‍ანა ჟურული-იმედაშვილი (1884-1927)

ავტორი: ნინო ჩიხლაძე
წყარო: ღვაწლმოსილი ქართველი მანდილოსნები, თბილისი, 1976

0177 zhurქართულ ეროვნულ საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულია ერთ-ერთი საინტერესო საზოგადო მოღვაწე ქალის ანა ნიკოლოზის ასულ ჟურულ-იმედაშვილის სახელი.

იგი 18 წლისა იყო, როცა თბილისის ეპარქიალური სასწავლებელი დაამთავრა და ცოლად გაჰყვა ცნობილ მწერალს, საზოგადო მოღვაწესა და რევოლუციონერს იოსებ იმედაშვილს.

იმხანად იოსები ჩვენი ქართველი მწერლების ნაწარმოებთა გამოცემით იყო დაინტერესებული, ირ. ევდოშვილის ლექსების კრებულს ბეჭდავთ. იროდიონმა უბინაობა შესჩივლა, ღამის გასათევი ადგილი არ მაქვსო. ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა სიამოვნებით შესთავაზეს მას და მის დას პოეტ ქალს ბაბილინა ხოსიტაშვილს თავიის დიდი ოთახი, მათ მალე შემოუერთდა ცნობილი პუბლიცისტი და მწერალი ნ. კურდღელაშვილი (ბაბილინას მეუღლე). აქედან დაიწყო ანა ჟურულის დაახლოება ქართველ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან.

ანა ჟურული ხშირად ესწრებოდა ი. იმედაშვილის მიერ გახსილ ბუკინისტურ მაღაზიაში გამართულ არალეგალურ კრებებს, სადაც გაიცნო რევოლუციონერები: იოსებ ჯუღაშვილი, მელიტონ თვალია, სევერიან ჯუღელი და სხვები. ამ მაღაზიაშივე ტარდებოდა დრამატულ დადგმათა რეპეტიციები. ანა გაიტაცა ქართულმა თეატრმა და მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი გახდა, ხოლო როცა მაღაზიაზე ეჭვი მიიტანეს და გაჩხრეკილი იქნა ჟანდარმების მიერ, იოსებ იმედაშვილთან ერთად ანა ჟურულიც დააპატიმრეს. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ი. იმედაშვილმა ბუკინისტური მაღაზიიდან მთელი წიგნები გადაიტანა თავის მშობლიურ ხაშმში ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გასახსნელად.

ბიბლიოთეკას სათავეში ანა ჟურული ჩაუდგა. დიდი სიყვარულით და მონდომებით ემსახურებოდა ანა ცოდნამოწყურებულ ახალგაზრდობას. ამ კულტურულ საქმიანობასთან ერთად მან არანაკლები სარგებლობა მოუტანა სოფელს, როდესაც ქალიშვილებისთვის ჭრა-კერვის სკოლა გახსნა.

ბიბლიოთეკაში მუშაობამ კიდევ უფრო დაახლოვა ანა ხალხის ყოფა-ცხოვრებას. იგი კარგად ხედავდა, რომ იტანჯებოდა სოფლის გლეხკაცობა მევახშეების და მამასახლისების ხელში. ის არაერთხელ აღუშფოთებია გლეხთა ოჯახების ასაწიოკებლად მამასახლისები წრეგადასულ მოქმედებას.

ანა ჟურული მონაწილე იყო 1905 წლის სამაისო გამოსვლებისა თბილისში. ერთხელ, როცა მას პოლიტიკური ლიტერატურა და პროკლამაციები მიჰქონდა, სეამჩნია თუ როგორ აედევნა ერთი ჟანდარმი. მან გადაწყვიტა გაქცევით ეშველა თავისთვის, იქვე ეკლესიის ღია კარებში შევარდა, სახეზე პირსაბური ჩამოიფარა, სწრაფად ხატის წინ ჩაიჩოქა, ვითომ ლოცულობდა...

