‍ია (ილია) კარგარეთელი (1868-1939)

ავტორი: გიორგი იოსელიანი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

0085 kargცნობილი ქართველი მუსიკოსი ია კარგარეთელი მთელი რიგი წლების მანძილზე ჩვენს სკოლებში სიმღერა-გალობის მასწავლებლად მუშაობდა. მის ყოფილ მოსწავლეებს, არასოდეს დაავიწყდებათ ია კარგარეთელის გაკვეთილები, რომლებიც ყოველთვის ტკბილი სიმღერითა და მომხიბლავი საუბრებით ტარდებოდა.

ია (ილია) გიორგის ძე კარგარეთელი დაიბადა 1868 წელს სოფელ ერთაწმინდაში. მამამისს სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული და ერთაწმინდასა და ახლო-მახლო სოფლების მღვდელი იყო. მას შესანიშნავი ხმა ჰქონდა და ძლიერ ჰყვარებია მუსიკა. მუსიკისადმი სიყვარული და ნიჭი მის ვაჟებს: უფროსს – კოტესა და უმცროსს – იასაც გამოჰყოლიათ.

ია კარგარეთელის სიტყვით, გიორგი „შვილებსაც სამღვდლოდ გვამზადებდა, და ჩვენ რომ მღვდლები არ გამოვსულიყავით, ეს პირდარპი გვარეულობსი დაღუპვა და შერცხვენც კი იქნებოდა, ვინაიდან თითონ გვარში მეცხრამეტე დეკანოზი იყო და მეოცე ჩვენგანი ვინმე უდნა ყოფილიყო”.

მაგრამ ია კარგარეთელმა მამის „იმედი” ვერ გაამართლა. გორის სასულიერო სასწავლებლის მესამე კურსიდან ია კარგარეთელი გარიცხეს „ბერძნული ენისადმი უყრუადღებობის გამო”. ია კარგარეთელი ცოტა ხანს სწავლობდა თბილისის სამოქალაქო სასწავლებელში და შემდეგ შევიდა სამასწავლებლო ინსტიტუტში.

ამ პერიოდის შესახებ თვითონ ია კარგარეთელი შემდეგსა წერს: „ინსტიტუტში ყოფნის დროს მე კარგად გავეცან მაშინდელი საზოგადოების განსაკუთრებულ გულმტკივნეულობას და ნატვრას. გავიცან აგრეთვე ილია, აკაკი, შევიყვარე და შემიყვარდა მათთან ყოფნა; ცხვედაძე და გოგებაშვილი დიდი მფარველები მყავდნენ, მათ ბევრი რამ მომცეს, თვალი ამიხილეს, ჩამახედეს, მაგრძნობინეს, დიდ რამეს მოელოდნენ ჩემგნით და ეხლა რომ ვგრძნობ, რომ მათი ნაკარნახევი ცოტათი მაინც ვერ ავასრულე, მე მრცხვენიან”.

1886 წელს ია კარგარეთელი შევიდა ლადო აღნიაშვილის ქართველ მომღერალთა გუნდში. იმავე წელს გუნდი ეწვია ქალაქ გორს. სოფრომ მგალობლიშვილი, რომელიც მაშინ გორში მასწავლებლობდა, იგონებს: „მთელი ხორო დავაბინავე ჩემთან. ელვასავით მოედო მთელს ქალაქს ხოროს მოსვლის ამბავი. მომღერალთა ქულაჯებმა ხალხი მთლად ააბორგა. უნდა მოგახსენოთ, რომ იმისთანა აღფრთოვანებას ხალხისას, როგორც მაშინ იყო, ჯერაც არ მოვსწრებივარ. სცენაზე მოიწევდა ხალხი, აღარ ესმოდა მას რას ჩადიოდა, იქამდე ღრმად ჩაწვდა მის სულსა და გულას საერო ხმები. კონცერტის გათავების შემდეგ ხალხი კიდევ ერთ საათამდე ჯარათ იდგა, არ იშლებოდა. ია ხომ მოღალეს „ურმულის” განმეორებით”.

