესვიანად ამოიღებს, რომ სიცოცხლე შეუნარჩინოს და საყვარელი დედისკენ გააქანებს გაზაფხულის საჩუქარს.

ნამდვილად სათუთად და ფაქიზად არის დაწერილი და ფსიქოლოგიურადაც გამართული ბავშვის ტრფიალი და სიყვარული დედისადმი.

ანა ხახუტაშვილი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება ნორჩი მკითხველის მოთხრობებს, თითოეული საბავშვო წიგნი, – ამბობს მწერალი ქალი, – უნდა იყოს ღრმად იდეური და მაღალმხატვრულიო და მოჰყავდა მაქსიმ გორკის აზრი, რომ ბავშვებზე უნდა ვწეროთ, როგორც მოზრდილებზე, მხოლოდ უფრო უკეთესადო.

ანა ხახუტაშვილი კლასიკური საბავშვო ლიტერატურის ტრადიციების გამგრძელებელია ცხოვრებასთან უშუალო სიახლოვით. ამით უნდა აიხსნას, რომ მის მოთხრობებში არაფერი არის ყურით მოთრეული, ძალად შეთითხნილი, გარეგნული, ხელოვნური.

ყველა მისი მოთხრობა, პატარა თუ დიდი, ცხოვრებისეულ მაგალითებზეა აგებული („ჯეჯილი“, ბოსტანში“, „პატარა დიასახლისი“, „ექსკურსანტები“, „პატარა ტუსაღები“, „ცოცხალი სურათი“, „წყალდიდობა“, „გამიშვი, რას მემართლები“). ასეთი ხასიათის მოთხრობები ხელს უწყობს, სურვილს უღვიძებს ბავშვებს გმირობის, სიმამაცისაკენ და მოუწოდებს სასახელო საქმეებისკენ.

პატარა ოთარიკო გმირობაზე ოცნებობს. მე გმირი ვარო, იძახის ამაყად. მისმა უმცროსმა დამ არ იცის, რა არის გმირი, მაგრამ გაუგონია უფროსებისაგან, რომ გმირი და გმირობა რაღაც კარგი უნდა იყოს და ისიც ეჯიბრება ძმას, იძახის, მეც უსათუოდ გმირი გავხდებიო.

„– შენ, ჩვენო მეზურნე, – იცინის ოთარი, – შოშიასავით წარამარა პირს რომ აღებ და შენი ტირილისაგან ყურთასმენა აღარ არის, განა იქნები გმირი?“

თინიკო უცებ გმირულად წამოიძახებს: „ჰო, კარგი, კარგი, ნახე, თუ კიდევ ვიტირებ, სულ აღარ ვიტირებ“, – აი, მორალი, გმირი უშიშარი და შეუპოვარი უნდა იყოს და რა საქმესაც ხელს მოჰკიდებს, ყველგან უნდა გამარჯვებული გამოვიდეს, ასე ზრდის ანა ხახუტაშვილის მოთხრობები პატარებს.

მწერალი ქალისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც დიდი, ისე პატარა თემები. ყველა ემოციური ძალის შემცველი და შემეცნებითი ხასიათისაა, ეხება ეს შრომის პროცესს, თამაშობებს თუ სათამაშოებს. მან უტყვ ბუნებას, ცხოველებსა თუ ფრინველებს ენა ჩაუდგა. მის მოთხრობებში ლაპარაკობენ პატარა ღაბუა ჩიტები, მერცხლები, კალიები, მურია, წიწილები.

ანა ხახუტაშვილი თავისი მადლიანი, ცოცხალი, მხატვრული ენით ათვითცნობეირებს, წვრთნის, შთააგონებს პატარებს წიგნის სიყვარულს, წიგნით გატაცებას, რომ წიგნი ყველაზე დიდი ემგობარია ადამიანისათვის. ანა ხახუტაშვილმა შექმნა დიდი სამამულო ომის თემაზე მაღალმხატვრული, პატრიოტული მოთხრობები. ახალგაზრდა მკითხველს იზიდავს და გულთან მიაქვს მოთხრობაში „სკოლის ტოროლა“ პატარა სოფოს წუხილი და შეშფოთება.

პატარა სოფო რატომ იტანჯება ასე? იმიტომ, რომ წერა არ იცის. ფრონტიდან გამოგზანვილ მამის წერილებს თვითონ ვერ კითხულობს და დედა უკითხავს, ვერც მამას პასუხობს წერილებით. აბა, როგორ გააგებინოს მამას, რომ სოფიკოს ის ძალიან უყვარს და თვალი სულ კარებისაკენ უჭირავს. როდის ჩაიკრავს მამას გულში. წერა რომ ეცოდინება, წერილსაც მისწერს, მაგრამ რადგან მან იცის, რომ ის პატარაა და სკოლაში არ მიიღებენ, მშობლების დაუკითხავად მიდის სკოლაში და მერხზე ჯდება. გაოცებული არიან მისი სწავლის სურვილით მასწავლებლები, მეზობლები, კოლმეურნე ქალებიც. მას „სკოლის ტოროლა“ შეარქვეს. იგი ყველაზე პირველი მიდის სკოლაში და იქაურობას ტოროლასავით ახმაურებს.

ეს მოთხრობა „სკოლის ტოროლა“ შეტანილია ანა ხახუტაშვილის წიგნში „გაზაფხულის მერცხლები“. იგი მსი მწერლური ოსტატობის შედევრია.