ამასთან დაკავშირებით, ანას ქალიშვილი თამარი იგონებს;

„...ვაჟა, ჩვენი ოჯახის ახლობელი, ჩვენთან იყო. სუფრასთან ვიჯექით, ვვახშმობდით, მოიგონეს დედაჩემის ყოჩაღობა, როგორ მოხერხებულად დააღწია თავი ჟანდარმს. ვაჟამ ექსპრომტად მისი სადღეგრძელო შესვა:

„გული გავლესოთ გრძნობითა,
საცა დაბერავს ნაღარა,
ერთი დავძახოთ ქართულად,
ხვალ ან გვეცლება, ან არა!“

ყველას მოგვეწონა ვაჟას რევოლუციური განწყობილება და აღმაფრენა“.

როცა ანა ჟურულის შესახებ ვლაპარაკობთ, არ შეიძლება არ შევეხოთ მის თეატრალურ მოღვაწეობას და იმ დიდ სიყვარულს, რომელსაც იგი იჩენდა ქართულ ახალფეხადგმულ მუშათა თეატრისადმი, მით უმეტეს, რომ ამ თეატრის დაარსების საკითხს პირველად საფუძველი ი. იმედაშვილის ოჯახში ჩაეყარა. აქ ტრიალებდნენ, აქ იკრიბებოდნენ სახალხო თეატრის მოამაგენი – ცნობილი თეატრალი და მსახიობი გიორგი ჯაბადარი, მიხეილ თუმანიშვილი, ოლღა აგლაძე, თედო სახოკია, ვალერიან გუნია, ნინო და ილია ნაკაშიძეები და სხვები.

მაშინ ქართულ თეატრში ქალების როლის შემსრულებელი ძალიან ცოტა ჰყავდათ. ცხადია, ასეთ დროს თეატრი გაჭირვებიდან ანას გამოჰყავდა. დაუზარელი ქალი დიდხანს მოღვაწეობდა „მურაშკოსა“ და „არაქსიანის“ მუშათა თეატრებში და ყოველთვის წამყვან როლს თამაშობდა.

ანა ჟურულის თანამედროვე ერთ-ერთი თეატრალი წერს:

„1903 წლის 25 ივნისს, როცა ანტ. ფურცელაძის ტრაგედიას „ავაზაკებს“ ვამზადებდით და ამ პიესაში ანა მთავარ როლს ასრულებდა, იგი ჩვილი ბავშვის დედა იყო. წარმოდგენის დაწყებამდე ჩვენი წრის ავან-ჩავანმა ბესო მაისურაძემ სადღაციდან ჩვენებური კარგად გაწყობილი აკვანი მოიტანა და კულისებში დადგა. სცენაზე გასვლის წინ ანა აკვანთან დაიხარა, ბავშვს ძუძუ მოაწოვა და მხნედ გავიდა თავის როლის შესასრულებლად. ხდებოდა ისიც, როცა ატირებული ბავშვის დაშოშმინება ბესო მაისურაძეს უხდებოდა, აკვნის რწევითა და ღიღინით, სანამ ბალღი დაიძინებდა“.

ანა იმედაშვილი დრამატიული როლების შესანიშნავი შემსრულებელი ყო. განსაკუთრებით დიდი გამარჯვება ხვდა, როცა არსენას შეყვარებულის ნენოს როლი განასახიერა. იმ დროს არსენას როლს ცნობილი ქართველი მსახიობის სპარტაკ ბაღაშვილის მამა, ლევან ბაღაშვილი თამაშობდა. პიესა „ორ ობოლში“, რომლის გადმოკეთება ვალერიან გუნიას ეკუთვნის, ანა ჟურული გამოჩენილი მსახიობის ელისაბედ ჩერქეზიშვილის საუკეთესო პარტნიორი იყო. ანა ჟურული მთავარ როლს თამაშობდა ვალერიან გუნიას მიერ გადმოკეთებულ ჟერარის პიესა „და-ძმაში“. უთამაშია „კაიუს გრაკხში“, მაშინ კაიუს გრაკხს გამოჩენილი მსახიობი ლადო მესხიშვილი ანსახიერებდა.

