‍სტეფანე გაგუა (1860-1926)

ავტორი: ვლადიმერ გაგუა
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

gagua stცნობილმა სახალხო მასწავლებელმა სტეფანე დავითის ძე გაგუამ თავისი სიცოცხლე ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეს შესწირა; მისი ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობა (1880 წლიდან 1926 წლამდე) სახალხო სკოლისადმი უანგარო სიყვარულის ნათელი მაგალითია.

სტეფანე გაგუა დაიბადა 1860 წელს მარტვილის რაიონსი სოფელ აბედათში. პირველდაწყებითი განათლება სტეფანემ მიიღო მარტვილის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1875 წელს. ერთი წლის შემდეგ (1876) სტეფანემ სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ ვერ შეეგუა იქ გამეფებულ იეზუიტურ წესებს და, როგორც ბევრმა სხვა სემინარიელმა, დატოვა ის. 1877 წელს შევიდა გორის საოსტატო სემინარიაში. 1878 წელს ამ სემინარიის დირექტორად დაინიშნა გამოჩენილი რუსი პედაგოგი დ. სემიონოვი, რომელიც სემინარიელებს ძალიან უყვარდათ. სემიონოვი უაღრესად განათლებული, კულტურული, ჰუმანური და მოწინავე იდეების მაატრებელი პედაგოგი იყო. სტეფანე გაგუა ძალიან უყვარდა სემინარიის დირექტორს, როგორც ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. სტეფანეზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს აგრეთვე ქართული ენის მასწავლებლებმა არისტო ქუთათელაძემ და მიხეილ ყიფიანმა.

სტეფანე სემინარიაში სწავლის დროს დაუახლოვდა მომავალ დიდ პოეტს ვაჟა-ფშაველას, შემდეგში გამოჩენილ პედაგოგებს – ალექსანდრე ნათაძეს და ივანე ავალიშვილს და ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მათთან.

სტეფანე გაგუამ პირველი პედაგოგიური ნათლობა მიიღო მარტვილში, სადაც იმ დროს სასულიერო სასწავლებელი და ერთკლასინი ვაჟთა სკოლა არსებობდა. სტეფანე ამ უკანასკნელის გამგე-მასწვლებლად დაინიშნა.

1881 წელს სტეფანე გაგუა დანიშნეს ქუთაისის პირველი საქალაქო ექვსკლასიანი სასწავლებლის ინსპექტორად. ამ თანამდებობაზე მან მხოლოდ ერთი წელი დაჰყო, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობდა, ქუთაისში ბევრი რამ ისწავლა, მრავალი მეგობარი და თანამგრძნობი შეიძინა. 1882 წელს სტეფანე გადაიყვანეს ხონის ორკლასინი დაწყებითი სკოლის ზედამხედველის თანამდებობაზე. ხონში კიდევ უფრო მეტად გაითქვა მან სახელი, როგორც განათლებულმა და დახელოვნებულმა მასწავლებელმა. 1888 წელს სტეფანე გაგუა გადაიყვანეს ზუგდიდში ორკლასიანი დაწყებითი სასწავლებლის ზედამხედველად. ამ სასწავლებელში მას დაევალა არასახარბიელო მდგომარეობის გამოსწორება. 1893 წელს სტეფანე კვლავ ხონში დაბრუნდა თავის ადრინდელ თანამდებობაზე, ექვსი წლის შემდეგ კი სამუშაოდ გადავიდა ხონის სამკლასიან საქალაქო სასწავლებელში. სტეფანე გაგუა უაღრესად პრინციპული და მომთხოვი პედაგოგი იყო. მისი ყოფილი მოსწავლეები მას იგონებენ როგორც საკმაოდ მკაცრს, მაგრამ მეტად სამართლიან და მოსიყვარულე მასწავლებელს. 1899 წელს მან თბილისში წარმატებით ჩააბარა გამოცდები საქალაქო სკოლის მასწავლებლის წოდების მისაღებად.

1902 წელს სტეფანე კვლავ ქუთაისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო მასწავლებლად ქუთაისის საქალაქო სასწავლებელში. ორი წლის შემდეგ იგი ხონის საქალაქო სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებოაბზე მიიწვიეს, ხოლო შემდეგ ქუთაისის მეორე საქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად დანიშნეს. ქუთაისში იგი 1916 წლამდე დარჩა, სადაც მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე (იყო ქუთაისის უმაღლეს-დაწყებითი სკოლის გამგე, ქუთაისის გუბერნიის სახალხო სასწავლებლების პირველი, მეორე და ბოლოს, მეოთხე რაიონის ინსპექტორი).

1908 წელს სტეფანე გაგუას თაოსნობით მის მშობლიურ სოფელ აბედათში გაიხსნა დაწყებითი სასწავლებელი სასოფლო-სამეურნეო განხრით. ასეთი სკოლები მაშინ მეტად მცირე იყო, მოთხოვნილება და საჭიროება კი დიდი. სტეფანე გაგუამ ექიმ პოლიკარპე ჩხიკვიშვილთან ერთად ხონში დააარსა აგრეთვე ქალთა დაწყებითი სკოლა, სადაც სწავლება უფასო იყო. ეს იყო პირველი ქალთა სკოლა ხონში, რომელსაც ივანე შარაშიძემ თავისი ბინა უფასოდ დაუთმო.

1917 წელს სტეფანე გაგუა აირჩიეს ქალაქ ფოთის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარედ, სადაც მან ორი წელი დაჰყო. მენშევიკურმა ხელისუფლებამ იგი საეჭვო პიროვნებად მიიჩნია და გიმნაზიის ხელმძღვანელობიდან გაანთავისუფლა.

