‍ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძე (1843-1928)

ავტორი: ნინო ჩიხლაძე
წყარო: ღვაწლმოსილი ქართველი მანდილოსნები, თბილისი, 1976

0067 guraოლღა გურამიშვილის შესახებ ილიას პირველი ბიოგრაფი გრ. ყიფშიძე წერს:

„მეუღლე ილიასი იყო ყოვლად კეთილი, სათნო ხასიათის ადამიანი, ქველის მომქმედი, ყოვლის კეთილის თანამგრძნობი, დიდათ მოსიყვარულე თავისი სახელოვანი ქმრისა და მაღმერთებელი მისი ნიჭისა“.

აი რას წერს მათი ურთიერთობისა და მეგობრობის შესახებ ივ. პოლტორაცკი:

„ოლღა ფრიად მშვენიერი ქალი იყო, ილიაც არ ჩამოუვარდებოდა სილამაზეში და როგორც ყოველთის მოხდება ხოლმე ორ ყმაწვილ ბედნიერ არსებათა შორის, შეუვყარდათ ერთმანეთი გატაცებით და არავითარ მატერიალურ ანგარიშს ადგილი არ ჰქონია იმათ შორის და არც შეიძლება, რომ ჰქონოდა. მე მოწამე ვარ იმათი იდეალური სიყვარულის და რომანტული გატაცების, რისი შედეგიც იყო ოლღას სახლიდან გაპარვა და ჩვენი, ამხანაგების დახმარებით იმათი საიდუმლოდ დაქორწინება“.

„გუშინწინ ჩემზე ლაპარაკი ყოფილა მამაშენთან და გადმომცეს, უარყოფითად დაუხასიათებივარ... გინდა ყველანი აგვიჯანყდნენ, შენ მაინც ჩემი იქნები, მე კი შენი“.

ილია არწმუნებდა მომავალ მეუღლეს თავის მტკიცე გადაწყვეტილებაში, რომ არავითარ ძალას არ შეეძლო მათი დაშორება. იგი წერს:

„ბედნიერება იცი როდის არის, ძვირფასო? როცა მას ბრძოლით მოიპოვებ, ტანჯვით იყიდი, როგორც პოეტები ამბობდნენ ხოლმე. ...ჩვენ ხომ გვიხდება პატარ-პატარა წინააღმდეგობების დაძლევა. დავძლიოთ კიდც, ჩემო მეგობარო! ღმერთმა იმიტომ მოგვცა გრძნობები, რომ ჩვენი სიცოცხლე გავათბოთ, რომ მისთვის ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. ეს ბრძოლა, როგორც უნდა დასრულდეს, მაინც ადამიანისთვის ღირსების მომნიჭებელია და თვით დამარცხების დროსაც სასახელოა“.

1863 წელი ილიას ცხოვრების ის მონაკვეთია, როცა იგი გატაცებულია ოლღათი და მეორე მხრივ დიდი საქვეყნო საქმით, „საქართველოს მოამბის“ პირველი ნომრის გამოსვლით.

„1863 წელს #18, 21 აპრილს სასიძო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ, მართლმადიდებელი სარწმუნოების მქადაგებელმა, იქორწინა პირველი ქორწინებითა 25 წლისამ. სასძლო თადეოზ გურამიშვილის ქალი ოლღა, მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, იქორწინა პირველი ქორწინებითა 20 წლისამ“.

ასე დაიწყო მათი ბედნიერება. ახალ ჯვარდაწერილ ცოლ-ქმარს მხოლოდ ილიას გამზრდელის მაკინეს მოლოცვა მოუვიდათ:

„ღმერთმა ყოვლის შემძლებელმა გაბედნიეროთ ორივე ცოლ-ქმარი, როგორც ორსავე სურვილი იყოს თქვენი და ჩემი გულიც იმეტებოდეს თქვენთვის, უსაყვარლესო შვილო, აგავსოთ ღმერთმაც ბედნიერებითაც“.

1866 წელს – ქორწინების მესამე წელს – ილია იძულებულია საარსებო წყაროს გამოსანახავად დუშეთს გაემგზავროს მომრიგებელ მოსამართლედ. ეს კი გადაწყვიტა ილიამ, მაგრამ ფიქრობდა, რომ საზოგადოებრივი მიზნები, მისი ოცნებები და ახლად წამოწყებული საქმიანობა თბილისში მას ხორცშეუსხმელი და განუხორციელებელი რჩებოდა.

