‍ივანე ჯავახიშვილი (1876-1940)

ავტორი: დიმიტრი გვრიტიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

javaxishvili ivaneდიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე აკადემიკოსი ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილი დაიბადა 1876 წლის 11 (23) აპრილს ქ. თბილისში, მასწავლებლის ოჯახში.

ივანეს მამა ალექსანდრე ჯავახიშვილი შვილებს სამშობლოს წარსულისადმი ინტერესს უღვიძებდა და ქართული ენისადმი სიყვარულს უნერგავდა.

მშობლიური ხალხისადმი სიყვარული ივანე ჯავახიშვილს ბავშვობაშივე ჩაენერგა.

1885 წელს ივანე ჯავახიშვილი თბილისის პროგიმნაზიაში შევიდა, ხოლო 1888 წელს გიმნაზიის მეორე კლასში მიიღეს, სადაც 1895 წლამდე სწავლობდა.

ქართული კულტურის სიყვარულისა და თაყვანისცემის პირობებში აღზრდილ ივანესათვის გიმნაზიის რეჟიმი აუტანელი იყო. გიმნაზიისადმი ივანეს დამოკიდებულების შესახებ ძვირფას ცნობას გვაწვდის მისი სიყრმის მეგობარი ივანე ნიჟარაძე: „გიმნაზია ვანოს არ მოსწონდა, სწავლობდა კარგად. გარუსების ტენდენცია და ქართული კულტურის დევნა სულს უხუთავდა ქართველ შეგნებულ მოწაფეობას”.

გიმნაზიის მოსწავლეთა შეგნებული ნაწილი სკოლისგარეშე ახერხებდა ქართული ჟურნალ-გაზეთების კითხვას, გატაცებული იყო ქართული ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლით. ამ მხრივ, ივანე ჯავახიშვილი თავის ტოლებში გამოირჩეოდა. გაბრიელ ფონდოევი, რომელიც ივანესთან ერთად სწავლობდა გიმნაზიაში, იგონებს: „იგი (ივანე ჯავახიშვილი –– დ. გ.) ყველა ჩვენგანზე ადრე მიხვდა, რომ გიმნაზია ყველაფერს ვერ შეგვასწავლიდა; მიხვდა, რომ მოწაფემ თავის განვითარებაზე თვითონ უნდა იზრუნოს, სკოლისგარეშე მეცადინეობით უნდა დაწინაურდეს. ამას ის ახორციელებდა დიდი აღტაცებით და თავისი მაგალითით დაგვიმტკიცა, თუ რა წარმატების მიღწევა შეუძლია მოწაფეს ამ გზით”.

გიმნაზიაში სწავლის დროს ივანე ჯავახიშვილი ყველა საგანს კარგად სწავლობდა, მაგრამ განსაკუთრებით გატაცებული იყო ისტორიით. გაბრიელ ფონდოევის გადმოცემით: „განსაკუთრებული უყვარდა ვანოს ისტორია, თვით ისტორიის მასწავლებელსაც უყვარდა მოსმენა ვანოს პასუხებისა, რომელიც არასოდეს იყო გაზეპირებული და ტრაფარებული; ეს პასუხები ყოველთვის ამომწურავად გადმოგვცემდნენ იმ ეპოქის სულს, რომელზედაც მოგვითხრობდა ვანო”. დამახასიათებელია, რომ გიმნაზიაში სწავლის დროს ივანე საკმაოდ კარგ რეფერატებს კითხულობდა საქართველოს ისტორიის საინტერესო საკითხებზე. სხვა მავალ რეფერატთა შორის მისი კლასის მეგობრები ასახელებენ რეფერატს „ანდრია მოციქულის მოგზაურობა საქართველოში”.

გიმნაზიის დამთავრებისას დირექციის მიერ გაცემულ დახასიათებაში ვკითხულობთ: „ივანე ჯავახიშვილი არის მშვიდი, თავაზიანი, რის გამო ყველას უყვარს. ჯავახიშვილი დაჯილდოებულია ბუნებრივი ნიჭით, ამასთან ერთად, იგი შრომისმოყვარე და მუყაითია... ბევრს კითხულობს... ის საუკეთესო და მეტად თავაზიანი ახალგაზრდაა არა მარტო უფროსებთან, არამედ ტოლებისა და უმცროსების მიმართაც”.

ივანე ჯავახიშვილს გიმნაზიის წლებში ჩაენერგა ქართული კულტურისადმი უანგარო სამსახურის იდეა და ამ კეთილშობილ იდეისათვის არასოდეს უღალატია.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1895 წლის აგვისტოში ივანე ჯავახიშვილი შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილებაზე. აქ ის სპეციალურ საგნად საქართველოსა და სომხეთის ისტორიას ირჩევს, მაგრამ ზოგად ისტორიულ-ფილოლოგიურსა და იურიდიულ დისციპლინათ ლექციებსაც ესწრება.

თავისი ნაკითხობითა და ქართული ისტორიულ-ფილოლოგიური ძეგლების კარგი ცოდნით ივანე ჯავახიშვილმა ადრევე მიიპყრო სპეციალისტების ყურადღება. ნიკო მარი წერდა: „უნივერსიტეტში შემოსვლისთანავე ჯავახიშვილი ამჟღავნებდა ქართული ლიტერატურის გამოცემული ძეგლების გარკვეულ ცოდნას, რაც ჩემს მიერ შემჩნეული იყო პირველ ლექციებზევე”. ნიკო მარმა გაითვალისწინა ივანე ჯავახიშვილის ხალასი ნიჭი, ფართო ნაკითხობა, მეცნიერებისადმი უანგარო სიყვარული და 1899 წლის 20 მაისს საპროფესოროდ მოსამზადებლად უნივერსიტეტში მისი დატოვება მოითხოვა.

პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის დროს ივანე ჯავახიშვილი არა მარტო სავალდებულო საგნებს სწავლობდა, არამედ ცდილობდა წაეკითხა ყველაფერი, რაც კი ლექციების დროს რეკომენდებული იყო, და რაც მთავარია, იგი მეცნიერულ შრომებსაც წერდა. ასე მაგალითად, 1898 წელს ივანე ჯავახიშვილმა წარადგინა ნაშრომი „ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში”, რომელიც უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ მოიწონა და მისი ავტორი ოქროს მედლით დააჯილდოვა.

1899 წელს ივანე ჯავახიშვილმა წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი და აღმოსავლური ენების ფაკულტეტის დადგენილებით იგი დატოვებულ იქნა უნივერსიტეტში საპროფესოროდ მოსამზადებლად. უნდა აღინიშნოს, რომ ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტის დამთავრებისას საფუძვლიანად იყენებდა ბერძნულ, ლათინურ, სომხურ, სპარსულ და სირიულ ენებზე დაწერილ წყაროებს. ამასთან ერთად, იგი საფუძვლიანად იყო დაუფლებული ევროპულ (ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ) ენებს.

1901 წლის 27 იანვარს ივანე ჯავახიშვილმა ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გაემგზავრა გერმანიაში. გერმანიაში ყოფნის დროს ივანე ჯავახიშვილი სწავლობდა ქრისტიანულ დოგმათა ისტორიასა და საეკლესიო ლიტერატურას პროფესორ ჰარნაკთან, შუა საუკუნეების ევროპისა და, კერძოდ, გერმანიის ფეოდალური ინსტიტუტების ისტორიას – პროფესორ ლამპრეხთან, ბიზანტოლოგიას – პროფესორ კრუმბახერთან, სამართლის ისტორიას – პროფესორ ბრუნერთან.

ივანე ჯავახიშვილი განსაკუთრებით გატაცებული იყო ჰარნაკის ლექციებით. ივანე ნიჟარაძეს ივანე ჯავახიშვილი ბერლინიდან წერდა: ჰარნაკი „ჩინებულად კითხულობს ლექციებს, საინტერესოა და საყურადღებო თითოეული მისი შეხედულება. ძალიან ნასწავლი, ღრმად ჩაკვირვებული და საგანში ჩახედულია, იგ საკვირველის გონება და ენამახვილობით ასრულებს ხოლმე თითოეულ საეკლესიო ცხოვრების მოვლენას... ქართული საეკლესიო მწერლობით და ისტორიით ძალიან დაინტერესებულია”.