„პირადათ ბევრ „სახალხო თეატრში“ მიმუშავია, ბევრჯერ მინახავს ჩვენი ქალების მრავალი გაჭირვება, მაგრამ ასეთი თავის დადება, რომელსაც ანა იჩენდა თეატრისადმი, მე არ მახსოვს, ბევრ სიძნელესთან იყო მაშინ დაკავშირებული ქალის მოღვაწეობა. ანიკო დიდ შემართებას და სულიერ სიტკიცეს იჩენდა. მახსოვს, შუა ზამთარში საბანში გახვეული თოთო ბავშვით მთაწმინდიდან როგორ დაეშვა ავლაბრის თეატრამდის. იგი იმ წუთს არ ფიქრობდა ბავშვზე, თუ რა სედეგი მოჰყვეობდა მის ასეთ გაბედულ ნაბიჯს, იგი ფიქრობდა მხოლოდ იმაზე, სპექტაკლის ჩატარებას ხელი არ შეშლოდა. მივაბიჯებდით მუხლებამდე თოვლში, საშინელი ქარბუქი გზას გვიძნელებდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო საზოგადოებრივი საქმის სიყვარული, რომ ანას უკან არ ახედინებდა“.

ანა ჟურულის დღიურში ვკითხულობთ:

„1901 წელს ჯვარი დავიწერე. 18 წლის ვიყავი, რომ შვილი მეყოლა. მაშინ იოსები ავლაბრის მუშათა თეატრის რეჟისორი იყო. რეპეტიციები ჩვენს სახლში იმართებოდა. შემიყვარდა სცენა, სიხარულითGველოდი ყოველი ახალი როლის მიღებას“.

ანას საზოგადოებრივ ინტერესებზე მიგვითითებს მოღვაწე ქალის ის დიდი ამაგი, რომელიც მას მიუძღვის ჟურნალ „თეატრის და ცხოვრების“ გამოცემის საქმეში. ამ ჟურნალს მაშინ მისი მეუღლე ი. იმედაშვილი რედაქტორობდა. იგი მხარში ედგა მას და მასთან ერთად იტანდა ყოველგვარ სიძნელეებს, რაც ჟურნალის გამოსვლასთან იყო დაკავშირებული. მან გაყიდა მზითვში მოყოლილი უკანასკნელი კარადა, დარჩენილი სამკაულებიც კი, რომ ჟურნალის გამოსვლა არ შეფერხებულიყო.

იჯდა ხოლმე ანა საათობით, ზოგჯერ მთელი დღე, თავის მეუღლის გვერდით რედაქციაში, არჩევდა, ახარისხებდა წერილებს და თავისი უფროსი შვილის საშუალებით აწყობდა, კეცავდა. იცოდა, რომ ეს ყველაფერი დროულად უნდა გაკეთებულიყო, რომ ხელისმომწერლებს ჟურნალი თავის დროზე მისვლოდათ.

ერთხანად, როცა ი. იმედაშვილი მეფის მთავრობის მიერ დაპატიმრებული იქნა, ანა არ დაბნეულა, ჟურნალის გამოცემის ხელმძღვანელობა თვითონ ითავა. „თეატრი და ცხოვრება“ მისი რედაქტორობით თითქმის სამი-ოთხი წელიწადი გამოდიოდა.

მძიმე იყო უქმროდ დარჩენილი სამი შვილის დედისთვის ცალკე ოჯახსა და ცალკე საზოგადო საქმისათვის ზრუნვა. რამდენი „კეთილის მსურველები“ გამოუჩნდნე მაშინ ანას, ლამაზი, ახალგაზრდა ქალი ხარ, წესიერ კაცს გაჰყევი, მოეშვი იმ გამოუსწორებელსო, მაგრამ ასეთ მრჩეველს მრისხანედ შეუტევდა და მოიშორებდა ხოლმე და კიდევ უფრო მაგრდებოდა ცხოვრებასთან ბრძოლაში. ანა სულიერად არ დაცემულა, ქმარს ამხნევებდა, ციხეში იმედიან წერილებს წერდა:

„ჩემო ძვირფასო, გონებიდან განუშორებელო იოსებ... მივიღე შენი წერილი. მაგრამ შენი ავადმყოფობა ძალიან მეწყინა, რა დაგემართა, კარგად უნდა იყო, გაკვლდევდე, მესმის ყველაფერი, უნდა აიტანო... აი, მე მიყურე ამ სუსტ არსებას, რამდენი ტანჯვა გულისა და მწუხარება ამიტანია, ეს მხოლოდ შენთვის და ბავშვებისათვის. შენც აგრე გმართებს, უნდა აიტანო ყველაფერი“.

რამდენი ტანჯვა და უძილო ღამეები გადაუტანია ანას. დიდად განიცდიდა, რომ ჟურნალი სუფსიდიის – სარსებო წყაროს უქონლობის გამო ბრკოლდებოდა. რამდენჯერ იოსებსა და ანას უსადილოდ დაუტოვებიათ ბავშვები. ამ საქმეს ეწირებოდა იოსების ჯამაგირი, მათი ოჯახის შემოსავლის უკანასკნელი წყარო. მიუხედავად ყოველივე ამისა, „თეატრი და ცხოვრება“ იყო მაშინ ერთ-ერთი მოწინავე ჟურნალი, რომელმაც თხუთმეტი წელიწადი იარსება.

ამ ჟურნალის გარშემო თავს იყრიდნენ მისი მუდმივი თანამშრომლები: აკაკი, ვაჟა, ს. მგალობლიშვილი, შალვა დადიანი, ზაქარია ჭიჭინაძე, ვალერიან გუნია, გალაკტიონ ტაბიძე, გ. ლეონიძე, ი. გრიშაშვილი და სხვა. „ამ ოჯახში ნამდვილი ქართული სული ტრიალებს, იგი ჩემს მამა-პაპათა წარსულს მაკავშირებსო“, იტყოდა გიორგი ლეონიძე და თუ ვინმე გამოჩეილ კაცს საქართველოში ჩამოსულს ნახავდა, იქ მიიყვანდა ხოლმე.

ერთხელ სერგეი ესენინი გიორგი ლეონიძემ ანასა და იოსების სტუმართმოყვარე ოჯახში მთაწმინდაზე მიიპატიჟა:

– მამაო, მიიღე შენი შვილი, – უთხრა ახალგაზრდა ესენინმა იოსებს და მკერდზე ეამბორა. პოეტს გრძელ თეთრწვერმოშვებული იოსები სასულიერო პირი ეგონა, სანამ გიორგი ლეონიძე მის ვინაობას არ გააცნობდა სტუმარს.

«Я северный ваш друг брат
Поэты все единой крови,
И сам я тоже азиат
В поступках, в поисках и слове».

აი, რას წერს თავისი დღიურის ფურცლებზე ანა ჯურული: „თავიდანვე იოსებმა ვალად დამადო მასთან ერთად მეტარებინა ჯვარი წამების და ტანჯვისა. არასოდეს მიფიქრია გავქცეოდი ამ ტანჯვას“.

ანას ქალიშვილი თამარიმედაშვილი იგონებს:

„მახსოვს, უკანასკნელად მამის დაჭერის წინ მამაჩემმა დედას რაღაც კონვერტი დაუტოვა გადასაცემად, მგონი, თეატრალური საზოგადოების მისამართით იყო და როცა ვ. გუნიამ დედაჩემს ჰკითხა, იოსებმა სახარჯო რამე თუ დაგიტოვათო – დედამ რამდენიმე ხნის დუმილის შემდეგ უპასუხა: აბა, რას დაგვიტოვებდა, რაც არა ებადაო.

