‍იაკობ გოგებაშვილი (1840-1912)

ავტორი: დავით ლორთქიფანიძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

0061 gogeიაკობ სიმონის ძე გოგებაშვილს, როგორც ქართული პედაგოგიკური აზრის კლასიკოსს, XIX საუკუნის მეორე ნახევრის გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, პუბლიცისტსა და საბავშვო მწერალს, ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ქართველი ახლხის იმ საამყაო შვილთა შორის, რომლებმაც დიადი ქმნილებებითა და სამშობლოსადმი თავდადებული სამსახურით უკვდავჰყვეს თავიანთი სახელი.

იაკობ გოგებაშვილი აღიზარდა მრავალსაუკუნოვანი მდიდარი ქართული კულტურის ნიადაგზე. მასზე დიდი გავლენა მოახდინა რუსი ხალხის დიდმა კულტურამ და, განსაკუთრებით, მე-19 საუკუნის რევოლუციური დემოკრატების – ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვისა და ჩერნიშევსკის მოწინავე იდეებმა.

იაკობის წმიდათა წმიდა მისწრაფებას, მისი სიცოცხლის აზრსა და საგანს შეადგენდა თავდადებული სამსახური ქართველი ხალხის განათლებისა და მისი მდიდარი კულტურის აღორძინებისათვის, და თავისი ეს დიდი და დიადი ვალი მან ღირსეულად მოიხადა; იაკობ გოგებაშვილმა მთელი თავისი ძალები, ტალანტი და ცოდნა უმწიკვლოდ მოახმარა თავის სამშობლოს, თავის საყვარელ ხალხს.

იაკობ გოგებაშვილმა ღმად შეითვისა რუსეთისა და დასავლეთ ევროპის პროგრესული პედაგოგიკის კლასიკოსების, განსაკუთრებით დიდი რუსი პედაგოგის კ. დ. უშინსკის მოძღვრება. მან სავსებით სამართლიანად დაიმსახურა „ქართველი უშინსკის” სახელი.

ილიასთან და აკაკისთან ერთად, იაკობ გოგებაშვილი აფხიზლებდა ქართველი ხალხის საზოგადოებრივ აზრს, მის ეროვნულ შეგნებას. იაკობ გოგებაშვილი თავის მრავალ მაღალნიჭიერ სტატიებს ათავსებდა თავისი დროის მრავალ ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში. ეს სტატიები უმთავრესად ეხებოდა იმ დროისათვის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ხალხურობისათვის ბრძოლა განათლებაში, მშობლიური ენისა და მშობლიური კულტურის დაცვა ცარიზმის კოლონიზატორულ-გამარუსებელი პოლიტიკისაგან, ქართველ ხალხში რუსული ენისა და რუსი ხალხისადმი სიყვარულის გაღვივება, სახალხო მასწავლებელთა ყოფა-ცხოვრებისა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და სხვა.

მაგრამ მარტო კალმით როდი იბრძოდა იაკობ გოგებაშვილი ხალხის საკეთილდღეოდ: იგი პრაქტიკულადაც დაუღალავად იღვწოდა თავის სამშობლოს აღორძინებისათვის.

იაკობ გოგებაშვილი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ერთ-ერთი დამაარსებელი და სიკვდილამდე ამ საზოგადოების ერთი აქტიური ხელმძღვანელთაგანი იყო. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოში სახალხო სკოლების ქსელის მოწყობისა და განვითარებისათვის.

იაკობ გოგებაშვილი ჭეშმარიტი მოქალაქე იყო ამ სიტყვის სრული და უკეთესი მნიშვნელობით. მისი მაღალი ადამიანური ღირსებები – სიმართლე და პატიოსნება, პირდაპირობა და გულწრფელობა, პრინციპულობა და გულითადობა, თავმდაბლობა და საკუთარი ღირსების შეგნება ხიბლავდა ყველას, ვინც მას იცნობდა. გოგებაშვილს მხურვალედ უყვარდა თავისი სამშობლო, თავისი ხალხი; იგი ხშირად იტყოდა ხოლმე: „ყველაფერი ხალხმა მომცა და ხალხსავე უნდა დაუბრუნდეს”.

იაკობ გოგებაშვილის ნამდვილი დაფასება მოხდა მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში. საბჭოთა პედაგოგიკა გულდასმით სწავლობს იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიკურ მემკვიდრეობას.

მადლიერმა ქართველმა ხალხმა 1940 წელს სახელოვანი პედაოგიგს დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი იუბილე გადაიხადა. ეს იუბლე მთელი ქართველი ხალხის საყოველთაო ზეიმად გადაიქცა.

*  *  *

იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 15 ოქტომბერს სოფელ ვარიანში, რომელიც ქ. გორიდან დაშორებულია 12 კილომეტრით. 8 წლამდე იგი მშობლიურ ოჯახში იზრდებოდა.

8 წლის იაკობი ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს და მალე თბილისის სასულიერო სასწავლებელში გადაიყვანეს. ეს სასწავლებელი იაკობმა დაამთავრა 1855 წელს პირველ მოსწავლედ. ამავე წელს შედის იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელსაც ის 1861 წელს პრიველ მოსწავლედ ამთავრებს. იმავე წელს უმაღლესი განათლების მისაღებად მიემგზავრება ქალაქ კიევს, სადაც შედის სასულიერო აკადემიაში. გოგებაშვილს არ აკმაყოფილებდა აკადემიის საღვთისმეტყველო მიმართულება და ის სისტემტუად ესწრებოდა ლექციებს კიევის უნივერსიტეტში. განსაკუთრებით იზიდავდა მას საბუნებისემტყველო დისციპლინები და საფუძვლიანად სწავლობდა დარვინის თხზულებებს, განსაკუთრებით „სახეთა წარმოშობას”.

ამასთან ერთად, იაკობ გოგებაშვილმა თავისი ცოდნისა და თავისი საზოგადოებრივი შეხედულებების უმდიდრესი წყარო იპოვა დიდი რუსი რევოლუციონერი დემოკრატების – ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკისა და სხვათა თხზულებებში. როდესაც მათ ნაწერებს გაეცნო და მათი ძირითადი იდეები შეითვისა, გოგებაშვილი ამ დიდ პიროვნებათა თაყვანისმცემელი აგხდა. ყოველივე ამის შედეგად გოგებაშვილი, რომელმაც ხალხის სიყვარულით სავსე გული სამშობლოდანვე წამოიღო, პროგრესისტი-დემოკრატი ხდება და ასეთივე რჩება ბოლომდე როგორც თავის საზოგადოებრივ-ლიერატურული, ისე მეცნიერულ-პედაგოგიკური მოღვაწეობის სფეროში.

სუსტმა ჯანმრთელობამ იაკობს აკადემიის დასრულების საშუალება არ მისცა. ექიმების დასკვის გამო ის იძულებული გახდა ორი კურსის დამთავრების შემდეგ დაეტოვებინა აკადემია და გამგზავრებულიყო სამშობლოში.