ივანე ჯავახიშვილი ბერლინში ყოფნის დროს ქართულ ისტორიულ ძეგლებს გერმანულად თარგმნიდა, გამოკვლევებს წერდა და ქართველი ხალხის კულტურულ მიღწევებს ევროპელ სწავლულთათვის ხელმისაწვდომს ხდიდა.

ივანე ჯავახიშვილის მიერ გერმანულად ითარგმნა „ევსტატე მცხეთელის ცხოვრება” და „აბო თბილელის წამება”. ამ თარგმანებს გამოკვლევა დაურთო და დასაბეჭდად გადასცა. ჰარნაკი მოხიბლული იყო ივანე ჯავახიშვილის ღრმა ფილოლოგიურ-ისტორიული ცოდნით და დაბეჯითებით თხოვდა ბერლინის უნივერსიტეტში დარჩენილიყო სამუშაოდ.

გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ივანე ჯავახიშვილი ნიკო მართან ერთად ქართული ხელნაწერების შესწავლა-აღწერის მიზნით გაემგზავრა არაბეთს, სინას მთაზე. ნიკო მარი სინას მთიდან იტყობინებოდა, რომ „...ჯავახიშვილი მუშაობაში ძალიან ბეჯითი და ამტანი აღმოჩნდა”.

სინას მთაზე ნიკო მარისა და ივანე ჯავახიშვილის მუშაობა ნაყოფიერი გამოდგა. მათ არაერთი მანამდე უცნობი ქართული კულტურის წერილობითი ძეგლი გამოავლინეს და ამით კიდევ უფრო გაამდიდრეს ჩვენი ცოდნა ქართველი სწავლულების ნამუშაკართა შესახებ.

სინას მთიდან დაბრუნების შემდეგ (1902 წლის სექტემბერი) ივანე ჯავახიშვილმა განცხადებით მიმართა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტს ლექციების კითხვის უფლების მიცემის შესახებ. თანახმად არსებული წესისა, მას ჯერ სანიმუშო საჯარო ლექციები უნდა წაეკითხა, ივანე ჯავახიშვილმა ორი საჯარო ლექცია წაიკითხა: 1. „ქართული ეკლესიის რეფორმა მეთერთმეტე საუკუნეში” (1902 წლის 1 ნოემბერი), 2. „სტეფანოზ ორბელიანის ისტორია, როგორც წყარო ადგილობრივი ისტორიისათვის” (1902 წლის 18 ნოემბერი). ახალგაზრდა მეცნიერ-ლექტორის წაკითხული ლექციები მოწონებულ იქნა და დაევალა მას წარედგინა გეგმა თუ რა კურსებს წაიკითხავდა. ივანე ჯავახიშვილმა ფაკულტეტს შემდეგი სალექციო კურსები წარუდგინა: 1. ეკლესიის ნაციონალიზაციის ისტორია საქართველოში (V-XII) სათანადო ჰაგიოგრაფიული ძეგლების შესწავლით – კვირაში სამი საათი. 2. საზოგადოებრივი წყობილება სომხეთში ჩვენი წელთაღრიცხვით V საუკუნეში, სათანადო ადგილების კითხვით ლაზარე ფარპელისა და ფავსტოს ბუზანდის ისტორიებიდან – კვირაში ორი საათი.

გადა სპეციალური კურსებისა, ივანე ჯავახიშვილი კითხულობდა ზოგად კურსებს: საზოგადოებრივი წყობილება ძველ საქართველოსა და სომხეთში, საქართველოსა და სომხეთის საეკლესიო ისტორიას და სხვ.

ივანე ჯავახიშვილმა ლექციების კითხვა 1902 წლის იანვრიდან დაიწყო. იგი აქედანვე ინიშნბა პრივატ-დოცენტის თანამდებობაზე.

შემდეგ სასწავლო წლებში ივანე ჯავახიშვილი კიდევ უფრო აფართოებდა თავის სალექციო კურსებს და ლექციებს კითხულობდა ისეთ კარდინალურ პრობლემებზე, როგორიც იყო: სამეფო ხელისუფლებისა და ფეოდალთა ბრძოლის ისტორიიდან XI-XII საუკუნეების საქართველოში, ქართულ-სომხური ისტორიულ-იურიდიული ძეგლების კითხვა, საქართველოს ისტორია, საქართველოს სამართლის ისტორია, საქართველოს ეკონომიკური ისტორია, ქალაქ ანისის ისტორია, ქართული ენა, ქართული ფილოლოგიის შესავალი, ქართული ეპიგრაფიკა, ქართული პელაოგრაფია და სხვ.

ივანე ჯავახიშვილის ლექციებზე ესწრებოდნენ არა მაროტ მისი უშუალო სტუდენტები, არამედ სხვა ფაკულტეტებისა და სხვა ინსტიტუტების ქართველი სტუდენტებიც. დამახასიათებელია, რომ ივანე ჯავახიშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა არა მარტო რუსულ ენაზე, არამედ ქართულ ენაზედაც.

1907 წლის 13 მაისს ივანე ჯავახიშვილმა წარმატებით დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია თემაზე: „ძველი საქართველოსა და ძველი სომხეთის სახელმწიფოებრივი წყობილება”. ოფიციალურმა ოპონენტებმა, ნიკო მარმა და ვ. ბარტოლდმა, ივანე ჯავახიშვილის ნაშრომს მაღალი შეფასება მისცეს და აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭომ დისერტანტს ქართული სიტყვიერების მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი მიანიჭა.

პეტერბურგის უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობის დაწყება იმ დიდი სამოქმედო პროგრამის განხორციელების დასაწყისი იყო, რომელიც თანდათან ხორცს ისხამდა და შემდეგში ბუმბერაზად გადაიქცა.

უნივერსიტეტში სალექციო მოღვაწეობის დაწყებისთანავე, ივანე ჯავახიშვილმა ჩამოაყალიბა საქართველოს ისტორიის შემსწავლელი სექცია. ეს სექცია თანდათან გაფართოვდა და 1907 წელს მის ბაზაზე შეიქმნა ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრე, რომლის ხელმძღვანელად, ქართველ სტუდენტთა თხოვნით, დაინიშნა ივანე ჯავახიშვილი. თუ რა იმედებს ამყარებდა ივანე ჯავახიშვილი ამ წრეზე, სჯობს მასვე მოვუსმინოთ: 1907 წელს დაარსებული იყო ქართული სამეცნიერო წრე... თითქოს სრულებით მარტივი და სრულებით უმნიშვნელო ამბავია, მაგრამ ამ სამეცნიერო წრეში სტუდენტები რომ თავს იყრიდნენ, მსჯელობა სწარმოებდა ქართულად, მოხსენებები იწერებოდა ქართულად სხვადასხვა დარგის შესახებ, კამათი, მსჯელობა ქართულად სწარმოებდა და ვარჯიშობა დაიწყო, ენა გაიკვეთა ახალგაზრდობამ და მოიპოვა უნარი მეტყველებისა, რომელიც მანამდე არ ჰქონდა”.

ქართველ სტუდენტთა ეს უჯრედი უნდა გამხდარიყო იმ ბერკეტად, რომელიც საუკუნოვან წყვდიადს გადააბრუნებდა და სინათლეს მოჰფენდა, გამოამზეურებდა ჩვენი ქვეყნის მდიდარ წარსულს, გააკეთებდა იმას, რაც ხელს შეუწყობდა ჩვენი ხალხის უკეთეს მომავალს.

ივანე ჯავახიშვილი კარგად ხედავდა, რომ ქართველოლოგიაში, განსაკუთრებით კი საქართველოს ისტორიაში, ყველაფერი ახლად უნდა დაწყებულიყო. მაგრამ საიდან უნდა დაეწყოთ? გავითვალისწინოთ, – წერდა ივანე ჯავახიშვილი, – რომ „...ქართული კულტურის შესწავლა, ქართულ კულტურის ცოდნა მოგვცემდა საშუალებას იმ ძველი მარაგის გამოსაყენებლად, რომელზედაც უნდა აღმოცენებულიყო, თუ გნებავთ, მკვდრეთით აღმდგარიყო ძველი ქართული მეცნიერება, ოდესღაც მდიდარი, მაგრამ შემდეგ დაკნინებული”.

