‍თევდორე ჟორდანია (1854-1916)

ავტორი: ბესარიონ ღოღობერიძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

zhordania thedoreცნობილი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ჩვენი წარსული ცხოვრების მკვლევარი, სახელოვანი ისტორიკოსი-არქეოლოგი და ლიტერატორი თევდორე დავითის ძე ჟორდანია დაიბადა 1854 წლის 20 აპრილს (ძვ. სტ.) სოფელ მოქვში, სადაც მამამისი (მარტვილის მკვიდრი) მღვდლად იყო გამწესებული.

თედომ 1868 წელს დაასრულა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის კურსიც წარჩინებული მოსწავლის ხარისხით დაამავრა 1875 წელს.

როგორც ფრიადოსანი მოსწავლე, თედო ჟორდანია იმავე წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, რომელსაც წარმატებით ასრულებს 1879 წელს.

25 წლის ახალგაზრდა თედო მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე დანიშნულ იქნა თბილისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად. ამ თანამდებობას ის მისთვის ჩვეული ბეჯითობითა და გულმოდგინებით ასრულებდა 1884 წლამდე და მოსწავლეთა შორისაც დიდი ავტორიტეტი და სიყვარული დაიმსახურა.

1884 წელს თედო ჟორდანია გადაჰყავთ თბილისის სასულიერო სემინარიაში ქართული სიტყვიერების მასწავლებლად. ამ თანამდებობაზე იგი 1896 წლამდე მუშაობდა. მაგრამ აბა, რა უნდა ყოფილიყო ეს თანამდებობა და ან მისი სიყვარულით შესრულება – სწავლება იმ საგნისა, რომელსაც სასწავლებელში არც კათედრა ჰქონდა და არც შტატი ეჭირა და იმდენანდ იყო აგდებული, რომ კვირაში მხოლოდ ორი უკანასკნელი საათი ჰქონდა დათმობილი.

სემინარიაში ქართული ენის დევნასა და შევიწროებას სისტემატური და თანმიმდევრული ხასიათი ჰქონდა, რასაც გაბედული და აქტიური სემინარიელები მედგარ ბრძოლას უცხადებდნენ.

ცხადია, თედოს სხვა იარაღი და საშუალება გააჩნდა ბრძოლისა, თუ არა ისევ თავისებური ტაქტი, სტოიკური მოთმინება და დიპლომატიური ურთიერთობის წარმოება.

ამგვარი ტაქტით თუ თანმიმდევრული საქმიანობით თედო ჟორდანიამ, მართალია, გვიან, მაგრამ მაინც მიაღწია მიზანს. თბილისის სემინარიაში აბუჩად აგდებული და შტატს გარეშე დარჩენილი ქართული სიტყვიერების კათედრა აღადგინა, მისი საკმაოდ ვრცელი პროგრამაც ჩამოაყალიბა და სათავეშიც თვითონვე ჩაუდგა როგორც გამგე და მასწავლებელიც. ამით მან ნიადაგი გაიმაგრა, სამოქმედო ასპარეზი გაიფართოვა, რომ უფრო ნაყოფიერი ყოფილიყო მისი ეგზომ სანუკვარი საქმიანობა – ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სწავლება და ძველი ხელნაწერებისა და ისტორიული ძეგლების (სიგელები, გუჯრები) შეგროვება. რასაც ის ერთიმეორეს უკავშირებდა, ეს დიდი ეროვნული საქმე – ქართულ ხელნაწერთა შეგროვება – მას დიდი ხანია დაწყებული ჰქონდა და ამ მხრით თავის ბეჯით და სანდო მოსწავლეებსაც იყენებდა.

ამგვარ და კიდევ სხვა ღონისძიებათა საშუალებით შეაგროვა ამ დაუცხრომელმა მოღვაწემ ის უამრავი ისტორიული და ლიტერატურული ძეგლი, რომელთა უმეტესობა ამჟამად ჩვენი საარქივო ფონდების ძვირფას და უნიკალურ მასალათა საცავებს ამდიდრებენ.

სემინარიის ადმინისტრაციამ და მეფის რუსეთის მმართველობამ თედო ჟორდანიას ამგვარი ნაყოფიერი ღვაწლი „უნაყოფოდ” მიიჩნიეს. ყოველ შემთხვევაში, ის მოწონებას არ იმსახურებდა და საჭიროდ სცნეს მისი სემინარიიდან მოშორება.

1896 წელს თედო ჟორდანია „დააწინაურეს”. მისი სურვილის წინააღმდეგ ის გადაყვანილ იქნა გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამრევლო სკოლების მეთვალყურედ. ის აქაც ენერგიულად მოქმედებდა სამრევლო სკოლებში ქართული ენის სწავლების დაცვისათვის. მართალია, თედო მეტად შევიწროებული იყო თვითმპყრობელობის ისეთი გავლენიანი აგენტების მიერ, როგორიც იყვნენ მაშინდელი კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი, ცნობილი რუსიფიკატორი იანოვსკი და შემდეგ შავრაზმელი დეკანოზი ვოსტორგოვი, მაგრამ თავისი მდგომარეობითა და მოფიქრებულობით სასურველ მიზანს მაინც აღწევდა.