1863 წელს იაკობ გოგებაშვილი ბრუნდება თბილისში და ინიშნება გეოგრაფიისა და არითმეტიკის მასწავლებლად თბილისის სასულიერო სასწავლებელში. პირველივე დღეებიდანვე იაკობმა, როგორც მასწავლებელმა და როგორც აღმზრდელმა, მოსწავლეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მისი ყოფილი მოწაფეების, შემდგომში საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეთა მოგონებებში აღნიშნულია იაკობ გოგებაშვილის მაღალი პედაგოგიური თვისებები.

1868 წელს იაკობ გოგებაშვილი დანიშნეს სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორად. ამ თანამდებობაზე ის 6 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში იაკობმა გაატარა მრავალი ენერგიული ღონისძიება სასწავლებლის გარდასაქმნელად იმ დროის მოწინავე პედაგოგიკის მოთხოვნათა შესაბამისად. მან სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა სასწავლებლის მკაცრ რეჟიმს, დასმენებს, ბავშვთა ფიზიკურ დასჯას და ფართო გასაქანი მისცა მოსწავლეთა ინიციატივასა და თვითმოქმედებას. იაკობ გოგებაშვილი მოსწალეთათვის ყველაზე ახლობელი და საყვარელი პედაგოგი გახდა.

სრულიად საწინააღმდეგო აზრი და შეფასება დაიმსახურა იაკობ გოგებაშვილმა სასულიერო სემინარიის ადმინისტრაციის, სინოდისა და მეფის მოხელეების მხრივ. არა ერთი დასმენა დაიწერა მის შესახებ; მას ბრალად სდებდნენ დარვინიზმის გავრცელებას, ანტისახელმწიფოებრივი შეხედულებების პროპაგანდას და სხვ. თბილისის სემინარიის რექტორმა ვალენტინმა გოგებაშვილის გამო არაერთხელ გაუგზავნა დასმენა ეგზარხოს ევსეის, საქართველოს ეგზარხოსი ევსეი მწყრალად ეუბნებოდა იაკობ გოგებაშვილს: „შენ დარვინისა და კრალ ფოხტის მოწაფე ხარ! სამწერლო მაგიდაზე გიდევს „სახეთა წარმოშობა” და არათუ შენ კითხულობ მას, არამედ მცირეწლოვან მოსწავლეებსაც კი აკითხებ”. მალე თბილისში მოვიდა რევიზორი კერსკი, რომელსაც სინოდის მიერ სპეციალურად ჰქონდა დავალებული შეემოწმებინა და თანამდებობიდან მოეხსნა იაკობ გოგებაშვილი. კერსკის რევიზიას იაკობი არ ესწრებოდა; ის ამ დროს საავადმყოფოში იწვა. რევიზიის შედეგად გოგებაშვილი მოიხსნა მე-3 მუხლის მიხედვით, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო პიროვნება და ამის შემდეგ, სიკვდილამდე, 38 წლის განმავლობაში არავითარ ოფიციალურ სამსახურში არ ყოფილა.

ჯერ კიდევ თავისი მოღვაწეობის პირველ წლებში იაკობ გოგებაშვილმა კარგად შეიგნო სასწავლო ლიტერატურის უდიდესი მნიშვნელობა ხალხში წერა-კითხვისა და კულტურის გავრცელებისათვის, განსაკუთრებით დაწყებითი სკოლების სახელმძღვანელოების მნიშვნელობა. ბუნებრივია, რომ პირველ რიგში მისი ყურადღება მიიპყრო მშობლიური ენის საანბანო წიგნმა.

1865 წელს გამოიცა მისი პირველი სასწავლო საანბანო წიგნი „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი”, რომელიც გამოდიოდა 1876 წლამდე. 1868 წელს გამოდის მისი ცნობილი „ბუნების კარი”, საკითხავი წიგნი, სწავლების მე-3 და მე-4 წელი. 1872 წელს იაკობ გოგებაშვილმა გამოსცა „დარიგება მასწავლებელთათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში”. ოთხი წლის შემდეგ, 1876 წელს, გამოდის მისი უბადლო საანბანო წიგნი „დედა ენა”. 1944 წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა” საფუძვლად დაედო ჩვენი სკოლის სტაბილურ სახელმძღვანელოს „დედა ენას”, რომელიც პირველი კლასისათვისაა განკუთვნილი.

1887 წელს იაკობ გოგებაშვილი გამოსცემს რუსული ენის ცნობილ სახელმძღვანელოს „რუსკოე სლოვოს”, რომელიც შემდეგში ორ ნაწილად გამოდიოდა.

1880 წლიდან იაკობ გოგებაშვილი სვახვადასხვა დროს ადგენს და უშვებს სხვადასხვა ასაკის ბავშვთა საკითხავ წიგნებს, როგორიც იყო, მაგალითად, „კოკორი” – ქართული საოჯახო ანბანი საკითხავი წიგნითურთ (1880), „კუწულა” – დასავლეთ ევროპისა და რუსი მწერლების რჩეული მოთხრობების კრებული უფროსი ასაკის ბავშვებისათვის (1883), „აკიდო” – მოთხრობების კრებული ბავშვთათვის (1901) და „კონა” – საბუნებისმეტყველო ხასიათის ელემენტარული მოთხრობების კრებული.

იაკობ გოგებაშვილმა დაწერა დაახლოებით 150-ზე მეტი ორიგინალური საბავშვო მოთხრობა და სასწავლო ხასიათის წერილები, მათგან 10 მოთხრობა ცალკე გამოცემებად გამოვიდა.

მთელი ეს სასწავლო-პედაგოგიური და მხატვრულ-დიდაქტიკური ლიტერატურა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში შეადგენდა უხვ სულიერ საზრდოს მრავალი ქართველი ახალი თაობისათვის.

იაკობ გოგებაშვილის, როგორც პედაგოგ-თეორეტიკოსის, კალამს ეკუთვნის მრავალი შრომა აღზრდის, განათლებისა და სწავლების საკითხებზე.

ბევრი დაწერა იაკობ გოგებაშვილმა ქართულ დაწყებით სკოლებში მშობლიური და რუსული ენების სწავლების საკითხებზე რუსულ ენაზეც. მის მრავალრიცხოვან შრომათგან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი: «Как улучшить Кавказскую народную школу», «Методическое руководство дляучителей и учительниц к преподаванию по книге «Русское слово», «Разбор учебных пуководств по русскомуязыку», «Наставление учителям о том, как они должны вести обучение грузинскому языку по азбуке и книгедля чтения», «Государственный язык в грузинских народных школах», «О грузинском и русском алфивитах спедагогической точки зрения» და სხვა.

