‍დავით კარიჭაშვილი (1862-1927)

ავტორი: სოლომონ ცაიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

karichashvili davitდავით კარიჭაშვილი პროფესიით მასწავლებელი იყო. ის ოთხ ათეულ წელზე მეტი ემსახურა ქართველი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. მაგრამ ეს მას ხელს არ უშლიდა ყოფილიყო ამავე დროს ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, ქართული ლიტერატურის ნიჭიერი მკვლევარი, საქართველოს ისტორიკოსი, დაუღალავი ბიბლიოგრაფი და ქართული წიგნის გამომცემელი.

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი დაიბადა 1862 წელს სოფელ ხიდისთავში, იმ პატარა, ლამაზსა და ზვრებით მდიდარ სოფელში, სადაც იმ ხანებში ცხოვრობდა „კაცი განმაახლებელი ქართული სცენისა და დამფუძნებელი ქართული ჟურნალისა” – გიორგი ერისთავი. დავით კარიჭაშვილის მამა, მღვდელი გიორგი, დაახლოებული იყო მაშინ ამ სოფელში ერთადერთ კულტურულ ოჯახთან და უდროოდ გარდაცვლილი (51 წლისა) დრამატურგის შვილთან დავით ერისთავთან, რომელიც 17 წლისა დაობლდა მამითაც. პატარა დავით კარიჭაშვილი სიყრმითვე იმსჭვალებოდა ქართული კულტურისა და მწიგნობრობის სიყვარულით ამ ოჯახის გავლენით.

1869 წელს პატარა დათიკო მშობლებმა მიაბარეს გორის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც გათვითცნობიერებულმა და ნიჭიერმა ყმაწვილმა 1876 წელს წარჩინებით დაამთავრა. იმავე წელს დავით კარიჭაშვილი ჩარიცხულ იქნა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიისათვის ეს ის პერიოდი იყო, როცა ე. წ. „კერსკის რევიზიის” მშედეგად, სასწავლებლიდან ბევრი თავისუფლად მოაზროვნე მოსწავლე (სტ. ჭრელაშვილი, ილია მეუნარგია, დავით კეზელი და სხვ.) გარიცხულ იქნა და მოწინავე მასწავლებლები (იაკობ გოგებაშვილი, გ. იოსელიანი, ნ. ცხვედაძე, ტურიაშვილი და სხვ.) ძალზე შევიწროებული ან დათხოვნილიც.

მიუხედავად ასეთი მკაცრი რეჟიმისა და ადმინიტრაციული ღონისძიებისა, სემინარიელები ივანოვის ცნობილი ბიბლიოთეკის საშუალებით მაინც ახერხებდნენ მათთვის აკრძალული წიგნების კითხვას. 1882 წელს დავით კარიჭაშვილმა სასულიერო სემინარიის სრული კურსი დაამთავრა. მას გზა ჰქონდა გაკაფული სასულიერო ეკადემიისაკენ, მაგრამ ეს არ ისურვა. ის საერო განათლებისა და ასპარეზისაკე ისწრაფოდა და კიდევაც მოახერხა პეტერბურგში გამგზავრა და იქ უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩარიცხვა ნამდვილ სტუდენტად.

პეტერბურგში დავითი დიდხანს არ დარჩეილა. იგი ვერ შეეგუა მეფე ალექსანდრე II-ის მკვლელობის შემდეგ გამეფებულ აუტანელ რეჟიმსა და ადამიანის უმაგალითო შევიწროებას. ეს შევიწროება ყველაზე უფრო მკაცრად უნივერსიტეტში იგრძნობოდა, სადაც იმპერიის თითქმის ყველა კუთხიდან წამოსული მოწინავე ახალგაზრდობა ათასობით იყრიდა თავს. როგორც ბევრი სხვა ქართველი სტუდენტი (პეტრე მირიანაშვილი), დავით კარიჭაშვილიც პეერბურგიდან პარიზს გადავიდა. დავითმა სწავლა განაგრძო პარიზში სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1885 წელს დავით კარიჭაშვილი საქართველოში დაბრუნდა. აქ ის მიწვეულ იქნა ფრანგული ენის მასწავლებლად თბილისის სათავადააზნაურო სკოლაში. ამ დღიდან დავით კარიჭაშვილს სკოლისათვის თავი არ გაუნებებია. შემდეგ ის გადაყვანილ იქნა ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად თბილისის ქართულ გიმნაზიაში, რომელსაც სხვადასხვა მოსაზრებითა და მიზეზებითაც მაშინ სათავად-აზნაურო გიმნაზია ერქვა.

