‍კონსტანტინე გაგუა (1885-1947)

ავტორი: კ. თოფურია
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

gagua ko135კონსტანტინე რომანოზის ძე გაგუა დაიბადა 1885 წლის 31 ივლისს, სენაკის მაზრის სოფელ ტალერში, სახალხო მასწავლებლის ოჯახში. 1899 წელს მან დაამთავრა ახალსენაკის სასულიერო სასწარვლებელი. 1904 წლამდე სწავლობდა ქუთაისის, ხოლო შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის კურსი დაასრულა 1906 წელს. ამავე წელს უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა ყაზანს. ყაზანის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი კონსტატინე გაგუამ დაამთავრა 1911 წელს. ამ დროიდანვე დაიწყო მისი პედაგოგიური მოღვაწეობა.

1911 წლის სექტემბერში კონსტანტინე გაგუამ თავისი ინიციატივით სურამში გახსნა კერძო პროგიმნაზია, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ქართული ენის სწავლებას. ამ წლის დამლევიდან მან მუშაობა დაიწყო ხაშურის გიმნაზიაში ისტორიის, გეოგრაფიისა და ლათინური ენის მასწავლებლად, სადაც 1917 წლამდე დარჩა. 1917-1918 წლებში გაგუა მასწავლებლობს ბათუმის, ხოლო 1918-1919 წლებში ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიებში. 1919 წელს გადაყვანილ იქნა თბილისის რეალური სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, დედაქალაქის სხვადასხვა სკოლაში პრაქტიკულ-პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად, კონსტანტინე გაგუა ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა მასწავლებლებისათვის დამხმარე მეთოდიკური ლიტერატურის შესაქმნელად. 1928 წლიდან იგი მჭიდროდ დაუკავშირდა პედაგოგიური კადრების კვალიფიკაციის ამაღლების (ამჟამად მასწავლებელთა დახელოვნების) ინსტიტუტს, როგორც გამოცდილი მეთოდისტი და დახელოვნებული მასწავლებელი, ხოლო 1934 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე განაგებდა ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტს ამავე ინსტიტუტში.

კონსტანტინე გაგუა იყო მოწინავე პედაგოგი და საუკეთესო მოქალაქე, იგი ითვლებოდა არა მარტო თავისი საგნის – ქართული ენისა და ლიტერატურის ღრმად მცოდნედ, არამედ, საერთოდ, ფართოდ განათლებულ ადამიანად.

განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის კონსტანტინე გაგუას ჩვენი სკოლების წინაშე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა პედაგოგიური დახელოვნებისათვის. იგი კარგად გრძნობდა მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკურ საკითხებზე მოსწავლეებისათვის დამხმარე ლიტერატურის მიწოდების გადაუდებელ საჭიროებას. მდიდარმა პედაგოგიურმა გამოცდილებამ, სკოლებთან მჭიდრო და სისტემატურმა კავშირმა გამოხატულება ჰპოვა მეთოდიკური ხასიათის შრომებში (“პოეტიკა”, „ქართული წერა-კითხვის სწავლების მეთოდიკა”, „მხატვრული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა საშუალო სკოლაში”, „ქართული ენის გრამატიკის სწავლების მეთოდიკის საკითხები” და სხვ.).

კონსტანტინე გაგუას წიგნში „პოეტიკა” მთავარი ადგილი დათმობილი ჰქონდა პოეტიკის შედარებით თეორიულ-პრინციპულ საკითხებს. წიგნი, ძირითადად, აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რომლებსაც საშუალო სკოლის კურსი უყენებდა პოეტიკის სწავლებას მოცემულ ეტაპზე.