ქართველ სტუდენტთა წრე და ისი ხელმძღვანელი სწორად მოიქცნენ, როცა თავიანთი სამოქმედო პროგრამის განხორციელება ბიბლიოგრაფიული სამუშაოებით დაიწყეს. მათი აზრით, ბიბლიოგრაფიაში მოცემული უნდა ყოფილიყო „ყველა იმ თხზულებისა თუ ცნობის სრული ნუსხა, რაც კი რამ საქართველოსა და ქართველთა შესახებ დაწერილა”.

სამეცნიერო წრის წევრთა ექვსი წლის ერთობლივი მუყაითი მუშაობის შედეგად აღირიცხა და წესრიგში მოყვანილ იქნა XIX საუკუნისა და XX საუკუნის პირველი ათეულის ქართულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული მასალები.

წრის წევრთა საქმიანობა მარტო ბიბლიოგრაფიული სამუშაოებით როდი ამოიწურებოდა. ისინი სამეცნიერო თემებსაც ამუშავებდნენ და 1915 წელს მოასწრეს კიდეც კრებულის გამოცემა, რომელშიც დაიბეჭდა შემდეგი გამოკვლევები: „ქართველი ქალები ისტორიული წყაროებისა და „ვეფხისტყაოსნის” მიხედვით”, „ყმის მფლობელობის ხასიათი საქართველოში”, „ქართული ხატების მოჭედილობის სახეები”, „სასამართლოს წარმოება საქართველოში”, „წყლის მფლობელობა და სარწყავი წყალი საქართველოში”, „მოქალაქეობრივი ჰანგები ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებში”, „ქართული კილოები მთაში”. ამ კრებულებმა ერთხელ კიდევ დაადასტურა და გაამართლა ივანე ჯავახიშვილის ვარაუდი და ჩანაფიქრი წრის დანიშნულების შესახებ: „ამ სამეცნიერო წრის უმთავრესი მიზანი იყო და ახლაც არის, რომ ისი წევრები საქართველოს წარსულისა და აწმყოს მეცნიერულ შესწავლას თვითონაც შეჩვეოდნენ და შეძლებისდაგვარად ისეთი საქმის განხორციელებაც ეკისრათ, რომელსაც ქართველ ფართო საზოგადოებისათვისაც მნიშვნელობა ექნებოდა და სარგებლობას მოუტანდა”.

ივანე ჯავახიშვილი იმედოვნებდა, რომ სტუდენტთა სამეცნიერო წრე შექმნიდა სათანადო პირობებს ქართველოლოგიაში მეცნიერული მუშაობის ცენტრის პეტერბურგიდან თბილისში გადმოსატანად.

ქართველ სტუდენტთა პეტერბურგის სამეცნიერო წრე არსებითად წარმოადგენდა ქართველოლოგიაში მუშაობის მეცნიერულ ცენტრს, რომელიც ხელმძღვანელობას უწევდა, მეთოდურ რჩევა-დარიგებას აძლევდა ყველას, ვინც ქართული კულტურის ასპარეზზე მუშაობდა. ამ მხრივ, საყურადღებოა 1913 წელს „სახალხო გაზეთში” (№802) მოთავსებული წერილი, რომელსაც ხელს აწერდნენ ივანე ჯავახიშვილი და აკაკი შანიძე. წერილი მიმართულია „ქართული ჟურნალ-გაზეთების რედაქციებისა და წინები გამომცემლობისადმი”. წერილში ვკითხულობთ: „ბევრი რამ არის საჭირო, რომ ეხლანდელ უმწეო მდგომარეობას თავი დავაღწიოთ, ბევრი შრომა და მუშაობა დაგვჭირდება ჩვენი თვით არსებობის დასაცავად და უკეთესი მომავლის დასამყარებლად და რომ შრომა უფრო ნაყოფიერი იქმნეს, აუცილებლად საჭიროა, ვისარგებლოთ იმითი, რაც გაკეთებულია წინათ და წინანდელი შეცდომები მომავალში თავიდან ავიცილოთ”. ისეთ პირობებში, როცა „ჩვენი ცხოვრების ბევრს მხარეს დიდი ცვლილება არ ეტყობა: არ ვიცით, რა აკეთეს მამებმა, მომავალ თაობას არ ეცოდინება, რას ვაკეთებთ ჩვენ და, ცხადია, თუ რომელიმე შრომა არ ემყარება წინანდელ გამოცდილებას, ასეთი მდგომარეობა შეუძლებელია... ხშირია ისეთი მოვლენა, რომ, მაგალითად, ერთხელ უკვე ჩაწერილ ხალხურ ლექსს ხელმეორედ წერენ და მეორედ ჩაწერილ ლექსს ახლად ჩაწერილად ასაღებენ და სხვადასხვა”. ეს იმის შედეგიაო, რომ „არ ვიცნობთ მამების ნააზრევს და რაკი არ ვიცნობთ, გვგონია, არაფერი იყო გაკეთებული”. საჭირო და აუცილებელია, რომ „ვიცოდეთ ყველა ის, რაც დაწერილია და გაკეთებულია”.

წრის ხელმძღვანელები მოითხოვენ დაუყოვნებლივ იქნეს შედგენილი სრული ბიბლიოგრაფია, „საჭიროა ბიბლიოგრაფია, ბიბლიოგრაფია, რაც შეიძლება სრული და უნაკლო”.

ასეთი ბიბლიოგრაფია, რომლის შედგენა წამოიწყო სამეცნიერო წრემ, „შეავსებს იმ ნაკლს, რომელიც დიდი ხანია არსებობს ამ მხრივ და ქართველ მკითხველს, მწერალს და საზოგადო მოღვაწეს ბევრად გაუადვილებს მოღვაწეობას, გააღრმავებს მის აზროვნებას და გააფართოებს მისი მხედველობის სფეროს”.

პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა წრის საქმიანობის კიდევ ერთი მხარე იქცევს ყურადღებას. 1911-1912 წლებში ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით წრემ დაიწყო სააღრიცხვო ანკეტების შევსება, რომელსაც უნდა გამოერკვია, თუ რამდენი ქართველი სტუდენტი სწავლობდა რუსეთში და საზღვარგარეთ, ან ამა თუ იმ უნივერსიტეტში რამდენი და რა სპეციალობის ქართული სწავლული მოღვაწეობდა.

შევსებული ანკეტები სამეცნიერო წრეს დაუბრუნდა.

“ამ ანკეტამ, – წერდა აკაკი შანიძე 1928 წელს, – ბევრი რამ საყურადღებო გამოარკვია. წინათ, მაგალითად, განმტკიცებული იყო აზრი, თითქოს ქართველობა უმთავრესად იურიდიულ ფაკულტეტს ეტანებოდა. თითქოს დიდი ნაწილი სტუდენტებისა ფუქსავატ ცხოვრებას ატარებდა და სხვ. ანკეტამ ცხადჰყო, რომ ქართველ სტუდენტობაში დიდი ინტერესია მეცნიერებისადმი, რომ ეს ინტერესი მრავალფეროვანია; არ იყო თითქმის არც ერთი დარგი მეცნიერებისა, ხელოვნებისა და ტექნიკისა, რომ მას არ დასწაფებოდეს ქართველი სტუდენტი”.

ამ აღრიცხვას სხვა მიანიც ჰქონდა. ივანე ჯავახიშვილი თბილისში ქართული უნივერსიტეტის გახსნაზე ოცნებობდა და რათა ეს ოცნება სინამდვილედ ქცეულიყო, საჭირო იყო გაგება, გვყავდა თუ არა საკმარისი ნაციონალური კადრები. როცა წრემ ანკეტური მონაცემები მიიღო, „ნათელი გახდა, რომ ქართველი უმაღლესი სასწავლებლის საქმე ამ მხრივ სავსებით უზრუნველყოფილი იყო” (აკაკი შანიძე).

ივანე ჯავახიშვილი მარტო პეტერბურგში მოღვაწეობით არ ფარგლავდა თავის მეცნიერულ და საზოგადოებრივ საქმიანობას. იგი დროს იშოვიდა თუ არა, მოაშურებდა თავის საყვარელ სამშობლოს – საქართველოს და საჯარო ლექციებს მართავდა საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკვანძო პრობლემებზე.