1885 წელსვე დავით კარიჭაშვილი არჩეულ იქნა „ქართველთა შორის წერა-კიტხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის მდივნად. ამის შემდეგ დავითს ფართო ასპარეზი გადაეშალა სამოღვაწეოდ. ამავე დროს ის უახლოვდება ქართველი ხალხის დიდ მოამაგეს ილია ჭავჭავაძეს, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე თავმჯდომარეობდა წ/კ გამავრცელებელ საზოგადოებას. დავით კარიჭაშვილმა ამ თანამდებობაზე 1892 წლამდე აჰყო, ხოლო ამის შემდეგ, ვიდრე ეს საზოგადოება არსებობდა, მისი გამგეობის ერთ-ერთი აქიური და უცვლელი წევრი იყო.

თვითმპყრობელობის დამხობასა და საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარებას მხცოვანი მოღვაწე დიდი სიხარულითა და იმედებით აღსავსე მიეგება. თებერვლის რევოლუციის გარიჟრაჟზე დაწერილ ერთ თავის სტატიაში დავითი მიმართავდა ქართველ საზოგადოებას: „რუსეთის დიდი რევოლუცია ჩვენს შვილებს აძლევს საშუალებას ისწავლონ მეცნიერება თავიანთ სამშობლო ენაზე და განვითარდნენ ბუნებრივ და ადვილად. ჭეშმარიტად, ასეთი ცვლილება სკოლის საქმეში კმაყოფილებას უნდა იწვევდეს მშობლებში და ისინი სიხარულით უნდა აბარებდნენ თავიანთ შვილებს ქართულ სკოლებში, სადაც მოზარდი თაობა იქნება თავისუფალი გონებრივის წამებისაგან და ზნეობრივი ჩაგვრისაგან”.

საქართველოში სახელმწიფო უნვიერსიტეტის გახსის შემდეგ დავით კარიჭაშვილი განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და ენერგიით შეუდგა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ხელნაწერი წიგნების საცავის მოწესრიგებასა და დამუშავებას, რომელიც უნივერსიტეტს გადაეცა. დავითი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე მუშაობდა ქარტული კულტურის ამ მთავარ კერაში მუზეუმის გამგედ.

ჯერ ისევ შრომისუნარიანი, მისთვის სანუკვარ სქმესა და საყვარელ სამუშაოს დაწაფებული, ის გარდაიცვალა სახადით 1927 წლის 26 ივლისს, 65 წლის ასაკში. ქართველი საზოგადოებისაგან შესაფერად პატივდებული, ამაგდარი მუშაკის ცხედარი 29 ივლისს დაკრძალულ იქნა დიდუბეში, ქართველ მოღვაწეთა პანთეონში.

დავით კარიჭაშვილი, როგორც მწერალი და პედაგოგი, მოწინავე იდეებით აღჭურვილი მუშაკი, შესამჩნევ კვალს ტოვებს ქართული კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორიაში. ამ მხრივ, განსაკუთრებულად აღინიშნება მისი სისტემატური ხასიათის დაუღალავი და ნაყოფიერი ღვაწლი ქართველთა შორის წ/კ გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში. დავით კარიჭაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ამ საზოგადოების ბიბლიოთეკა-წიგნსაცავისა და მუზეუმის შექმნა-ჩამოყალბიებისა და მოწესრიგების საქმეში. ამ საქმეს ილია ჭავჭავაძე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა და, როგორც საზოგადოების თავმჯდომარე, მთელი შესაძლებლობით უწყობდა მას ხელს. იგი მოითხოვდა დაგროვილი ფონდების სიების შედგენას და ცალკეული წიგნებისა და ხელნაწერების აღწერასა და დამუშავებას. „ამ სიების (წიგნებისა და ხელნაწერების) შემდგენელთა სახელი ყოველთვის მადლობით მოიხსენება შთამომავლობის მიერ”, – წერდა ილია.

ამ საშვილიშვილო საქმის სრულყოფა დავით კარიჭაშვილს ხვდა წილად. მთელ რიგ ბიბლიოგრაფიულ აღწერლობათა შორის წ/კ გამავრცელებელი საზოგადოების ამ ფონდის ყველაზე სრული აღწერილობა დავით კარიჭაშვილმა მოგვცა.