თვითონ ია ლადო აღნიაშვილის გუნდში ჩარიცხვის ამბავს შემდეგნაირად გადმოგვცემს: „1886 წელს მე 15-16 წლისა ვიქნებოდი; სასულიერო სასწავლებლიდან დამითხოვეს იმ წელს და, მეტი გზა არსაით იყო, საოსტატო ინსტიტუტთან არსებულ სამოქალაქო სასწავლებელს შევაფარე თავი. ერთ მშვენიერ დღეს გავიხედე, დიდი დასვენების დროს შემოცვივდნენ კლასში ამხანაგები და მეუბნებიან, ვიღაცანი გეძახიანო. გამოველ და გავიცანით ერთმანეთი; ესენი იყვნენ განსვენებულნი ვ. აღნიაშვილი და გ. ჩაგუნავა. აღნიაშვილმა ღიმილით მომმართა: „კარგი სიმღერა გცოდნია და უნდა გამღეროთო; თქვენი ტოლი ბიჭები უნდა შევყაროთ და თუ არ დაიზარებ, მოდი, უშველეო”. ცოტა არ იყოს, აღნიაშვილის სიტყვებმა გამაწითლეს, მაგრამ მაინც თავჩაღუნულმა ვუთხარი: კარგი, გეახლები. მაგრამ ვაი თუ დაგიშალოთ; ვმღერი ელია-დელიასა და სხვისა კი რა მოგახსენოთ-მეთქი.

... მეორე დღეს, საღამო ჟამს, მივედი რატილის ბინაზედ; იქ დამხვდა ოცდაათ კაცამდე, მომეტებულად სემინარიელები, კონცერტისათვის ემზადებოდნენ, მაგრამ კონცერტს ბევრი დავიდარაბა უნდოდა, მერე უფრო ქართულს კონცერტს. თვით მოთავე საქმისა – აღნიაშვილი ხელმოკლე კაცი იყო და რასაც მასწავლებლობით შოულობდფა, სულ საქმეს ახმარებდა. ისე მოიტანა გარემოებამ, რომ არც რატილი და არც განსვენებული აღნიაშვილი უჩემოთ ფეხს არ სდგამდნენ და ყოველს თავის განზრახულს მეც მიზიარებდნენ”.

ამის შემდეგ ია კარგარეთელი მთლიანად მიეცა ქართული მუსიკის შესწავლის საქმეს.

1889 წელს ია კარგარეთელი მოსკოვში გაემგზავრა და სწავლობდა უმაღლეს ფილარმონიულ სამუსიკო სკოლაში. აქ დაჰყო 1889 წლამდე. მეოთხე კურსიდან იძულებული გახდა, სწავლა შეეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1896 წლიდან შევიდა საოპერო დასში მომღერლად, ხოლო 1905 წელს დასის რეჟისორად მიიწვიეს.

ფრიად ნაყოფიერად მუშაობდა ია კარგარეთელი ამ წლებში, მაგრამ რეაქციის გამარჯვების შემდეგ მას სასტიკი დევნა დაუწყეს და ჟანდარმერიამ მისი მოკვლაც განიზრახა. საქმე იმაში იყო, რომ რევოლუციურმა მოძრაობამ ოპერაშიც ჰპოვა გამოსახულება. თეატრის დასისა და ტექნიკური პერსონალის მღელვარების მიზეზად ჟანდარმერია ია კარგარეთელს თვლიდა.