ივანე ჯავახიშვილის საჯარო ლექციები მარად სახსოვარ შთაბეჭდილებას სტოვებდა დამსწრეზე. იმდროინდელი ქართული პრესა ეხმაურებოდა ივანე ჯავახიშვილი ლექციებს, ბეჭდავდა ლექციების შინაარსს და ამ გზით გაზეთები ქართული კულტურის პროპაგანდას ეწეოდნენ. ყურადღებას იპყრობს გაზეთი „ისრის” 1907 წლის 27 და 28 ივნისის ნომრებში მოთავსებული კორესპონდენციები. კორესპონდენტი ეხება რა ჯავახიშვილის მიერ წაკითხულ საჯარო ლექციებს (22, 23 და 24 ივნისი) წერს: „ჯავახიშვილმა წაიკითხა სამი ლექცია თემაზე: „კულტურის ისტორია საქართველოში უძველესი დროიდან მეცმეტე საუკუნემდე”: „ქართველებმა მიაღწიეს მიზანს, – ამბობდა ლექტორი, – და ბერძნებს არაფერში ჩამორჩნენ, თუ არ გადააჭარბეს კიდეც. ამ ხანში საქართველოს ყველა კუთხის მკვიდრნი ისე მჭიდროთ იყვნენ შეკავშირებულნი, ისე იყვნენ გამსჭვალულნი საერთოდ საქართველოს გადიდების სურვილით, რომ ხსენება არც კი იყო არავითარ იმერლობა-ამერლობისა და სხვა ამის მსგავს რისამე, რომელიც ჩვენდა სამარცხვინოდ დღესაც სავსებით არ გამქრალა. საქართველოდან სამი ათას ვერსით მოშორებულს, სადღაც სინას ხრიოკ მთაზე გადახვეწილ ქართველს, რომელსაც კულტურული შრომისა და ხასიათის განმტკიცებისათვის უარეყო ცოლ-შვილი, მტერ-მოყვარე, საკუთარი სახლ-კარი, იქ, იმ უდაბნოში გარდა საქართველოსი არაფერი ახსოვდა. სინას მთაზე მოიპოვება ერთი ქართული ლოცვანი, სადაც წერია შემდეგი კვერექსი: „ქართლუისა მშვიდობისა, საზღვართა განმაგრებისა, მეფეთა და მთავართა დაწყნარებისა, მტერთა გარემოქცევისა, ტყვეთა მოქცევვისათვის უფალსა მიმართ ვილოცოთ”.

ვფიქრობთ, მოტანილი ვრცელი ამონაწერი საკმარისია იმის ნათელსაყოფად, თუ რა შთამაგონებელი ძალა უნდა ჰქონოდა ივანე ჯავახიშვილის საჯარო ლექციებს მსმენელებზე. სტოლიპინის შავბნელ ბატონობის ხანაში ივანე ჯავახიშვილი ჩვენს ხალხს შეკავშირებისაკენ მოუწოდებდა და ამით ის დიდ საზოგადოებრივ საქმეს აკეთებდა.

ამგვარად, ივანე ჯავახიშვილი სამოღვაწეო სარბიელზე გამოდის, როგორც საზოგადოებრივი მებრძოლი, რომლისთვისაც მეცნიერული მუშაობა საზოგადოებრივი აქტიურობის ერთი ფორმათაგანია.

ივანე ჯავახიშვილის საზოგადოებრივი შეხედულებები ჩამოყალიბდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ნიადაგზე და ამ მოძრაობას იგი ერთგულად მიჰყვა ბოლომდე.

1917 წელს, როცა ხალხთა საპყრობილე – რუსეთის ცარიზმი დაემხო, ივანე ჯავახიშვილი სათავეში ჩაუდგა თბილისში ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებას.

პეტერბურგიდან თბილისში ჩამოსული ივანე ჯავახიშვილი არაფერს ზოგავდა იმისათვის, რომ მოსახლეობის, ინტელიგენციის წრეები დაერწმუნებინა უნივერსიტეტის გახსნის აუცილებლობაში. იგი ფართო საზოგადოების წინაშე ლექცია-მოხსენებებით გამოდიოდა და უმტკიცებდა უნივერსიტეტის დაარსების აუცილებლობას. ივანე ჯავახიშვილის აზრით, „დაბალსა და საშუალო ეროვნულს სკოლას ბუნებრივი და საღი განვითარება არ შეუძლიან, თუ რომ ეროვნულს განათლებას უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება, ეროვნული უმაღლესი სასწავლებელი არ აგვირგვინებს”.

თუ რა წინააღმდეგობებს აწყდებოდნენ ქართველი პატრიოტები უნივერსიტეტის გახსნის საქმეში, სჯობს, თვით ივანე ჯავახიშვილს მოვუსმინოთ. უნივერსიტეტის დაარსების 20 წლისთავზე მეცნიერი იგონებდა: „რამდენი იყო ჩვენში 1917 წელს, მაშინ, როდესაც ქართული უნივერსიტეტის დაარსების აუცილებლობაზე მსჯელობა წარმოებდა, ისეთი განათლებული ქართველი, რომელსაც ან მთელი ეს კამათი სასაცილო გულუბრყვილობად მიაჩნდა, ანდა მის გაგონებაზე ღიმილი მოსდიოდა; რამდენი გვყავდა ბრძენი დამრიგებელნი, ჭკუის მასწავლებელნი და წინასწარმეტყველნიც კი, როელნიც მათი ღრმა რწმენით, სრულებით უნიადაგო და უიმედო განზრახვისაგან ხელის აღებას გვირჩევდნენ. ისეთებიც ხომ იყვნენ, მათ შორის მეცნიერებიც კი, რომლებთაც ეს გეგმა და დაწყებული საქმე თვით ქართველებისთვისავე დამღუპველად ჰქონდათ პრესაშიაც კი აღიარებული: კულტურული დაქვეითების მეტი არაფერია საქართველოს მეცნიერული აზროვნებისათვის ამ გეგმის განხორციელებისაგან მოსალოდნელი და იმავე დროს იგი პეტერბურგში დიდი გაჭირვებით და ხანგრძლივი მუშაობით შექმნილი სომხურ-ქართული ფილოლოგიის ერთ-ერთი კერის გავერანებას უდრის”.

ხანგრძლივი და შეუპოვარი მუშაობის შედეგად გადალახულ იქნა ყოველგვარი დაბრკოლება, 1918 წლის 26 იანვარს საზეიმოდ გაიხსნა უნივერსიტეტი. ეს იყო ქართული კულტურის ახლებურად აღორძინების განთიადი და არც გასაკვირია, რომ 1918 წლის 26 იანვარი ქართველმა ხალხმა ისტორიულ დღედ აღიარა.

მაშინაც ასე სჯეროდათ და ახლაც ასე ვიცით, რომ ივანე ჯავახიშვილი იყო მთავარი ინიციატორი და სულისჩამდგმელი უნივერსიტეტის დაარსებისა. 1924 წელს პეტრე მელიქიშვილი ამბობდა: „ივანე ჯავახიშვილი ბრძანდება ერთადერთი დამაარსებელი, სულისჩამდგმელი და ერთადერთი რაინდი ჩვენი უნივერსიტეტისა, აქ ამს ვერავინ შეეტოქება და შეეზიარება”.

1918 წლის 23 იანვარს, როცა უნივერსიტეტის დაარსება გადაწყვეტილი იყო, ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი წერდა: „ივანე ჯავახიშვილმა იკისრა ყველაზე დიდი ტვირთი – გუთნისდედობა, თვით ქართული მძიმე ღრმადმხვნელი გუთნისა... ჯავახიშვილის მხნეობამ ყოველივე დაბრკოლება დასძლია და ახალი ლამპარი აგვინთო. ქართული გიმნაზიის შენობა გვიქცია ეროვნული დიდების ტაძრად, ისი პირველი უნივერსიტეტის სავანედ”. მოსე ჯანაშვილი მოუწოდებდა ხალხს: „მოვიდეთ ვაკეზე, იქ ჯავახიშვილმა აგვინთო სხივოსანი მზიანი კანდელი, რომელიც ამიერიდან შუქურ ვარსკვლავივით გაგვინათებს გზა-კვალს სვლად გმირულ და მზიან ნაბიჯით წინ, წინ ადამიანურ მარადისობისაკენ. ამასთანავე მოვიგონოთ იქ ჩვენი ძველი მეცნიერები საუკუნო ხსენებით, ხოლო კანდელის ამთებელ გმირს ივანეს ერთობლივ და გულმხურვალედ შემოვძახოთ ჩვენებური ქართველური ვაშა! გამარჯვება მარად და მარად!

