‍გიორგი იოსელიანი (1847-1919)

ioseliani gi20იაკობ გოგებაშვილისა და ნიკო ცხვედაძის გულითადი მეგობარი, შესანიშნავი მასწავლებელი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი დაიბადა 1847 წელს სოფელ წყალტუბოში.

ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის სრული კურსიც დაასრულა 1865 წელს. ამ დროს გიორგი იოსელიანს უკვე ჰქონდა ნაცნობობა იაკობ გოგებაშვილთან, რომელთანაც ხშირად დადიოდა, მიჰქონდა წიგნები, ეწაფებოდა თვითგანვითარებას, ისმენდა დიდი ქართველი პედაგოგს პროგრესულ აზრებს სხვადასხვა საკითხებზე და ნიკო ცხვედაძესა და სხვა მოწინავე ქართველ ახალგაზრდებთან ერთად საზოგადოებრივ ასპარეზზე მუშაობისათვის ემზადებოდა.

სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ ის და ნიკო ცხედაძე, როგორც წარჩინებული მოსწავლენი, სახელმწიფო ხარჯით გაგზავნეს მოსკოვის სასულიერო აკადემიაში უმაღლესი ცოდნის მისაღებად.

გიორგი იოსელიანი და ნიკო ცხვედაძე, აკადემია დაასრულეს თუ არა, დანიშნულ იქნენ მასწავლებლებად თბილისის სასულიერო სემინარიაში. ახალგაზრდა მასწავლებლებმა მჭიდრო ურთიერთობა დაამყარეს იაკობ გოგებაშვილთან, რომელიც 1868 წლიდან სემინარიასთან არსებულ სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორად მუშაობდა. შემდეგ გიორგი იოსელიანი თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორადაც მუშაობდა. ის ხანა, როდესაც სემინარიაში მუშაობდნენ იაკობ გოგებაშვილი, თომა ტურიაშვილი, გიორგი იოსელიანი, ნიკო ცხვედაძე და სხვა ქართველი პედაგოგები, მოსწავლე-სემინარიელთა მეხსიერებაში აღიბეჭდა როგორც ყველაზე უფრო ნაყოფიერი პერიოდი მათი გონებრივი განვითარებისათვის.

სოფრომ მგალობლიშვილი, რომელიც 1868-1873 წლებში სემინარიაში სწავლობდა, „მოგონებებში” წერს: „თომა ტურიაშვილის შემდეგ გამოამწესეს ჩვენს სემინარიაში მასწავლებლად გიორგი იოსელიანი და ნიკოლოზ ცხვედაძე... ამათ მოსვლიდან სრულიად ახალი ხანა დაიწყო სემინარიაში, საგნებს ასწავლიდნენ კარგად, შეგირდებს ადამიანურად ეპყრობოდნენ, გვაძლევდნენ საკითხავ წიგნებს, გვაყვარებდნენ სამშობლო ენასა და ლიტერატურას, მით უმეტეს, რომ ლიტერატურაში ყველა ისინი მხურვალე მონაწილეობას იღებდნენ. განსაკუთრებით დიდი ზნეობრივი გავლენა იქონია მოსწავლე-ახალგაზრდობაზე იმ გარემოებამ, რომ გიორგი იოსელიანი დაინიშნა სემინარიის ინსპექტორის თანამდებობის აღმასრულებლად, რომელსაც იგი თითქმის ერთ წლამდე ასრულებდა ივ. კუვშინსკის დანიშვნამდე. მაშინ სემინარია სრულიად ქართულ სასწავლებელს წარმოადგენდა, ქართული სული ედგა, ქართულად ჰფეთქდა”.

1873 წლის დეკემბრის 9-ს თბილისის სასულიერო სემინარიის გამგებლობისადმი კავკასიის მეფისნაცვალს გამოუგზავნია „სია იმ არაკეთილსაიმედო პირთა, რომლებიც საზოგადოებრივ სამსახურში არ გამოდგებოდნენ”. ამ პირთა შორის დასახელებულია: თომა ტურიაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, კონსტანტინე ცხვედაძე, გიორგი იოსელიანი და იაკობ გოგებაშვილი.

