‍რაჟდენ ჯაჯანაშვილი (1853-1899)

ავტორი: ლ. სანაძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

jajanashvili ra65რაჟდენ სოლომონის (არჯევანის) ძე ჯაჯანაშვილი დაიბადა 1853 წლის 1 ოქტომბერს სოფელ კავთისხევში (გორის მაზრა). ჯაჯანაშვილი მანგლისის სკოლაში სწავლობდა, როდესაც თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორმა ზახაროვმა თვითონ გამოსცადა მანგლისის სკოლის მოსწავლეები და იგი, როგორც საუკეთესო მოსწავლე, ინსტიტუტში გადაიყვანა.

თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი რაჟდენ ჯაჯანაშვილმა 1874 წლის ივნისში დაამთავრა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი დანიშნულ იქნა მასწავლებლად ახალციხის მაზრის სოფელ ხერთვისში. 1881 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე რაჟდენ ჯაჯანაშვილი მასწავლებლად იყო თბილსის სათავადაზნაურო სასწავლებელში (იგივე ვაჟთა ქართული გიმნაზია).

პრაქტიკულ პედაოგიურ საქმიანობასთან ერთად რაჟდენ ჯაჯანაშვილი სხვა სახის საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. „რაჟდენი სხვადასხვა ქართულ დაწესებულებათა წევრადაც ითვლებოდა. თანაზიარი იყო აგრეთვე ყოველგვარ საზოგადო კრებისა, სადაც კი ირკვეოდა რაიმე ჩვენთვის საჭირბოროტო საქმე. თავისის გულწრფელის სიტყვით ყოველწლიურ სათავადაზნაურო ბანკის კრების დროს ცდილობდა სასიკეთო რამე განზრახვა განეხორციელებინა”. 1882 წელს იგი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების მიერ არჩეულ იქნა საზოგადოების ნამდვილ წევრად. რაჟდენ ჯაჯანაშვილმა შეადგინა და გაოსცა სასკოლო სახელმძღვანელოები. ამავე დროს, იგი სისტემატურად ბეჭდავდა სხვადასხვა ხასიათის წერილებს თითქმის ყველა იმდროინდელ პერიოდულ გამოცემაში.

რაჟდენი უაღრესად სათნო და კეთილი ადამიანი იყო. მიუხედავად მძიმე ეკონომიური პირობებისა, იგი მამობრივ მზრუნველობასა და დახმარებას უწევდა თავის უმცროს ძმებს.

1899 წლის 25 თებერვალს, 25 წლის დაუღალავი პედაგოგიური მოღვაწეობის შემდეგ, რაჟდენ ჯაჯანაშვილი გარდაიცვალა. ამ პატიოსანი და ერთგული მუშაკის გარდაცვალბამ დიდი მწუხარება გამოიწვია საზოგადოების მოწინავე ნაწილში. განსაკუთრებით მძიმე იყო ეს დანაკლისი თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლისათვის.

რაჟდენ ჯაჯანაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნა „კვალმა” და „ივერიამ” (ავე გამოქვეყნდა ნეკროლოგიც). როგორც გაზეთები იუწეყბიან, დასაფლავებას დიდძალი ხალხი დაესწრო. დაკრძალვაზე სიტყვები წარმოთქვეს სათავადაზნაურო სასწავლებლის მასწავლებლებმა ნ. ვ. მთვარელიშვილმა და ი. გ. რატიშვილმა. ძვირფასი მასწავლებლის ცხედარს გამოსათხოვარი სიტყვებითა და ლექსებით მიმართეს აგრეთვე ამავე სასწავლებლის მოსწავლეებმა.

რაჟდენ ჯაჯანაშვილს სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე არ შეუწყვეტია თავისი ნაყოფიერი მოღვაწეობა და საზოგადო საქმისათვის სასარგებლო ზრუნვა. იგი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში თავდადებით იბრძოდა პედაგოგიურ ასპარეზზე. მას იცნობდნენ და აფასებდნენ, როგორც „პატიოსან მუშაკს”, „სამაგალითო მასწავლებელს” და საუკეთესო მოღვაწეს”.

