‍ივანე გამყრელიძე (1856-1939)

ავტორი: ა. შვანგირაძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

gamkrelidze iv103გამოჩენილი პედაგოგი და აღმზრდელი, გულისხმიერი მოქალაქე და უანგარო მოღვაწე ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე დაიბადა 1856 წელს სოფელ უწერაში (ონის რაიონი). ივანემ ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა 1878 წელს და იმავე წლის ივნისში მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა თბილისის პროგიმნაზიაში, რომელიც მოკლე ხანში ვაჟთა მე-2 გიმნაზიად გადაკეთდა. აქ დაჰყო მან 27 წელი, 9 წლის განმავლობაში მას გიმნაზიის ინსპექტორის თანამდებობა ეკავა. პარალელურად იგი მასწავლებლობდა ქალთა 1-ლ და მე-2 გიმნაზიებში, წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწვლებელში, ქართულ გიმნაზიაში, ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში და ერთი წელიწადი თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1905 წელს ივანე გამყრელიძე თბილისის ვაჟთა 1-ლი გიმნაზიის დირექტორად დანიშნეს. ამ თანამდებობაზე დარჩა 1911 წლის 1 თებერვლამდე. თბილისის მე-2 გიმნაზიის მასწავლებლისა და ინსეპქტორის თანამდებობაზე მოღვაწეობამ „მეტი შესაძლებლობა მისცა ივანე გამყრელიძეს ფართოდ გამოევლინა თავისი ჭეშმარიტად პედაგოგიური თვისებები, რამაც ის გახადა უფრო მეტად პოპულარული და საყვარელი აღმზრდელი-მასწავლებელი. ბევრი შემთხვევა იყო, რომ სხვა გიმნაზიებიდან გამორიცხუი მოწაფეები მშობლებს მიჰყავდათ თბილისის მე-2 გიმნაზიაში, სადაც ელოდებოდათ გულშემატკივარი ადამიანი, მოზარდთა ქომაგი და სწორ გზაზე დამყენებელი ინსპექტორ-პედაგოგი ივანე გამყრელიძე. უმეტეს შემთხვევაში ივანე გამყრელიძე მათ იმედებს ამართლებდა და ხშირად უსამართლოდ დევნილ ახალგაზრდას უბრუნებდა სკოლას დროებით აცდენილი გზიდან”.

უფრო მეტად გაიზარდა ივანე გამყრელიძის ავტორიტეტი, როცა იგი 1905 წელს დანიშნულ იქნა თბილისის ვაჟთა 1-ლი გიმნაზიის დირექტორად. თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიას მოევლინა პირველი ქართველი დირექტორი. ეს იყო 1905 წლის რევოლუციის გამოძახილი. კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი იძულებული შეიქნა ანგარიში გაეწია 1-ლი გიმნაზიის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის, რომლებიც ძლიერ უკმაყოფილო იყვნენ თავიანთი დირექტორით, და გიმნაზიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად მიიწვიეს ივანე გამყრელიძე. მისი გაცილება ვაჟთა მე-2 გიმნაზიიდან ვაჟთა 1-ლ გიმნაზიამდე გრანდიოზულ დემონსტრაციად იქცა.

განსაკუთრებით გაითქვა სახელი ივანე გამყრელიძემ 1905 წლის 22 ოქტომბრის (ძვ. სტ.) ტრაგედიასთან დაკავშირებით. მეფის აგენტები – „რუსი ხალხის კავშირისა” და „მთავარანგელოზი მიხეილის კავშირის” წევრები თბილისში ხშირად აწყობდნენ ე. წ. „პატრიოტულ” მანიფესტაციას, მიმართულს ყოველგვარი რევოლუციურისა და პროგრესიულის წინააღმდეგ. ამ ნაძირალებს სათავეში ედგა მღვდელი გოროდცევი. საეკლესიო ხატებითა და ბაირაღებით ხელში ეს „პატრიოტები” უმეტეს შემთხვევაში მთვრალები, ღრიანცელით დადიოდნენ ქუჩებში, მღეროდნენ მონარქისტულ სიმღერებსა და საეკლესიო საგალობლებს. ისინი გამვლელ-გამომვლელებს ძალით ახდევინებდნენ ქუდებს, აჩოქებდნენ კიდეც. ასეთ „მანიფესტაციას”, როგორც წესი, უკან მოსდევდა, თითქოს წესრიგის დასაცავად, პოლიცია ან ყაზახების შეიარაღებული რაზმი ან ორივე ერთად, სწორედ 1905 წლის 22 ოქტომბერს ასეთი „მანიფესტაცია” მოეწყო გოლოვინის (ახლანდელი რუსთაველის) პროსპექტზე.

ივანე გამყრელიძის გადმოცემით, ამ დღეს გიმნაზიის დერეფნებში მოკლეს ოთხი ყმაწვილი და მძიმედ დაჭრეს შვიდი. გიმნაზია კი მეფისნაცვლის განკარგულებით დროებით დაკეტეს და შენობაში ჯარი ჩააყენეს. მოსწავლეთა აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. მათ პროტესტის გამოსაცხადებლად გამოსცეს გაზეთი „ეხო”, გაზეთის გამოშვებაში ბრალი დასდეს ივანე გამყრელიძეს და თბილისის ოლქის სასამართლომ კიდეც გაასამართლა ის.

ივანე გამყრელიძის თავგანწირვამ მოსწავლეების გადასარჩენად კიდევ უფრო გაზარდა მისი ავტორიტეტი თბილისის საზოგადოების მოწინავე ნაწილში და მას ახალი თაობის თავდადებული მოამაგის სახელი მოუხვეჭა.

ივანე გამყრელიძის უდიდეს ავტორიტეტზე ლაპარაკობს ის ფაქტიც, რომ 1908 წელს დიდი ზეიმით აღინიშნა მისი პედაგოგიური მოღვაწეობის 30 წლისთავი. ვაჟთა 1-ლი გიმნაზიის პედაგოგიური კოლექტივის სახელით მორთმეულ ადრესში შემდეგს ვკითხულობთ: „ნარ-კელით მოფენილ პედაგოგიურ ასპარეზზე თქვენი სამსახურის ოცდაათი წლის მანძილზე თქვენ შეინარჩუნეთ საქმისადმი მხურვალე სიყვარული, მოსწავლეთა საჭიროებათადმი ფხიზელი გულშემატკივრობა და... ახალგაზრდობის ბრწყინვალე შესაძლებლობათა რწმენა, რითაც დაიმსახურეთ ბავშვების სიყვარული, მშობლების მადლობა და საზოგადოების პატივისცემა. ჩვენ კი, თქვენს თანამშრომლებს, თქვენმა ამ თვისებებმა შეგვიმსუბუქა მძიმე პედაგოგიური შრომა, გაგვამხნევა გასაჭირის წუთებში, რაც განსაკუთრებით თავს დაგვატყდა გავლილ მძიმე წელს”.

ივანე გამყრელიძის იუბილეს ყველა კუთხიდან გამოეხმაურნენ მისი ყოფილი მოსწავლეები, რომელთაც უდიდესი სიყვარულით გამთბარი ბარათებით მიმართეს და აღნიშნეს მისი დაუფასებელი ღვაწლი და თავდადება ახალთაობის აღზრდის საქმეში.

1905-1907 წლების ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის დამარცხების შემდეგ მეფის მთავრობას, როგორც ცნობილია, სათავეში ჩაუდგა შავრაზმელი სტოლიპინი, რომელმაც სახრჩობელებით მოფინა მეფის რუსეთის ვრცელი ტერიტორია. რეაქციის მძვინვარებამ წარმოშვა რევოლუციის თანამგრძნობთ შორის დაცემულობა... რუსეთის დიდ ქალაქებში დაარსდა ორგანიზაცია „ლიგა სვობოდნოი ლიუბვი”. ასეთ ორგანიზაციაში გაერთიანებული ახალგაზრდა ვაჟები და ქალები იკრიბებოდნენ ერთად და ერთობობდნენ, „თვრებოდნენ სიყვარულით”. ასეთივე „ლიგა” დაარსდა 1910 წლის ბოლოს თბილისშიც. „ლიგაში” გაერთიანებულნი იყვნენ დიდი მოხელეების, გენერლებისა და სხვა გავლენიანი პირების მოსწავლე ვაჟები და ქალიშვილები, მათ შორის კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის რუდოლფის ქალიშვილიც. მათი შეკრების ადგილი „წითელი ოთახის” სახელით იყო ცნობილი.

ივანე გამყრელიძემ პირველმა აღმოაჩინა ახალთაობის გახრწნის ეს ბუდე და მთელი ენერგიითა და მონდომებით გამოამჟღავნა იგი, ამხილა მისი მონაწილეები. ასეთი ამბის სააშკარაოზე გამოტანა რუდოლფისა და სხვა ბობოლებისათვის დიდი უბედურება იყო და ისინი შეეცადნენ კვალის დაფარვას, „წითელი ოთახის” არსებობის უარყოფას. ივანე გამყრელიძეს ბრალდებად წაუყენეს, რომ იგი სახელს უტეხდა მათ შვილებს, მხედველობაში მიიღეს ისიც, რომ ივანე აღიარებული იყო რევოლუციონერ დირექტორად და კავკასიის მეფისნაცვალს სასტიკი განაჩენიც გამოატანინეს მის მიმართ. 1911 წლის1 თებერვალს ივანე გამყრელიძე მოხსნეს თანამდებობიდან.