ქართული წიგნის ბიბლიოგრაფიის (1941წ. ტ. I) შესავალი წერილის ავტორის ცნობებით ქართული წიგნებისა და ხელნაწერების აღწერაზე დავით კარიჭაშვილის წინამორბედნი იყვნენ: მეფის ძე თეიმურაზ ბაგრატიონი, მარი ბროსე, ალ. ცაგარელი, თედო ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშვილი, მოსე ჯანაშვილი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ნიკო მარი და სხვანი, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს ამ სასარგებლო საქმეს.

დავით კარიჭაშვილის მიერ შედგენილი ვრცელი „კატალოგი ქართველთა შორის წ/კ გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავისა” (1905) დღემდე ერთი საუკეთესო სახელმძღვანელო და დასაყრდენი წყაროთაგანია სპეციალურად ამ დარგის მუშაკებისათვის და საერთოდ ყველა მწიგნობრისა და კულტურული ადამიანისათვის. მასში შეტანილია 3875 ნომრამდე დაუბეჭდავი და დაბეჭდილი კოლექციები, რომელიც კი მაშინ წ/კ საზოგადოების ფონდს შეადგენდა და ამჟამად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია ცნობილი, როგორც შ ფონდი.

ქ. შ. წ/კ გამავრცელებელი საზოგადოების ფონდებში დაცულია უამრავი ოქმი და მოხსენება, რომელთა შემდგენელი და ცხოვრებაში გამტარებელი დავით კარიჭაშვილი იყო.

ამასთან ერთად სკოლების შესწავლის მიზნით, დავით კარიჭაშვილი ხშირად მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა პროვინციებში. ამ მოგზაურობის დასახასიათებლად შეიძლება დავასახელოთ მისი მოგზაურობა ბათუმსა და სოხუმში (აჭრასა და აფხაზეთში) და ამ მოგზაურობის შედეგად შედგენილი ვრცელი მოხსენებანი. პირველი მოხსენებით ის მთავარ გამგეობას აუწყებდა, რომ „ომის გამოცხადებამ ბათუმის განყოფილება ამ ორ წელიწადნახევრის წინ ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო. მტრის მხრით ყუმბარების დაშენის შიშით ხალხი ბათუმიდან გაიქცა, სასწავლებლის მოსწავლეები შემოიფანტნენ, სასწავლებელი დაიხურა და შესწყდა ყოველგვარი კულტურული მუშაობა. ასე გასტნა ერთმა წელიწადმა. როდესაც შიშის ზარმა გაიარა და სიწყნარე ჩამოვარდა, უსასრულოდ დარჩენილს განყოფილებას აღარ შეეძლო სასწავლებელში სწავლა განეახლებინა. თუმცა ბათუმის ყველა სხვა სკოლაში მეცადინეობა გაჩაღდა. მხოლოდ მთავარ გამგეობის დაჯინებით და ხარჯით განახლდა სწავლა ბათუმის სასწავლებელში 1915 წლის ენკენისთვეში”.

ამას მოსდევს ფინანსური და სხვა ხასიათის შემოწმების სრული ანგარიში შესაფერი ციფრობრივი მონაცემებით როგორც ქ. შ. წ/კ გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების, ისე სკოლის შესახებ. მომხსენებლის აზრით, „ბათუმის განყოფილების ზრუნვის ერთადერთი საგანი სკოლა, რომელშიაც ომის დაწყებისას მეცადინეობა შესწყდა და განახლდა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ. მაგრამ ეს განახლება უფრო ახლად გახსნასა ჰგავს”. შემდეგ აღწერილია მდგომარეობა სკოლისა და სწავლის დაყენება მასწავლებლების მიერ. „მოწაფეები საზოგადოდ მკვირცხლად და შეგნებულად იძლეოდნენ პასუხს, – წერს დავით კარიჭაშვილი, – მოწაფეების ჩანაწერებსაც შედარებით არა უჭირს-რა. შესამჩნევი ის არის, რომ მეორე განყოფილების მოსწავლეები, წინააღმდეგ მიღებული წესისა, ადრე შედგომიან გაკრული ხელით წერას ბეჭდურის მაგიერ და წარმატებითაც შეუთვისებიათ...” მოხსენების დასკვნაში აღნიშნულია ისიც, რომ „ბათუმის სკოლის თანდაყოლილი ნაკლულევანება დღესაც ის არის, რაც ყოველთვის ყოფილა. ეს არის მაჰმადიანთა მცირე რიცხვი მოსწავლეთა შორის. 76-ში 13, ანუ 17 პროცენტი. ნუგეშად მხოლოდ ის ითქმის, რომ წინად ამაზე ნაკლებიც ყოფილა”.

