‍კონსტანტინე გვარამაძე (1867-1943)

ავტორი: სოლომონ ცაიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

gvaramadze konstantineრევოლუციამდელ ქართულ პრესას ვინც გაცნობია, მას ნათლად ემახსოვრება „მესხი კოტე გვარამაძის” სახელი. ასე აწერდა იგი ხელს ყველა თავის ნაშრომსა და კორესპონდენციას, მის მიერ შეკრებილი ხალხური შემოქმედების ნიმუშებს. ამავე დროს იგი იყო საკმაოდ ცნობილი სახალხო მასწავლებელი, რომელიც 50 წლის განმავლობაში დაუღალავად, ენერგიულად ემსახურა ეროვნული განათლებისა და ახალი თაობის აღზრდის დიდ საქმეს.

კოტე გვარამაძე იყო შვილი ქართულ მწერლობაში ცნობილი „ვინმე მესხისა” – ივანე გვარამაძისა. იგი დაიბადა 1867 წელს ახალციხეში, სადაც მაშინ მხოლოდ დაწყებითი განათლების მიღება შეიძლებოდა. კონსტანტინემაც იქ მიიღო დაწყებითი განათლება და გაწყვიტა სახალხო მასწავლებლად მომზადება. ცოდნისა და შრომისმოყვარე მამის დახმარებით მან ამ მიზანსაც მიაღწია. საქალაქო სკოლის დასრულების შემდეგ დაამთავრა ორწლიანი პედაგოგიური კურსები და 21 წლის კოტე გვარამაძე დანიშნეს მასწავლებლად.

კოტე გვარამაძემ ენერგიულად განაგრძო მამის მიერ დაწყებული დიდი საქმე. სწავლობდა და აგროვებდა ეთნოგრაფიულ-არქეოლოგიურ და ფოლკლორულ მასალებს. ამ საქმეში იგი სიყმაწვილეშივე ჩაება, 1887 წელს, როცა აკაკი წერეთელმა თავისი ყოველთვიური „კრებულის” გამოცემა განიზრახა და მისი პროგრამაც გამოაქვეყნა, რომელშიც ხალხურ შემოქმედებას საკმაოდ დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი, კოტე გვარამაძე აღფრთოვანებული გამოეხმაურა ამ წამოწყებას.

“აკაკის კრებულმა” პირველი ნომრის მესამე განყოფილებაში მოათავსა კოტე გვარამაძის მიერ წარმოდგენილი მასალა, რომელიც ახალქალაქის მაზრის სოფელ ხიზაბავრას ეხებოდა. მასში განხილული იყო მისი გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნება და კლიმატური პირობები, მცხოვრებთა ზნე-ჩვეულება, სახელები, გვარები, ანთროპოლოგიური ნიშნები, ტანისამოსი, მეურნეობა, მცენარეები, ფრინველები, ცხოველები, ოჯახი, სახლ-კარი, მორთულობა, ოჯახის სამკაულები, ამ სოფელში გავრცელებული ზეპირგადმოცემები, ხალხური შემოქმედების ნიმუშები, მათი მთქმელები და ა. შ.

“აკაკის კრებულის შემდეგ ნომრებში დაიბეჭდა კოტე გვარამაძის მიერ ხიზაბავრაში შეკრებილი ხალხური ლექსები (1899, №7); იქვე ჩაწერილი ზღაპარი „ხელმწიფის ქალი ბედნიერია” (1897, №1); სოფელ საროში გაგონილი გამოცანები (1898, №10); ხიზაბავრაში ჩაწერილი ლეგენდები, ხალხური როსტომიანი (1898, №№8, 9); „შვიდფერობა”, ახალი წელი და ბუდოობა მესხეთში” (1901, №1) და ა. შ.

საყმაწვილო ჟურნალებში „ჯეჯილსა” და „ნაკადულში” სისტემატურად იბეჭდებოდა მის მიერ შეგროვილი ანდაზები და გამოცანები. ივანე როსტომაშვილის ყოველდღიურ ჟურნალ „მოგზაურში” კოტე გვარამაძე მეტად ნაყოფიერი თანამშრომელი იყო, როგორც ეთნოგრაფი და ფოლკლორისტი. ამ ჟურნალში მოათავსა მან თავისი ნაშრომი „გურული ელქსიკონი”, სტატია „გურია” (1901, №№1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 10); „სარკე გურულთა ცხოვრებისა, ანუ გურულთა დახასიათება-ჩვეულებანი, მოკლე ნაწყვეტები” (1902, №11-12); „სარკე ჯავახთა ცხოვრებისა ან მათი დახასიათება და ჩვეულებანი, სურათები და ნაწყვეტები” (1904, №№5-6, 7-8).

ჟურნალ „კვალშიც” ხშირად იბეჭდებოდა კოტე გვარამაძის მიერ შეგროვილი ხალხური სიტყვიერების ნიმუშები, კორესპონდენციები და სხვ.