თავის ავტობიოგრაფიაში ია წერს: „როგორც გადმომცეს ბოლოს, შირინკინი და გენ-გუბერნატორი ტიმოფეევი თეატრის მუშაობის უკმაყოფილების მიზეზად, თურმე, მე მთვლიდნენ. ერთ მშვენიერ ღამეს თეატრიდან შინ მოვდიოდი, ალექსანდრეს ბაღთან დამხვდნენ „ოხრანკის” სამი თანამშრომელი, გუბენატორის სახელით ჩამისვეს ფაიტონში და ციხეში გამაქანეს. აქ, აგუბერნიო საპყრობილესთან გადმოვედით ეტლიდან. როგორც გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი, ერთმა მათგანმა უკნიდან მესროლა რევოლვერი; მე დავეცი მკვდარი; ბოლოს მიპოვა „გარადავოიმ” და მიმიტანა საავადმყოფოში”.  ეს მოხდა 1906 წელს. დიდხანს ებრძოდა ია კარგარეთელი სიკვდილს. ბოლოს როგორც იყო, გამოკეთდა, მაგრამ სამუდამოდ დაავადმყოფდა (ფეხი და მარჯვენა ხელი გაუფუჭდა).

ია თავის საყვარელ საქმეს მაინც არ მოშორებია. სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ-რუსულ ჟურნალ-გაზეთებში, აქვეყნებდა წერილებს ქართული მუსიკის შესახებ, აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს და ჰქმნიდა თავის შესანიშნავ მუსიკალურ ნაწარმოებებს.

ამავე დროს ის შეუდგა მასწავლებლობას და ქართველ მოსწავლეებს გულში უნერგავდა ქართული ხალხური მუსიკის სიყვარულს. მასწავლებლობდა თბილსიის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში, ხოლო ბოლო დროს ყოფილ მეცხრე შრომის სკოლაში.

ია კარგარეთელს კარგად ჰქონდა შეგნებული მუსიკსი მნიშვნელობა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში. ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ სკოლებში სიმღერა-მუსიკის გაკვეთილებს სათანადო ადგილი დათმობოდა და მის სწავლებას სერიოზული ყურადღება მიქცეოდა.

1910 წელს გაზეთ „დროებაში” (№45) მან გამოაქვეყნა ძლიერ საყურადღებო წერილი: „სკოლა და სიმღერა”. საფუძვლიანად არკვევს რა მუსიკის გავლენას საერთოდ ადამიანებზე და კერძოდ, მის მნიშვნელობას ბავშვების აღზრდის საქმეში, ავტორი წერს: „პირადად მე გასაკვირველადაც მიმაჩნია, რომ დღემდე სიმღერა-გალობას ის საპატიო ადგილი არ უჭირავს, რომელიც სამართლიანად უნდა ჰქონდეს მინიჭებული. გასაკვირველია აგრეთვე, რომ მას ყრმათა აღზრდის საქმეში არა აქვს დათმობილი თავისი კუთვნილი როლი, ხოლო ამ საშუალების უკან დაყენება აღზრდაში ჰბადავს იმას, რომ ათასს და ორი ათასს ფრიად განსწავლულ პირთ იგი უცხო ხილად მიაჩნიათ.

...მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შეუგნებლობაა, ხოლო შეუგნებლობა ესე წარმავალია. დავისახოთ გულს იმედი, რომ მოვა დრო, როცა სიმღერა-გალობა შემოვა სახლში თუ სკოლაში არა როგორც საშუალება გართობისა და ქეიფისა რჩეულთა და ბედნიერთათვის ამა ქვეყნისა, არამედ როგორც ფრიად საყურადღებო ელემენტი ყრმათა აღზრდა-გათვითცნობიერებისა და სოციალურ ურთიერთობის, კაცობრიობის სულიერი გარდაქმნისა და გადახალისებისა. ამისთანა ჟამის მოახლოებას ხელი უნდა შეუწყოს ყველამ... უნდა ფართოდ გაეღოს ამ სხივს ოჯახისა თუ სასწავლებლის კარი და დაჰგმოს, მოღალატედ ჩასთვალოს ყველა ის, რომელიც აამღვრევს სამშობლოსა და ხალხისადმი განსამტკიცებელს და ადამიანის გრძნობათა განმასპეტაკებელ წმინდა ხალხურ სიმღერა-გალობის ხმათა ჟღერას”.