უნივერსიტეტის ამოცანა ივანე ჯავახიშვილს ასე ჰქონდა წარმოდგენილი: 1. ქართველ ახალგაზრდობას საშუალება მისცემოდა შინ, მშობლიურ ენაზე მიეღო უმაღლესი განათლება; 2. ადგილზე მომზადდებოდა მეცნიერული ძალები, მეცნიერული ცოდნა შეტანილი იქნებოდა ხალხში; 3. საქართველო შესწავლილი იქნებოდა ბუნებრივ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ისტორიული თვალსაზრისით; 4. საქართველოს შესწავლასთან ერთად უნივერსიტეტი შეისწავლიდა წინა აზიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ხალხთა მატერიალურ და კულტურულ-ისტორიულ სამყაროს; 5. უნივერსიტეტი მსოფლიო საზოგადოებრიობას თავისი მეცნიერული გამოკვლევებით გააცნობდა ქართველი ხალხის დიდ კულტურულ მემკვიდრეობას; 6. საქართველოს ბუნებრივ-ეკონომიური შესაძლებლობის შესწავლითა და კადრების მომზადებით საქართველოს სახალხო მეურნეობა განვითარდებოდა, საერთო-სახალხო დოვლათი გაიზრდებოდა.

ივანე ჯავახიშვილის ღრმა რწმენით „ქართული უნივერსიტეტი ერთსა და იმავე დროს სამეცნიერო კვლევა-ძიებისა და ცდის დაწესებულებაც უნდა ყოფილიყო და უმაღლესი სამეცნიერო სასწავლებელიც, სადაც მეცნიერების შესწავლა და სამეცნიერო მუშაობის მეთოდებისა და პრაქტიკის შეთვისება შესაძლებელი იქნება”.

ივანე ჯავახიშვილს უნივერსიტეტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად კადრების მომზადება მიაჩნდა. მისი აზრით, უნივერსიტეტს უნდა მოემზადებინა არა მარტო მასწავლებლები, არამედ სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის სპეციალისტებიც. „არც ის გარემოება უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს საქართველოს რეპუბლიკას მარტო მასწავლებლები არ სჭირდებიან, არამედ სხვადასხვა ბევრი სპეციალობის მცოდნენიც”. მიუხედავად აისა, უნივერსიტეტის საპატიო ამოცანა მაინც მაღალი განათლების მქონე მასწავლებლის მომზადება იყო. საშუალო სკოლის მასწავლებლის როლსა და მოვალეობას ივანე ჯავახიშვილი დიდად აფასებდა. 1925 წელს ივანე ჯავახიშვილი წერდა: „მასწავლებლის მოწოდებები და წოდება იმდენად მაღალი და დიდია, რომ ის, ვითარცა მომავალი თაობის აღმზრდელი, საუკეთესოდ და ფართოდ უნდა იყოს განათლებული, თავისი სპეციალობის მეცნიერების უკანასკნელ მიღწეულობათა მცოდნე და მისი წარმატების თვალყურის მდევნელი. მხოლოდ ასეთი პირი აასრულებს პირნათლად თავის მოვალეობას”.

საერთოდ, ივანე ჯავახიშვილის მეცნიერული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის არსენალში ერთ-ერთი მთავარი უბანი იო ზრუნვა ახალგაზრდა კადრების აღზრდაზე. ივანე ჯავახიშვილს კარგად ესმოდა, რომ ყოველგვარი წამოწყება, რაც უნდა დიდმნიშვნელოვანი იყოს, ის შეიძლება მარცხით დამთავრდეს, თუ ეს წამოწყება სათანადო კადრებით არ უზრუნველვყავით.

როდესაც უნივერსიტეტის გახსნის საკითხი ივანე ჯავახიშვილს სადღეისო ამოცანად ესახებოდა, იგი ამ საკითხს კადრების გამონახვით იწყებდა. 1911-12 წლებში ჩატარებული ანკეტის ამოცანა სხვა არა იყო რა, თუ არა სათანადო კადრების არსებობის გამოკვლევა.

უნივერსიტეტის დაარსების 20 წლისთავზე, 1908 წელს, ივანე ჯავახიშვილი ამბობდა: „ძველი თაობა, რომელიც იწყებდა ამ საქმეს, სანახევროზე მეტად ახალგაზრდობისაგან შესდგებოდა. მათ გვერდში ამოუდგნენ თვით ამავე უნივერსიტეტში სწავლადამთავრებულები, რომელთაც შესძლეს არათუ მეცნიერების შეთვისება, არამედ თავიანთი აქტიური მონაწილეობით შესაძლებლობა შექმნეს გაფართოებისათვის... ყოველ ჩვენთაგანს, მეტადრე მოხუცებულებს, უნდა ახსოვდეთ, რომ „იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა”. ძველმა თაობამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ტურფა საბაღნაროდ დარჩეს. ეს შესაძლებელია მხოლოდ ახალი, კარგად მომზადებული კადრების შექმნით, რომლებიც არათუ ჩამოუვარდებიან ამ ძველ თაობას, არამედ ძველ თაობაზე უკეთესები იქნებიან”.

ივანე ჯავახიშვილი ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკებს, ასპირანტებს არა მარტო დიდი ნდობით უყურებდა და იმედით შესცქეროდა, არამედ დიდ მოვალეობასაც აკისრებდა მათ. იგი წერდა: „სამეცნიერო მუშაობა ბედნიერებაა. ეს ისეთი ბედნიერებაა, რომელიც ყველას ხვედრს არ წარმოადგენს და ვინც ისეთი ბედნიერია, რომ ბუნებისაგან დაჯილდოებულია ნიჭით, რომ მას აქვს ნებისყოფა, მას აქვს აგრეთვე გატაცება, ის უნდა გრძნობდეს, რომ ის ვალდებულია გადაუხადოს იმ ერს, რომლისაგანაც ის წარმოშობილა. აი, ამ გრძნობას, შეგნებას არ დაივიწყებს ის ახალგაზრდობა, რომელიც უმაღლესი მეცნიერების შესათვისებლად ემზადება. მაშინაც, როდესაც ამბობდნენ, რომ ხელისშემწყობი გარემოება არ არის და ვერ ვმუშაობთ, უნდა მოგახსენოთ, არ მჯეროდა და არც ახლა მჯერა: ვისაც საქმე უყვარს, ვისაც სურს მუშაობა, ავადმყოფობის დროსაც იმუშავებს. მე მინახავს ადამიანი რომ მწოლიარე ავადმყოფი იყო და კალამი არ გაუგდია ხელიდან უკანასკნელ წუთამდე. ეს შეგნება უნდა ჰქონდეს იმ პირს, რომელიც გადასწყვეტს, რომ მას შესაფერი უნარი აქვს, რომ მეცნიერებას შესწიროს თავისი ძალ-ღონე და გადაუხადოს სამაგიერო იმ ქვეყანას, იმ სახელმწიფოს, რომელმაც შეუქმნა მას შესაფერისი პირობები მეცნიერული მუშაობისათვის”.

ივანე ჯავახიშვილის უდიდესი დამსახურება არა მარტო ის არის, რომ მან დაგვიარსა ქართული უნივერსიტეტი, არამედ, უპირველეს ყოვლისა ის, რომ იგი იყო უნივერსიტეტის მშენებელი. არ იყო საუნივერსიტეტო მუშაობის არც ერთი უბანი, სადაც ივანე ჯავახიშვილს თავისი მადლმოსილი ხელი არ დაედო.

1918 წლის 13 იანვარს ივანე ჯავახიშვილი არჩეულ იქნა უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველბის ფაკულტეტის დეკანად. იგი ამ თანამდებობაზე მუშაობდა 1919 წლის დეკემბრამდე. თუმცა იგი ფაკულტეტის დეკანი იყო, მაგრამ ფაქტიურად მის მხრებზე გადადიოდა მთელი უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო საქმეები.

