‍ივანე გეგია (1860-1941)

ავტორი: არსენ მამულაიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

gegia iv45მეცხრამეტე საუკუნის აფხაზეთის სკოლების ისტორიაში საპატიო ადგილი ეკუთვნის სახალხო მასწავლებელს ივანე კონსტატინეს ძე გეგიას.

ივანე გეგიამ 1880 წელს, დაამთავრა თუ არა სასულიერო სასწავლებლის კურსი და რაკი სწავლის გაგრძელების სახსარი არ ჰქონდა, დაბა ოჩამჩირეში კერძო სკოლა გახსნა და მასწავლებლობა დაიწყო. ეს იყო პირველი სკოლა ოჩამჩირეში, რომელიც შემდეგში ივანეს ენერგიული შრომითა და მეცადინეობით ორკლასიან სასწავლებალდ გადაკეთდა.

მიღებული ცოდნით უკმაყოფილო ივანე გეგიამ თვითგანვითარებას მიჰყო ხელი. ის შეუდგა თავის თავზე მუშაობას, რისთვსიაც მას ხშირად ქუთაისსა და თბილისს უხდებოდა წასვალ. აქ, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” მეშვეობით ის გაეცნო და დაუახლოვდა ისეთ ცნობილ ქართველ მწერლებს, როგორიც იყვნენ: ილია, აკაკი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, ცახელი, ი. დავითაშვილი და სხვ. უფრო გვიან ის რევოლუციურ მუშაობაშიც ჩაება.

1890 წელს ივანე თავის სოფელ ოქუმის ორკლასიან სკოლაში გადავიდა. მაგრამ ხუთი წლის შემდეგ, როგორც პოლიტიკურად შემჩნეული, სკოლიდან გააძევეს. ივანე გეგია ამით არ შეშინებულა. ის ჩაება სოფლის მეურნეობაში და ამ გზით უფრო დაუახლოვდა ხალხს. მოაწყო სამაგალითო მეურნეობა და მოსახლეობას ეხმარებოდა – უსასყიდლოდ ურიგებდა ნამყენი ხეხილის ნერგებს სანამყენო ტოტებსა და ამერიკული ჰიბრიდის ვაზის სხვადასხვა ჯიშებს. ივანე გეგია სოფლსი პირველი მეურნეა, რომელმაც ჩაის ბუჩქი შემოიტანა და გაავრცელა სამურზაყანოში. ამ გარემოებისათვის თავის დროზე ყურადღება მიუქცევია ამ დარგის ცნობი მეცნიერს პალიბინს თავის შრომაში – Труды по ботанику, генетике иселекции, ტ. XV (1922).

ამ პერიოდში ივანე გეგია მარტო მეურნეობიტ როდი კმაყოფილდება. ის ოქუმში ხსნის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს, აგებს იმისთვის საკუთარ შენობას, „წერა-კითხვის საზოგადოების” დახმარებით იძენს სათანადო ლიტერატურასა და თვითონ ეწევა ბიბლიოთეკარის მოვალეობასაც და მის მიერვე აქვე ჩამოყალიბებული დრამატული წრის ხელმძღვანელობასაც.

ივანე გეგიას მიერ დაარსებულ ბიბლიოთეკაში ბლომად მოიპოვებოდა ჩვენი სახელოვანი ქართველი მწერლების: ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, რაფიელ ერისთავისა და სხვათა თხზულებანი, რომელთაც მოსდევდა 500 კიდევ სხვადასხვა წიგნი, და მათ შორის 200 თვითონ ამ ბიბლიოთეკის დამაარსებლისაგან იყო შემოწირული.

ქართული ლიტერატურის გარდა ბიბლიოთეკაში რუსული წიგნებიც იყო ცალკე განყოფილების სახით, სადაც მკითხველი იშოვიდა ლევ ტოლსტოის, ფიოდორ დოსტოევსკის, მიხეილ ლერმონტოვის, ალექსანდრე პუშკინის, ალფონს დოდესა და სხვათა ნაწერებს.

წიგნთსაცავით სარგებლობა უფასო ყოფილა, ხოლო ძირითადი წყარო მისი არსებობისა, – საწევრო გამოსაღები და შემოწირულებანი.