1880 წელს ილიას ესტუმრნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მორფილი, პარიზელი პროფესორი ბერტილონი და რომის უნივერსიტეტის პროფესორი ბისკო.

დიდ აღტაცებას გამოთქვამდა საგურამოთ გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი შუხარდტი. 1893 წელს საგურამო ინახუელს ბერლინის უნივერსიტეტის წინა აზიის ხალხთა ისტორიის პროფესორმა კარლ ლემან პჰაუპტმა, არტურ ლაისტმა, მარჯორი უორდროპმა და სხვ.

აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს „ივერიის“ რედაქციის თანამშრომლები, ილიას ოჯახის უახლოესი მეგობრები: ნიკო ხიზანიშვილი, არტემ ახნაზაროვი, ილია წინამძღვრიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და სხვა.

ილიას სახლს საგურამოში ნამდვილი სადარბაზო მნიშვნელობა ჰქონდა. სტუმრების მიღება-გასტუმრებას ილიას მეუღლე ოლღა გურამიშვილი უძღვებოდა. ამიტომ სწერდა ილია ოლღას შენი „ხაზეიკობის“ იმედი მაქვსო. თვით საგურამოს მეურნეობაც ოლღას ებარა. ხშირად ოლღას ილიას მაგივრად მწერლებთან, მოღვაწეებთან მიწერ-მოწერაც კი უხდებოდა. 1894 წელს იგი ი. გოგებაშვილს სწერდა:

„გერმანიიდან ჩამოვიდა ერთი ყმაწივლი მწერალი, სახელად ლეისტი და სურს გაიცნოს ქართველი საზოგადოება. ქართული მწერლობა, რის შემდეგ უნდა შეეცადოს თარგმნოს ქართული ლიტეატურის საუნჯე „ვეფხისტყაოსანი“. ამისათვის ილიას სურს გააცნოს ყმაწვილი ქართველ მწერლებს.

თქვენ გთხოვთ 3 საათზე გვეწვიოთ, რასაც ჩემ მხრივაც ვუმატებ ჩემს გულით თხოვნასაც.

ღრმად პატივმცემელი ოლღა გურამიშვილი“.

ოლღას მოსდიოდა წერილები სხვადასხვა საზოგადო საქმის შესახებ. ამ მხრივ, საინტერესოა ეკატერინე გაბაშვილის წერილი, რომელიც გვიჩვენებს ოლღას ავტორიტეტს.

„ძვირფასო ქალბატონო ოლღა! დღეს საღამოს მატარებლით თბილისში ჩამოდის ინგლისელი ქ-ნი მარჯორი უორდროპი, რომელსაც სურს თარგმნოს ინგლისურად „ვეფხისტყაოსანი“ და ზოგიერთი ქართული პოეზიის შედევრები.

გთხოვთ ჩვენთან ერთად წამობრძანდეთ მცხეთის სადგურზე, უორდროპის შესახვედრად, თუ ინებებთ წამოსვლას, საღამოს რვის ნახევარზე მობრძანდით ჩვენთან და იქიდან ერთად გავემგზავრებით მცხეთას“.

თუ ქართველი ხალხის მეგობარი ამრჯორი ყველაფერს კარგს, ნახულს და გაგონილს საქართველოს უკავშირებდა და დიდი გულწრფელი სიყვარულით თავის მშობლირუ ენაზე თარგმნიდა „ვეფხისტყაოსანს“, ამაში თავის გარკვეული წვლილი ილია ჭავჭავაძის მეუღლეს ოლღა გურამიშვილს მიუძღოდა.

მარჯორი საგურამოში თვეობით რჩებოდა. თორმეტი წლის განმავლობაში მას სისტემატური მიწერ-მოწერა ჰქონდა ოლღასა და ილიასთან და ამ წერილების მთავარი თემა მუდამ საქართველო და მისი მომავალი იყო.

ოლღა გურამიშვილის ადამიანურ ღირსებებზე მეტყველებს მარჯორის ერთ-ერთი წერილი ილიას მეუღლისადმი:

„გულით ვწუხვარ, რომ ავადმყოფობთ. თქვენ ძვირფას თვალებს სინათლე აკლიათ. თქვენ სწერთ იმდენად მშვენივრად, ძნელია დავიჯერო, რომ კარგად ვერ ხედავთ.