რამდენიმე დღის შემდეგ ვ. გუნია მოვიდა ჩვენთან და დედაჩემს ასეთი წინადადებით მიმართა: – ჩვენ რომ საღამო მოვაწყოთ, თქვენ ხომ მიიღებთ მონაწილეობასო. მახსოვს ისინი შეთანხმდნენ. ვ. გუნიამ დედაჩემი პიესა „კაიუს გრაკხში“ ათამაშა და იქიდან შემოსული თანხა ჩვენს ოჯახს გამოუგზავნა“.

მძიმე მატერიალურმა მდგომარეობამ, მუდამ მეფის მთავრობის სასტიკი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნამ და შიმშილმა ვერ გასტეხა ანას რწმენა მომავლისადმი.

ერთ-ერთ წერილში იგი თავის მეუღლეს წერს: „ნუ გეშინია, ბავშვები კარგად გვყვანან. მე მინდა მივიდე ქართულ გიმნაზიაში, რომ ბავშვები მივაღებინო. წარმოდგენის დადგმა მინდოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა. ვ. გუნიას ვთხოვე, თავისუფალი დღე არ მაქვსო; ეხლა უნდა სხვა გზა ვიღონო, ეგებ სხვაგან მოვახერხო რამე“.

ეს იმედიანი განწყობილება, პრინციპულობა, მაღალი შეგნება მთელს ცხოვრებაში ანას თან სდევდა.

მან უდავოდ დიდი სიმტკიცე და ნებისყოფა გამოიჩინა, როცა 1904 წელს ისოებ იმედაშვილის სიტყვა-ლექსიკონი, იოსების მიერ ციხეში ახლად გადამუშავებული, უყურადღებოდ არ მიატოვა და დიდი სიძნელეების გადალახვის შემდეგ, 1918 წელს გაოსცა სამი ათასი ტირაჟით.

ანა ჟურული გარდაიცვალა 1927 წელს, 5 მაის,ს ორმოცდაორი წლის ასაკში. ქართველმა საზოგადოებამ ღირსეულ მოღვაწეს დიდუბის პანთეონში მიუჩინა ადგილი.

გამოსათხოვარი სიტყვებით გამოემშვიდობენ ანას ავლაბრელი, ხარფუხელი, ორთაჭალელი სცენისმოყვარეები.

საფლავზე თბილი სიტყვა წარმოთქვა აპოლონ წულაძემ.

„საფრანგეთის უკვდავ მწერალს ვიქტორ ჰიუგოს აქვს ერთი საგულისხმიერო ლექსი, რომლის შინაარსი მოკლედ ასეთია: ცა პირქუში, უმთვარო და უვარსკვლავო, მინდორ-ველი გადახრუკული, ხე უფოთლო და უნაყოფოთო, ოჯახი უშვილო.

ამრიგად, უშვილო ოჯახი მსგავსი ყოფილა უვარსკვლავო ცისა, გადახრუკული მინდორ-ველისა და უნაყოფო, უფოთლო ხისა. შვილები კი ოჯახისათვის ისეთი მშვენებაა, როგორც ცისათვის ვარსკვლავი, ხისათვის დახუნძლული ნაყოფი... ჩვენ ადამიანებმა ან სულ უარი უნდა ვსთქვათ ცხოვრებაზე, მოვიკლათ თავი, ანდა გავამრავლოთ შვილები... ჩვენს წინაშე მდებარე პატივცემულ მანდილოსნის დამსახურებას მე აღარ აღვნიშნავ, აღარ გავიმეორებ, რაც ჩვენზე უწინ სთქვეს, ვიტყვი მხოლოდ, რომ ის ბედნეირი ვალმოხდილია, ის არ ემსგავსება უნაყოფო ხეს. მას თავს დასტირიან, ქვითინებენ ქოჩორა ქალ-ვაჟები, „სიმწრით“ გამოზრდილი შვილები.

იტირეთ ღირსეული დედა და თუ მას პატივს სცემთ სიყვარულით, დაამტკიცეთ იმით, რომ თქვენი ყოფაქცევით ნუ შეურაცხყოფთ წმინდათა წმინდა სახელს...

შენ კი, პატივცემულო ანა, ამ ქვეყნიურ ვალმოხდილი განისვენე ტკბილად“.