საინტერესოა მკითხველთა მოთხოვნილებისა და წიგნთა გავრცელებულობის შესახებ ცნობა, რომლის მიხედვით ადგილობრივ მკითხველთა შორის კაზმულსიტყვაობაზე მეტი მუშტარი ისტორიულ ნარკვევებსა და ისტორიულ თემებზე დაწერილ წიგნებსა ჰყოლია; მაგალითად, იაკობ გოგებაშვილის „თავდადებული ქართველები”, რომელშიც ნაცნობი გმირი ცოტნე დადიანი იტაცებდათ, თურმე ხელიდან ხელში გადადიოდა.

ივანე გეგიას ამგვარი მოღვაწეობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა სოხუმის ოლქის ჟანდარმერიას. 1904 წელს ივანე გეგია, როგორც „გამოუსწროებელი და მავნე ელემენტი”, სამუდამოდ იქნა გადასახლებული რუსეთის შორეულ გუბერნიაში.

მაგრამ იაპონიასთა ომისა და 1905 წლის რევოლუციური მოძრაობით დასუსტებული თვითმპყრობელობის ზოგიერთი შეღავათის პოლიტიკურ ტუსაღებზე გავრცელების გამო, სხვებთან ერთად, ივანეც ბრუნდება სამშობლოში და კვლავ თავის საქმიანობას ანახლებს. ის კვლავ ებმება სასკოლო მუშაობაში უფრო როგორც აგრონომი-მასწავლებელი და სოფლის მეურნეობაშიც კიდევ ახალი დარგი შეაქვს – მეთამბაქოობა და მეაბრეშუმეობა. ცრუმორწმუნე ხალხს აბრეშუმის ჭიის სახლში ყოლა დიდ ცოდვად მიაჩნდა და მის წინააღმდეგ კიდეც გაიბრძოლა, მაგრამ ივანეს პროპაგანდამ ეს დაბრკოლებაც დაძლია.

ამგვარად, ივანეს ავტორიტეტი სოფლის მოსახლეობაში თანდათან გაიზარდა. ის ხდება ყოველგვარი კულტურული წამოწყების ინიციატორი და ხელმძღვანელი, თეატრი იქნება ეს თუ კოოპერატივი, შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობა, სკოლა, სამკითხველო თუ რაიმე სამეურნეო საქმიანობა.

საბჭოთა ხელისუფლებსი დამყარების შემდეგ ივანე გეგია მიწვეულ იქნა გალის ცხრაწლიანი სკოლის აგრონომ-მასწავლებლად, რომლის მუშაობა, მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, სანიმუშო და სამაგალითო იყო. ის პირველი ჩაება აგრეთვე მთელი თავისი მეურნეობით საკოლმეურნეო მშენებლობაში. მან საკუთარი შრომით მოაწყო კოლმეურნეობაში მექათმეობა, მესაქონლეობა, მებაღეობა და მეფუტკრეობა. მრავალფეროვანი და ხანგრძლივი მოღვაწეობისათვის ხელმძღვანელი ორგანოების მიერ მხცოვანი მასწავლებელი რამდენჯერმე იქნა დაჯილდოებული სიგელით, ფულადი სახსრებით და სხვა სახის პრემიებით.

ივანე გეგია თავის დროზე კალმითაც ემსახურებოდა ხალხს. ის იყო მუდმივი კორესპონდენტი გაზეთების – „დროებისა”, ივერიისა”, ჟურნალების – „ცისკრისა”, „მოგზაურისა”, „ჯეჯილისა”, „ცნობის ფურცლისა” და სხვათა, როგორც პირდაპირი ხელმოწერით, ისე „ოდეშელის” ფსევდონიმითაც. წერდა, როგორც ეთნოგრაფიულ-საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი ხასიათის წერილებს, აგრეთვე ლექსებსაც. მისი ლექსები შეტანილია ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემულ „ქართველი პოეტების ლექსთა კრებულში” (1890), „ციცინათელაში”, 1892 წ. სამსონ ღონღაძის მიერ გამოცემულ „ქართული პოეზიის ნიმუშებში” და აგრეთვე ცალკე წიგნად – „ლექსთა კონა” (თბილისი, 1890).

ივანე გეგია გარდაიცვალა 1941 წელს.