დიდი ბრძოლა და ჭაპანწყვეტა დაჭირდა თედო ჟორდანიას, რომ ეს უდავო ჭეშმარიტება დაედასტურებინა და ცარიზმის მკაცრი შემოტევა შეეჩერებინა, – სამეგრელოს სამრევლო სკოლებში ქართული ენის სწავლება დროებით მაინც დაეტოვებინა, სანამ ამ მიმართულებით შექმნილი ავტორიტეტული კომისია თავის სიტყვას იტყოდა.

ეს კომისია უკვე მოქმედებდა ბესარიონ დადიანის თავმჯდომარეობით და გრიგოლ დადიანისა და თედო ჟორდანიას მონაწილეობით. კომისიამ საბოლოოდ უარყო საღვთო წერილის წიგნების მეგრულ ენაზე თარგმნა, როგორც შეუძლებელისა და მწვალებლობის გამოვლინება და მასთან, ცხადია, სკოლებში მეგრული ენის შემოღებაც უარყოფილ იქნა.

როგორც სახალხო მასწავლებელი ტროფიმე ჯოხთაბერიძე გადმოგვცემს, თედო ჟორდანიამ „ვრცელი მოხსენებით დაუმტკიცა იანოვსკის ლოცვების მეგრულად თარგმნის შეუსაბამობა და უხამსობა, რასაც მოჰყვა ამ საკითხის საბოლოო ლიკვიდაცია”, თუმცა მეფის გაქნილმა აგენტმა ვოსტორგოვმა ეს „წყეული” კითხვა კვლავ წამოჭრა და რუსეთის „უწმინდეს სინოდსაც” ახალი სასწავლო გეგმა დაამტკიცებინა.

მაგრამ თედო ჟორდანიამ ამ უკუღმართი გეგმის შესრულებასაც თავისი ჭკვიანური მოქმედებით და მოხერხებულობით მალე დააღწია თავი და ქართული ენის სწავლება სამეგრელოს სამრევლო სკოლებში კიდევ უფრო განმტკიცდა მაშინ, როცა ე. წ. სამინისტროს სკოლებში ეს საგანი სრულიად აღკვეთილი იყო.

თედო ჟორდანიას ტაქტიკურ მოქმედებასა და საქმიან ბრძოლას ზოგმა საკმაოდ გამოჩენილმა ქართველმა მოღვაწემაც ვერ მიატანა დაკვირვებული თვალი და ყური. ცილი დასწამეს, ვითომ „დედაენას” არ იცავსო... და ეს იმ დროს, როცა თედო ჟორდანი რომ არ ყოფილიყო, „დედაენა” სამრევლო სკოლებში სრულებით აღკვეთილი იქნებოდა”. მაგრამ იყო კაცი, რომელსაც ესმოდა თედო ჟორდანიას გულის ძგერა, იცოდა მისი ფასი და მნიშვნელობა. ეს იყო ბრძენი, ყველაფრის გამგები და დიდბუნებოვანი მწერალი, საზოგადო მოღვაწე და დიდი მოქალაქე ილია ჭავჭავაძე; იგი ბოლომდე თანმიმდევრულად იცავდა და უჭერდა მხარს თედო ჟორდანიას, რომ ხალხის სამსახურისათვის გული არ გატეხოდა.

საქართველოს საისტორიო საბუთების დაუღალავ შემგროვებელსა და აღმწერს, ქართული „მართლუბნობისა” და მართლწერის კანონების შემმუშავებელს – გრამატიკის შემდგენელსა (1889) და მისი სწავლების ბოლომდე დამცველს, ქართველი ერის გენიალური პოეტის დავით გურამიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების პირველ მკვლევარს, კრიტიკოსსა და შემფასებელს, საქართველოს წარსული ცხოვრების უმთავრესი ქრონიკების დამდგენსა და ავტორს იმ დიდტანიანი ტომებისა (I და II), რომელთა განსაკუთრებული და უაღრესი მნიშვნელობა უდავოა ქართულ ისტორიოგრაფიაში, რასაკვირველია, ილია ჭავჭავაძე დიდ პატივს სცემდა და მის ყოველ ახალ-ახალ ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის შრომებს ფართო ადგილს უთმობდა თავის გაზეთ „ივერიაში”.

მრავალფეროვანმა და განუწყვეტელმა მძიმე შრომამ, უსამართლობასთან ბრძოლამ და ნერვიულობამ ადრე გატეხა თედო ჟორდანიას ერთ დროს რკინისებური ჯანმრთელობა. 1916 წელს მას აღმოაჩნდა გაძლიერებული სკლეროზი და ნაწილობრივ დამბლა, რაც თანდათან გაუძლიერდა და 1916 წლის 4 ნოემბერს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი განზრახვა – დაემთავრებინა „ქრონიკების” მესამე ტომი და, თუ დაბეჭდილი არა, გამზადებული მაინც ეანდერძა ქართველი ხალხისათვის, შეუსრულებელი დარჩა.

მადლიერმა ხალხმა ღირსეულად შეაფასა მისი ამაგი და სამუდამო განსასვენებელი დიდუბის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში მიუჩინა.