‍ივანე გიუნაშვილი (1873-1935)

ავტორი: მიხეილ კეკელიძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

giunashvili iv123ივანე გიუნაშვილი დაიბადა 1873 წელს ღარიბი გლეხის ოჯახში. მშობლები დაინტერესებული იყვნენ პატარა ვანოსთვის შესაფერისი განათლება მიეცათ. ამ მიზნით ბავშვი მიაბარეს გორის სამოქალაქო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგაც მან სწავლა განაგრძო გორის სამასწავლებლო სემინარიაში. სემინარიის კურსი ივანე გიუნაშვილმა 1894 წელს დაამთავრა და დაინიშნა მასწავლებლად სოფელ პერევისის (ჭიათურის რაიონი) სკოლაში. ახალგაზრდა მასწავლებელი ენერგიულად შეუდგა თავის საქმეს და მალე დაიმსახურა მოსწავლეთა და მათი მშობლების პატივისცემა. მაგრამ სოფელ პერევისაში მასწავლებლობის დროს ივანე გიუნაშვილს ხშირად მოსდიოდა უკმაყოფილება ბოქაულ-მამასახლისებთან და თვითმპყრობელობის სხვა აგენტებთან, რომლებიც კეთილსინდისიერად მომუშავე მასწავლებლებს ავიწროებდნენ და მუშაობის ნორმალურ პირობებს უსპობდნენ.

ამ მხრივ საინტერესოა ივანე გიუნაშვილის ის კორესპონდენცია, რომელიც 1900 წლის „კვალში” (№36) გამოქვეყნდა და სოფლის მასწავლებელთა მდგომარეობას ეხება.

მიუხედავად იმ დამცირებისა და შევიწროებისა, რასაც განიცდიდა განსაკუთრებით სოფლის მასწავლებლობა, მათი უმრავლესობა მაინც პირნათლად ემსახურებოდა საზოგადოებას და ახალგაზრდა თაობის აღზრდისათვის თავს არ ზოგავდა. სოფელ პერევისის სკოლაში ივანე გიუნაშვილი ექვსი წლის განმავლობაში მასწავლებლობდა.

1901 წლის დეკემბერში „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ” იგი მასწავლებლად მიიწვია სოფელ წინარეხის სკოლაში.

წინარეხის სკოლა, როგორც ოთხჯგუფიანი სკოლა, ერთი მასწავლებლით, ტიპურად იყო მიჩნეული „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის”, რომელმაც თავისი სკოლებისათვის პროგრამაც იმის მიხედვით შეადგინა, რითაც ხელმძღვანელობდა ვანო გიუნაშვილი. წინარეხის სკოლა სანიმუშო სკოლად იყო მიჩნეული, რადგან „წერა-კითხვსი გამავრცელებელმა საზოგადოებამ” იცოდა, რომ ერთ მასწავლებელს ოთხ ჯგუფში იმაზე მეტის მოცემა არ შეეძლო, რასაც ივანე გიუნაშვილი იძლეოდა” (ჟურნალი „განათლების მუშაკი”, №3-4, 1928, გვ. 59-60).

ივანე გიუნაშვილს კარგად ჰქონდა შეგნებული, რომ სახალხო მასწავლებელი თავის მოვალეობას ვერ შეასრულებდა, თუ იგი საქმისადმი გულგრილ და უსულგულო დამოკიდებულებას გამოიჩენდა. ამ მხრივ, მისი მოღვაწეობა სანიმუშოდ უნდა ჩაითვალოს. ამიტომ სრულიადაც არ იყო სწორი 1901 წლის „კვალის” მეოთხე ნომერში გამოქვეყნებული კორესპონდენციის ავტორი, რომელიც დაუსაბუთებლად წერდა:” რაც წინარეხში სკოლა არსებობს, მას შემდეგ ვერ დათვლით, რამდენი მასწავლებელი გამოცვლილა და ყველა ისე როგორ გაიფანტნენ, რომ გულგრილად ეკიდებიან წინარეხის სკოლას. ან კი რას დაეძებენ, როდესაც ანგარიშს არავინა სთხოვს”. ამ კორესპონდენციას გამოეხმაურა ივანე გიუნაშვილი და „კვალის” რედაქციისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა: „წარსული წლის 19 დეკემბრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ აღნიშნულ სოფლის სკოლის მასწავლებლად გამამწესა. მისვლისთანავე ერთი კვირის განმავლობაში შეგროვდნენ ოთხმოცზე მეტი მოსწავლეები, რაიც იშვიათ შემთხვევაში არის აქ. მას აქეთია იგინი ერთგულად დადიან სკოლაში. კვირაობითაც კი არა ვარ მოსვენებული, რადგანაც ბ. ქ-შვილზე არანაკლებ მესმის, რომ „მასწავლებელი ნამდვილი კეთილმოღვაწე ადამიანი უნდა იყვეს” (1901, №9).