იაკობ გოგებაშვილის ეს პედაგოგიური შრომები შესრულებულია დიდი ერუდიციითა და საქმის ცოდნით. ისინი მკითხველებს და, პირველ რიგში, სახალხო მასწავლებლებს აცნობდნენ ბავშვთა აღზრდის, განათლებისა და სწავლების პრინციპებს, უშუქებდნენ საზოგადოებრივ პედაგოგიური მოღვაწეობის გზას, უნერგავდნენ ბავშვებისა და პედაგოგიური შრომის სიყვარულს. ამ შრომათა საგრძნობი ნაწილი, განსაკუთრებით შრომები მშობლიური და რუსული ენების სწავლების მეთოდიკის საკითხებზე, დღესაც ინარჩუნებს თავის ცხოველმყოფელობას.

იაკობ გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის. ჯერ კიდევ 1890 წელს მან მთელი თავისი ბეჭდვითი შრომები, გარდა „დედა ენის” I და II ნაწილისა და „რუსკოე სკოლვოსი”, გადასცა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას”, ხოლო სიკვდილის წინ მთელი თავისი დანაზოგი – ფულად, ყველა სახელმძღვანელო, ბეჭდვითი შრომები და მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება შესწირა ამავე საზოგადოებას. იგი დიდად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებსა და სხვებს.

იაკობ გოგებაშვილი გარდაიცვალა 1912 წლის 1 (14) ივნისს, 72 წლის ასაკში.

1912 წლის 10 (23) ივნისს იაკობ გოგებაშვილის ნეშტი დასაფლავებულ იქნა ქალაქ თბილისში, დიდუბის პანთეონში, ხოლო 1940 წლის 27 ოქტომბერს იგი გადასვენებული და დასაფლავებული იქნა მთაწმინდაზე ილია ჭავჭავაძის საფლავის მახლობლად.

*  *  *

იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიკური იდეები მთლიანად გამომდინარეობენ მისი სოციალურ-პოლიტიკური და ფილოსოფიური შეხედულებებიდან. ამ შეხედულებებში მთავარი ადგილი უჭირავს, ერთი მხრივ, ცარიზმის უღლისაგან ქართველი ხალხი განთავისუფლების საკითხს და, მეორე მხრივ, თავისი ქვეყნის მშრომელთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების, უფლებების მოპოვებისა და ქვეყნის კულტურის ამაღლების საკითხებს.

უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ იაკობ გოგებაშვილი, ისე როგორც ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელთა მთელი პლეადა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე მეთაურობდა, ამ საკითხების გადაწყვეტისას გამოდიოდა იმ დებულებიდან, რომ ქართველ ხალხს შეუძლია თავისი ბედნიერება და კეთილდღეობა მოიპოვოს მხოლოდ დიდ რუს ხალხთან ერთიაობისა და ძმობის ვითარებაში. ამიტმ, მოუწოდებდა რა ქართველ ხალხს განმათავისუფლებელი ბრძოლისაკენ, იაკობ გოგებაშვილი ცრუპატრიოტად თვლიდა მას, ვინც სამშობლოსა და თავისი ხალხის ხსნას არ უკავშირებდა დიდი რუსი ხალხის ბრძოლას ბრწყინვალე მომავლისათვის.

ამავე დროს იაკობ გოგებაშვილი კარგად არჩევს მტერსა და მოყვარეს, მისთვის ცარიზმი თავისი სატრაპებით, რომლებიც ძალადობისა და უმეცრების მოციქულებს წარმოადგენდნენ, იყო ქართველი მშრომელი ხალხის მტერი და მჩაგვრელი ძალა. მეორე მხრივ, მთელი მშრომელი რუსი ხალხი, რომელიც აგრეთვე ცარიზმის მძიმე უღლის ქვეშ ჰგმინავდა, გოგებაშვილისთვის იყო ნამდვილი მეგობარი ქართველი ხალხისა. დიდ რუს ხალხთან ერთიანობის გარეშე მას არ წარმოედგინა საქართველოს ბედნიერება და კეთილდღეობა.

იაკობ გოგებაშვილი მტკიცედ იცავდა თავისი ქვეყნის პროგრესს და წარსულისადმი ყოველგვარი გამოდევნება მიაჩნდა ისეთ რამედ, რასაც ხალხისათვის დიდი ზიანი მოაქვს.

ეროვნული უფლებისა და ეროვნული კულტურის დაცვისა და ხალხის ყოველმხრივი განვითარების მთავარ საშუალებად იაკობ გოგებაშვილს მიაჩნდა დედაენა. იაკობი ჭეშმარიტი პატრიოტის ერთ-ერთ ძირითად თვისებად თვლიდა ხალხისა და მისი ენის სიყავრულს.

იაკობ გოგებაშვილის სოციალურ-პოლიტიკური კონცეფციის დასახასიათებლად დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ იგი აღფრთოვანებით შეხვდა 1861 წლის ეგრეთ წოდებულ საგლეხო „რეფორმას”. მაგრამ ამავე დროს, მისი იმედები არ გამართლდა. რამდენიმე წლის შემდეგ იაკობი პირდაპირ აცხადებდა, გლეხობა მოტყუებული დარჩაო, გლეხობამ მიწა ვერ მიიღო, მისი ეკონომიკური მდგომარეობა არა თუ გაუმჯობესდა, არამედ ზოგიერთ რაიმეში კიდევაც გაუარესდაო.

იაკობ გოგებაშვილის მსოფლმხედველობის გათვალისწინებისათვის აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხედავდა რა ქართველი ერის მომავალს, მის ხსნას მშრომელ ხალხში, ბრძოლას უცხადებდა თავადაზნაურულ არისტოკრატიას.

მიუხედავად იმისა, რომ იაკობ გოგებაშვილი რევოლუციონერი არ ყოფილა, და არ ჰქონდა შეგნებული კლასთა ბრძოლის აუცილებლობა საზოგადოებრივი ცხოვრების გარდაქმნის საქმეში, – თავისი დროისათვის პროგრესულ-დემოკრატიული სოციალური იდეების მატარებელი იყო. ეს აძლევდა პროგერესულ-დემოკრატიულ ხასიათს მის პედაგოგიკურ იდეებსა და შეხედულებებს.

იაკობ გოგებაშვილი, გამომდინარე თავისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებებიდან, მსგავსად კ. დ. უშინსკისა, თავის პედაგოგიკურ მოძღვრებას საფუძვლად უდებს ხალხურობის პრინციპს. ამ პრინციპით არის გამსჭვალული ყველა მისი მეცნიერულ-პედაგოგიკური შრომა, მის პუბლიცისტური სტატიები, სახელმძღვანელოები და მთელი მისი მოღვაწეობა.