მიუხედავად დევნა-შევიწროებისა და ხანდაზმულობისა, სტეფანე გაგუა მაინც ჩვეული ენერგიით განაგრძობდა თავის საყვარელ საქმეს, მასწავლებლობდა ქალთა გიმნაზიაში.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სტეფანემ ახალი ენერგიით განაგრძო მუშაობა. მისი შრომა სათანადოდ დაფასდა, იგი დააწინაურეს ფოთის პირველი შრომის სკოლის გამგედ. თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სტეფანე გაგუა მუშაობდა ფოთის ჰუმანიტარული ტექნიკუმისა და ცხრაწლიანი შრომის სკოლის მასწავლებლად.

სტეფანე გაგუასთვის დაუვიწყარი იყო 1925 წელი. ფოთის მასწავლებელთა საზოგადოებამ იგი ერთხმად აირჩია მასწავლებელთა სრულიად საკავშირო I ყრილობის დელეგატად. ყრილობიდან სტეფანე მდიდარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა. თავის კოლეგებს იგი აღტაცებით უამბობდა ყრილობის ამბებს. აი, ერთი ეპიზოდი მისი ნაამბობიდან: ყრილობის მეორე დღეს, სხდომის დამთავრების შემდეგ, მასწავლებელთა ერთ ჯგუფს უთხოვია ნადეჟდა კრუპსკაიასთვის მათთან გადაეღო სურათი. ნადეჟდა კონსტანტინეს ასული დათანხმებია და დელეგატთა შუაში ჩამჯდარა. უცებ მას ყურადღება მიუქცევია მაღალი, სიმპათიური თეთრწვერიანი კაცისათვის და ფოტოგრაფისათვის უთხოვია მოეწვია იგი. სურათის გადაღების შემდეგ კრუპსკაიას ხანგრძლივად უსაუბრია მასთან და მეტად კმაყოფილი დარჩენილა. არავინ იტყვის, რომ თქვენთვის რუსული ენა მშობლიური არ არის, – უთქვამს მას. ყრილობის დამთავრებისას ნადეჟდა კრუპსკაიას სტეფანე გაგუასთვის უთხოვია გადაეცა ქართველი და, კერძოდ, ფოთელი პედაგოგებისათვის ბოლშევიკური სალამი. თავისი კოლეგების მხარდაჭერით პარტიისა და მთავრობის ნდობით აღფრთოვანებულ ხანდაზმულ პედაგოგს დიდი გეგმები ჰქონდა დასახული, იგი მეტად მხნედ გრძობდა თავს და გატაცებით მუშაობდა, მაგრამ იგი გაცივდა და 1926 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა.

სტეფანე მასწავლებელთა ინტერესების თავგამოდებული დამცველი იყო. იგი ყოველთვის იმაღლებდა ხმას მასწვლებელთა უუფლებობისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

ქუთაისში მუშაობის დროს სტეფანემ გაიგო, რომ მოწინავე მასწავლებელი ილარიონ ჭეიშვილი დაუპატიმრებიათ და, როგორც მეფის ხელისუფლებისათვის არაკეთილსაიმედო პირს, გადასახლებას უპირებდნენ. სტეფანე არ მოერიდა საფრთხეს, რომელიც ჭეიშვილის გამომქომაგებელს ელოდა, გუბერნატორს ეწვია და სთხოვა, ეპატიებინათ მისთვის. „თქვენ თხოულობთ შეუძლებელს. იცით თუ არა, რომ იგი მეფის მოწინააღმდეგეა?” – უთხრა გუბერნატორმა. სტეფანემ გუბერნატორი გააფრთხილა, რომ დაპატიმრებულის დასაცავად აღდგება ქუთაისის მასწავლებლები და მოსწავლეები და რაც მოხდება, ემრე თქვენ თავს დააბრალეთო. გუბენარტორს ეს სიტყვები არ მოსწონებია, მაგრამ მაინც შეპირებია საქმეს გავეცნობი და ვნახოთო. რამდენიმე დღის შემდეგ ილარიონ ჭეიშვილი გაათავისუფლეს სტეფანე გაგუას თავდებობით.

სტეფანე გაგუას მისი თანამედროვენი ახასიათებენ, როგორც უანგარო და უმწიკვლო პედაგოგს. მას კარგად ესმოდა მასწავლებლის მაღალი დანიშნულება და იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

სტეფანე გაგუა წერდა ლექსებსა და მოთხრობებს. მისი ყოფილი მოწაფე, პროფესორი მ. კანკავა თავის მოგონებებში წერს: „სტეფანეს ეხერხებოდა ლექსების წერა, რომლებსაც ის თავის მეგობრებსა და მოწაფეებს ხშირად უკითხავდა. ის აგროვებდა ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, ლექსებს, იგავ-არაკებს, ზღაპრებს, ელგენდებსა და საერთოდ, თავს უყრიდა ფოლკლორულ მასალას. ყოველივე ამას იგი დიდი გატაცებით აკეთებდა... ფოთში ის სარგებლობდა დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით. ხშირად, როდესაც ფოთის ვაჟთა გიმნაზია საღამოებს აწყობდა, იწვევდნენ ქალთა გიმნაზიის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, რომლებსაც სტეფანე გაგუა ედგა სათავეში”.

ღვაწლმოსილი სახალხო მასწავლებლის სტეფანე გაგუას ცხოვრება და მოღვაწეობა ახალგაზრდა მასწავლებლებისათვის პედაგოგიური საქმის უანგარო სიყვარულის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენს.