‍ილია ჯიშკარიანი (1869-1939)

ავტორი: ა. სვანაძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

“შრომობენ მოციქულებრივ, თავი არ მოაქვთ დიდადა
და კერძოს საზოგადოსთვის აგებენ გზად და ხიდადა”.

აკაკი

jishkariani iliaდიდი ქართველი პოეტის ეს სიტყვები თამამად შეიძლება გამოვიყენოთ იმისათვის, რომ დავახასიათოთ ილია ალექსის ძე ჯიშკარიანი ცხოვრება და პედაგოგიური მოღვაწეობა.

ღრმა და ფართო მცოდნე თავისი სპეციალობისა – მათემატიკისა, მეთოდურად და მეცნიერულად გამოცდილი და არაცალმხრივად განათლებული ავტორი მრავალი სხვადასხვაგვარი ნაბეჭდი ნაწარმოებისა, დაუშრეტელი ქმედითი ენერგიის მქონე, გაბედული მოქალაქე, მხურვალე პატრიოტი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და ყოველი მშრომელის მეგობარი და მოსიყვარულე, საშუალო სკოლის გამოჩენილი მასწავლებელი – ასეთია ილია ალექსის ძე ჯიშკარიანი.

ილია ჯიშკარიანი დაიბადა 1869 წლის იანვარში ქვემო იმერეთში, სოფელ ბაშში.

საშუალო განათლება ილია ჯიშკარიანმა მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. გიმნაზიაში ილია ჯიშკარიანი ითვლებოდა სერიოზულ, საკმარისად ნიჭიერ და მუყაით მოსწავლედ. იგი იყო გულკეთილი და სუსტების მფარველი.

13 წლის ასაკიდან ილია იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას – რეპეტიტორობას ჰკიდებს ხელს, თავისუფალ დროს კი იგი თვითგანვითარებისათვის იყენებს.

საშუალო სკოლას ილიკო ამთავრებს 1890 წელს და უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე შედის.

ილია ჯიშკარიანი სტუდენტობის დროს პეტერბურგშიც ეწეოდა რეპეტიტორობას. ამ მძიმე შრომის ხელფასით ირჩენდა თავს და უმცროს ძმასაც თავისი ხარჯით ზრდიდა იქვე.

1893 წელს ილია ჯიშკარიანი ორ ამხანაგთან ერთად დააპატიმრეს როგორც პოლიტიკური დამნაშავე. დაპატიმრებამ, რა თქმა უნდა, დიდად შეუშალა ხელი მეცადინეობაში და ილიამ დაგვიანებით, მხოლოდ 1897 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. როგორც „პოლიტიკური მეთვალყურეობის ქვეშ მყოფს” მას უფლება არ ჰქონდა მიეღო მასწავლებლის ადგილი არა თუ რუსეთის სატახტო ქალაქში, არც საქართველოში და საერთოდ, კავკასიაშია. ამ გარემოებამ ილია ჯიშკარიანი აიძლა წასლუიყო მასწავლელბად შორეულ აღმოსავლეთში, ციმბირში და ქალაქ ხაბაროვსკის რკინიგზის სასწავლებელში დაეწყო მათემატიკის მასწავლებლობა. ერთი წლის შემდეგ ის ინიშნება იმავე სასწავლებლის ინსპექტორად. 1900 წელს ილია ჯიშკარიანი გადაჰყავთ იმიერ-ბაიკალის ქალაქ ტროიცკოსავსკის რეალური სასწავლებლის ინსპექტორად, სადაც იგი მსხურობს 1908 წლამდე და ეწევა ინტენსიურ საზოგადოებრივ და ლიტერატურულ მოღვაწეობას. 1908 წელს ილია ჯიშკარიანი, მრავალი განმეორებითი თხოვნის შემდეგ, ახერხებს გადმოსვლას ამიერკავკასიაში და ინიშნება ქალაქ ბაქოში პირველი გიმნაზიის ინსპექტორისა და მათეიმატიკის მასწავლებლის თანამდებობაზე. 1917 წელს იგი იმსახურებს პენსიას და მოისწრაფვის საქართველოში. მას ნიშნავენ ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად და ქალთა გიმნაზიის პედსაბჭოს თავმჯდომარედ. 1918 წლიდან ილია ჯიშკარიანი თბილისში მსახურობს, ჯერ ავლაბრის მე-5 გიმნაზიის დირექტორად ხოლო შემდეგ ეტქნიკუმის დირექტორად, სადაც დაჰყო 1924 წლამდე. ამის შემდეგ იგი ლექტორად მუშაობს სხვადასხვა კურსებზე მასწავლებლად ონსა და თელავში.

თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კვლავ ბრუნდება თბილისში, სადაც ჩვეული ენერგიით მუშაობს ლექტორად მასწავლებელთა კურსებზე და წითელი არმიისა და ფლოტის სახლში, სანამ მოულოდნელად არ შეწყდა მისი სიცოცხლე. 1939 წლის მარტში ილია ჯიშკარიანი გარდაიცვალა ტვინში სისხლის ჩაქცევით.

გრძელი და შინაარსიანი იყო ცხოვრება ილია ჯიშკარიანისა. ხშირად ეკლიანი, მაგრამ მუდამ ნათელი და სახელოვანი იყო მის მიერ განვლილი გზა. ის უმწიკვლო და შეუბღალავი ღვაწლით შემოსილი სახელი, რომელიც ილია ჯიშკარიანმა დატოვა, მუდამ დაუვიწყარი იქნება. ამას მოწმობს მისი მეგობრების გულწრფელი მოგონებანი სამაგალითო ადამიანისა და სპეტაკი მოღვაწის შესახებ.

“– ჯერ ისევ მოწაფეობის წლებში, – მოგვითხრობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ალ. მდივანი, – ყველასათვის საყვარელი იყო ილია ჯიშკარიანი. იგი იმდენად კეთილი და მფარველი ამხანაგი იყო, რომ ჩვენს მშობლებსაც განსაკუთრებით უყვარდათ...”

ამგვარადვე ახასიათებენ მას დამსახურებული პროფესორი ი. აბულაძე და სხვები. რაც შეეხება მოსწავლეებს, რომლებსაც ილია ჯიშკარიანი ასწავლიდა, და მასწავლებლებს, რომლებთანაც მსახურობდა იგი, წარუშლელი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდათ მისი. ერთი ყოფილი მოსწავლე მას წერდა: „თქვენ, ძვირფასო ილია ალექსის ძევ, სამუდამოდ მომხიბლეთ, როგორც შრომის მქადაგებელმა და იმისმა კარგმა მაგალითმა, რომ შრომა აკეთილშობილებს ადამიანს”.

მართლაც, სადაც კი ილია ჯიშკარიანი მსახურობდა, იგი ატარებდა დაუღალავად მშრომელი პატიოსანი პედაგოგის სახელს, მუდამ „ანთებდა მოწაფეების სულში ცოდნისა და შროის ჩაუქრობელ ცეცხლს” (ე. კობახიძე, საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს პედაგოგიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-მუშაკი). ილია ჯიშკარიანი სკოლაში დასვენების დროსაც კი არ ისვენებდა, უსარგებლოდ არ კარგავდა არც ერთ წუთს. მაგალითად,&ნბსპ; ბაქოში, გიმნაზიის ინსპექტორის როლში იგი არა მარტო თვალყურს ადევნებდა მოსწავლეებს დერეფნებში, არამედ პარალელურად მუშაობდა კიდეც, მიუჯდებოდა დერეფანში დადგმულ თავის მაგიდას და ან კითხულობდა, ან წერდა. ილია ჯიშკარიანი ნამდვილი გმირი იყო შრომისა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. იგი ადრე დილიდან ღამის 2-3 საათამდე მუშაობდა, „საქმიანობდა” (სიტყვა „საქმიანობა” მას ძლიერ უყვარდა); მისი დასვენება იმაში გამოიხატებოდა, რომ მუშაობის ერთი დარგიდან მეორეზე გადავიდოდა. მასწავლებელი მუდამ შრომის უქრობი ცეცხლი ენთო. იგი გარდა მათემატიკისა, მეცნიერების სხვა დარგებშიაც იჩენდა ღრმა ცოდნას. საყურადღებო მემკვიდრეობა დაგვიტოვა მან არა მარტო მათემატიკაში, არამედ ქართულ ლიტერატურაში, ისტორიასა და ენათმეცნიერებაში.

ჩვენი დიდი პოეტი აკაკი ერთ-ერთ თავის ნაწარმოებში გვეუბნება: „ადამიანის სიდიადე, ღირსება და ფასი, უპირველეს ყოვლისა, იმითი განიზომება, თუ რამდენად ახლო დგას იგი ხალხთან, თავის მშობლიურ მხარესთან – საქართველოსთან, რამდენად ღრმად განიცდის იგი ხალხის სიხარულსა და მწუხარებას”. ილია ჯიშკარიანი კარგად ამართლებდა დიდებული პოეტის ამ მაღალაზროვან სიტყვებს. იგი ხალხთან იყო როგორც გაჭირვებაში, ისე დალხინებაში.