ხალხურობის იდეაში იაკობ გოგებაშვილი ასახავდა თავისი მშობლიური ქვეყნის მშრომელი ხალხის ეკონომიკურ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო ინტერესებს. იაკობ გოგებაშვილს სწამდა, რომ მშრომელი ხალხი არის ეროვნული ორგანიზმის, მისი ისტორიის, მისი აწმყოსა და მომავლის შემქმნელი და მატარებელი. იგი დარწმუნებული იყო, რომ უშრომელი თავადაზანურობა ერის გამხმარ ტოტებს წარმოადგენდა და ამბობდა: „რაც უფრო ადრე გადაჰკაფავს ცხოვრების ჩარხი ამ გახმარ ტოტებს, მით უფრო სარგო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის”.

აღზრდის ხალხურობის პრინციპში იაკობ გოგებაშვილი პროგრესულ შინაარსს დებდა. ხალხურობის ძირითად ელემენტებს გოგებაშვილის აზრით წარმოადგენს: საყოველთაო სახალხო სწავლების უზრუნველყოფა და რეალური განათლების მიცემა მოზარდი თაობისათვის, ქალთათვის განათლების უზრუნველყოფა, სწავლება მშობლიურ ენაზე, ქართველი ხალხის მიერ რუსული ენის დაუფლება და მდიდარი რუსული კულტურის შეთვისება, სამშობლოსადმი სიყვარულის აღზრდა, შრომითი აღზრდის განხორციელება, ჰუმანიზმი. დემოკრატიზმის ეს ელემენტები ხალხურობაში აძლევს გოგებაშვილის მემკვიდრეობას ცხოველმყოფელ ძალას ჩვენი სკოლისა და პედაგოგიკური მეცნიერებისათვის.

როგორ ესმოდა იაკობ გოგებაშვილს აღზრდის ამოცანები და რა ძირითადად გზას სახავდა ის აღზრდის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად? იაკობ გოგებაშვილი აღზრდის მთავარ მიზანს ხედავს იმაში, რომ მომზადებულ იქნას ყოველმხრივ გათვითცნობიერებული და სრულფასოვანი მოქალაქე, რომლისათვისაც პატიოსანი შრომა შეადგენს ბუნებრივ მოთხოვნილებას, მისცეს სამშობლოს „ახალი ტიპის ქართველი” პატრიოტი, „ვისაც სიცოცხლის უმთავრეს საგნად გაუხდია მშობლიური ქვეყნის ბედნიერება, ვინც თავგამოდებულად, შეუპოვრად, დაუღალავად ებრძვის ყოველს დაბრკოლებას, რომელიც მის სამშობლო ქვეყანას წარმატების გზაზედ გადაღობებია, ვისაც მთლად დაკარგულად მიაჩნია ყოველი წამი, რომელიც არ მოუხმარნია მამულის ზრუნვისათვის, ვისაც ედაგვის გული მამულის ტანჯვითა, უხარის მისი ლხენითა, ვინც ბედნიერია მის ბედნიერებით, უბედურია მის უბედურებით, და ვინც მზად არის ღიმილით შესწიროს მას თავის სიცოცხლე”.

იაკობ გოგებაშვილს მიაჩნდა „აღზრდისა და სწავლების იდეალად ადამიანის ჰარმონიული განვითარება”. ახალგაზრდა თაობის – „ხალხის ამ ფესვების” – აღზრდა და განათლება, იაკობ გოგებაშვილის აზრით, უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო და საერთო-სახალხო საქმეა.

იაკობ გოგებაშვილი უდიდესი ჰუმანისტი იყო. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ადამიანში ადამიანურობისა და ჰუმანურობის აღზრდას. სწორედ ამ თვისებებით არის გამსჭვალული მისი პედაგოგიკური შრომები; პიროვნების ღირსებისადმი პატივისცემის გრძნობით არის გამთბარი ყველა მისი სასწავლო წიგნი.

იაკობ გოგებაშვილი კარგად ხედავდა, რომ იმჟამად არსებული განათლების სისტემა არ შეესაბამებოდა ხალხის ინტერესებს. სახალხო სკოლების ქსელის გაფართოების მოთხოვნასთან ერთად იაკობ გოგებაშვილი გადაჭრით ილაშქრებს სქოლასტიკური და დოგმატური სწავლების წინააღმდეგ, რაც იმ პერიოდში გამეფებული ყო სახალხო განათლების სისტემის ყველა რგოლში.

იაკობ გოგებაშვილი გარკვეულ მოთხოვნებს აყენებდა განათლების ახალი სისტემის, სახალხო სკოლების შინაარსის, სასწავლო გეგმების, სასწავლო პროგრამებისა და სხვათა შესახებ. მისი ეს მოთხოვნები ყოველთვის გამომდინარეობდა იმ დებულებიდან, რომ სქოლასტიკურსა და კლასიკურ განათლეაბს არ შეუძლია სამსახური გაუწიოს ხალხს და რომ სწორედ რეალურ განათლებას მოაქვს ხალხისათვის საჭირო სარგებლობა, რომ ასეთი ცოდნა დიდად ამაღლებს ხალხის ეკონომიკურ, გონებრივ და ზნეობრივ დონეს.

აღზრდის ხალხურობის პრინციპის საფუძველზე იგი მოითხოვდა ისეთ სკოლებს, რომლებიც მოსწავლეებს მისცემდნენ ნამდვილ ცოდნას ბუნებისა და საზოგადოების, ცხოვრებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგიდან. მისთვის ღირებულება ჰქონდა არა ზუთხვით შეძენილ აბსტრაქტულ, განყენებულ ცოდნას, არამედ ისეთ ცოდნას, რაც ერთი მხრივ, „პირდაპირ ცხოვრებას ეხება” და, მეორე მხრივ, – „ანვითარებს მოსწავლეთა ფორმალურ ნიჭს”. ამისდა მიხედვით სწყვეტს იაკობ გოგებაშვილი სპეციალური და საერთო განათლების საკითხს.

*  *  *

იაკობ გოგებაშვილი იცნობდა სწავლების ყველა მოწინავე ზოგად დიდაქტიკურ პრინციპებს. იგი თავის მეცნიერლ-პედაგოგიკურ შრომებში განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევდა სწავლების ისეთი პრინციპების შემდგომი გაუმჯობესებისა და კონკრეტიზაციის საკითხებს, როგორიცაა შეგნებულობის, თვალსაჩინოებისა და სხვა პრინციპები.

სწავლების ეს ზოგად-დიდაქტიკური პრინციპები მან თავისი სახელმძღვანელოების შედგენისას გამოიყენა ისეთი ცოდნითა და ოსტატობით, ისეთი სიფაქიზითა და სწავლების დიდაქტიკური წესების ყველა უმცირესი ნიუანსის გათვალისწინებით, რომ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, ამ მხრივ, იგი უბადლო დიდაქტიკოსია.