ანა ხახუტაშვილი ხშირად მიმართავს დიდაქტიკას. ცხადია, საბავშვო მწერალი ამის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ მისი დიდაქტიკა სქოლასტიკური, მშრალი და ხელოვნური კი არ არის, არამედ გამთბარია გრძნობით, წარმოსახვითი ფანტაზიით. ასეთი ხერხებით და მეთოდებით ადვილად დაჰყავს ბავშვებამდე დასახული მიზანი. ასეთებია: „ასმათის ფისო“, „წითელი ვაშლი“, თითქმის ორივე ერთსა და იმავე თემაზეა აგებული, სადაც საუბარია ადამიანის სიკეთესა და კეთილშობილებაზე, მეგობრობაზე და ერთმანეთის მხარდაჭერაზე.

საბავშვო ბაღსი ერთ-ერთმა ბავშვმა, გურამმა თვითონ აირჩია ძალზე წითელი ვაშლი. დარწმუნებული იყო, ეს ვაშლი მას ერგებოდა, მაგრამ დარიგების დროს არჩეული ვაშლი მასწავლებელმა პატარა ნელის მისცა. გურამს ეწყინა და ტირილი დაიწყო. ნელის ვაშლი ჯერ კიდევ არ ჰქონდა გახლეჩილი, შეეცოდა მახანაგი და ვაშლი მას მისცა. თურმე ნუ იტყვით, გურამი იმიტომ ტიროდა, რომ ეს ლამაზი ვაშლი თავისი დედისთვის უნდოდა – ავად არის და გაუხარდებაო.

შესანიშნავია თვითონ მოთხრობის ფინალი. სიკეთე ადამიანის დიდი ღირსებაა. როგორ ამაღლდა პატარა, კეთილი ნელი ბავშვების, თავისი ამხანაგების, გურამისა და მასწავლებლების თვალში.

ანა ხახუტაშვილის მხატვრული სიმართლით დაწერილ მოთხრობებში კარგად არის წრმოდგენილი სამხედრო თამაშობანი, რომელიც, როგორც ვიცით, განსაკუთრებით სამამულო ომის დროს, ცხოველმყოფელ გავლენას ახდენდა ბავშვების პატრიოტულ აღზრდაზე. ამ თემას ეძღვნება მოთხრობები: „პატარა მხედარი“, „მებრძოლი გია“, „გმირი ტარიელი“ და სხვა.

ბავშვის ჩამოყალიბება შეგნებულ მოქალაქედ, – ამბობდა ანა, – დიდად არის დამოკიდებული საბავშვო ლიტერატურაზე. ამიტომ ამ დარგში მომუშავე მწერლებს მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვშში საოცრად ძლიერია მიბაძვის ინსტინქტი. აქედან გამომდინარე, ლიტერატურაში უნდა წინ წამოვწიოთ დადებითი ხასიათის პერსონაჟებიო.

მწერალი თავის თანამედროვე თანამოკალმეთ მოუწოდებდა, მათი სახეები ისე ოსტატურად გამოეძერწათ, რომ პატარა მკითხველს სამუდამოდ დაკარგოდა ცუდის მიბაძვის სურვილი.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ანა ხახუტაშვილი იყო შესანიშნავი პეიზაჟისტი. მის მოთხრობებში დიდი მხატვრული გემოვნებით არის ნაჩვენები ბუნება, თავისი მომხიბვლელი სიდიადით, სილამაზით.

ამრიგად, მის ლამაზ, სადა მოთხრობებში ფართოდ არის წარმოდგენილი ყველაფერი ის,რომ აც ასე საჭიროა ჩვენი ბავშვების პატრიოტული ზნეობით აღზრდისათვის, მეგობრობისა და სიყვარულის ღრმა შეგნება, შრომისა და სწავლის წყურვილის გაღვიძება მთავარი თემაა მის შემოქმედებაში.

ანა ხახუტაშვილის პირველი საბავშვო მოთხრობების წიგნი გამოვიდა 1933 წელს. საბავშვო მოთხრობების შედარებით სრუილ კრებული კი 1949 წელს. 19082 წელს გამოვიდა მისი კარგად, გემოვნებით გაფორმებული წიგნი „გაზაფხულის მერცხლები“. ეს კრებულები ბავშვების საყვარელ საკითხავ წიგნებად იქცნენ, რითაც კიდევ უფრო გამდიდრდა ჩვენი ქართული საყმაწვილო ლიტერატურა.

ანა ხახუტაშვილმა იმითაც კარგი საქმე გააკეთა, რომ მან საუკეთესო მოგონებები დაგვიტოვა შიო მღვიმელზე, იოსებ გრიშაშვილზე, მაკო საფაროვა-აბაშიძეზე, სანდრო კავსაძეზე, მარიამ ალექსიძე-მარიჯანზე.

ანა ხახუტაშვილმა ნახევარი საუკუნეზე მეტი იმოღვაწევა, რითაც ნათელი კვალი დატოვა ქართულ ლიტერატურასა და კულტურაში. იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ჟურნალ-გაზეთების სარედაქციო კოლეგიებისა და მწერალთა კავშირის წევრ, დეპუტატი, დაჯილდოებული მედლებითა და სიგელით.

ანა ხახუტაშვილი გარდაიცვალა 1960 წლის 2 სექტემბერს.

ქართველმა ხალხმა ღვაწლმოსილ მწერალს თავისი უკანასკნელი სამყოფელი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში მიუჩინა.