ილია ჯიშკარიანს ძლიერ აინტერესებდა ტურიზმი. მან იმოგაურა ჩინეთში, მონღოლეთში, ინდოეთში, იაპონიასა და სპარსეთში. რაც შეეხება საქართველოში მის მოგზაურობას, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ყოველი კუთხე ფეხით ჰქონდა მოვლილი და კარგადაც შესწავლილი. მან, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია საუკეთესოდ იცოდა. ილია ჯიშკარიანი დიდ ყურადღებას აქცევდა ისტორიული ძეგლების დაცვას. ჩვენს ხელთ არის წერილობითი საბუთი, რომელიც ლაპარაკობს, რომ ილია ჯიშკარიანმა ფული გაიღო ვარძიის მონასტრის გამშვენიერებისათვის, რომელიც 1911 წელს ჯავახეთში მოგზაურობისდროს ინახულა. ილია ჯიშკარიანი ენთუზიასტი იყო ქველმოქმედებაში. მაგალითად,&ნბსპ; ცნობილია, რომ თავისი ხელფასიდან საკმაოდ დიდ თანხებს იღებდა საქველმოქმედო საჭიროებისაათვის. შემონახული ქვითრებით დასტურდება, რომ მეფის დროს მას სხვადასხვა საქველმოქმედო საზოგადოებისათვის 1335 მანეთი შეუწირავს და 15.060 მანეთის დახმარება გაუწევია ხელმოკლე მოსწავლეებისათვის.

გასაკვირი იყო ილია ჯიშკარიანის სისადავე, უბრალოება, საკუთარი ბინის მოწყობაში, ჩაცმა-დახურვასა და ყოფაქცევაში. მხცოვანი მასწავლებელი, 86 წლის მოხუცი მ. გიორგაძე ჯიშკარიანზე ამბობს: „უბრალოება მე მისგან ვისწავლეო”.

ილია ჯიშკარიანი საუკეთესო იყო როგორც მასწავლებელი. იგი მათემატიკის გაკვეთილის მასალაში ისტორიული ელემენტის შეტანით და მასალის პრაქტიკულ-გამოყენებითი მნიშვნელობის გაშუქებით ქმნიდა იმ საუკეთესო ატმოსფეროს კლასში, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ მოსწავლეებში გაღვივდეს ცოცხალი ინტერესი საგნისადმი და შრომითი განწყობილება.

მუყაითად მუშაობდა ილია ჯიშკარიანი მათემატიკის სახელმძღვანელოების შედგენაზე. მისი თავმჯდომარეობით ქართველმა მათემატიკოსებმა შეიმუშავეს ქართული მათემატიკური ტერმინოლოგია.

ილია ჯიშკარიანის შრომებიდან გამოცემულია: 1. Элементарная тригонометрия, Баку, 1911, 232 стр.; 2. Алгебра для изучающих элементарную тригонометрию, Баку, 1911; 3. Арифметака для изучающих элементарную тригонометрию; 4. ძველი აღმოსავლეთის წარსული და „ვეფხისტყაოსანი”, 1920; 5. აზიისადა კავკასიის სახელწოდებათა წარმოშობის საკითხისათვის, 1924; 6. არითმეტიკა – ჩვეულებრივ დაათწილად ნაწევართა თეორია, 1924; 7. წელთაღრიცხვის ძველი და ახალი წესი, 1925; 8. ტრიგონომეტრია, 1926; 9. ფუნქციონალური დამოკიდებულება, 1926; 10. ხეთების პრობლემა, 1933.

დასაბეჭდად მომზადებული დარჩა: 1. „მათემატიკის საფუძვლები, 2. ტრიგონომეტრია, I ნაწილი. მეორე გამოცემისათვის შესწორებული (სამეცნიერო-პედაგოგიური სექციის მიერ მიღებული), 3. მათემატიკური ტერმინოლოგია, 4. Рабочая книга по тригонометрии, 5. Проблема происхождения человеческой речи, 6. Теория соединении.

ილია ჯიშკარიანს ამ დაუღალავსა და სპეტაკ მუშაკს შეეძლო თავის თავზე ეთქვა: „გავაკეთე, რაც შევძელი, უკეთ გააკეთოს, ვისაც მეტი შეუძლია”.