იმედი მაქვს, უძვირფასესო ოლგა, რომ ახლა თქვენი საყვარელი თვალები კარგად არიან, ნეტავი ჩვენს ძალაში იყოს თქვენი განკურნება“.

ოლღა გურამიშვილი დიდ დახმარებას უწევდა თავის თანამედროვე მწერალ მწერალ ქალებს. მისი საშუალებით დაუახლოვდნენ და გაიცნეს ილია პოეტმა ქალმა დომინიკა ერისთავმა (განდეგილმა), ნინო ტყეშელაშვილმა და სხვებმა. ოლღას წყალობით ილიას ოჯახის კარი მუდამ ღია იყო მწერალი ქალებისათვის.

ოლღა გურამიშვილი ახლო იდგა თავისი დროის მოწინავე მწერალ ქალებთან. იგი დიდხანს თავმჯდომარეობდა „ქართველ ქალთა საზოგადოებას“, იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი.

ოლღა გურამისვილი ხელს წყობდა და ეხმარებოდა ეკატერინე გაბაშვილს პროფესიული სკოლის მუშაობაში.

ამ სკოლაში გამართულ ერთ-ერთ საღამოს დაესწრო აკაკი წერეთელი. მოსწავლეებმა მისი „გოგია მეჩანგურე“ დადგეს.

საღამოს დასასრულს აკაკი ხელზე ემთხვია ოლღასა და ეკატერინეს.

„მე ვხედავ აქ დიდი ეროვნული საქმე კეთდებაო“.

ოლღა გურამისვილი ეკატერინე გაბაშვილთან ერთად მართავდა საღამო-წარმოდგენებს, „ალეგრა-ლატარიებს“ და აქედან შემოსული თანხით ეხმარებოდა ქართველ სტუდენტებს. არსებობს დოკუმენტი, თუ როგორი მატერიალური დახმარება გაუწიეს მათ ნიჭიერ ბელეტრისტს შიო არაგვისპირელს. ოლღა გურამიშვილი და მწერალი ქალი ეკ. გაბაშვილი დიდი მეგობრები იყვნენ. „მე ძალიან მორცხვი, მორიდებულ ივიყავი. ოლღა, ილიას მეუღლე, ხშირად მეპატიჟებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა მე ამორჩეული ვიყავი „წერა-კითხვის საზოგადოების“ მმართველობაში. მე და ოლღას ერთად გვიხდებოდა ამ საზოგადოებაში მუშაობა... შემდეგ უფრო დავახლოვდით მე და ოლღა, როდესაც ჩვენს სახლში ჩემის ზედამხედველობით დაწესდა ქალთა პროფესიონალური სკოლა, „ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების“ სახელწოდებით, რომლის თავმჯდომარედ იყო არჩეული ოლღა ჭავჭავაძე.

ეს ნაცნობობა, საერთო ინტერესებით და საქმით შეერთებული, თითქმის მეგობრობად იქცა ჩვენს შორის. მთელი 15 წელიწადი, თუ 12, სწორედ არ მახსოვს, ვიყავი წ. კ. საზოგადოების წევრი და ამ დროის განმავლობაში ყოველ წლიურად ვაწყობდით მე და ოლღა „ბაზრობას“, შემდეგ, თუ მეხსიერება არ მღალატობს, არა ნაკლებ თხუთმეტი წლისა, ასევე ერთად ვმუშაობდით საქველმოქმედო პროფესიონალურ ქალთა სკოლაში“.

როგორც ეკ. გაბაშვილის მოგონებიდან ვხედავთ, ილია დიდ ანგარიშს უწევდა ოლღას აზრსა და საქმიანობას: „ჩვენ ოლღას მივმართავდით, როცა ილიასი გვერიდებოდა და მეორე დღეს ყველაფერი მზად იყო“, – წერს ეკ. გაბაშვილი.

ორმოცი წელიწადი არცტუ ისე პატარა დროა ოჯახური ცხოვრებისათვის. ოლღამ და ილიამ ეს ორმოცი წელიწადი ერთმანეთის ღრმა პატივისცემაში და სიყვარულში, ქვეყანაზე ფიქრსა და ზრუნვაში გაატარეს.

1906 წელს, როცა თავადაუზნაურთა კრების დადგენილები საფუძველზე ილია რუსეთის სახელმწიფოს საბჭოს წევრად აირჩიეს, ოლღამ გადაწყვიტა თან გაჰყოლოდა მეუღლეს, რადგან ამ დროს ილია უკვე უჩიოდა ჯანმრთელობის შერყევას, ასთმას, სკლეროზს.