რაჟდენ ჯაჯანაშვილი როგორც პრაქტიკული პედაოგიური მოღვაწეობით, ისე თავისი წერილებითა და სტატიებით ხელს უწყობდა სახალხო განათლების საქმის გაუმჯობესებას საქართველოში. იგი კარგად გრძნობდა, რომ საზოგადოების ზნეობრივი დაქვეითების, ქვეყნის სოციალური და ეროვნული უბედურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გაუნათლებლობა იყო. „ვინც ჩვენ ცხოვრებას ცოტაც არის ცინობს, – წერდა იგი ერთ-ერთ სტატიაში, – ისიც ეცოდინება, რომ ჩვენა გვღუპავს ჩვენი უცოდინლობა. რით უნდა აღვადგინოთ ის გმირული მამულის სიყვაული, რომელსაც ისე ძვირად აფასებდნენ ჩვენი წინაპრები და რომელსაც მსხვერპლად სწირავდნენ თავის სიცოცხლეს? – ცოდნით... რით შეგვიძლიან მოვსპოთ მდაბალი თავმოყვარეობა, რომელმაც დასთრგუნა და გაანადგურა ცხოვრების იდეალი: ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის? – ცოდნით. რით შეიძლება ცოტაც არის გაუმჯობესდეს ნივთიერი დაცემა ჩვენი ხალხისა თუ არ ცოდნის გავლენით? ერთი სიტყვით, რით შეიძლება ადამიანი გახდეს ადამიანად, თუ არ ცოდნის და სწავლის დახმარებით?” ამიტომ, ბუნებრივია, რომ რაჟდენ ჯაჯანაშვილი დიდად აფასებდა მასწავლებლის ღვაწლს, მის როლს ხალხის გონებრივი განვითარების, ზნეობრივი აღზრდისა და საერტოდ, ყოველგვარი წინმსვლელობის საქმეში. აი, რას წერდა იგი მასწავლებლის შესახებ: „მასწავლებელი – ამბობს პედაგოგიკა – არის სული სკოლისა, მე დავუმატებ: სკოლა არის სული ხალხისა. აქედან ჩანს, რა უნდა იყოს მასწავლებელი ხალხისათვის. მასწალებელი არის დედა-ბოძი, რომელზედაც დამყარებულია ხალხის გონებითი და ზნეობითი კეთილდღეობა; მასწავლებელი არის ის ქვა-კუტხედი, რომელზედაც აშენებულია ხალხის წინ-მსვლელობა”.

ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ რაჟდენ ჯაჯანაშვილს კარგად ჰქონდა შეგნებული პედაგოგის მოვალეობის უდიდესი დანიშნულება. იგი სწავლა-განათლების საკითხს უყურებდა როგორც მეტად რთულ და სერიოზულ საკითხს. მაგრამ იმისათვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს თავისი უაღრესად პასუხსაგები მოვალეობის პირნათლად შესრულება, საჭიროა, რომ იგი იყოს ყოველმხრივ განათლებული და კარგად მომზადებული, დაუფლებული მეცნიერულ ცოდნას. ამიტომ რაჟდენ ჯაჯანაშვილი დიდ ყურადღებას აქცევდა მასწავლებელთა კადრების მომზადების საკითხს. იგი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ არსებული პედაგოგიური სასწავლებლები მთლიანად ვერ უზრუნველყოფდნენ პედაგოგების მომზადების საპასუხისმგებლო საქმეს.