ამ დოკუმენტში, სხვათა შორის, წერია:

“გიორგი იოსელიანი, დაამთავრა სასულიერო აკადემიის კურსი 1870 წლის ივნისში და იმავე წლის სექტემბერში დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიაში ლოგიკის, რუსული სიტყვიერებისა და რუსული ლიტერატურის ისტორიის მასწავლებლად. 1873 წლის ივლისიდან დათხოვნილია სემინარიიდან. ამჟამად ასრულებს საღვთო სჯულის მასწავლებლის მოვალეობას თბილისის ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში”.

1873 წლიდან გიორგი იოსელიანი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში გადავიდა მასწავლებლად, სადაც დაჰყო 1889 წლამდე. ინსტიტუტში ის ასწავლიდა რუსეთისა და მსოფლიო ისტორიას, რუსულ სიტყვიერებას, ლოგიკას და სლავურ ენას.

ცნობილი საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი ალექსი მირიანაშვილი გადმოგვცემს ერთ ეპიზოდს გიორგი იოსელიანის სამასწავლებლო ინსტიტუტში მოღვაწეობის პერიოდიდან, რაც კარგად ახასიათებს მას, როგორც პატრიოტსა და რუსიფიკატორთა წინააღმდეგ შეურიგებელ მებრძოლს.

ერთხელ სამასწავლებლო ოთახში ინსტიტუტის დირექტორს დ. კოლოვიჩს, იანოვსკის ქვისლს, დაუწყია ქრათველების ძაგება და მტკიცება, რომ მეგრელები ქართველები არ არიანო. ძლიერ აღელვებული გიორგი იოსელიანი სასტიკად შეკამათებია დირექტორს და მასწავლებელთა თანდასწრებით ყველა მისი „მოსაზრება” გაუქარწყლებია. ალექსი მირიანაშვილის სიტყვით, „ეს გახდა მიზეზი, რომ დირექტორსა და გიორგის შორის კეთილი განწყობილება შეირყა, ბოლოს საქმე იქამდის მივიდა, რომ გიორგის დიდად ემძიმებოდა ინსტიტუტში ყოფნა. მალე პენსიაც მიიღო და სამსახურიც სრულიად მიატოვა”.

თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი იოსელიანი მასწავლებლობდა სათავადაზნაურო სასწავლებელსა და თბილისის პირველ გიმნაზიაში, სადაც ქართულ ენას ასწავლიდა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან ხაშურში გაატარა და იქაურ გიმნაზიაში განაგრძობდა პედაგოგიურ მუშაობას.

იგი გარდაიცვალა ხაშურში 1919 წელს.

გიორგი იოსელიანი, შესანიშნავი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, თავისი საქმის ნამდვილი ხელოვანი იყო. მოსწავლეები, რომლებიც მხურვალედ უყვარდა მას, მოხიბლულნი იყვნენ გიორგი იოსელიანის გაკვეთილებით.

მისი ყოფილი მოსწავლე ს. მამალაძე შემდეგს გადმოგვცემს: „1883 წლის ენკენისთვე იყო. თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში მისაღები გამოცდები გათავდა.

... გაკვეთილების ცხრილი როცა გამოირკვა, აღმოჩნდა, რომ სასწავლებელში ქართულ ენას ადგილი არ ჰქონდა.

მოვილაპარაკეთ ქართველებმა მაღალი კლასის მოწაფეთა თანდასწრებით და გადავწყვიტეთ, გვეთხოვა გიორგი იოსელიანისთვის, ესწავლებინა ჩვენთვის ქართული ენა ან მეექვსე გაკვეთილებზე ან ნასადილევს, რაკი სხვა დრო არ გვრჩებოდა და აეხსნა ჩვენთვის „ვეფხისტყაოსანი” მაინც, თუ სხვა მასალისათვის დრო აღარ დაგვრჩებოდა.