ამ წერილში ია კარგარეთელი ამხილებს აგრეთვე იანოვსკისა და მისი მიმდევრების შავრაზმულ დამოკიდებულებას ქართული მუსიკისადმი და მათ ცდას, აღეკვეთათ სკოლებში ქართული სიმღერების შესწავლა. ამიტომაც ავტორი ქართველ საზოგადოებას და განსაკუთრებით მასწავლებლობას მოუწოდებს ღირსეულად დაიცვან და ყოველმხრივ ხელი შეუწყონ ქართული სიმღერების შესწავლას, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება განვითარებული და სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობით გამსჭვალული ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში.

თავის პედაგოგიურ მოღვაწეობაში ია კარგარეთელი ამ აზრებსი მხურვალე განმახორციელებელი იყო. გაკვეთილზე მას უყვარდა საუბარი მუსიკსი დარგში მოღვაწეთა შესახებ. ყვებოდა საინტერესო ეპიზოდებს მათი ცხოვრებიდან, რომელთაც მოსწავლეებზე დიდი აღმზრდელობითი ზეგავლენა ჰქონდა. ხშირად ახსენებდა საქართველოს, მის ისტორიას, შესანიშნავ ქართველ მწერლებს, იგონებდა მათთან შეხვედრის მომენტებს და ბავშვებს მიმართავდა, რომ მათ სამშობლო ესახელებინათ.

მას ღრმად სჯეროდა საქართველოს აღორძინება და აყვავება. ასეთ რწმენას გამოთქვამდა ის ჯერ კიდევ ახალგაზრდობის დროს.

`საქართველოს თავზე ოცს საუკუნეზედ მეტს გადუვლია ელვა-ჭექითა და გრგვინვა-ქუხილით და ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ ყოფილა დაჩაგრული და განწირული ბედისაგან; ბევრჯერ გასჭირვებია უმწვერვალესად, ბევრჯერ მოოხრებულა და იავარქმნილა მისი გარემო-მიდამონი, მაგრამ ქარი ჩავარდნილა, შავ-ბნელი ღრუბლები გაფანტულა, ცას გამოუხედნია და ცხრათვალა მზეს კვლავ განუცოცხლებია კვდარი ქვეყანა, კვლავ ფენიქსებრ განუახლებია, კვლავ აღუდგენია მკვდრეთით დატანჯული და წამებული გული, რომელსაც დაუწყია ისევ ცემა, ისევ ავსება გრძნობებითა, კვლავ გაცოცხლებულა სიმღერა-გალობაცა, ჰანგები და მელოდიები”.

ია კარგარეთელი არის ავტორი შესანიშნავი ორიგინალური მუსიკალური ნაწარმოებებისა. გარდა ამისა, მას ეკუთვნის მთელი რიგი ოპერების ლიბრეტოების თარგმანი („ტრავიატა”, „ოტელო”, „ფაუსტი”, „სევილიელი დალაქი”, „რიგოლეტო”, „ჯამბაზები” და სხვ.). ეს თარგმანები იმით იყო გამოწვეული, რომ ია კარგარეთელის აზრით, ქართულ საოპერო სცენაზე მასობრივ მსმენელს საშუალება უნდა ჰქონოდათ ქართულ ენაზე მოესმინათ ოპერები.

ორიგინალური ქართული ოპერის შექმნაზე თვითონაც მუშაობდა. ამისათვის შერჩეული ჰქონდა მასალაც („თავფარავნელი ჭაბუკი”). ეს ხალხური პოემა ია კარგარეთელმა თითქმის ზეპირად იცოდა. ზოგიერთ ადგილს მოსწავლეებსაც ამღერედა გაკვეთილებზე. სამწუხაროდ, ია კარგარეთელს აღნიშნული ოპერის დამთავრება აღარ დასცალდა.

ია კარგარეთელი გარდაიცვალა 1939 წელს.