1917 წლის 5 მარტს შედგენილ მოხსენებაში დავით კარიჭაშვილი სოხუმის განყოფილების გარშემო სხვათა შორის აღნიშნავდა: „დიდი სღომა გაუწევია განყოფილებას და მის გამგეობას როგორც თავშესაფარის გამართვაზე, ისე სკოლის შენობის საამისოდ გადაკეთებაზე და საზოდოდ ღონისძიების გაძლეირებაზე. ათ ბავშვთან ერთად, რომელთა შესანახად მთავარ-გამგეობა აძლევს საშუალებას, გამგეობას გადაუწყვეტია თავის ხარჯით იყოლიოს თავშესაფარში კიდევ ორი ბავშვი აფხაზთაგან და კიდევაც მიუღია ერთი. ერთიც მისაღები ჰყავს. გამგეობის მოღვაწეობას დიდი თანაგრძნობით ეკიდება სოხუმის ქართველთა საზოგადოება, რაიცა ჩანს იქიდან, რომ დიდი ხალისით ეწერებიან წევრებად, სწირავენ და ესწრებიან განყოფილების სასარგებლოდ გამართულ გასართობებს” და სხვა. შემდეგ დაწვრილებით არის გადმოცემული ამავე განყოფილების საქმიანობა, მისი ნაკლი და მიღწევები, ხარჯთაღრიცხვა, შემოსავლის მთავარი წყაროები, მისი მიზნობრივი ხარჯვა, წევრთა აქტიურობა და ნაყოფიერი მუშაობა, რის შემდეგ მომხსენებელი დაასკვნის: „სოხუმის განყოფილების გამგეობის წევრები მადლობის ღირსნი არიან იმისათვისაც, რომ სხვაფრივ ეწევიან მუშაობას საზოგადოებისათვის და კიდევ ანგარიშების წარმოების დავალება მათთვის, როცა ამისათვის დრო არა აქვთ, შეუძლებელია...” დასასრულ მომხსენებელი მთავარ-გამგეობის წინაშე სახავს მთელ რიგ ღონისძიებებს, რომელთა გატარებით უნდა გაუმჯობესებულიყო აღნიშნულ განყოფილებათა და სკოლების მუშაობა.

დავით კარიჭაშვილი, რომელიც მოწინავე ქართველ ინტელიგენციასთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა მშობლიური ენის დაცვისათვის, საქართველოს სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების შემოღებისათვის, ცხადია, აღფრთოვანებული მიეგება ცარიზმის დამხობას. „ქართულს ენაზე ნასწავლი ახალგაზრდები ფრიად საჭირონი არიან, – წერდა დავითი, – როდესაც ქართულს ენას ენიჭება სახელმწიფო ენის თანაბარი უფლება და ხმარებული ხდება ჩვენი ქვეყნსი სასამართლოებში, სამმართველოებში, სასწავლებლებში, საერობო და საქალაქო თვითმმართველობაში და ყველა სხვა დაწესებულებაში...”  ამავე წერილში დავით კარიჭაშვილი მოუწოდებდა ყველა მშობელს, მთელ ქართველ საზოგადოებას შვილები მიეცათ მხოლოდ ქართულ სკოლებში, არ დაემახინჯებინათ პატარების გონება, როგორც ეს მანამდე ხდებოდა.