ეს იყო მათი უკანასკნელი მოგზაურობის ბედნიერი დღეები... საუბედუროდ, ილიას განუხორციელებელ ოცნებად დარჩა ოლღას საზღვარგარეთ წაყვანა ყურის სამკურნალოდ. განსაკუთრებით ბოლო წლებში იგი მტკივნეულად განიცდიდა საყვარელი მეუღლის ყურთასმენის საგრძნობლად დაკლებას.

„მე ძალიან ხმა დაბალი ლაპარაკი ვიცი და შენ კარგად გესმის ხოლმე. მე მგონი, შენ უფრო ვფიქრობ, აზვიადებ ყურთა სმენის მოკლებას, შენ სმენა ისე არ გაკლია, როგორც ფიქრობ. გაზაფხულზე ავიკრიფამთ გუდა-ნაბადს და გავწევთ საზღვარგარეთ“, – სწერდა ილია ერთ-ერთ წერილში ოლღას.

ზაფხულის მიწურული იქნებოდა. ერთ დღეს ილია და ოლღა ალექსანდრე ორბელიანს ესტუმრნენ. როცა საუბარი საგურამოში ილიას წასვლის შესახებ ჩამოვარდა, ოლღამ ილიას და სტუმრებს მორიდებულად უთხრა: რაღაც საშინელი წინათრგძნობა მაქვს, – სთხოვეთ ილიას რამდენიმე დღით გადადოს თავისი წასვლა საგურამოშიო.

დილის 10 საათზე, როცა გამზადებული ეტლი მოადგა ილიას სახლს, ოლღამ ერთხელ კიდევ ურჩია მეუღლეს – ნუ წავალთ დღეს, გზაში საშიშიაო... ილიამ აზრის დამთავრება არ აცალა ოლღას, მაინც თავისი არ დაიშალა და ეტლში ჩაჯდა.

გამართლდა ოლღას საშინელი წინათგრძნობა. 1907 წელს, 30 აგვისტოს წიწამურთან თვითმპყრობელობის აგენტებმა ტყვიით განგმირეს ქართველი ხალხის სასიქადულო მამულიშვილი საქართველოს ფარი და იმედი – ილია ჭავჭავაძე. თოფის ხმაზე ოლღა წამომდგარა და სხეულით გადაფარებია მეუღლეს. მაგრამ მალე თოფის კონდახით თავგაბრუებული იქვე ილიას გვერდით დაცემულა. ნაცემ-ნაგვემი მეუღლე ჭავჭავაძისა თბილისში წაიყვანეს.

ათი დღის განმავლობაში, 30 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე, გლოვის ზარი არ შეწყვეტილა მთელ საქართველოში, სანამ საქართველოს დიდი მოჭირნახულეს მთაწმინდას მიაბარებდნენ.

წარმოსადგენია, თუ რა უნდა განეცადა ოლღა გურამიშვილს, როცა საწოლს მიჯაჭვულს არ შეეძლო საყვარელი ადამიანის სამარემდე გაცილება, ვისაც მთელი სიცოცხლე ეთაყვანებოდა.

ილიას სიკვდილით თავზარდაცემული ეკატერინე გაბაშვილი სამძიმრის წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს.

„შენთან ერთად სტირის ძვირფას ილიას მთელი საქართველო და დიდხანს იტირებს კიდევ. რაც დრო გავა, იმდენად უფრო გაძვირფასდება ილია ქართველებისათვის. მალე დადგება იმისთანა დრო, როდესაც არც ერთი ქართველი აღარ იქნება საქართველოში, რომელიც ილიას სახელს არ ახსენებდეს სასოებითა და თაყვანისცემით.

ილიამ თავისი მოწამებრივის სიკვდილით სასწრაფოდ გააცნო თავისი თავი ქვეყანას და თქვენ, ოლღა, თქვენი სიცოცხლის სულგრძელობით უნდა გადაიტანოთ ეს საშინელი უბედურება და ყველა სახელთან ერთად სიამაყით ატაროთ მხნედ მისი წმინდა სახელი...