... იმავე დღეს გავმართეთ გაკვეთილი და შევუდექით მართლაც „ვეფხისტყაოსნის” შესწავლას. მისი, პედაგოგისათვის შესანიშნავი დინჯი ხასიათი, ლმობიერი მოპყრობა ბავშვებისადმი, გაკვეთილების დალაგებით და მეთოდური ახსნა და ბევრი სხვა ღირსებანი გვაგრძნობინებდნენ, რომ ის იყო ჩვენთვის საუკეთესო მასწავლებელი, მ ხანმოკლე გამოდგა ჩვენი სიამოვნება. ჩვენდა სამწუხაროდ, იძულებული გავხდით ჩვენი სამშობლო ენის შესაწვლის სურვილი ჩვენსავე გულში ჩაგვეხშო და დავკმაყოფილებულიყავით „დროებისა” და „ივერიის” ქურდულად კითხვით”, რადგანაც ინსტიტუტის დირექტორმა დ. კოლოვიჩმა ასეთი მეცადინეობა აკრძალა.

ღრმა განათლება გიორგი იოსელიანს ხელს უწყობდა სასწავლო პროგრამის ჩარჩოებით არ შეზღუდულიყო და მოსწავლეებისათვის საფუძვლიანი ცოდნა მიეცა, მათი ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა და გონებრივი ჰორიზონტი გაეფართოებინა.

“მის მუდამ შინაარსიან და წამახალისებელ გაკვეთილებს თან სდევდა ერთი ფრიად შესანიშნავი და საოცარი თვისება – სამაგალითო დისციპლინა, ეს ნამდვილი სული და გული ყოველი სასკოლო მეცადინეობისა. საკვირველი ის იყო, რომ დისციპლინისათვის გიორგი სარასოდეს სჭირდებოდა არც მრისხანე სახის გამომეტყველება, არც ბრძანების კილო, არც, მით უმეტეს, მუქარა და არც სხვა პოლიციური საშუალებანი: იგი მის გაკვეთილზე მყარდებოდა თავისთავად, ძალდაუტანებლად, ბუნებრივად”.

ამიტომაც იყო, რომ ყველა მოსწავლეს განურჩევლად ეროვნებისა უყვარდა გიორგი იოსელიანი და პატივს სცემდა მას, მაგრამ „ქართველების სიყვარული, რასაკვირველია, სჭარბობდა, რადგან იგინი მასში ხედავდნენ განსაკუთრებულ მფარველს, დამრიგებელს და ეროვნული იდეალების მატარებელს და მქადაგებელს”.

1916 წელს ჟურნალმა „განათლებამ” აღნიშნა გიორგი იოსელიანის პედაგოგიური მოღვაწეობის 45 წლისთავი. ჟურნალში დაიბეჭდა მხცოვანი პედაგოგის ბიოგრაფია, რომელიც ლ. ბოცვაძის კალამს ეკუთვნოდა და გიორგი იოსელიანის მოსწავლეთა მოგონებანი თავიანთ ღვაწლმოსილ მასწავლებელზე.

ის გულთბილი სიტყვები, რომლებიც გიორგი იოსელიანს უძღვნა მისმა მადლიერმა ნამოწაფარმა ალექსი მირიანაშვილმა, შეიძლება ყველა იმათ გრძნობად ჩავთვალოთ, რომლებსაც წლების მანძილზე გიორგი იოსელიანის ტკბილი სიტყვები მოუსმენიათ გაკვეთილებზე და სამშობლოს სიყვარული და ადამიანის დაფასებაც მისგან უსწავლიათ.

„როცა გონების თვალით უკან მოვიხედავ და გავითვალისწინებ ჩემს წარსულს, ბავშვობას, ყმაწვილობას, სწავლა-აღზრდას, გავიხსენებ, ვის რა ჩაუნერგავს ჩემს არსებაში, ვის რა კეთილი უჩვენებია და გაუგონებია, ვინ იყო უწარჩინებულესი ჩემ ხელმძღვანელთა შორის – უნებლიედ წინ მეხატება გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანის ახალგაზრდობის მშვენიერი, სათნოიანი სახე.

ამბობენ, ახლა თოვლივით გათეთრებულიაო. რა ძალიან მინდოდა, ამ წუთს მის სიახლოვეს ვიყო, რომ წრფელი გულით ვეამბორო მის სპეტაკ ჭაღარას”.