ძირითად დიდაქტიკურ პრინციპად იაკობ გოგებაშვილი თვლიდა შეგნებულობასა და აქტივობას სწავლებაში. ამ საკითხში იგი მთლიანად იდგა კ. დ. უშინსკის პოზიციაზე, რომელიც წერდა, რომ „მეტი სინათლის გამეფებისაკენ უნდა მიისწრაფოდეს ყოველი სწავლება”. იაკობ გოგებაშვილის აზრით, სწორედ ეს „სინათლე” მოსწავლის შეგნებაში უნდა წარმოადგენდეს ყოველგვარი სწავლების საძირკველსა და საგანს. იგი წერდა: „სწავლებას, რომ ის პედაგოგიური და განმავითარებელი იყოს, ყოველ ნაბიჯზე და ყოველ სიტყვაზე თან უნდა ახლდეს სრული გაგება; სწავლების ამ სრულ შეგნებულობაზეა დამოკიდებული მოსწავლის ყურადღების სიმაგრისა და სიმტკიცის აღზრდა”, ურომლისოდაც არ არსებობს წარმატება სწავლებაში, რადგან „მხოლოდ გაძლიერებული ყურადღების საშუალებით წვდება ჩვენი გონება საგანთა ღრმა, შინაგან მხარეებს”.

იაკობ გოგებაშვილის მართებული აზრით, მხოლოდ გასაგებ და რეალურ მასალას შეუძლია შექმნას მოსწავლეში ინტერესი და მისწრაფება, გაიგოს და შეითვისოს მისი შინაარსი, დაძლიოს სასწავლო სიძნელე. აკრიტიკებდა რა ამ მხრივ თავის თანამედროვე სკოლას, იაკობ გოგებაშვილი მიუთითებდა, რომ სკოლა ამზადებს არა შეგნებულ ადამიანებს, არამედ „ცხოვრეისათვის გამოუსადეგარ თუთიყუშებს”. იგი წერს: „ზურგი უნდა შევაქციოთ ყალბ ცოდნას, ფორმულების ზეპირობას და შევუდგეთ შეძენას ნამდვილის, ჭეშმარიტი ცოდნისას”.

თუ მხედველობაში ვიქონიებთ იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიკური მოღვაწეობის საერთო ხასიათს, მაშინ გასაგები იქნება, რატომ აძლევდა ის უდიდეს მნიშვნელობას თვალსაჩინოების პრინციპს სწავლებაში. იგი არა ერთხელ მიუთითებდა, რომ აღზრდასა და სწავლებაში არ შეიძლება დაცული იქნას შეგნებულობა, თუ თვალსაჩინოებით არ არის გამსჭვალული მთელი სწავლება. მაგრამ მისთვის ეს პრინციპი არ არის თვითმიზნობრივი. მისი აზრით, თვალსაჩინოების გამოყენება უნდა ხდებოდეს ბავშვის ასაკის, სასწავლო მასალის თავისებურებისა და იმ პირობების შესაბამისად, რა პირობებშიც მიმდინარეობს სწავლება. „ამრიგად, – წერს იაკობ გოგებაშვილი, – ჯერ საგანი, შემდეგ სახელწოდება; ჯერ მხედველობითი შთაბეჭდილება, შემდეგ სმენითი აღქმა. თუ არ შეგიძლიათ უჩვენოთ საგანი, უჩვენეთ ბავშვებს ნახატი. თუ ხელთ არც ერთი გაქვთ და არც მეორე, ან სიტყვა გამოდის მხედველობის სფეროდან, მაშინ მოიშველიეთ ცოცხალი სიტყვა”. ამ იდეას იცავს იგი თავის მრავალ მეთოდურ შრომაში.

სწავლების თანმიმდევრობა და თანდათანობა, გოგებაშვილის აზრით, სწავლების წარმატების აუცილებელ პირობას და მის „ურყევ კანონს” წარმოადგენს. ამ თანმიმდევრობასა და თანდათანობას იგი გასაოცარი ოსტატობით იცავს თავის სახელმძღვანელოებში.

სხვა დიდაქტიკურ პრინციპებთან ერთად, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვების მიერ სრულფასოვანი ცოდნის შეძენას, იაკობ გოგებაშვილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ისეთ პედაგოგიურ ღონისძიებათა გატარებას, რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლეების მიერ ცოდნის მტკიცედ და საფუძვლიანად დაუფლებას. ამ ღონისძიებათა სისტემაში გოგებაშვილი განსაკუთრებულ ადგილს უთმობდა გამეორებას, – როგორც გზადაგზა, ისე სპეციალურ გამეორებას. იგი ხშირად ამბობდა ხოლმე, „გამეორება სწავლის დედააო” და მოითხოვდა სწავლების ისეთ წარმართვას, რომ გავლილი მასალა განმტკიცებული ყოფილიყო ახალი, მომდევნო მასალებით და ხშირი გამეორებით.

იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების მიხედვით სწავლების მთელი სისტემა გამსჭვალულია აღმზრდელობითი სწავლების პრინციპით ისე, როგორც კ. დ. უშინსკისა, რომელიც ამბობდა, „სწავლა აღზრდის უძლიერესი ორგანოა”, იაკობ გოგებაშვილსაც ვერ წარმოედგინა აღზრდისაგან მოწყვეტილი სწავლება. ხალხურობის პრინციპის შესაბამისად, აღმზრდელობითი სწავლების საფუძვლად იაკობ გოგებაშვილს მიაჩნდა პატრიოტიზმის მაღალი გრძნობების აღზრდა ბავშვებში.

სწორედ ამ მაღალ აღმზრდელობითმა მიმართულებამ არგუნა წილად ბრწყინვალე წარმატება იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოებს, აქცია ისინი საყვარელ სიგნებად არა მარტო ბავშვებისათვის, არამედ მოზრდილთათვის, რომლებიც ოდესღაც ამ შესანიშნავი სახელმძღვანელოებით სწავლობდნენ.

*  *  *

იაკობ გოგებაშვილი საერთო განათლების სისტემაში უდიდეს როლს მშობლიურ ენას ანიჭებდა და მას მთელი სწავლების ქვაკუთხედად თვლიდა.

იაკობ გოგებაშვილი სავსებით იზიარებდა კ. დ. უშინსკის აზრებს იმის შესახებ, რომ სკოლა, რომელიც აგებული არ არის დედაენაზე, „პირველ დღიდანვე და ერთობ გულცივად მოაგონებს ბავშვს, რომ იგი თავის სახლში არ არის... ასეთი სკოლა ხალხის ცხოვრებაში ვერ გაიდგამს ფესვებს და ვერ მოუტანს მას სასარგებლო ნაყოფს”. ანალოგიურ აზრს გამოთქვამს იაკობ გოგებაშვილიც: „სადაც კი ჭეშმარიტი განათლების ლამპარი დანთებულა, დედაბოძად მას ჰქონია და აქვს დედაენა, სწავლება დედაენაზე, როგორც საუკეთესო ღონე განვითარებისა და ცოდნის შეძენია... რომელს ქვეყანაშიაც კი გადაუხვევიათ ამ გზისათვის, იქ გონების გახსნის მაგიერ მისი დახშობა მიუღიათ, განათლების მაგიერ – დაბნელება და ზნეობის გაწმენდისა და ამაღლების მაგიერ – მისი დაცემა”.