სკოლაში, სკოლის გარეთ და ყველა დაწესებულებაში ქართული ენის დაცვისა და სიწმინდისათვის მებრძოლმა დავით კარიჭაშვილმა თავისი სიტყვა ამ საკითხში წერილობითაც დატოვა. ის ავტორია ქართული ენის გრამატიკისა, სადაც დამუშავებულია ამ საგნის ერთი უმთავრესი ნაწილი, ეტიმოლოგია.  მართალია, დავითის ეს ნაშრომი მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა, და როგორც გამომცემლები აღნიშნავდნენ, შეიძლება ამით ბევრი რამ საჭირო და დამამშვენებელი სამკაული მოაკლდა მას, მაგრამ ის მაინც არ არის მთელ რიგ ღირსებებს მოკლებული. ამ წიგნმა, უეჭველია, გარკვეული წვლილი შეიტანა ქართული ენის ფორმების და ნორმების დადგენაში და საერთოდ, ზოგიერთი საენათმეცნიერო საკითხების გარკვევა-გაშუქებაში. ამავე დროს, ის, როგორც სახელმძღვანელო და დამხმარე წიგნი, რიგი წლების განმავლობაში ერთგვარ დახმარებას უწევდა როგორც ამ დარგის სამეცნიერო მუშაკებს, აგრეთვე მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წიგნში საკმაო საფუძვლიანობით, მეცნიერულად და ამავე დროს, მკაფიოდ და გასაგებად არის დამუშავებული: ბგერა, ასო, მარცვალი, სიტყვა, სიტყვის შემადგენელი ნაწილი, სხვადასხვაგვარი სიტყვები, ძრმსახი, ძირი, არსებითი, დასართავი, რიცხვითი და ნაცვალსახელები, ზმნა, შორისდებული, ნაწილაკი და სხვ. წიგნს დართული აქვს 12 ვრცელი ტაბულა თვალსაჩინოებისათვის.

დავით კარიჭაშვილი ავტორია მრავალი წერილისა, საგაზეთო და საჟურნალო სტატიისა და რეცენზია-ბიბლიოგრაფიისა. ის კვალდაკვალ მისდევდა ყოველდღიურ მოვლენებს და შესაბამისად ეხმაურებოდა მათ. მაგალითად, როცა რუსული ჟურნალის „Кавказская школа” №1 (1813) გამოვიდა, მან საგულისხმო ბიბლიოგრაფია მოათავსა ჟურნალ „განათლებაში”, რომელშიც აღწერა რა ზოგადად ეს ჟურნალი და მისი პირველი ნომრის შინაარსი, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მასში ყველაფერი რიგზე არ იყო: ბევრი სასარგებლო და საგულისხმო სტატიის გვერდით მოთავსებული იყო ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ სიყალბესა და უვიცობას ავრცელებდნენ. დავით კარიჭაშვილს არ მოსწონდა ნ. სპილიოტის წერილის ის ადგილი, სადაც ლაპარაკი იყო იმაზე, ვითომ „რუსთა მფლობელობის დასაწყისში ამიერკავკასიაში განათლების მხრით სუფევდა თითქმის პირველყოფილი წყვდიადი”.

`მართალია, – წერდა დავით კარიჭაშვილი, – ბ-ნი სპილიოტი შენიშნავს ერთ ადგილს, რომ სიტყვა „პირვანდელი წყვდიადი” არ არის სრულიად სწორი თქმა და უნდა შედარებით გვესმოდესო, მაგრამ მაინც ხმარობს ამ სიტყვებს სრულებით უსამართლოთ, რაიცა არ შეეფერება იტორიკოსს, რომელიც ვალდებულია ყველაფერს თავისი სახელი უწოდოს. ეს დრო იყო ქართველი ერის უკიდურესი დაქვეითებია პოლიტიკურად და ნივთიერად და, რასაკვირველია, რომ განათლებაც დაქვეითებულიყო. ბ-ნი სპილიოტი ამბობს, მე არ შევეხები იმ მიზეზებს, რომლებმაც საქართველოში სწავლა-განათლება ასე დააქვეითაო. ჩვენ კი გვგონია, რომ ისტორიკოსს უთუოდ უნდა აღენიშნა ეს მიზეზები, რომ ცხადი ყოფილიყო მისი მკითხველებისათვის, თუ რანაირი წარსულის მქონე ხალხის სწავლა-განათლებსი ისტორიის დაწერას გვპირდება ავტორი...”

დავით კარიჭაშვილი სიამოვნებით მიეგება ქართველთა შორის წ/კ გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ინიციატივას საბავშვო მოთხრობათა კრებულის გამოცემის თაობაზე. მან პირველმა მოათავსა ბიბლიოგრაფია ჟურნალ „განათლებაში” ამ განყოფილების მიერ გამოცემულ ეკატერინე გაბაშვილის საბავშვო მოთხრობებზე („თინას ლეკური”, „მაგდანას ლურჯა”), რომლის შესახებ წერდა; „ჩვენი საყმაწვილო ბიბლიოთეკის შედგენა რომ გინდოდეს ჩვენს დროში, იცოდე, შესაფერის წიგნაკსაც კი ვერ აარჩევ, რაც მოგვეძევება საყმაწვილო წიგნები, ან უსურათოა, ან უშნოდ და ულაზათოდ გამოცემული...”