გიორგი იოსელიანი ჩვენს ლიტერატურასა და აზრივ ცხოვრებაშიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა. წერდა წყალტუბელის ფსევდონიმით. რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა „ქ. შ. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობაში, ამოწმებდა ამ საზოგადოების სკოლებსა და მასწავლებლებს უზიარებდა თავის პედაგოგიურ გამოცდილებას და უჩვენებდა იმ მეთოდურ გზებს, რომლებითაც შესაძლებელი იყო უკეთესი წარმატებების მოპოვება.

„ქ. შ. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დავალებით გიორგი იოსელიანი და ალ. ჭყონია პირადად ხელმძღვანელობდნენ ჩვენი უდიდესი მგოსნის ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლვის გათხრას განჯაში და უკვდავი პოეტის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს 1893 წლის 25 აპრილს.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გიორგი იოსელიანის მონაწილეობა საბავშვო ჟურნალებში, სადაც ათავსებდა პოპულარული ხასიათის წერილებს და საყმაწვილო მოთხრობებს.

გიორგი იოსელიანმა ბავშვებისათვის გადმოაკეთა აგრეთვე „ვეფხისტყაოსანი”, რომელიც რამდენჯერმე გამოიცა. სხვათა შორის, 1893 წლის „ივერიაში” (№44) დაიბეჭდა ვინმე ლალიაგორელის რეცენზია ამ ნაშრომზე სათაურით „პედაგოგიური შეცდომა”, რომელშიც გიორგი იოსელიანის ამგვარი მუშაობა უარყოფითად არის შეფასებული იმ მოტივით, რომ „ვეფხისტყაოსანი” ქართულ ენაზეა დაწერილი, ყველას ესმის და შრომა ტყუილ-უბრალოდ არის გაწეულიო.

რეცენზენტს გიორგი იოსელიანმა სრულიად სამართლიანად უპასუხა: „ბ-ნი კრიტიკოსი გვკიცხავს ჩვენ იმისათვის, სხვათა შორის, რომ მივბაძეთ ზოგიერთ რუს მწერლებს და გადმოვიღეთ გასაგები ენით მოზრდილი ყმაწვილებისათვის „ვეფხისტყაოსნის” შინაარსი. თუნდაც ასე იყოს, მაინც კიდევ ჩვენ აქ არავითარ პედაგოგიურ შეცდომას არ ვხედავთ... ამგვარ საყმაწვილო წიგნების შესახებ პედაგოგიურ ჟურნალებში ქება ბევრჯერ წაგვიკითხავს და უარყოფა კი არასოდეს. მაშ, რა ცოდვა და შეცოდმა უნდა იყოს, რომ ასეთი საყმაწვილო წიგნები ქართულ ენაზედაც გამოიცეს, თუ გინდ მიბაძვითაც იყოს ეს გამოწვეული? თუ კი იმ ქვეყნებში, სადაც ყმაწვილებს პატარაობიდანვე ასწავლიან დედაენას ოჯახებში და სკოლებში, საჭიროდ მიაჩნიათ ასეთი წიგნების შედგენა და გამოცემა, ჩვენი ყმაწვილებისათვის ხომ უფრო საჭირო უნდა იყოს, რათა ამ საშუალებით მაინც შევაჩვიოთ დედაენაზე წიგნების კითხვა”.

გიორგი იოსელიანი თითქმის ყველა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში იღებდა მონაწილეობას („მნათობი”, „სასოფლო გაზეთი”, „ჯეჯილი”, „კვალი”, „მოამბე”, „ივერია”, „ნობათი”, „დროება”, „განათლება” და სხვ.).

გიორგი იოსელიანი ცნობილია აგრეთვე როგორც ავტორი სახელმძღვანელოებისა, რომლებიც თავის დროზე ჩვენს სკოლებში იხმარებოდა.

გიორგი იოსელიანის სახით ჩვენ გვყავდა მოწინავე მასწავლებელი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც სიკვდილამდე უანგაროდ ემსახურებოდა სახალხო განათლების საქმეს.