თავისი მრავალი პედაგოგიკური და პუბლიცისტური შრომებითა და სტატიებით, რომლებიც ქვეყნდებოდა ქართულ და რუსულ ენებზე, იაკობ გოგებაშვილი ენერგიულად იღვწოდა იმისათვის, რომ საზოგადოებრივი აზრი შემოეკრიბა დედაენის დასაცავად. მისი შესანიშნავი შრომა „ბურჯი ეროვნებისა” ამ მხრივ ფრიად საყურადღებო მეცნიერულ-პედაგოგიკური და პუბლიცისტური ხასიათის შრომაა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მშობლიური ენისა და ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღვივებაში.

მაგრამ მშობლიური ენის შესწავლის დარგში იაკობ გოგებაშვილის ყველაზე დიდი ისტორიული დამსახურებაა მისი სახელმძღვანელოები, განსაკუთრებით მისი „დედაენა”. მარტო ის ფაქტი, რომ ეს სახელმძღვანელო მთელი 50 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქართველ ხალხს და ახლაც დაწყებითი სკოლის სტაბილური სახელმძღვანელოს „დედაენის” საფუძველს წარმოადგენს, უფლებას გვაძლევს ვთქვათ, რომ იაკობ გოგებაშვილი უკვდავი იქნებოდა მაშინაც კი, ამ სახელმძღვანელოს მეტი რომ არაფერი შეექმნა.

განსაკუთრებით დიდია იაკობ გოგებაშვილის „დედაენის”, „ბუნების კარისა” და მისი საბავშვო მხატვრული ნაწარმოებების როლი ახალი ერთიანი სალიტერატურო ქართული ენის დამკვიდრების დიდ ეროვნულ საქმეში.

*  *  *

იაკობ გოგებაშვილს სწამდა, რომ მშობლიური ენის ცოდნასთან ერთად, ქართველი ხალხისათვის აუცილებელია რუსული ენის ცოდნა. იაკობ გოგებაშვილი რუსუულ ენას თავის მეორე მშობლიურ ენად თვლიდა. ის სავსებით იზიარებდა საქართველოსათვის რუსული ენის მნიშვნელობის იმ შეფასებას, რასაც იძლეოდა ილია ჭავჭავაძე. „რა თქმა უნდა, – წერდა ილია, – რომ რუსულმა ლიტერატურამ დიდი ხელმძღვანელობა გაგვიწია და დიდი ზემოქმედება იქონია ყოველს მასზედ, რაც ჩვენს სულიერ ძალ-ღონეს შეადგენს და ჩვენს გონებას, ჩვენს აზრს, ჩვენს გრძნობასა და ერთობ ჩვენს მიმართულებას ზედ დააჩნია მან თავისი ავკარგიანობა: არ არის დღეს ჩვენში არც ერთი მოღვაწე და მომქმედი კაცი მწერლობაში, თუ საზოგადოდ საქმეში სარბიელზედ, რომ თავისუფალი იყოს ხსენებული ლიტერატურის ზეგავლენისაგან... ამიტომაც საბუთი გვაქვს ვთქვათ, რომ თითოეული ჩვენგანი რუსული ლიტერატურით გაზრდილა, თითოეულ ჩვენგანს მის გამონარკვევზე აუგია თავის რწმენა, თავისი მოძღვრება და თავისი საგანი ცხოვრებისა საზოგადო საქმისათვის ამ გამონარკვევის მიხედვით გამოურჩევია”.

ილია ჭავჭავაძესთან ერთად იაკობ გოგებაშვილი თვლიდა, რომ რუსული ენის, ამ „ყოველი კავკასიელისათვის დიდი სიკეთის” ცოდნის გარეშე... შეუძლებელია გახდე დიდი სახელმწიფოს სრულფასოვანი მოქალაქე.

იაკობ გოგებაშვილს ახასიათებდა თავისი სამშობლოს ინტერესებისადმი უანგარო თავადდება, საღი და სრული შეგნება იმ განსაკუთრებული მნიშვნელობისა, რაც ქართველი ხალხის ბედნიერებისათვის ჰქონდა, აქვს და ექნება რუსული ენის ცოდნას. ყოველივე ეს კი მისთვის იქცა იმ დაუშრეტელ წყაროდ, საიდანაც მოდის მისი უმდიდრესი მეცნიერულ-პედაგოგიური მემკვიდრეობა ქართულ სკოლებში რუსული ენის სწავლების საკითხებზე. ამ მემკვიდრეობსი საგანძურში, თუ არ ჩავთვლით მის მრავალრიცხოვან პუბლიცისტურ პედაგოგიკურ შრომებს, შედის: «Русское слово», ч. II (книга для чтения), «Методическое руководство для учителей и учительниц грузинских школ к преподаваниюпо книге «Русское слово» (98 გვ.), «Как улучшить Кавказскую народную школу» (60 გვ.), «Государственныйязык в грузинских начальных школах» (98 გვ.), «Разбор учебных руководств по русскому языку» (98 გვ.), «Огрузинском и русском алфавитах с педагогической точки зрения» (30 გვ.), «Нормольное письмо» (32 გვ.) და მრავალი სტატია, მოთავსებული რუსულ ჟურნალებსა და გაზეთებში.

იმის გამო, რომ იაკობ გოგებაშვილის «Русское слово»-ს I და II ნაწილი ფრიად მაღალხარისხოვანი სახელმძღვანელოები იყო, ისინი 40 წლის განმავლობაში დარჩნენ რუსული ენის უცვლელ სასწავლო წიგნებად საქართველოს სკოლებში, მიუხედავად იმისა, რომ ამ სახელმძღვანელოებს ყოველმხრივ სდევნიდნენ კავკასიის სასწავლო ოლქის შავრაზმელი მესვეურნი. იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოები მაინც წარმატებით უძლებდნენ ასეთ შემოტევებს და თითქმის ერთადერთ სახელმძღვანელოებად რჩებოდნენ საქართველოს ყველა დაწყებით სკოლაში.

«Русское слово»-ს მაღალ ხარისხზე, მის მეთოდიკურ გამართულობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ეს სახელმძღვანელო ფართოდ გავრცლდა ამიერკავკასიაში და მის გარეთაც. «Русское слово»-ს ორივე წიგნს იყენებდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, განსაკუთრებით ოსურ სკოლებში, და ყაზანის გუბერნიაში, კერძოდ, ჩუვაშთა სკოლებში, მიუხედავად იმისა რომ ეს სახელმძღვანელოები სხვა ეროვნებათა სკოლებისათვის არ იყო გათვალისწინებული და მათ თავისი შინაარსითაც და ხასიათითაც არ შეეძლოთ სავსებით დაეკმაყოფილებინათ აღნიშნულ ეროვნებათა სკოლის სახელმძღვანელოების საერთო-პედაგოგიური მოთხოვნები.

როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური პრესა დადებით შეფასებას აძლევდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ რუსული ენის სახელმძღვანელოებს. ასე მაგალითად, ჟურნალი«Филологическая библиотека» წერდა: „რუსული ენის შესასწავლად სხვა ეროვნების პირთა მიერ შედგენილ მრავალ სახელმძღვანელოთა შორის იშვიათად შეიძლება შევხვდეთ ისეთ საუცხოო და ნიჭიერად შედგენილ სახელმძღვანელოს, როგორც ბ-ნ გოგებაშვილის შრომაა. ავტორი, ცნობილი ქართველი პედაგოგი, ეკუთვნის სწავლების ეგრეთ წოდებულ საგნობრივ-თვალსაჩინო მეთოდის დაჯერებულ მომხრეთა რიცხვს, იმ მეთოდისა, რაც ესოდენ აუცილებელია, როდესაც საქმე გაქვთ ისეთ ბავშვებთან, რომელთათვისაც სრულიად უცნობია ის ენა, რომლის შესწავლა ჩვენ გვიხდება არა მარტო თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც; უკვე არას ვიტყვით იმაზე, რომ ასეთ შემთხვევებში მასწავლებლის მთავარი ამოცანა უნდა იყოს მისწრაფება, რაც შეიძლება გაუადვილოს თავის მოწაფეებს ასეთი ენის შესწავლა. ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველ მოსახლეობაში ფრიად გავრცელებული აზრი, რომ რუსული ენა მეტისმეტად ძნელი ენაა, ბ-ნ გოგებაშვილის მიერ წარმოდგენილი მასალა მეტად უხვი და საინტერესოა და, რაც განსაკუთრებით საგულისხმოა, დალაგებულია მკაცრი თანმიმდევრობით”.

ანალოგიურ შეფასებას იძლევა ჟურნალი «Начальное обучение»: „გამოსცა რა თავის სასწავლო სახელმძღვანელო საქართველოსათვის, ბ-ნმა გოგებაშვილმა გამოთქვა თავისი აზრი იმის შესახებ, რომ კავკასიის თითოეული ხალხისათვის ფრიად აუცილებელია ჰქონდეს რუსული ენის განსაკუთრებული სახელმძღვანელო. კავკასიელი პედაგოგის აზრი უეჭველად სწორია; მისი პრაქტიკული განხორციელება სასურველია არა მარტო კავკასიის სხვადასხვა ეროვნებათა მიმართ, არამედ საერთოდ მთელი რუსეთის ყველა სხვა ტომების მიმართაც. «Русское слово», აგთვალისწინებული საქართველოსათვის, ჯერჯერობით რჩება ერთადერთ სახელმძღვანელოდ, რომელიც შედგენილია უახლოესი მეთოდიკის მოთხოვნების თანახმად... რუსული ენის შესასწავლად მასალები შერჩეული და განლაგებულია კარგად მოფიქრებული სისტემის საფუძველზე, რომლის აზრი და მნიშვნელობა ბ-ნმა გოგებაშვილმა განმარტა თავის შრომაში „სახელმძღვანელო მასწავლებელთათვის” და ნიჭიერად დაწერილ სხვა ბროშურებში...«Русское слово» მართლაც წარმოადგენს კარგ და სასარგებლო სახელმძღვანელოს ქართულ სკოლებში”. გაზეთ „კავკაზში” იაკობ გოგებაშვილის «Русское слово»-მ მიიღო ასეთივე მაღალი შეფასება: „მიუხედავად იმისა, რომ ფრიად ავტორიტეტულ და სასწავლო უწყებაში დიდი გავლენის მქონე პირთა მიერ (მხედველობაში ჰყავთ ფ. ლევიცკი – დ. ლ.) აგრეთვე შედგენილია სახელმძღვანელოები ქართული სკოლებისათვის, ამ გამოცემებმა ვერ შეძლეს მეტოქეობა გაეწიათ ბ-ნი გოგებაშვილის წიგნებისათვის, რომლებმაც გაიმარჯვეს სწორედ თავისი ცხოველმყოფელობით და, მაშასადამე, მათი ავტორის პედაგოგიკური შეხედულებების სისწორით”.

გოგებაშვილის სახელმძღვანელოების დასახასიათებლად განსაკუთრებით საგულისხმოა ისიც, რომ კავკასიის სასწავლო ოლქის ოფიციალური ორგანოები იძულებული გახდნენ, თუმცა «Русскоеслово»-ს პირველი გამოცემიდან 27 წლის შემდეგ, ეღიარებინათ ამ სახელმძღვანელოების ღირსებები და ეცნოთ ისინი „რუსული ენის საუკეთესო სახელმძღვანელოებად”.

იაკობ გოგებავილის სახელმძღვანელოები მოსწავლეებს აძლევდა მტკიც ცოდნას რუსულ ენაში. ამავე დროს ეს სახელმძღვანელოები ხორცს ასხამდნენ თვით იაკობ გოგებაშვილის აზრს, რომ „სხვა ეროვნებათა ბავშვებში რუსული ენისადმი სიმპათიისა და სყვარულის გაღვიძებას, აღზრდასა და განმტკიცებას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე თვით წარმატებებს, განსაკუთრებით ეფემერულ წარმატებებს ამ ენის შესწავლაში, რადგან, ჯერ ერთი, წარმატებების საფუძვლიანობა და ზრდა დამოკიდებულია ამ სიმპათიაზე, და, მეორეც, რაც უმთავრესია, თუ გეყვარებათ რუსული ენა, არ შეიძლება არ გიყვარდეთ მისი შექმნელი ხალხი”.

1938 წელს საქართველოში შეიქმნა სპეციალური კომისია მაღალკვალიფიციური მეცნიერი მუშაკებისა და რუსული ენის საუკეთესო მასწავლებლების შემადგენლობით. ამ კომისიამ დიდი მუშაობა ჩაატარა იმ უმდიდრესი მემკვიდრეობის შესასწავლად, რაც დაგვიტოვა იაკობ გოგებაშვილმა ქართულ სკოლებში რუსული ენის სწავლების დარგში, ქართულ სკოლებში რუსული ენის სწავლების საკითხებზე იაკობ გოგებაშვილის მეცნიერულ-მეთოდური შრომებისა და განსაკუთრებით მისი «Русское слово»-ს (I და II ნაწილები) მაღალი ღირსებები წარმატებით არის გამოყენებული დღევანდელ ქართულ დაწყებით სკოლებში რუსული ენის სწავლების საქმეში.