დიდი ღვაწლი დასდო ივანე გიუნაშვილმა წინარეხის სკოლას. მისი ხელმძღვანელობით ასობითა და ათასობით ბავშვმა ისწავლა წერა-კითხვა და გზა გაიკაფა ცხოვრებაში. ამავე დროს, ივანე გიუნაშვილი ნამდვილი მოამაგე იყო გლეხობისა, იგი გულწრფელად იზიარებდა მათ ჭირსა და ლხინს და შეძლებისდაგვარად ყოველმხრივ ეხმარებოდა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” 1915 წლის ანგარიშში, სხვათა შორის, აღნიშნულია: „15 წელიწადია ამ სოფელში (წინარეხში) მოღვაწეობს მასწავლებელი ივანე გიუნაშვილი, რომელსაც სამართლიანად გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა აქვს დამსახურებული სოფლელებისაგან, რადგანაც იგი სული და გულია სოფლისა, გაჭირვების ტალკვესია” (ჟურნალი „განათლების მუშაკი”, №3-4, 1928, გვ. 121).

მართლაც, მეტად საგულისხმო და დასაფასებელია ის გულთბილი დამოკიდებულება, რომელიც მას ადგილობრივ მცხოვრებლებთან ყოველთვის აკავშირებდა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზოგიერტი „პედაგოგი” სოფლად მასწავლებლობას, განსაკუთრებით შორეულ სოფელში მოღვაწეობას, თავის დამცირებად და პირად შეურაცხყოფად თვლიდა და იმის მაგივრად, რომ ხალხის ჭირ-ვარამი გაეზიარებინა, იქ სინათლის შუქი შეეტანა და საერთო წინმსხვლელობისათის ხელი შეეწყო, სულ სხვანაირ გზას მიჰყვებოდა, ბიუროკრატის სახეს ღებულობდა და მცხოვრებლებს ველურად ნათლავდა. აი, როგორ გვიხასიათებს ერთ-ერთ მათგანს ივანე გიუნაშვილი: „როდესაც პირველად აქ (წინარეხში – მ. კ.) მოვდიოდი, ერთმა ახლად გაცნობილმა „ინტელიგენტმა”, რომელსაც რამდენიმე წელიწადია ამ ხალხთან დამოკიდებულება აქვს, აი, რა მითხრა: კაცო, სამოთხეს თავი დაანებე და ჯოჯოხეთში მიდიხარ? იქ რა გინდა, ვერ გაძლებო და თან ჩამირუსულა: „дикары”, ვარწმუნებ ამ პატივცემულს ვაჟბატონს, რომ არამც თუ აქ, მთლად საქართველოში და ქართველობაში „დიკარი” არ მოიძებნება. ხოლო ეს ის „დიკარები” არიან, რომლებიც ზოგიერთებზე ბევრად მაღლა სდგანან ჭკუა-გონებითაც, ხელოსნობითაც, ზეპირსიტყვიერების ცოდნითაც და სხვ.” (“ივერია”, 1901, №34).

ივანე გიუნაშვილი დახელოვნებული მასწავლებელი იყო. ის ენერგიას არ იშურებდა, რათა ბავშვებისათვის რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიეცა. მისი მუშაობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ძლიერ კმაყოფილი იყო. ეს გარემოება საზოგადოებას არაერთხელ აღუნიშნავს და ყოველნაირად ცდილობდა მისი მუშაობის პრობების გაუმჯობესებას. მაგალითად, 1911 წლის „ანგარიშში” წინარეხის სკოლის შესახებ ვკითხულობთ: „ამ სკოლაში ოთხი განყოფილებაა. სწავლობს 60 ბავშვი. მასწავლებლად არის ივანე გიუნაშვილი. აქ სწავლა-აღზრდის საქმე კარგადაა, მოწაფეები რიგიანათ არიან მომზადებული, განსაკუთრებით ქართულ ენაში: ეტყობა, მასწავლებელს ბევრი შრომა გაუწევია ოთხ განყოფილებასთან მეცადინეობის დროს. წესიერება სკოლაში მშვენიერია. ამ მასწავლებლის ჯამაგირი წლევანდლამდე ვერ იყო მოწესრიგებული: ის ღებულობდა „წერა-კითხვის საზოგადოებისაგან” 15 მანეთს თვეში, დანარჩენს სოფლელები აძლევდნენ... გამგეობამ საჭიროდ და სამარტლიანად დაინახა მასწავლებლისათვის ჯამაგირის მომატება” (ჟურნალი „განათლების მუშაკი”, №3-4, 1928, გვ. 38).

ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ივანე გიუნაშვილი, გარდა მასწავლებლობისა, სალიტერატურო და მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა. მთელ რიგ კორესპონდენციებში, რომლებსაც იგი ქართულ ჯურნალ-გაზეთებში ათავსებდა, ეხებოდა მაშინდელი სოფლსი მრავალ საჭირბოროტო საკითხს და მშრომელთა მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის იღვწოდა.

ივანე გიუნაშვილი არის სახელგანთქმული მწერლის მაქსიმ გორკის თხზულებათა ერთ-ერთი პირველი მთარგმნელი ქართულ ენაზე. თავის თარგმანებს იგი ათავსებდა ჟურნალ „კვალისა” და სხვა პერიოდული გამოცემების ფურცლებზე, ხოლო 1902 წელს ცალკე გამოვიდა მაქსიმ გორკის თხზულებათა მოზრდილი წიგნი.

ივანე გიუნაშვილი გარდაიცვალა 1935 წელს.