‍იასონ კაპანაძე (1857-1931)

ავტორი: ვარლამ ქაჯაია
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

სახალხო მასწავლებლის სახელოვანი გზა განვლო იასონ კაპანაძემ (მწერლობაში „თავბერა”). ორმოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში ენერგიულად ემსახურეოდა იგ სოფლად სწავლა-განათლების გავრცელების დიდ საქმეს. დასავლეთ საქართველოს იმ სოფლების მცხოვრებნი, სადაც იასონ კაპანაძეს მეფის დროს მოღვაწე-მასწავლებლის მძიმე მოვალეობა პირნათლად შეუსრულებია, დღესაც უდიდესი პატივისცემით იგონებენ ვალმოხდილი პედაგოგის ფასდაუდებელ შრომას.

იასონ ლუკას ძე კაპანაძე დაიბადა 1857 წლის 7 (19) დეკემბერს სოფელ ბოსლევში (შორაპნის მაზრა). დაწყებითი განათლების მისაღებად იგი 1869 წელს შეიყვანეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის კურსი ბრწყინვალედ დაამთავრა 1876 წელს. ოჯახური ხელმოკლეობის გამო სწავლის გაგრძელება მან ვერ შეძლო; ჩააბარა გამოცდები მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად, გაიარა მოკლევადიანი პედაგოგიური პრაქტიკა ხონში და 1876 წლიდანვე შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას სოფელ საჭილაოში (სამტრედიის მახლობლად), მარნის დაწყებით სკოლაში, სადაც სრული 22 წელი მუშაობდა. მისი დაუღალავი შრომის შედეგად მარნის სკოლა ორკლასიან სასწავლებლად გადაკეთდა და გაფართოებულ შენობაში მოთავსდა. იასონ კაპანაძის თაოსნობითა და იაკობ გოგებაშვილის დახმარებით სკოლასთან ქართული წიგნების მდდიარი ბიბლიოთეკა შეიქმნა. იმდენად მრავალმხრივი და ნაყოფიერი პედაგოგიურ-საზოგადოებრივი მუშაობა ჩაატარა იასონ კაპანაძემ საჭილაოში, რომ იგი ყველასთვის საყვარელ ადამიანად გადაიქცა და როდეასც ავადმყოფობის გამო იასონ კაპანაძე იძულებული შეიქნა სოფელ ნიკორწმინდაში (რაჭა) გადასულიყო მასწავლებლად, საჭილაოს მშრომელი საზოგადოება დიდი გულისტკივილით გამოემშვიდობა მას. ადგილობრივი კორესპონდენტი ამის გამო წერდა გაზეთ „ცნობის ფურცელში”: „ეს გარემოება მეტად სამხუხაროდ შეექმნათ ყველა საჭილაოელებს. სწორედ უნდა ვსთქვა: იმისთანა მშრომელი, შეგირდების მოყვარული, მშვიდი და მუყაითი სწავლებაში მეტად იშვიათია ჩვენს დროში”.

ნიკორწმინდის სკოლაში იასონ კაპანაძე დიდხანს არ დარჩენილა. ერთი წლის შემდეგ იგი სოფელ კიცხის (შორაპნის მაზრა) სკოლაში გადაიყვანეს მასწავლებლად.

კიცხის სკოლა, რომელსაც მანამდე მოსახლეობაში ავტორიტეტი არ ჰქონდა, იასონ კაპანაძემ თავისი დაუშრეტელი ენერგიული შრომითა და მოღვაწეობით ერთ-ერთ სანიმუშო სასწავლებლად აქცია. აქ კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა მისი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა.

თავისი წარმატებით აღფრთოვანებული იასონ კაპანაძე ახლა მშობლიურ სოფელ ბოსლევში სკოლის დაარსებისათვის ზრუნვას შეუდგა, თუმცა ამ საქმეში იგი დიდ წინააღმდეგობას წააწყდა ადგილობრივი მღვდლებისა (რომელთაც ადგილობრივად სამრევლო სკოლა ჰქონდათ „გამართული”) და მეფის ბიუროკრატი მოხელეების მხრივ, მაგრამ მან მაინც მოახერხა 1901 წლისათვის ბოსლევში დაწყებითი სკოლსი გახსნა, რომელსაც თვითონ ჩაუდგა სათავეში. იასონ კაპანაძის მონდომებული შრომით ბოსლევის ახლადგახსნილი სასწავლებელი მოკლე დროში იმდენად გაიზარდა და მოღონიერდა, რომ იგი ამ დიდი სოფლის ძირითად კულტურულ კერად გადაიქცა.

იასონ კაპანაძე სოფლის მოსახლეობაში ცოდნა-განათლების გავრცელებას შეუდგა. მისი მოღვაწეობის შედეგად გაუმჯობესდა ბოსლევის რკინიგზის სადგურის მუშაობა. მასთან შეიქმნა საფოსტო განყოფილება, დაარსდა შემნახველი სალარო, სოფლის საურთიერთო ამხანაგობა, ბიბლიოთეკა-სამხკითხველო და სხვა კულტურული დაწესებულებანი.