შემდეგ ის დაწვრილებით განიხილავს სარეცენზიო გამოცემას და აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი საბავშვო დასურათებული წიგნების გამოცემისა „ფრიად სიმპატიურია და ვისურვებთ, რომ ამგვარი წიგნაკები მრავალი იბეჭდებოდეს და ვრცელდებოდეს, რაც, უეჭველია, კარგ სარგებლობას მოუტანს ახალგაზრდობასა”. მაგრამ დავითს არ მოსწონს, რომ გამომცემლებს მოთხრობათა ტექსტი თავისებურად შეუსწროებიათ, რითაც ხშრიად აზრიც კი მახინჯდება ან კიდევ ჰ-ე სავსებით განდევნილია უმართებულოდ და ამით ქართული მართლწერაც დამახინჯებული.

დავით კარიჭაშვილი ცნობილია აგრეთვე როგორც ისტორიკოსი, მწერალი და ქართული ლიტერატურის მკვლევარი. იგი ავტორია ისეთი საისტორიო შრომებისა, როგორიც არის: „თამარ მეფე”, „დავით აღმაშენებელი”, „როსტომ მეფე”, „სიმონ მეფე”, „საქართველო მე-12 საუკუნეში”, „წიგნის ისტორია”, „საქართველოს მოკლე ისტორია”, „დავით კუროპალატი და ბაგრატ მესამე”, „გიორგი ბრწყინვალე”, „გიორგი II”, „ვახტანგ გორგასალი”, „მეფე გიორგი პირველი”, „ოთხი ქართველი ქალი მე-17 საუკუნისა – დარეჯან დედოფალი, ქეთევან დედოფალი, ციციშვილის ქალი და თამარ დედოფალი”, „საქართველოს გაერთიანება და მეფე ფარნაოზი”, „ქართველები უძველეს დროში”, ქეთევან დედოფალი” (მონოგრაფია), „ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში”, „ათაბაქი ყვარყვარე III”, „როდის დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი” და „ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია” (1929). ეს უკანასკნელი ქართული წიგნის სამასი წლისთავზე გამოიცა და ერთ-ერთი საიმედო წყაროს წარმოადგენს ქართული წიგნის ისტორიაში.

ყველამ ამ შრომას გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი წარსულის შესწავლის სფეროში, ისინი ხელს უწყობდნენ პატრიოტული გრძნობის გაღვივებას, ეროვნულ თვითშეგნებასა და თვითშემეცნებას, რომელიც ასე საჭირო იყო თვითმპყრობელობის დროს.

დავით კარიჭაშვილი, როგორც მწერალი, ჯერ კიდევ 1885 წელს გამოჩნდა გაზეთ „დროებაში”, სადაც მან, მაშინ პარიზის უნივერსიტეტის სტუდენტმა, მოათავსა რეცენზია ორსელეს წიგნის „კავკასია” შესახებ და სტატია „ვიქტორ ჰუგოს გარდაცვალება და დასაფლავება”. მათ მოჰყვა მისი მხატვრული ნაწარმოებნი-მოთხრობები: „სამი მსხვერპლი”, „უცხოეთში” და სხვა, რომლებიც ცალკე კრებულადაც იქნა გამოცემული (1887). მაგრამ დავითი მალე ლიტერატურული კვლევთ დაინტერესდა. ამ მხრით მისი მუშაობა საგრძნობლად ნაყოფიერი აღმოჩნდა. მის კალამს ეკუთვნის ისეთი მნიშვნელოვანი ნარკვევები და გამოკვლევანი, როგორიც არის: „ვეფხისტყაოსნის” ახალი გამოცემის რეცენზიის გამო”, `ვეფხისტყაოსნის” შედგენილობა” და სხვა, ქართულ პერიოდიკაში გაბნეული მასალა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „ვეფხისტყაოსნის” შედგენილობა”, რომელიც ახალ ეტაპზე აღორძინებულ რუსთველოლოგიაშიც ანგარიშგასაწევ ადგილს იჭერს, როგორც მეტად აქტუალური საკითხებისა და პრობლემების შემცველი გამოკვლევა. ჩვენ აქ საშუალბა არა გვაქვს ამ ნაწარმოების არც შინაარსის გადმოცემისა და არც გარჩევისა, მაგრამ ზოგიერთი დასკვნებს მოვიყვანთ, რომ ზოგადი წარმოდგენა ვიქონიოთ მასზე.