1919 წლის 24 დეკემბრიდან 1926 წლის 21 ივნისამდე ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტის რექტორია.

1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. ამიერიდან დაიწყო ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებაში ახალი ხანა.

პარტიისა და მთავრობის მხარდაჭერით გამხნევებული ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტის მშენებლობის სულ უფრო და უფრო საჭირბოროტო საკითხებს აყენებს და სათანადოდ სჭრის ამ საკითხებს. ერთ-ერთი ასეთი საკითხთაგანი იყო უნივერსიტეტის გამომცემლობის საქმის მოგვარება. 1923 წელს ივანე ჯავახიშვილი კატეგორიულად მოითხოვს უნივერსიტეტის გამომცემლობის გარდაქმნას და ამ მოთხოვნას ასე ასაბუთებს: „მეცნიერული მუშაობის მკვიდრ ნიადაგზე დაყენება აუცილებლად მოითხოვს სამეცნიერო გამომცემლობის მოგვარებას. უნივერსიტეტს უნდა საშუალება ჰქონდეს გამოსცეს როგორც სტუდენტთა სახელმძღვანელო კურსები ამა თუ იმ მოსმენილი დარგიდან, აგრეთვე მეცნიერული შრომები და გამოკვლევები. მხოლოდ ასეთ პირობებში შესალოა სტუდენტების მიერ შეგნებული შეთვისება მოსმენილი დარგებისა და თვით მეცნიერული მუშაობის აყვავება ეროვნული კულტურის ნიადაგზე. თუ ქართულ ენაზე მოსმენილი კურსი შემდეგ სტუდენტმა რუსულ და სხვა წიგნებიდან უნდა ისწავლოს, ადვილად გასაგებია, როგორ მახინჯ პირობებში იქნება ჩაყენებული ქართული მეცნიერებისა და სტუდენტებისაგან მის შეთვისების განვითარების საქმე.

ივანე ჯავახიშვილის ამ მოსაზრებას დღესაც თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს.

ივანე ჯავახიშვილი კატეგორიულად აყენებდა საკითხს აგრეთვე მეცნიერულ ტერმინოლოგიის შედგენის შესახებ, რადგან უამისოდ მეცნიერული კვლევა შორს ვერ წავიდოდა. მისი აზრით, „არეულობას და შეუთანხმებლობას, რომელიც ტერმინოლოგიის მხრივ გამეფებულია საქართველოს სასწავლებლებში, თუ დაუყოვნებლივ ბოლო არ მოეღო, მთელი ჩვენი კულტურული აღორძინების საქმე უკიდურეს განსაცდელში ჩავარდება”.

ივანე ჯავახიშვილის მთელი მოღვაწეობა იმის ნათელყოფაა, რომ მას მეცნიერების როლი სწორად ჰქონდა წარმოდგენილი და გაგებული.

ივანე ჯავახიშვილმა დიდი მეცნიერული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ეს მემკვიდრეობა ქართველთმცოდნეობის თითქმის ყველა მხარეს ეხება.

როდესაც ივანე ჯავახიშვილი სამეცნიერო მუშაობის ასპარეზზე გამოვიდა, უკვე შექმნილი იყო მეცნიერული ისტორიისადმი მოთხოვნილება. ეს იყო 1905 წლის რევოლუციის ხანა. იმ დროს ქართველ ისტორიკოსს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აწვა. ბრძოლად ამდგარ ქართველ ხალხს საკუთარი ისტორია სჭიროდა, ისტორია თანამედროვ მეცნიერების მონაპოვართა სიმაღლეზე მდგომი, ისტორია არა გარდასულ ამბავთა მოსაგონარი, ისტორია არა საპანაშვიდო განწყობილებით დაწერილი, არა მიცვალებულის ისტორია, არამედ ისტორია ცოცხალის, მებრძოლის და მომავლის მონე ხალხისა, ისტორია ამ ხალხის სიყვარულით გამთბარი, ისტორია მკაცრი, ჭეშმარიტი და სასარგებლო. ყველაფერი გადასინჯვას მოითხოვდა ნამდვილი მეცნიერული ისტორიის დასაწერად საჭირო იყო სათანადო ნიადაგის შექმნა, საჭირო იყო გათავისუფლება იმ ე. წ. „მამულიშვილურ” ქაოსისაგან, რომლითაც იმდროინდელი ქართველი თავადაზნაურული ინტელიგენცია იყო შეპყრობილი. ქართული საისტორიო კვლევა-ძიება მეთოდოლოგიურად ძალიან დაქვეითებული იყო, წყაროების კრიტიკული შესწავლის აუცილებლობის შეგნება არ არსებობდა.

ყოველივე ამას ზედ ერთვოდა ცარიზმის პოლიტიკის მთელი საშინელება, ცარიზმი თიშავდა და გზას უხშობდა ყოველივე ნაციონალურს, პროგრესულს, გამათავისუფლებელს.

ბევრს, ისტორიის, როგორც მეცნიერების, მნიშვნელობა ყალბად ჰქონდა წარმოდგენილი. ცოტა როდი მოიძებნებოდა ისეთი „მეცნიერი”, რომლის აზრითაც საჭირო იყო მხოლოდ იმის დამტკიცება, რომ ქართველებს ბრწყინვალე წარსული ავთ და ყოვლისშემძლე თვითმპყრობელი წყალობის თვალით გადმოხედავდა მათ. ამ აზრის პატრონებისათვის, ჯავახიშვილის ენით რომ ვთქვათ, ისტორია „ადვოკატურ-გამოსარჩლებითი” უნდა ყოფილიყო. ივანე ჯავახიშვილმა სასტიკად დაგმო „მოწყალების მათხოვარი” თავადაზნაურული ინტელიგენცია და ნათელყო მათი პოზიციის მავნე ხასიათი.

ივანე ჯავახიშვილის დამსახურება იმაშია, რომ მან დიდი შემოქმედის სიმკაცრით გაწმინდა ქართველი ერის ისტორიის საშენი მასალა. „არა ერთი საისტორიო წყარო, რომლის სანდოობაში აქამდის ეჭვი არავის შესდიოდა, ულმობელი კრიტიკის სინათლეზე ამოიტანა და უკუაგდო არაერთი პატრიოტული გადმოცემა, ხალხური შემოქმედების ლამაზი ნაყოფი, როგორც ისტორიისათვის უვარგისი ყარო, შეუბრალებლად გასწირა; უზარმაზარი შრომის შედეგად სავსებით დაამსხვრია მისი დროების არსებული შეხედულება ქართულ ისტორიოგრაფიაზე და სრულიად ახალი შეხედულება დაასაფუძვლა. ამავე დროს მან შემოკრიბა უცხოური წყაროები ქართველი ხალხის წარსულის შესახებ, ყველაფერი ეს შედარებითი შესწავლის მკაცრი კრიტიკით გაცხრილა და აგრე დამზადებული სანდო საშენი მასალით ქართველი ერის ისტორიის წერას შეუდგა”.

ამ მეთოდით იწერებოდა მისი კაპიტალური ნაშრომები: „ქართველი ერის ისტორია” ხუთ ტომად; „ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა” ოთხ ტომად, „საქართველოს ეკონომიური ისტორია” სამ ტომად; „ქართული სამართლის ისტორია” სამ წიგნად და სხვ.

ერთი ადამიანისათვის სრულიად საკმარისი იყო, რომ ქართველოლგიის ერთ რომელიმე დარგში იმდენი გაეკეთებინა, რაც ივანე ჯავახიშვილმა გააკეთა, რომ მას ქართული კულტურის მოღვაწეთა პანთეონში საპატიო ადგილი დაეჭირა, მაგრამ ივანე ჯავახიშვილი ქართული ეროვნული კულტურის თითქმის ყველა მხარეს შეეხო. არ არის ქართული ეროვნული მეცნიერების დარგი, რომლის განვითარებაში ივანე ჯავახიშვილს ფასდაუდებელი წვლილი არ შეეტანოს.