მაპატიეთ, რომ აქამდე ვერ გნახეთ. მეშინოდა ჩემის მოშლილი ნერვებით ვნება არ მომემატა თქვენის ჯანმრთელობისათვის და უთუოდ არ გამომეჟღავნებია ზარდამცემი უბედურება. ამ დიდი ტრაგედიის დროს თქვენ განუშორებელი იყავით ჩემის გონებისაგან. ჩემი გული ვაებით იმეორებდა, რომ თქვენ არ ხედავთ იმ დიდებას და თაყვანისცემას, თქვენი ძვირფასი დანაკარგისა და გულს არ იფონებდით ქართველი ერის შეერთებით, მისი ძლიერი და უღრმესი მწუხარებით, არ ამსუბუქებდით თქვენ პირად ვაებას და გულის დუღილს“.

ოლღა გურამიშვილის სახელი და ავტორიტეტი ერთიორად ამაღლდა, როცა მან წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის ხელით არზა გაუგზავნა გენერალ-გუბერნატორს, რომელშიაც ითხოვდა ილიას მკვლელების შეწყალებას, რადგან მათი სიკვდილით დასჯა ძლიერ დაამძიმებს ილიას სულსო.

საინტერესოა გენერალ-გუბერნატორის პასუხი ოლღა გურამიშვილის შუამდგომლობაზე:

„საქმე ამ საქმის მკვლელის ჩამოხრჩობაზე ჩემთან ჯერ არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ეხლა გადაჭრით ვერაფერს გეტყვით, როცა საქმეს წარმოადგენენ, გუდადებით გავსინჯავ, ჩავუკვირდები და თუ შესაძლებელი იქნება, სიამოვნებით შევასრულებ მოკლულის ქვრივის სურვილს“.

ოლღა გურამიშვილის ასეთმა მოქმედებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რუსეთის მოწინავე საზოგადოებაზე. ერთი გამოჩენილი რუსი მოღვაწე ოლღა გურამიშვილის შუამდგომლობის შესახებ აღფრთოვანებული წერდა:

„როდესაც მთელ რუსეთში გამეფებულია ზნეობრივი სიბნელე და უკუნეთი დაყოველ ნაბიჯზე გაისმის მოჰკალ, ჩამოახრჩე, დახვრიტე და ლამის სასოწარკვეთილების მორევში ჩავიხრჩოთ, ამ დროს საქართველოს საუკეთესო შვილის ქვრივი, რომელსაც თავისი საყვარელი მეუღლე ბარბაროსულად მოუკლეს და თვითონაც იგი მხეცურად დასჭრეს, ევედრება მთავრობას, სიკვდილთ ნუ დასჯით მკვლელებსო.

აქამდის ვიცოდით, რომ ფიზიკური მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, ახლა უნდა ვსთქვათ, ზნეობრივმა მზემ აღმოსავლეთიდან, საქართველოდან ამოაშუქა“.

ოლღა გურამიშვილმა ილიას სიკვდილის შემდეგაც არ შეწყვიტა კავშირი ილიას ახლო მეგობრებთან. ისინი დადიოდნენ ოლღასთან სახლში, ჰქონდათ მიწერ-მოწერა, მარტოს არ სტოვებდნენ, ზრუნავდნენ მისთვის.

„დიდად პატივცემულო ბატონო ჩემო, ეკატერინე ილიას ასულო! ეს არის ეხლა შევიტყვე, აპირებთ ბერლინში წასვლას. გთხოვთ, გენაცვალოს ჩემი თავი, ჩემს მაგივრად პროფესორ ლაზარევს უღრმესი პატივისცემით გადასცეთ ჩემ მაგიერ მოკითხვა და ეს წიგნი, თუმცა წელიწადი გავიდა, რაც იქიდან წამოვედი. ცუდია, რომ ასეთი შემთხვევა არ მქონდა, წიგნი გამეგზავნა. მინამ პირში სული მიდგას, იმის ადამიანობას არ დავივიწყებ.

ჩემო კარგო, ბატონო ეკატერინე, იყავი კარგად და დღეგრძელი ჩემდა სანუგეშოდ და საიმედოდ.

მარტო ღმერთს შეუძლია გადაგიხადოს, მოგანიჭოს ყოველივე კეთილი იმ კაცთმოყვარებისათვის, რომელსაც იჩენთ ჩემდამი.

თქვენი უღრმესი პატივმცემელი და მადიდებელი
ოლღა ჭავჭავაძისა“.

წერდა იგი ეკატერინე სარაჯიშვილს, დავით სარაჯიშვილის მეუღლეს. საზოგადო მოღვაწე ქალს, რომელსაც ბევრი ქართველი მოღვაწისა და მწერლისათვის გაუწვდია ხელი.