კოტე გვარამაძეს გამოუქვეყნებია წიგნებიც: გამიჯნურებული ქალ-ვაჟიანის შესახებ მესხეთში შეგროვილი ლექსები (1893), მესხური ხალხური ლექსები (1894), მესხური ანდაზები და გამოცანები, ნაწილი I, II (1895, 1900), აბესალომ და ეთერი (1902), სარკე გურულთა ცხოვრებისა, ანუ გურულთა დახასიათება-ჩვეულებანი მოკლე ნაწყვეტების დამატებით (1902), ყველასათვის საჭირო მგზავრი – ამხანაგი, ცნობანი საქართველოში მოგზაურთათვის (1902), მესხური ხალხური ლექსები, წ. II (1904), თამარო ჰარამხანაში. მოთხრობა გურიის ცხოვრებიდან (1905), კალანდა. ეთნოგრაფიული სურათი გურიის ცხოვრებიდან (1907), სამიჯნურო ლექსები, მესხეთში შეკრებილი (1894), ქალ-ვაჟის ელქსი, მესხური ვარიანტი (1900), სარკე ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა, ანუ მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის დახასიათება (1907).

კოტე გვარამაძემ „ჯეჯილსა” და „ნაკადულში” დაბეჭდა რამდენიმე ამბავი და ესკიზი ბავშვებისათვის: „უსაქმურები”, „პატარა ამბავი” და სხვ.

კოტე გვარამაძე უბრალო, მორიდებული და თავმდაბალი ადამიანი ყო, მუდამ ხალხში ტრიალებდა მისი სამსახურით გატაცებული. „არ ყოფილა არც ერთი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა მესხეთში, რომელშიც მას აქტიური მონაწილეობა არ მიეღო” (გაზ. „კომუნისტი”, 1943, №204). ის ახლო ურთიერთობაში იყო ისეთ დიდ და ცნობილ ქართველ მოღვაწეებთან, როგორიცაა: ილია ჭავჭავაძე, აკაკი და გიორგი წერეთლები, იაკობ გოგებაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ზ. ჭიჭინაძე, იაკობ ზედგინიძე და სხვანი.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას მხცოვანი მოღვაწე აღფრთოვანებული შეეგება. იგი კვლავ ახალგაზრდული ენერგიით შეუდგა მუშაობას განახლებულ მესხეთში. მან დააარსა ახალციხის არქივი, სადაც საკუთარი შრომითა და მეცადინეობით თავი მოუყარა მნიშვნელოვან ხელნაწერებს, წიგნებსა და დოკუმენტებს, რაც კი ამ მხარეში თურქეთისა და შემდეგ სხვა ჯურის მტერთა თარეშს გადარჩენია. მთელი ეს ისტორიულ-არქეოლოგიური და ლიტერატურული საგანძური შეიქმნა ერთგვარი ბაზა ახალციხეში სამხარეოთმცოდნეო მუზეუმის ჩამოყალიბებისათვის.

კოტე ამ მუზეუმის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი იყო, მან ძვირფასი ექსპონატებით გაამდიდრა მუზეუმი, რომელსაც გადასცა აგრეთვე მამამისის – „ვინმე მესხის” ხელნაერების, წიგნებისა და სხვა ნივთებისა და დოკუმენტების მდიდარი კოლექცია, რომელიც ამჟამად მესხეთის მუზეუმის ძირითად ფონდს წარმოადგენს. კოტე გვარამაძე იყო მესხეთის ფარგლებში სიძველეთა დაცვსი რწმუნებული; წლების განმავლობაში მან მოიარა ეს მხარე და შეადგინა მატერიალური კულტურის ნაშთების სია, რომელშიც დასახელებულია 360 ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი.

საბჭოთა ხელისუფლებამ ღირსეულად დააფასა კონსტატინე გვარამაძის ხანგრძლივი ნაყოფიერი მუშაობა. 1930 ელს მას ქალაქ ახალციხეში გადაუხადეს პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობს 40 წლის იუბილე. საბჭოთა მთავრობამ მხცოვანსა და ვალმოხდილ მოღვწეს პერსონალური პენსია დაუნიშნა.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კოტე გვარამაძე იყო მესხეთის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი და ამ მხარის სიძველეთა დაცვის რწმუნებული. ორივე ამ თანამდებობას ის ახალგაზრდუყლი ენთუზიაზმითა და სიყვარულით ასრულებდა.

ვალმოხდილი მოხუცი, თავისი ქვეყნისა და ხალხის მოტრფიალე კონსტანტინე გვარამაძე ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1943 წლის სექტემბერში გარდაიცვალა მშობლიურ ქალაქ ახალციხეში. დაკრძალულია იქვე, თავისი მამის გვერდით.