ავტორის მოსაზრებით „ვეფხისტყაოსნის” პირვანდელი სხეული შენახულია ვახტანგის გამოცემაში (1712), ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, მის დედანში. ეს პირვანდელი სხეული იწყება როსტევან არაბთა მეფის ამბით და თავდება ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის გახელმწიფებით ინდოეთში. პოემის პირვანდელ სხეულს იმ სახით, როგორიც მას აქვს ვახტანგის გამოცემაში, განცდილი აქვს ბევრნაირი ცვილება: სიტყვების შეცვლა, ტქსტის შესწორება და შერყვნა, ტაეპების ჩამატება და გამოკლება; პოემას სხვადასხვა მწიგნობრების მეირ დართვია ამბები, რომელნიც ვითომც უნდა მომხდარიყო ტარიელის ინდოეთში გახელმწიფებისა და პოემის სხვა გმირების თავ-თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების შემდეგ. ეს დამატებანი, ისე როგორც ძირითადი ტექსტი „ვეფხისტყაოსნისა”, განიცდიდნენ დაუსრულებელ შესწორებას, ჩამატებას და გამოკლებას; მკვლევარის აზრით, პოემის წინასიტყვაობა და ბოლოსიტყვაობა ძირითადი ტექსტის ავტორს არ ეკუთვნის და სხვა. ვიმეორებ, დავით კარიჭაშვილის ეს ნაშრომი დღესაც იმსახურებს რუსთველოლოგების ყურადღებას და ამდენად დავით კარიჭაშვილი ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში გვევლინება როგორც ერთ-ერთი ერუდიტი მკვლევარი-რუსთველოლოგი.

იგი ამავე დროს რედაქტორ-გამომცემელია „ვეფხისტყაოსნის” მე-19 (1903) და 24-ე (1920) გამოცემისა. ორივე ამ გამოცემას მან საფუძვლად ვახტანგისეული (1712) გამოცემის ტექსტი დაუდო, წარუმძღვარა ვრცელი წინასიტყვაობა და მშვენიერი პროზაული ენით დაწერილი პოემის შინაარსი. თავის დროზე ორივე ამ გამოცემამ მკითხველთა და პრესის ყურადღება დაიმსახურა.

დავითი რედაქტორ-გამომცემელია აგრეთვე ჩვენი უბადლო ლირიკოსის ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებისა და წერილებისა (1910 წლის გამოცემა). კრებულს წამძღვარებული აქვს დავით კარიჭაშვილის მეირ დაწერილი პოეტის მოკლე ბიოგრაფია და ილია ჭავჭავაძის კრიტიკული ეტიუდი. მას ერთვის რედაქტორის შენიშვნებიც.

1904 წელს „ცნობის ფურცლისა” და „მოამბის” პრემიად ქართველმა მკითხველმა მიიღო ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებათა სრული კრებულის ერთტომეული, რომელსაც წამძღვარებული აქვს დავით კარიჭაშვილის მიერ დაწერილი ვრცელი ბიოგრაფია ალექსანდრე ყაზბეგისა. 1913 და 1919 წლებში მისივე რედაქციით გამოიცა აგრეთვე ალექსანდრე ხახანაშვილის ქართული სიტყვიერების ისტორია (მე-19 საუკუნე).

დავით კარიჭაშვილი ავტორია შემდეგი ცალკე გამოცემული წიგნებისა: 1. საქებართა ქებაი (1886), 2. სამი მსხვერპლი (მოთხრობა, თბილისი, 1887); 3. თამარ მეფე (1892); 4. როსტომ მეფე (1894); 5. სვიმონ მეფე (1894); 6. საქართველო მე-12 საუკუნეში (1902); 7. წიგნის ისტორია (1903); 8. კატალოგი ქ. შ. წ/კ გ. საზოგადოების წიგნთსაცავისა (1904); 9. საქართველოს მოკლე ისტორია (1907); 10. ხუცური ანბანი (1910); 11. კატალოგის დამატება I (1911); 12. ხუცური ანბანის II გამოცემა; 12. ქართული ენის გრამატიკა (ეტიმოლოგია, 1929); 14. ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია და ა. შ.

დავით კარიჭაშვილი (ხანდახან ფსევდონიმით – დეკანოზიძე) თანამშრომლობდა თითქმის ყველა ქართულ ჟურნალ-გაზეთში.