ივანე ჯავახიშვილის მეცნიერულ პროდუქციას განცვიფრებაში მოჰყავს ადამიანი თავის რაოდენობითაც, გამოქვეყნებულ შრომათა რაოდენობა 10 000 გვერდს აღემატება, მცირე როდია გამოუქვეყნებელიც.

ივანე ჯავახიშვილი მთელი მეცნიერული მოღვაწეობა იმას ემსახურებოდა, რომ გამოერკვია ქართველი ხალხის „თვისობრივი თავისებურებანი”, მისი სპეციფიკა, ეჩვენებინა, თუ რა შეიტანა ქართველმა ხალხმა მსოფლიო კულტურის საგანძურში, რითი გაამდიდრა მან ეს საგანძური.

ამ კეთილშობილ საქმეს ივანე ჯავახიშვილმა მთელი თავისი ცოდნა და ენერგია შეალია.

ჯერ კიდევ 197 წელს, როცა იგი უნივერსიტეტი დაარსების პროპაგანდას ეწეოდა, შეგნებული ჰქონდა, რომ „საქართველოსა და კავკასიის წარსული და აწმყო, მისი ბუნება და ადამიანი, უნდა შეადგენდეს ამ ქართული უნივერსიტეტის ყოველმხრივ სამეცნიერო კვლევა-ძიების უპირველეს მიზანს. ქართველი ერის ისტორიული ბედი საუკუნეთა განმავლობაში მრავალ სხვადასხვა კულტუროსან ერის ბედთან იყო დაკავშირებული და თუ დასავლეთ ევროპის მკვლევართათვის აღმოსავლეთის კულტურის შესწავლა უფრო რომ მეცნიერული ცოდნის მოყვარეობის შედეგია, ჩვენ ქართველთათვის და ქართველ მეცნიერებისათვის, ასურელთა, სპარსელების, ბერძნების, არაბების, სომხებისა და სხვათა ისტორიისა, მწერლობისა და კულტურის შესასწავლად, თვით ჩვენივე წარსულისა და აწმყოსათვის არის აუცილებლად საჭირო”.

ამ ზოგადი მიმოხილვის შემდეგ, ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია ივანე ჯავახიშვილის ცალკეული შრომების დახასიათება წარმოვიდგინოთ. ეს საშუალებას მისცეს მკითხველს, კიდევ უფრო ნათლად წარმოიდგინოს ჯავახიშვილის ადგილი ჩვენი ეროვნული მეცნიერების განვითარების საქმეში.

საქართველოს ისტორიის შესწავლა ივანე ჯავახიშვილმა სათანადო წყაროების სასტიკი კრიტიკით დაიწყო. წყაროებისადმი ასეთი დამოკიდებულება აუცილებელი იყო, რადგან მაშინ „საქართველოს ისტორიის მოყვარულთა წრეში გულუბრყვილო მოწიწებით, ნაციონალისტური განწყობილება იყო გაბატონებული მშობლიური წარსულის ყველა ძეგლისადმი, განურჩევლად” (ს. ჯანაშია).

ივანე ჯავახიშვილმა გაბედულად განაცხადა: „ყოველი წყარო, მათ შორის საბუთიც, აუცილებლად ჯერ წინასწარ ყოველმხრივ უნდა იყოს შესწავლილ-შეფასებული და მხოლოდ ამის შემდგომ შეიძლება გამოყენებული იყოს და რომ არაფერი თავისდა თავად ცხადად და დამტკიცებულად არ უნდა იქნას მიჩნეული”.

მემატიანის პიროვნება რა წრესა და მიმართულებას ეკუთვნოდა, რა მსოფლმხედველობის მქონებელი იყო, რამდენად სანდო წყარო ჰქონდა ამს, თუ ეს არ გვეცოდინება, ისე მისი ცნობებისა და მოსაზრების გაზიარება არ შეიძლებაო, გვიმტკიცებდა მეცნიერი.

ამ მეთოდით უდგებოდა იგი ყველა წყაროსა და საბუთს. ივანე ჯავახიშვილს ასეთი რადიკალური შეხედულება წყაროებისადმი თავისი დროისათვის ქართულ ისტორიოგრაფიაში ნამდვილი რევოლუცია იყო.

ივანე ჯავახიშვილის ღვაწლი წყაროთმცოდნეობაში, უპირველეს ყოვლისა, იმაში მდგომარეობს, რომ მან პირველმა შეძლო ქართული ისტორიული წყაროების მეცნიერული შეფასება, წყაროებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების შედეგად ივანე ჯავახიშვილმა ნათელყო, რომ „ქართლის ცხოვრება” არის ნახევრად ოფიციალური კრებული, რომლის ავტორები ცენტრალური – მეფის ხელისუფლების ინტერესებს იცავენ.

ივანე ჯავახიშვილის კაპიტალური ნაშრომი „ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა” ოთხი წიგნისაგან შედგება: 1. „ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V-XVIII), 2. ქართული საფას-საზომთამცოდნეობა, ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, 3. ქართული დამწერლობათმცოდნეობა, ანუ პალეოგრაფია”, 4. „ქართული სიგელთმცოდნეობა, ანუ დიპლომატიკა”.

ძველი ქართული საისტორიო მწერლობის სისტემატური შესწავლა ივანე ჯავახიშვილმა დაიწყო 1898 წელს. ეს შესანიშნავი ნაშრომი იწერებოდა „ჟამითი-ჟამად” და წინ უსწრებდა ქართველი ერის ისტორიის დამუშავებას. 1915 წლამდე ეს წიგნი „მაინც იზრდებოდა და ღრმავდებოდა”. 1916 წელს იგი ცალკე წიგნად გამოქვეყნდა. ამ წიგნის გამოსვლამ მთელი ფურორი მოახდინა. მოსე ჯანაშვილი ივანე ჯავახიშვილის ამ წიგნს ყამირისმხვნელ გუთანს უწოდებდა. „ამ მძლავრმა გუთანმა ბევრი „კაჭაჭი” ამოაგდო ძირიან-ფესვიანად და საისტორიო ყანობირი საკმაოდ გასწმინდა ღვარძლისაგან. შეუდგები ამ საკვირველ წიგნს და გინდა მწვერვალამდის მიაღწიო შეუსვენებლივ, დაეწაფო, ვით მოწყურებბული ირემი წყაროს და ამოსწურო იგი ბოლომდის. ნამდვილი წმინდა გუთანივით შლის, არღვევს, აბრუნებს, გადადის „ბელტი ბელტზე”, ცოცხლდებიან და მზის შუქზე ამოდიან უმეცრების გზით დამარხული მოღვაწეები და ისტორიკოსები”.

ივანე ჯავახიშვილმა პირველმა მიაქცია ყურადღება ისეთ წყაროებს, როგორიცაა მარტვილთა და წმინდანთა ცხოვრება. მან დაამტკიცა, რომ ამ რიგის წყაროებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხალხის სამოქალაქო ისტორიის სრულყოფილად წარმოჩენისათვის.

ივანე ჯავახიშვილმა ძველი ქართული საისტორიო მწერლობის მეცნიერული შესწავლის შედეგად ნათელჰყო ქართული ისტორიული აზროვნების განვითარების მაღალი დონე და ქართულ ისტორიოგრაფიას მსოფლიო ისტორიულ მეცნიერებაში შესაფერისი ადგილი მიუჩინა.

წყაროების კრიტიკული შესწავლის შემდეგ ივანე ჯავახიშვილი შეუდგა ქართველი ერის ისტორიის მეცნიერულ შესწავლას. მისი აზრით, „ისტორიკოსი მოვალეა მხოლოდ მეცნიერულად შეისწავლოს და გამოიკვლიოს ამა თუ იმ ერის წარსული, გამოიკვლიოს, რა და რა პირობებისა და მიზეზისაგან დამოკიდებული იყო სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი, ან არადა ზნეობრივ-გონებრივი განვითარებისა და წარმატების მიმდინარეობა”.

ისტორიის ასეთი კვლევის შედეგი, ივანე ჯავახიშვილის გაგებით, „ქართველ საზოგადოებასაც სარგებლობას მოუტანს იმიტომ, რომ ყოველ განათლებულ ეროვნებისათვის, რომელსაც თვითშემეცნება მოეპოვება, აუცილებლად საჭიროა იცოდეს თავისი წარსული საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორია, უნდა იცოდეს, რასაკვირველია, უტყუარი, ჭეშმარიტი ისტორია და არა გაზვიადებული, ყალბი”.

ივანე ჯავახიშვილმა ქართველი ერის ისტორიის ხუთი ტომის დაწერა მოასწრო მხოლოდ. ამ ხუთ ტომეულში განხილულია ჩვენი ხალხის თავგადასავალი უძველესი პერიოდიდან XVI საუკუნემდე. აღებული ხანის ქართველი ერის ისტორიის თითოეული მოვლენა (ქართველი ხალხის ვინაობა, პოლიტიკური ისტორია, სოციალური ურთიერთობის ფორმები, სახელმწიფოებრივი წყობილების ფორმები, მატერიალური კულტურა, იდეოლოგია-სარწმუნოება, კულტურა) მონოგრაფიულად არის შესწავლილი და ამ მდგომარეობას ავტორი იმით ასაბუთებს, რომ „ადვილად წასაკითხი და ლამაზი დაუსაბუთებელი თეორიებისა და დებულების წამოყენებას... ყოველმხრივ დასაბუთებული ისტორიის წერა სჯობია. მეცნიერ-ისტორიკოსს უნდა ახსოვდეს ის ზნეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც მას აწევს და რომელიც მას ავალებს თავისი დაუსაბუთებელი ჰიპოთეზები ისტორიის სინამდვილედ არ წარმოადგინოს”. ქართველი ხალხის ძველი სამყაროს შესახებ (პირვანდელი სამყოფელი, ადრინდელი სოციალური ყოფა) ივანე ჯავახიშვილის შეხედულება სულ უფრო და უფრო სრულყოფილი ხდებოდა. ახალი აღმოჩენები მას საშუალებას აძლევდა, გაბედულად გადაესინჯა თავისი ძველი შეხედულებანი და ახალი დებულებები განევითარებინა.

ქართულ ისტორიოგრაფიაში ივანე ჯავახიშვილი პირველი იყო, რომელმაც მოგვცა ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების პროცესის მეცნიერული ახსნა და აღნიშნა, რომ ქართველი ტომების საზოგადოებრივი წყობილების პირველი ფორმა გვაროვნული წყობილება იყო.

ივანე ჯავახიშვილის მეთოდი ქართველი ერის პოლიტიკური ისტორიის კვლევვის საქმეში სრულიად ახალი იყო. ის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიას მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის ფონზე იხილავს, რათა ეს ურთიერთობა სრულყოფილად წარმოგვიდგინოს. იგი ვრცლად იყენებს წერილობით, ეთნოგრაფიულსა და არქეოლოგიურ მონაცემებს და ადგენს ჩვენი ერის პოლიტიკური ცხოვრების ისეთ შტრიხებს, რომლებიც მანამდე მკვლევარისათვის შეუმჩნეველი ან მიუწვდომელი იყო.

არქეოლოგიური ფაქტებისა და წერილობითი წყაროების შესწავლით ივანე ჯავახიშვილმა ქართველი ტომების სამეურნეო საქმიანობა და კულტურის განვითარების დონე წარმოგვიდგინა დ დაასკვნა: „ქართველ ტომებს მარტო თავიანთთვის კი არ უკეთებიათ მადნეული, ჭურჭელი და იარაღი, არამედ ისეთი შორეულ ქვეყნებშიაც კი მიჰქონდათ ხოლმე გასაყიდად, როგორიც იყო ტვიროსი... უეჭველია, რომ ქართველ ტომებს მადნეულობის შემუშავებაში საპატიო ღვაწლი მიუძღვით ძველ განათლებულ კაცობრიობის წინაშე”.

ივანე ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორიის ხუთტომეულში წითელი ზოლივით გასდევს ქართველთა პოლიტიკური ცხოვრების ერთი მხარე – ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობლების წინააღმდეგ, როგორც ცნობილია, ქართველები როცა ერთ მტერთან დამარცხდებოდნენ და ეს გადამთიელი ჩვენს ქვეყანაში გაბატონდებოდა ხოლმე, ჩვენი წინაპრები სხვას იწვევდნენ ჩვენში გაბატონებულის გასადევნად. ერთს ვიწვევდით მეორის გასადევნად და ჩვენი ამოცანა უცვლელი რჩებოდა: „ქართველების ნატვრისა და მისწრაფების ერთადერთ საგნად პოლიტიკური დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყო”.

ქართულ ისტორიოგრაფიაში შინასოციალური ბრძოლის საკითხებს პირველად ივანე ჯავახიშვილმა მიაქცია ყურადღება. ამ საკითხების კვლევა მაშინდელ პირობებში გაბედული ნაბიჯი იყო.

ივანე ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორია ქართველი ერის შემოქმედებითი შრომის განვითარების ისტორიაა. ამ კაპიტალურ ნაშრომში ქართველი კაცის შრომითი და ინტელექტუალური შესაძლებლობანი ისეა წარმოდგენილი, როგორც ის ნამდვილად იყო.

ივანე ჯავახიშვილმა მისთვის დამახასიათებელი სისრულით აღგვიწერა ძლიერების ხანის საქართველო და მოგვცა ნათელი სურათი ყველა იმ მოღვაწეთა, რომლითაც ქართველი ხალხი თავის კუთვნილ ადგილს იჭერს მსოფლიოს ხალხთა ისტორიაში. ივანე ჯავახიშვილის აზრით, „XII საუკუნის საქართველომ აქტიური პოლიტიკის წარმოებას მიჰყო ხელი და იმდროინდელი მცირე აზიის ცხოვრებაში პირველი ადგილი დაიჭირა, საერთაშორისო მნიშვნელოვან ძალად იქცა”. იგი არა ერთხელ იმეორებს: „საქართველოს ძლიერების ხანა იმ მხრივ არის განსაკუთრებით საყურადღებო, რომ ამ დროს მოწინავე ქართველთა გონებრივმა სამფლობელომ აზროვნების უმწვერვალეს ხარისხს მიაღწია და საფილოსოფიო მწერლობას დაეწაფა”. XIII-XVI საუკუნეების ქართველი ხალხის ისტორია უმთავრეს ხაზებში არის ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორია უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ, თუ როგორ იცავდა ქართველი კაცი თავს ამ გადამთიელი დამპყრობლებისგან, რა მოჰქონდა მონღოლს, ოსმალს თუ ყიზილბაშს ნათლად დაინახავს მკითხველი ივანე ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორიის მესამე და მეოთხე წიგნში.

ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევები ქართულ საისტორიო გეოგრაფიაში, ეკონომიკურ ისტორიაში, მატერიალური კულტურის ისტორიასა და ქართული მუსიკის ისტორიაშიც კი ყოველთვის მაღალ ადგილს დაიჭერენ ქართველთმცოდნეობის განვითარებაში. აქ ჩამოთვლილი გამოკვლევები განყენებული შინაარსის მქონენი კი არ არიან, არამედ ქართველი ერის ისტორიის განუყოფელ ნაწილს წარმოდგენენ.

ივანე ჯავახიშვილის ყოველგვარი გამოკვლევა, ერთად აღებული, ქმნის ქართველი ერის ისტორიის მთლიან სურათს და მკითხველს ნათელ სურათს უხატავს ქართველი კაცის შემოქმედების შესახებ.

ივანე ჯავახიშვილი უბადლო იყო როგორც აღმზრდელი და მოქალაქე, საკმარისი იყო ადამიანი მას გასცნობოდა და მისით სამუდამოდ იხიბლებოდა.

ხანგრძლივმა დაუცხრომელმა შრომამ და არანაკლებ ხანგრძლივმა ქრონიკულმა ავადმყოფობამ დააუძლურა ივანე ჯავახიშვილის ორგანიზმი და 194 წლის 18 ნოებერს, მრავალრიცხოვან მსმენელთა წინაშე, ლექციის კითხვის დროს, საღამოს 9 საათსა და 40 წუთზე შეწყდა გულისცემა ამ დიდი ადამიანისა.

ბევრი ამ გაკეთდა მას შემდეგ ქართველი ხალხის ისტორიის მეცნიერულად შესწავლის საქმეში, მაგრამ ივანე ჯავახიშვილის მეცნიერულ მემკვიდრეობას დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.