ჩვენს ხელთ არის ლაისტის, წინამძღვრიშვილის და სხვათა გამოუქვეყნებელი წერილები, საიდანაც ჩანს, რომ ილიას ახლო მეგობრები დიდად ზრუნავდნენ ილიას მეუღლის ჯანმრთელობაზე. ქართველი საზოგადოების ინიციატივით მისთვის ასი თუმანი პენსია დაუნიშნავთ და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დასამტკიცებლად გაუტანიათ. ამაზე მეტყველებს ილია წინამძღვრიშვილის ერთი წერილი: „დიდად პატივცემულო კნეინა თადეოზის ასულო! მარხვა სინანულისა და აღდგენა სისხლისა. ეს სიტყვები გამოუთქვამს ხალხს. ამ სიტყვებით მეც თქვენ მოგმართავთ. ღმერთს ვთხოვ, რომ გაგათავისუფლოთ ყველა თქვენი სნეულებისაგან და იყოთ მრავალჟამიერ დღეგრძელი და ჯან-ღონით მხიარული.

როგორ ბრძანდებით. სთხოვეთ ბატონ ლაისტს, რომ შეადგინოს სია იმ ფულისა, რომელიც საჭირო იქნება წასვლა-წამოსვლაზე, ცხოვრებაზე საზღვარგარეთ, კერძოდ თქვენის და იმ პირისა, რომელიც წამოგყვებათ თქვენ აქედან.

ერთი ექიმს შევხვდით ერთ სახლში. ჩამოვარდა ლაპარაკი სნეულებაზე. მე ვუამბე თქვენი სნეულება და ჭრილობა, ის ტკივილები, რომლებიც მოგდით სიმახინჯისა გამო ყბისა და თავის ჭრილობისა და აუხსნელი ყურის სმენის დაავადება... იმან მითხრა, რომ გიპნოზით მოვარჩენო. არ ვიცი, თქვენ რას ბრძანებთ, შემატყობინეთ.

თქვენი ყოველთვის კეთილის მოსურნე და ღრმად პატივმცემელი
ილია წინამძღვრიშვილი“.

ოლღა გურამიშვილს სიკვდილამდე არ შეუწყვეტია ილიას მეგობრებთან ურთიერთობა. თავისი ოჯახის ტრადიციებს ისევ აგრძელებდა. ამაზე მიგვითითებს იაკობ გოგებაშვილის წერილი, რომელშიც მადლობას უხდის ოლღას საახალწლო საჩუქრისათვის, გოზინაყის ბოძებისათვის. გოზინაყის გაგზავნა და ყოველ ახალ წელს სტუმრების გოზინაყით გამასპინძლება ილიას საყვარელი ჩვეულება იყო, ოლღაც ამასვე აკეთებდა და სწორედ ამის შედეგია იაკობ გოგებაშვილის წერილი ოლღასადი:

„უღრმესად პატივცემულო კნეინა ოლღა თადეოზის ასულო!

ნება მიბოძეთ გულითადი მადლობა მოგახსენოთ ახალი წლის მოლოცვისათვის.

ფრიად სასიამოვნო მოვალეობად მიმაჩნია ჩემის მხრივ მოგილოცოთ ახალი წელი, მოგართმევთ ტკბილეულობასა და ვინატრი თქვენ მრავალჟამიერ სიცოცხლეს, თქვენი ღვთაებრივი ილიას სულის მოსახსენიებლად.

„მომავალი“ – გაზეთი არ მოგვდის, სასყიდლადაც ვერ ვიშოვე ვერსად და ამიტომ გიგზავნით სამაგიეროდ დღევანდელს „დროებას“ – რომელშიაც გადაბეჭდილია გაზ. „მომავლიდგან“ – დღევანდელი კორესპოდენცია უისტროფის დასაფლავების შესახებ.

თქვენი ღრმად პატივმცემელი
იაკობ გოგებაშვილი“.

ავადმყოფობამ სამუდამო მიაჯაჭვა საწოლს ილიას გაუბედურებული მეუღლე. სასთუმალთან განუშორებლივ ედო მეუღლის საყვარელი საათი და ყველა ის ნივთი, რომელიც ილიას უყვარდა.

ქართველმა ხალხმა ოლღა გურამიშვილს თავისი უკანასკნელი სამყოფელი ძვირფასი მეუღლის ი. ჭავჭავაძის გვერდით მთაწმინდაზე მიუჩინა.