‍ნიკო ჯანაშია (1872-1918)

ავტორი: არკადი ხუნდაძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

janashia nikoცნობილი სახალხო მასწავლებელი, თვალსაჩინო ქართველი საზოგადო მოღვაწე, ნიჭიერი ეთნოგრაფი და ფოლკლორისტი ნიკო სიმონის ძე ჯანაშია დაიბადა 1872 წელს აფხაზეთის სოფელ აძვიბჟაში.

ნიკო ჯანაშიამ პირველდაწყებითი სწავლა სოხუმის მთიელთა სკოლაში მიიღო. აქედან ის გორის საოსტატო სემინარიაში გადავიდა, სადაც ქართულ ენას ასწავლიდა ცნობილი ბელეტრისტი ნიკო ლომოური, რომლის გავლენის ქვეშ სხვებთან ერთად ნიკო ჯანაშიაც მოექცა.

გორის საოსტატო სემინარიის კურსი ნიკომ 1891 წელს დაამთავრა; იმავე წელს იგი დაინიშნა მასწავლებლად სოხუმის მთიელთა სკოლაში.

ახალგაზრდა მასწავლებელს პირველსავე წელს სოხუმში ბრალდებად წაუყენეს გაქართველების პოლიტიკის მიმდევრობა და მოინდომეს მისი დასჯა, მაგრამ ნიკომ მტრებს დაასწრო და 1892 წელს გადავიდა მასწავლებლად ოზურგეთის მაზრის სოფელ მაკვანეთში.

ჯერ კიდევ გამოუცდელი მასწავლებელი ნიკო ჯანაშია, მაკვანეთში მასწავლებლად დანიშვნის გამო, შემდეგს წერს თედო სახოკია: „ვიყავი მაკვანეთში და, როგორც ჩანს, კარგი სოფელი უნდა იყოს. მიღებით კარგად მიმიღეს, თუ როგორ გამისტუმრებენ – ეს კი არ ვიცი, მაგრამ ეს ჩემზე უნდა იყოს დამოკიდებული. ყველაფერში დრო დაგვარწმუნებს...” რამდენიმე ხნის შემდეგ მაკვანეთიდან ნიკო ჯანაშია იმავე თედო სახოკიას ატყობინებს: „აქ მე კარგად ვარ და, თუ ვივარგებ, კარგად წავა სკოლის საქმე”.

სოფელ მაკვანეთში ნიკო ჯანაშიას უნარისა და ენერგიის წყალობით სკოლის საქმე მართლაც კარგად წავიდა და ხალხმაც შეიყვარა და დააფასა თავის მოამაგე მასწავლებელი.

მაკვანეთიდან ნიკო ჯანაშია გუდაუთის სამინისტრო სკოლის გამგედ გადაჰყავთ. „ნიკო ჯანაშიას მოსვლის შემდეგ, – წერს თედო სახოკია, – გუდაუთის სკოლაში სურათი რადიკალურად შეიცვალა. ჩამორჩენილი სკოლა მან მალე მოწინავეთა რიგებში ჩააყენა. ამასთან, გუდაუთში იგი კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობასაც ენერგიულად ეწეოდა, გაზეთებში წერდა მამხილებელ წერილებს და ადგილობრივ მკვიდრთ იცავდა აღვირახსნილ მოხელეთაგან, უვლიდა და ხელს უწყობდა სამკითხველოებს და თანაც ხშირად მართავდა ხალხში სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე ბაასს”.

1894 წლიდან 1899 წლამდე დარჩა ნიკო გუდაუთის სკოლაში. მისგან დიდად დავალებულმა გუდაუთის საზოგადოებამ თავის მასწავლებელსა და მოღვაწეს საგანგებო წერილი მიუძღვნა და შემდეგი სახის მადლობა გადაუხადა გამოთხოვების დროს: „ამ დღეებში, – ვკითხულობთ ზემონახსენებ წერილში, – გამოეთხოვა აქაური ქართველი საზოგადოება ადგილობრივ სამინისტრო სკოლის მასწავლებელს ბ-ნ ნიკო ჯანაშიას, რომელიც თავისი სურვილით გადაყვანილ იქნა სენაკის სკოლის მასწავლებლად. თუმცა დიდი ხანი არ რის, რაც ჯანაშია გადმოიყვანეს გურიიდან მასწავლებლად, მაგრამ ამ მცირე დროის განმავლობაში მან საკმაოდ დაამჩნია კვალი და თვალსაჩინოდ წასწია აქაური სკოლის საქმე. თუმცა ეს სკოლა მის მოსვლამდე არსებობდა, მაგრამ უკანასკნელ დრომდე მიღწეულ ავადმყოფს წააგავდა და რომელ საათში დალევდა სულს, არავინ იცოდა. რის გამო საზოგადოებასაც გაუტყდა გული... სწორედ ამ გაჭირვების დროს მოუსწრო ჯანაშიამ სკოლას და თავისი შრომით, მხნეობითა და ერთგულად საქმის ასრულებით საუკეთესო ნიადაგზე დააყენა დღეს გუდაუთის სკოლის საქმე. განსაკუთრებით დიდი ხალისით ეტანებოდნენ სკოლას მეგრელებისა და აფხაზების პატარა ყმაწვილები და ქალები... გარდა თავისი პირადი მოვალეობისა, თავისუფალ დროს ნიკო ჯანაშია ახმარდა საზოგადო საქმეებს... ხშირად ამხილებდა გაზეთების შემწეობით ზოგიერთ აღვირახსნილ კაკარდოსნებს, მათ მოქმედებას და შეძლებისდაგვარად აწვდიდა ჟურნალ „კრებულის” მკითხველებს ეთნოგრაფიულ წერილებს აფხაზეთიდან. აქ ბოლომდე განაგებდა გუდაუთის სამკითხველოს საქმეს და საზოგადოების დახმარებით აცოცხლებდა მას. დიდის პატივისცემით ვიხსენიებთ აგრეთვე ქ-ნ ელენე ჯანაშიასაც, რომელიც თავის ხელოვნურ ცოდნას არავის ამადლიდა და უფასოდ ასწავლიდა პატარა მოწაფე ქალებს ქსოვას, ქარგვას და სხვა ხელსაქმეს. დიდად საწყენად დარჩა საზოგადოებას ასეთი მასწავლებლის მოშორება”.