ივანე გამყრელიძის დირექტორის თანამდებობიდან მოხსნამ დიდი მწუხარება გამოიწვია გიმნაზიის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის. იგი ვერ გატეხა ამ მძიმე სულიერმა ტრავმამ. მას შემდეგ, რაც ჩამოაშორეს მის საყვარელ სკოლას, ივანემ განსაკუთრებული მზრუნველობის საგნად გაიხადა სოფლის მეურნეობა.

1915 წელს ივანე გამყრელიძემ დააარსა „საშუალო კულტურულ-ტექნიკური სასწავლებელი”. ამ სასწავლებლის დაარსებით იგი მიზნად ისახავდა სწავლა-განათლება მიეცა ღარიბ გლეხთა შვილებისათვის და მათი საშუალებით ხელი შეეწყო სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. ასეთი კერძო სასწავლებლის გახსნის უფლებას მას, როგორც არაკეთილსაიმედოს, მეფის მთავრობა, რასაკვირველია, არ მისცემდა, მაგრამ ივანემ შეძლო მთავრობისათვის მისაღები კერძო სასწავლებლის დამაარსებლის გამონახვა. ეს იყო პროფესიით ინჟინერი, მონარქისტი ვინოგრადოვი. მან ადვილად მიიღო ასეთი სასწავლებლის გახსნის ნებართვა. სასწავლებელი ექვემდებარებოდა კავკასიაში მიწათმოქმედების სამინსიტროს რწმუნებულის სამმართველოს. წინასწარი შეთანხმების თანახმად, ამ ახალი სასწავლებლის დირექტორად უნდა მოეწვიათ ივანე გამყრელიძე. ამ სასწავლებელში თავი მოიყარეს უმეტესად სხვა სასწვლებლებიდან გარიცხულმა მოსწავლეებმა და იმ მასწავლებლებმა, რომლებიც გახდნენ მეფის რეჟიმის მსხვერპლი (ალ. ლომთათიძემ, ილ. ქარცივაძემ, პ. ჩარექიშვილმა, გადასახლებიდან ახალდაბრუნებულმა მიხეილ გავაშელმა და სხვ.). სასწავლებელი მოთავსებული იყო ყოფილი სასულიერო სემინარიის, ამჟამად ხელოვნების მუზეუმის შენობაში. სასწავლებელი ოთხწლიანი იო (ერთი კლასი ზოგადი განათლების და სამი – სპეციალური) და უშვებდა ორი პროფილის სპეციალსიტებს (ჰიდრო-ტექნიკოსებსა და აგრნომ-მიწისმზომელებს).

ეს სასწავლებელი შემდეგ გადაკეთდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმად, რომელიც არსებობდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგაც და მას ხელმძღვანელობდა ივანე გამყრელიძე.

ივანე გამყრელიძე უდიდეს მზრუნველობას იჩენდა მოსწავლეებისადმი, იცოდა ყველა მოსწავლის გვარი და სახელი, მამის სახელიც, მათი ოჯახური მდგომარეობა და საჭიროებისამებრ მატერიალურადაც ეხმარებოდა მათ.

ივანე გამყრელიძე სისტემატურად ადევნებდა თვალყურს მოსწავლეთა ჯანმრთელობას. საკმარისი იყო მოსწავლე სკოლაში არ გამოცხადებულიყო, რომ მაშინვე გააგზავნიდა კაცს მასთან, რათა გაეგო მისი მდგომარეობა, რის შემდეგ იღებდა სათანადო ზომებს. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა მოსწავლეთა ქცევას როგორც სკოლაში, ისე მის გარეთ.

ივანე გამყრელიძე არ კმაყოფილდებოდა იმით, რომ მისი მოსწავლეები საშუალო განათლებას იღებდნენ. ის მათ ურჩევდა, რომ სწავლა განეგრძოთ უმაღლეს სკოლაში, რათა მეტი სარგებლობა მოეტანათ ხალხისათვის.

ივანე გამყრელიძე არა მარტო მოსწავლეთა აღმზრდელი იყო, არამედ ის ზრდიდა და წვრთნიდა ახალგაზრდა დამწყებ მასწავლებლებს, რომ დახელოვნებულიყვნენ თავიანთ სპეციალობაში, მიეღოთ პედაგოგისათვის აუცილებელი წრთობა. ივანე დაუზარებლად უზიარებდა მათ თავის მდიდარ პედაგოგიურ გამოცდილებას. იგი 50 წელი ემსახურა სწავლა-განათლების საქმეს.

ივანე გამყრელიძე გარდაიცვალა 1939 წლის 2 დეკემბერს.