*  *  *

მოსწავლეთა განათლებისა და აღზრდის საერთო სისტემაში იაკობ გოგებაშვილი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას აძლევდა აგრეთვე საბუნებისმეტყველო ცოდნას. იგი ბუნებას უყურებდა, როგორც დაუშრეტელ წყაროს ბავშვთა გონებრივი და ზნეობრივი განვითარებისათვის, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან სარბიელს ბავშვთა მოსამზადებლად მომავალი შეგნებული პრაქტიკული მოღვაწეობისათვის, ბუნებისა და მისი განვითარების კანონების ცოდნა კი ხალხის კეთილდღეობის ერთ-ერთ მთავარ პირობად მიაჩნდა. ამ დარგშიც იგი აღზრდის ხალხურობის პრინციპის ერთგული რჩება.

გამოდიოდა რა ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ამ სწორი გაგებიდან, იაკობ გოეგბაშვილი დაუღალავად ქადაგებდა ხალხის მიერ საბუნებისმეტყველო ცოდნის შეძენის აუცილებლობას. იგი წერდა: „დაწინაურებულს განათლებულს ქვეყნებში კარგად აქვთ შეგნებული, რომ ბუნების ცოდნა და მის ძალთა დამორჩილება შეადგენს ერთ უმთავრეს ბურჯს ერისა და კაცობრიობის ბედნირებისას. ამის გამო, იქ ბუნების შესწავლას დიდს ადგილს უთმობენ ბავშვების განვითარებაში როგორც ოჯახები, ისე სკოლები. სწორედ ამისთანა აღზრდის მეოხებით მოხდა ისა, რომ ევროპიელმა კაცობრიობამ თანდათან გაიხადა უმორჩილეს მოსამსახურედ მძლავრნი ძალნი ბუნებისანი და დღითი დღე ზრდის თავის კეთილდღეობას მათ შემწეობით”.

ამ პრინციპულ დებულებათა საფუძველზე იაკობ გოგებაშვილი სრულიად სამართლიანად აკრიტიკებდა საბუნებისმეტყველო ცოდნის იმ უგულებელყოფას, რაც გამეფებული იყო როგორც საოჯახო აღზრდის სისტემაში, ისე სკოლაშიც.

გარდა ამ დიდი საგანმანათლებლო და პრაქტიკული მნიშვნელობისა, რასაც იაკობ გოგებაშვილი აძლევდა საბუნებისმეტყველო ცოდნას, ბუნების შესწავლაში იგი ხედავდა აგრეთვე დიდ პატრიოტულ-აღმზრდელობით ძალას. მას სწამდა, რომ სამშობლო ქვეყნის ბუნების შესწავლა დიდად უწყობს ხელს სიყვარულის გაღვივებას სამშობლოსადმი, სამშობლო მიწა-წყლისადმი, კიდევ უფრო ამაღლებს ხალხის უნარს იბრძოლოს სამშობლოსათვის, არავის დაუთმოს თავისი მიწა-წყალი, რაც... „ნამდვილი ფესვებია ერის ცხოვრებისათვის და როგორც ხე, მოშორებული ფესვებს, ხმება, ისე ერიც იღუპება, როცა ხელიდან ეცლება მიწა-წყალი, ტერიტორია”.

თავის ამ შეხედულებათა საფუძველზე, იაკობ გოგებაშვილმა არა მარტო ბევრი შესანიშნავი მოსაზრება გამოთქვა ბუნებისმეტყველების სწავლებისა და ხალხში სასოფლო-სამეურნეო ცოდნის გავრცელების საკითხებზე, არამედ, რაც მთავარია, ყველა თავისი სახელმძღვანელო გაამდიდრა საბუნებისმეტყველო სასწავლო მასალებით. ეს მასალები ბუნებისა და მის მოვლენებს ხსნიან დარვინიზმის თვალსაზრისით და, როგორც სამართლიანად მიუთითებს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ნ. ნ. კეცხოველი, „დამუშავებულია დიდი ყურადღებით და მეცნიერების უახლეს მიღწევათა გამოყენებით”.

იაკობ გოგებაშვილი საკმაო ადგილს უთმობს თავის სახელმძღვანელოებში გეოგრაფიის მასალებსაც: „დედაენაშიც” (II ნაწილი) და „ბუნების კარშიც” არის სპეციალური განყოფილება გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული მასალებისათვის. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იგი სამშობლო ქვეყნის გეოგრაფიის შესწავლას, ვინაიდან, მისი აზრით, „სამშობლოს შესწავლა საძირკველია მისი სიყვარულისა, ნამდვილი მამულიშვილობისა”.

*  *  *

მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობის აღზრდისა და მათი ყოვლმხრივი განათლებისათვის იაკობ გოგებაშვილი დიდ მნიშვნელობას აძლევს ისტორიის შესწავლას. თავის სახელმძღვანელოებში მას შეაქვს მასალები უმთავრესად სამშობლოს ისტორიიდან. იგი მიზნად ისახავს თვალწინ გადაუშალოს მოსწავლეებს თავისი ხალხის წარსული, გააცნოს მათ დიდი ისტორიული მოვლენები და შესანიშნავ ისტორიულ პიროვნებათა მოღვაწეობა, უჩვენოს შთამაგონებელი ეპიზოდები იმ გმირული ბრძოლებისა, რასაც ხალხი ეწეოდა თავისი დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და კულტურის დასაცავად. „მასწავლებლებს და მშობლებს კარგად უნდა ჰქონდეთ შეგნებული, – წერდა იაკობი, – რომ სამშობლო ისტორიის შესწავლას უბრალო ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება არ აქვს მიზნად. დიდი ხანია ნათქვამია, რომ ისტორია მოძღვარია ერისაო. ხოლო მოძღვრებას ისტორიული მოთხრობანი მაშინ გაუწევენ მოსწავლეთა, როცა იგინი გარკვევით და ნათლად დაუხატვენ მათ თვალწინ, თუ რა უშლიდა და რა უმართავდა ხელს ჩვენს ერსა წარსულში, რისგან სუსტდებოდა და ეცემოდა იგი ძირსა და რისგან ძლიერდებოდა, მაღლდებოდა და ძალ-ღონით ივსებოდა... რას უნდა ეტრფოდეს, საითკენ უნდა მიისწრაფოდეს, რათა აწმდგომი თავისი არსებობა მან გააძლიეროს და მომავალიც სანატრელი მოამზადოს”.

*  *  *

ასრულდა იაკობ გოგებაშვილის სანუკვარი ოცნება: ქართველმა ხალხმა დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების შედეგად, ლენინ-სტალინის პარტიის ხელმძღვანელობითა და დიდი რუსი ხალხის ძმური დახმარებით შექმნა „თავისი უკეთესი მომავალი”, თავისი ნათელი და ბედნიერი ცხოვრება. ხალხთა ძმობისა და მეგობრობის ლენინურ-სტალინური მოძღვრების სულისკვეთებით აღზრდილი ქართველი ხალხი სიამაყით, პატივისცემითა და ღრმა სიყვარულით მოიგონებს და საუკუნოდ შეინახავს თავისი სახელოვანი შვილის – დიდი პედაგოგისა და განმანათლებლის იაკობ გოგებაშვილის სახელს.