ნიკო ჯანაშია გუდაუთიდან სენაკის ქართული სკოლის მასწავლებლად გადაიყვანეს. ნიკომ ამ სკოლაშიც საქმისადმი დიდი სიყვარული და დაუშრეტელი ენერგია გამოიჩინა. აქ იგი გაიზარდა, პედაგოგიურად დავაჟკაცდა, საკმაო გამოცდილება მიიღო და მასწავლებელთა რიგებში საპატიო ადგილიც დაიჭირა.

იაკობ გოგებაშვილი დიდად კმაყოფილი დარჩა სენაკის სკოლის ნაყოფიერი მუშაობით და ამ კმაყოფილებამ მხცოვან პედაგოგს ათქმევინა: ერთი წლის წინათ ამ სასწავლებლის ბედი ბეწვზე ეკიდა, ამ მოკლე ხნის განმავლობაში თქვენი ნაყოფიერი მუშაობით (ასე მიმართავს იაკობ გოგებაშვილი სენაკის სკოლის მასწავლებელს – ა. ხ.) წელში გამართულა და მომავალში, უნდა ვიფიქროთ, მას საშიშროება არ მოელისო.

ძველი სენაკის სკოლაში ნიკომ მოსწავლეთა დიდი სიყვარული დაიმსახურა. „ბავშვები მუდამ ფუტკარივით ვეხვეოდით ძვირფას აღმზრდელს. ჩვენ მისგან გვესმოდა არა მარტო საგნის დაუფლებაზე ლაპარაკი, არამედ ზნეობაზეც, როგორც სკოლის, ისე მშობლებისა და უფროსების მიმართ, ჩვენი ერის სიყვარულზე და დაჩაგრულ-დაბეჩავებული ადამიანის დაცვაზე”, – იგონებს ნიკო ჯანაშიას სენაკის სკოლის ყოფილი მოსწავლე ექიმი ელ. შურღაია.

ნიკო ჯანაშიასთან და ანდრო შუბლაძესთან ერთად სენაკის სკოლაში მასწავლებლობდა პოლიკარპე ლორთქიფანიძე, რომლის მოგონების ერთი ნაწილი ასე იკითხება: „სასკოლო მუშაობის შემდეგ ნიკო წერდა. ან კითხულობდა უფრო ჟურნალ-გაზეთებს. მას მოსდიოდა რუსეთის დიდტანიანი ჟურნალები: «Русское богатство», «Мысль», «Новая мысль» და სხვ. ჩვენს შორის ყველაზე უფრო ნაკითხი ნიკო იყო, მაგრამ თავმდაბლობის გამო ამ უპირატესობას არ ამჟღავნებდა”.

როგორც ყველგან, ისე სენაკშიც ნიკო ერთ-ერთ საუკეთესო აღმზრდელ-მასწავლებლად ითვლებოდა. მან ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწის სახელი მოიხვეჭა ხალხში და ამხანაგ-მეგობრებსა და მოსწავლეებში დიდი სიყვარული დაიმსახურა.

ნიკო ჯანაშიას მიერ გაწეული დიდი მუშაობა 1910 წლიდან სოხუმის სკოლაში „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურემ გრიგოლ ბურჭულაძემ შემდეგი სიტყვებით გააცნო ფართო საზოგადოებას: „სკოლის გამგე ნიკო ჯანაშია ფრიად გამოცდილი და დახელოვნებული მასწავლებელია; ყველაფერში ეტყობა, რომ ის პირნათლად და თავგამოდებით ასრულებს თავის მძიმე მოვალეობას, რისთვისაც ქების და მადლობის ღირსია... მასწავლებლები თანხმობით მუშაობენ და ამიტომაც სოხუმის სკოლაში სწავლა-აღზრდის საქმე კარგად არის დაყენებული”.

სახალხო განათლების დარგში დიდად ნაყოფიერ მორვაწეობასთან ერთად ნიკო ჯანაშიას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ფოლკლორული მასალების შეკრებასა და ისტორია-ეთნოგრაფიის საკითხების კვლევა-გაშუქებაში.

ასეთი დაუცხრომელი, მოუსვენარი და მრავალფეროვანი შრომის შედეგად ნიკო ჯანაშია 1918 წლის 6 აპრილს გარდაიცვალა. მისმა უდროოდ სიკვდილმა პროფესორ იოსებ ყიფშიძეს შემდეგი სიტყვები ათქმევინა: „ქართველ მუშაკთა მცირერიცხოვან ჯგუფს კიდევ ერთი წევრი დააკლდა... განსვენებულმა ნიკომ თავისი წვლილი მიიტანა სამეცნიერო სამსხვერპლოზე. ამ ღვაწლს მეცნიერება არ დაივიწყებს”.