რაჟდენ ჯაჯანაშვილმა, სხვა სასწავლებლებთან ერთად, არ დაინდო თავის მშობლიური თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი და მკაცრად გააკრიტიკა ამ ინსტიტუტში მიღებული სწავლების მეთოდი. რაჟდენ ჯაჯანაშვილი მიუთითებდა, რომ თანამედროვე პედაგოგიურ სასწავლებლებში ბევრი დრო იხარჯება ისეთი საგნების შესწავლაზე, რომლებიც, თუმცა საჭირონი არიან, მაგრამ არა აუცილებელნი მასწავლებლებისათვის (მაგ., ხელოსნობა, მებაღეობა, წიგნების აკინძვა და სხვა). იგი მოითხოვდა – გაედიდებინათ სწავლების ვადა პედაგოგიურ სასწავლებლებსა და ინსტიტუტში, რათა გაცილებით მეტი დრო დათმობოდა სპეციალური საგნების შესწავლას, კერძოდ, პედაგოგიკის თეორიასა და პრაქტიკას, აღზრდის ისტორიასა და თანამედროვე მდგომარეობას. წერილში „კიდევ ცოტა რამ პედაგოგიიდამ” რაჟდენ ჯაჯანაშვილი მოითხოვს, რომ მომავალმა მასწავლებლებმა „წაიკითხონ და გაარჩიონ პედაგოგიური თხზულებანი”, შეისწავლონ ჩვენი ენა, ისტორია, გეოგრაფია და სხვა. მაგრამ, ამავე დროს, რაჟდენ ჯაჯანაშვილს კარგად ესმოდა ისიც, რომ ოფიციალურ დაწესებულებაში მიღებული სწავლა-განათლება, როგორი მაღალი ხარისხისაც უნდა იყოს იგი, მაინც არ არის საკმარისი. საჭიროა პედაგოგები სისტემატურად გაეცნონ მსოფლიო მეცნიერების და კულტურის ახალ მიღწევებს, არ ჩამორჩნენ ცხოვრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერ შეძლებენ ახალი თაობის საფუძვლიანდ მომზადებას.

რაჟდენ ჯაჯანაშვილის ფხიზელ თვალს ყურადებიდან არ გამოპარვია ის გარემოება, რომ მასწავლებელთა ერთი ნაწილი ნაკლებად ზრუნავდა თავისი ცოდნის ამაღლებაზე. რაჟდენ ჯაჯანაშვილი აღიარებდა, რომ „საუბედუროთ, ჩვენი სოფლის მასწავლებლები, რასაკვირველია, ყველანი არა, გამოვლენ თუ არა სასწავლებლიდამ, თავს ანებებენ ყოველგვარ სწავლას და ეცემიან გონებით და ზნეობით. იმათ თითქოს სჭამს ის წრე, რომელშიაც ტრიალობენ. იმათ გონებას უნებურათ ედება ის ზნეობრივი მტვერი, რომელიც იმათ გარს ახვევია. გადის ხუთი, ათი წელიწადი და განმანათლებელს ვერ გაარჩევთ იმ ხალხში, რომლის აგსანათლებლადაც არის ეს მოსული. რა ზნეობითი ძალა უნდა იქონიონ ხალხზე ამისთანა მასწავლებლებმა?”

რაც შეეხება თვითონ რაჟდენ ჯაჯანაშვილს, იგი არა მარტო სტატიებით, არამედ თავისი ყოველდღიური საქმიანობითაც ყველას იმის საუკეთესო მაგალითს აძლევდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სახალხო მასწავლებელი. იგი არ იყო შემოფარგლული რომელიმე ვიწრო სპეციალობის ჩარჩოებით. იგი თანაბრად ერკვეოდა როგორც მათემატიკისა და პედაგოგიკის, ისე ლიტერატურის, ისტორიის, გეოგრაფიის, ეთნოგრაფიისა და პოლიტიკის საკითხებში.