30 წელი იმოღვაწა იასონ კაპანაძემ ბოსლევის სკოლაში, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ჯერ სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი გახდა, ხოლო შემდეგ – საბჭოთა პერიოდში – შვიდწლიან სკოლად გადაიქცა. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ასეული ახალგაზრდა გამოზარდა გამოცდილმა პედაგოგმა და სწორი მიმართულება მისცა მათ ნიჭსა და უანრს. მისი ყოფილი მოსწავლეები, რომელთა საგრძნობი ნაწილი ამჟამად მეტად ნაყოფიერ კულტურულ, სამეციერო და სამეურნეო მოღვაწეობას ეწევა ჩვენს ქვეყანაში, დღესაც უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით იხსენიებენ თავიანთ პირველ აღმზრდელ-მასწავლებელსა და გულისხმიერ მეგობარს.

იასონ კაპანაძე მარტო პრაქტიკულ-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მუშაობით არ კმაყოფილდებოდა. იგი იმავე დროს ნაყოფიერ ლიტერატურულ მუშაობასაც ეწეოდა ჩვენს პრესაში. მისი საყურადღებო წერილები, რომლებიც მაშინდელ ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა, ჩვენი პედაგოგიური და საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ საჭირობოროტო საკითხს შეეხებოდა.

იასონ კაპანაძის პირველი საყურადღებო წერილი „სოფლის მასწავლებლის შენიშვნები რუსული ენის სწავლების შესახებ სოფლის სკოლებში”, რომელიც გაზეთ „ობზორში” დაიბეჭდა 1878 წელს. საქართველოს სკოლებში რუსული ენის სწავლების გაუმჯობესების ძირითად ღონისძიებებს შეეხებოდა. წერილის ავტორის მოსაზრებებს სავსებით მიემხრო ცნობილი ქართველი პედაგოგი ალ. ჭიჭინაძე.

იასონ კაპანაძის მეორე მნიშვნელოვანი სტატია „სოფლის მასწავლებლის შენიშვნები ქართული ენის სწავლების შესახებ ჩვენს სკოლებში” მოითხოვდა საქართველოს დაწყებით სკოლებში ყველა სასწავლო საგნის სწავლების დედა ენაზე განხორციელებას და იმავე დროს რუსული ენის, როგორც ცალკე სასწავლო საგნის, სწავლების გარდაქმნის აუცილებელ ღონისძიებებსაც სახავდა.

ყველაზე საყურადღებოა იასონ კაპანაძის („თავბერას”) ბროშურა „სოფლის მასწავლებლის ხმა”, რომელიც რუსულ ენაზე გამოქვეყნდა და თვალნათლივ ააშკარავებს სოფლსი მასწავლებელთა მატერიალურ დაბეჩავებას მეფის რუსეთში. ეს ბროშურა უსასტიკეს საბრალმდებლო აქტს წარმოადგენდა მეფის ხელისუფლების მიმართ და საზოგადოებას სახალხო მასწავლებელთა უფლებების დაცვისათვის ბრძოლისაკენ მოუწოდებდა. იასონ კაპანაძის ამ მოწოდებას ფართოდ გამოეხმაურნენ საზოგადოების მოწინავე ფენებში.

იასონ კაპანაძეს ეკუთვნის მეტად საინტერესო საისოტრიო-ეთნოგრაფიული ნარკვევი „სოფელი საჭილაო”, რომელიც დაიბეჭდა ცობილ „Сборник материалов для описания местньстей и племён Кавказа”-ში (XXVI გამოშვება). ეს ნარკვევი დღესაც იპყრობს სპეციალისტთა ყურადღებას. თავის დროზე ჟურნალმა „მოგზაურმა” მას ფრიად მაღალი შეფასება მისცა.

იასონ კაპანაძე მებრძოლი სახალხო მასწავლებელი იყო. იგი ააშკარავებდა მეფის ხელისუფლების ადგილობრივ მოხელეთა ყველა იმ ღონისძიებას, რომლებიც ქართველი ხალხისა და მისი დედაენის წინააღმდეგ იყო მიმართული. იგი ამ ბრძოლაში არ უშინდებოდა თვით უსასტიკეს რეპრესებსაც კი. და როდესაც დიდი ოქტომბრის სოციალსიტური რევოლუციის შედეგად, საბჭოთა ხელისუფლების ყოველდღიური მზრუნველობის პირობებში შეიქმნა დედაენაზე დამყარებული ნამდვილი სახალხო სკოლა, იასონ კაპანაძე დიდი გამოცდილებითა და განახლებული ენერგიით შეუდგა საბჭოთა მოზარდებისა და ახალგაზრდობის კომუნისტური სწავლა-აღზრდისათვის თავდადებულ ზრუნვას.

მისი კეთილშობილური პედაგოგიური შრომითა და საზოგადოებრივი მოღვაწეობით კმაყოფილმა და მადლიერმა საბჭოთა საზოგადოებამ ღვაწლმოსილ სახალხო მასწავლებელს იასონ ლუკას ძე კაპანაძეს 1928 წლის 29 იანვარს გადაუხადა 52 წლის პედაგოგიური მოღვაწეობის იუბილე.

მშობლიური ხალხის წინაშე ვალმოხდილი მხცოვანი პედაგოგი იასონ კაპანაძე გარდაიცვალა 1931 წლის 28 დეკემბერს.

იასონ კაპანაძის, როგორც მოწინავე სახალხო მასწავლებლის, პედაგოგირუი და საზოგადოებრივი მოღვაეობა საპატიო ადგილს დაიკავებს საქართველოში სახალხო განათლების განვითარებისა და პედაგოგიური აზროვნების ისტორიაში.