ამ მრავალმხრივ განვითარებულ პედაგოგისათვის უცხო არ იყო ის, რომ განათლების საქმის მოწესრიგებისათვის მთავარ საფუძველს სწორად შედგენილი სასწავლო პროგრამები და წესდება შეადგენდა. მაგრამ ისინი სატახტო ქალაქის სამეცნიერო კაბინეტებში დგებოდა ოფიციალური ქაღალდების ნაკლებად საიმედო მასალებზე დაყრდნობით. პროგრამის შემუშავებაში არავითარი ანგარიში არ ეწეოდა ხალხთა ნაციონალურ თავისებურებებს და ადგილობრივ პედაგოგთა პრაქტიკულ გამოცდილებას. ამიტომ რაჟდენ ჯაჯანაშვილი კანონიერად მოითხოვდა, რომ სასწავლო პროგრამების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა იმ ხალხმა მიიღოს, „ვინც უფრო ახლოს დგას ამ საქმესთან, ე. ი. მასწავლებლებმა”. რაჟდენ ჯაჯანაშვილი გულისწყრომას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ნაწილი მასწავლებლებისა ნაკლებად ფიქობდა ამ საქმეზე. იგი საჭიროდ სცნობდა პედაგოგიური ჟურნალის დაარსებას, რომელსაც უნდა გაეშუქებინა თანამედროვე სკოლის ყველა მტკივნეული საკითხი. „ამ ჟურნალმა, – წერდა რაჟდენ ჯაჯანაშვილი სტატიაში „პედაგოგიურ ჟურნალზე”, – უნდა გამოაშკარავოს და გამოიკვლიოს ის მიზეზები, რომლებიც აბრკოლებდნენ და ახლაც აბრკოლებენ ჩვენში სწავლა-განათლებას. ჟურნალმა უნდა გვიჩვენოს, რა ადგილი უნდა ეჭიროს დედა-ენას სწავლების სსიტემაში. ჟურნალმა უნდა გამოიკვლიოს, როგორ უყურებს ხალხი სკოლას და რას მოელის მისგან. ჟურნალმა უნდა შეიმუშაოს სწავლების მეთოდები, ყურადღება უნდა მიაქციოს მასწავლებლის მომზადებას”.

ასეთი აქტიური და თავდადებული საქმიანობისაკენ მოუწოდებდა რაჟდენ ჯაჯანაშვილი ყველა იმას, ვისაც კი შეეძლო რაიმე სარგებლობის მოტანა საზოგადო საქმისათვის ისევე, როგორც თვითონ იგი არ ზოგავდა ძალასა და ენერგიას, რათა ხალხისათვის სასარგებლოდ გამოეყენებინა მთელი თავისი უნარი და შესაძლებლობა.

რაჟდენ ჯაჯანაშვილს კარგად ესმოდა ისიც, რომ საქართველოში სწავლა-განათლების კარგად წარმართვისათვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას ქართული სასკოლო სახელმძღვანელოების არსებობა წარმოადგენდა. სახელოვანმა პედაგოგმა თავისი ძალა ამ საქმეშიც სცადა. მან გამოსცა ორი სასკლო სახელმძღვანელო: „კრებული არითმეტიკული ამოცანეიბსა და რიცხვითი მაგალითებისა” და „მეგობარი”, მეორე წიგნი ანბანის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებამ კარგად მიიღო ეს სახელმძღვანელოები. კრიტიკამ თავის დროზე დადებითი შეფასება მისცა მათ.

1894 წელს ჟურნალ „მოამბეში” გამოქვეყნდა ცნობილი სპეციალისტის ვასილ ყიფიანის რეცენზია რაჟდენ ჯაჯანაშვილის არითმეტიკის ზემოხსენებულ სახელმძღვანელოზე. ამ რეცენზიაში ავტორი იწონებს კრებულის შედგენის მეთოდოდოლოგიურ პრინციპს და საერთოდ, დადებით შეფასებას აძლევს მას. რაჟდენ ჯაჯანაშვილის „არითმეტიკული კრებულის” წარმატებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ იგი რვა წლის განმავლობაში ოთხჯერ გამოიცა.

რაჟდენ ჯაჯანაშვილის მეორე სახელმძღვანელო წიგნი „მეგობარი” – 1889 წელს გამოვიდა. როგორც უკვე გვქონდა აღნიშნული, იგი წამოადგენს ანბანის შემდეგ საკითხავ წიგნს. წიგნი დაყოფილია რამდენიმე განყოფილებად: შინ და გარეთ, სკოლაში, სახლის ცხოველები და სხვა. თითოეულ განყოფილებაში წარმოდგენილია სათანადო ხასიათის ოთხრობები, ლექსები, ანდაზები, აფორიზმები და შეკითხვები ბავშვებისადმი. ასე მაგ., პირველ მოთხრობაში – „ჩვენი სახლობა” – აღწერილია ოჯახის შემადგენლობა, რასაც თან ერთვის კითხვა: „აღწერეთ თქვენი სახლობა. შეადარეთ აღწერილს” და ანდაზა: „შვილმა რო დედისათვის ხელის გულზედ ერბო-კვერცხი მოწვას, ამაგს მაინც ვერ გადაუხდის”.

“მეგობარში” დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი ხასიათის მასალა, რომელთა უმრავლესობა აღებულია „ბუნების კარიდან”. „მეგობარში” ვხვდებით დავით გურამიშვილის, აკაკი წერეთლის, რაფიელ ერისთავის, ნიკო ლომორის, ივანე კრილოვისა და სხვათა ნაწარმოებებს. რაჟდენ ჯაჯანაშვილის „მეგობარმა” გასული საუკუნის დასასრულს, „ბუნების კართან” და „დედა-ენასთან” ერთად, გარკვეული როლი ითამაშა მომავალი თაობის აღზრდის საპატიო საქმეში.

რაჟდენ ჯაჯანაშვილის თეორიული მოღვაწეობა და პრაქტიკული საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სკოლითა და სახალხო განათლების საკითხებზე მუშაობით. როგორც უკვე მივუთითეთ, იგი სხვადასხვა საზოგადოებრივი დაწესებულებების მუშაობაშიც იღებდა მონაწილეობას და ამავე დროს, ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე ათავსებდა ლიტერატურულ, გეოგრაფიულ, ეთნოგრაფიულ, ისტორიულ, კრიტიკულ და სხვა ხასიათის წერილებს.

რაჟდენ ჯაჯანაშვილი ფხიზლად ადევნებდა თვალყურს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მტკივნეულ და საჭირბოროტო საკითხს და გამოთქვამდა საკუთარ აზრს მასზე. ამ მხრივ, საყურადღებოა ერთი მეტად საგულისხმო ფაქტი. 1881 წელს გაზეთ „დროებაში” გამოქვეყნდა ინფორმაცია მუხრანსკის ტყის მცველების უდიერი საქციელის გამო. როგორც გაზეთი იუწყებოდა, მუხრანსკის ტყის მცველებმა გზა შეუკრეს სოფელ ზემო და ქვემო ნიჩბისის გლეხბს და მათრახებით სცემეს მათ. რაჟდენ ჯაჯანაშვილი აღაშფოთა მუხრანსკის და მისი ტყისმცველბის უდიერმა საქციელმა. მან ამავე წლის „დროების” 144-ე ნომერში გამოავეყნა თავისი შენიშვნა. რაჟდენ ჯაჯანაშვილის ეს შენიშვნა საყურადღებოა არა მხოლოდ იმით, რომ აქ ავტორი ექომაგება გლეხობას და მოიტხოვს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ იმითაც, რომ იგი სწორად აფასებს არსებულ სოციალურ ვითარებას და მე-19 საუკუნის დასასრულს ქართული საზოგადოებრივი ყოფის ამომწურავ დახასიათებას იძლევა. მოგვყავს შედარებით ვრცელი ამონაწერი ამ შენიშვნიდან. ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ „გლეხები ნივთიერად დარჩნენ მემამულეთა ყმებათ, – წერს რაჟდენ ჯაჯანაშვილი, – რადგანაც არ მიეცათ მამული და საშუალება კი არც ჰქონიათ და არც ახლა აქვთ, შეისყიდონ ეს მამულები. ეს უკანასკნელი ყმობა უფრო მძიმე ლოდათ დააწვათ სიღარიბით გაჭყლეტილ გლეხებს, რომლებიც ჩაითვლებიან თავისუფალ მონებათ.

ჩვენი თავად-აზნაურები, გადაჩვეულნი შრომას, რადგანაც ყოველ საქმეს აკეთებენ ყმების ხელებით, ეხლაც არ იშლიან ცუდობას და ზანტობას. რაც ყმების ფულები მიიღეს, სულ ქარაფშუტობაზედ დახარჯეს; ეს ფულები რო შემოაკლდათ, დაიწყეს მამულების დაგირავება პრიკაზში და ეხლა, ვისაც რამე მამული დარჩა, აგირავებს თავადაზნაურების ბანკში. სამწუხარო ის არის, რომ ეს ფულები იხარჯება ცუდ უბრალოთ და არა იმ დაგირავებულ მამულის გაუმჯობესებაზედ! ჩვენში მეურნეობა დავადნილია; ხვნა-თესვა მიდის მამა-პაპის წესზედ; ვენახები ფუჭდებიან, ისე რომ შემოსავალმა ყოველ მხრივ იკლო”.

ეს არის უაღრესად სწორი, თითქმის ამომწურავი, შეფასება იმდროინდელი ქართველი საზოგადოების ორი ძირითადი ფენის – თავადაზნაურობისა და გლეხობის – მდგომარეობისა, მდგომარეობისა, რომელმაც შესანიშნავი მხატვრული ასახვა რაჟდენ ჯაჯანაშვილის თანამედროვე, გამოჩენილ ქართველ რეალისტთა ქმნილებებში ჰპოვა.

საგულისხმოა ისიც, რომ რაჟდენ ჯაჯანაშვილი არა მარტო სწორად აფასებდა არსებულ სოციალურ ვითარებას, არამედ, ამავე დროს, იგი აკრგად ხედავდა საზოგადოებრივი ცხოვრების მოუწესრიგებლობის მთავა არსს. ერთ თავის წერილში, რომელიც მან შვეციას და ნორვეგიას უძღვნა, ხაზგასმით აღნიშნავდა: „...შორს არ არის დრო, როდესაც კერძო საკუთრება სრულიად აღარ იქნება, და შეიძლება დარწმუნებით ვქვათ, რომ ამ ქვეყნების კეთილდღეობაც ერთი-ორად იმატებს ამის გამო”. უდავოა, როდესაც რაჟდენ ჯაჯანაშვილი ამ სიტყვებს წერდა, თავის დაბეჩავებულ, კერძო-მესაკუთრულ უღლის ქვეშ მგმინავ სამშობლოსაც იგონებდა. ამიტომ ხაზგასმით ლაპარაკობდა იგი თავისი დიდი თანამედროვის, ილია ჭავჭავაძის მსგასვად, თავისუფალ შრომაზე, როგორც ქვეყნის კეთილდღეობის ძირითად საშუალებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული წერილი შვეციასა და ნორვეგიას შეეხება, როგორც უკვე მივუთითეთ, ავტორი აქაც არ ივიწყებს თავის სამშობლოს და ყოველ შესაძლებელ შემთხვევაში იხსენიებს მას. მაგალითად, ერთგან გულისტკივილით აღნიშნავს მისი თანამედროვე ქართველი საზოგადოების ერთი ნაწილის მორალური და ზნეობრივი დაცემის სამწუხარო ფაქტს. აქ იგი კიცხავს იმ „წურბელებს”, რომლებიც თავისუფლად დაპარპაშებენ და ხელს უშლიან ცხოვრების გაუმჯობესებისა და წინსვლის საქმეს.

რაჟდენ ჯაჯანაშვილმა თავისი კალამი ლიტერატურულ ასპარეზზედაც სცადა. მას უთარგმნია რამდენიმე მხატვრული ნაწარმოები. როგორც მოსალოდნელი იყო, იგი ძირითადად ისეთი ხასიათის მასალას თარგმნიდა, რომელიც სწავლა-აღზრდის საკითხებს ეხებოდა. მაგ., გაზეთ „თეატრში” 1885 წელს მან გამოაქვეყნა ჯიულ ნარიაკის „ვიკონტის აღზრდის” თარგმანი, რომელშიაც ავტორი დასცინის მდიდარ გრაფს, რომელიც ცხენის მოვლა-პატრონობისათვის გაცილებით მეტ ფულს ხარჯავდა, ვიდრე შვილის აღზრდაზე. ლიტერატურული თემაზე, გარდა თარგმანებისა, რაჟდენ ჯაჯანაშვილს უწერია კრიტიკული ხასიათის წერილებიც.

ასე მრავალმხრივი და მრავალფეროვანი იყო რაჟდენ ჯაჯანაშვილის შინაარსიანი ცხოვრება და მოღვაწეობა, რომელმაც თავის დროზე სასარგებლო სამსახური გაუწია ქართულ კულტურას.