კონსტანტინე გაგუას შრომა „ქართული წერა-კითხვის სწავლების მეთოდიკა” განკუთვნილი იყო დაწყებითი სკოლის მასწავლებელთათვის და მიზანდ ისახავდა მათთვის პრაქტიკულ-მეთოდური დახმარების აღმოჩენას. კერძოდ, იგი აშუქებდა პირველ კლასში ანბანის სწავლების მთელ რიგ მნიშვნელოვან მეთოდიკურ საკითხებს, იძლეოდა კითხვისა და წერის გაკვეთილებს ფსიქო-პედაგოგიური პროცესის დახასიათებას და ანალიზურ-სინთეზური ბგერითი მეთოდით ჩასატარებელი გაკვეთილების რამდენიმე საორიენტაციო ნიმუშს. ყოველივე ეს გარკვეული დროის მაინძილზე საგრძნობ მეთოდიკურ დახმარებას უწევდა დაწყებითი სკოლის პირველი კლასის მასწავლებლებს.

1940 წელს გამოქვეყნდა კონსტანტინე გაგუას ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი „მხატვრული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა საშუალო სკოლაში”, რომელიც რეკომენდებულია პედაგოგიური უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის დამხმარე მეთოდიკურ სახელმძღვანელოდ. მისი პრაქტიკულ-გამოყენებითი მნიშვნელობა განსაკუთრებით იმაში იყო, რომ იგი იძლეოდა ლიტერატურაში საშინაო დავალებათა დოზირებისა და მისი რაციონალურად გამოყენების შესახებ პედაგოგიურად სწორ მითითებებს, უჩვენებდა ლიტერატურაში აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებთან მუშაობის ხერხებსა და საშუალებებს და დართული ჰქონდა სხვადასხვა კლასის პროგრამული მასალის მეთოდური დამუშავების საორიენტაციო კონსპექტები.

როგორც ცნობილია, ქართული ლიტერატურის სწავლება განუყრელად დაკავშირებულია ქართული ენის სწავლებასთან. ამ საკითხებს აშუქებს კონსტანტინე გაგუას მიერ 1941 წელს გამოცემული საყურადღებო დამხმარე მეთოდიკური სახელმძღვანელო „ქართული ენის გრამატიკის სწავლების მეთYოდიკის საკითხები”. დასახლებულ შრომაში გრამატიკული კატეგორიების შესასწავლად ავტორი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ლიტერატურული ტექსტების შერჩევას.

გრამატიკსი სწავლებაში წამყვა როლს კონსტანტინე გაგუა სინტაქსს აკუთვნებდა. წიგნის უმთავრესი ნაწილი მიძღვნილია სინტაქსის სწავლების მეთოდიკური საკითხებისადმი. წიგნში წარმოდგენილია სქემა-ტაბულები სინტაქსურ მოვლენებზე, გარკვეულია გრამატიკაში წერითი სავარჯიშოების ჩატარების საკითხები და მოცემულია ერთ-ერთი სანიმუშო გაკვეთილის კონსპექტი თემაზე: „დამოკიდებული დამატებითი წინადადება”.

კონსტანტინე გაგუამ თავისი წვლილი შეიტანა, აგრეთვე, ჩვენს სკოლებში ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების სწავლების მეთოდიკური საკითხების დამუშავებაში. 1941 წელს გამოვიდა კონსტანტინე გაგუას წიგნი „ქართული პოეტური ფოლკლორი”, სადაც ავტორი მიუთითებდა იმ დიდ მნიშვნელობაზე, რომელიც ენიჭება ფოლკლორს მოსწავლეთა იდეურ-პოლიტიკური აღზრდისათვის.

კონსტანტინე გაგუას დიდი დამსახურება მიუძღვის ჩვენი სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა წინაშე. გაზეთი „სახალხო განათლება” 1947 წლის 28 აგვისტოს კონსტანტინე გაგუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაბეჭდილ ნეკროლოგში სავსებით სამართლიანად წერდა, რომ „ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობით კონსტანტინე გაგუამ დიდი დახმარება გაუწია მასწავლებლობას კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული დახელოვნების საქმეში. იგი დამსახურებულად სარგებლობდა დიდი ავტორიტეტითა და სიყვარულით საქართველოს მასწავლებელთა შორის. არამარტო პრაქტიკული მუშაობით ეხმარებოდა კონსტანტინე გაგუა სწავლა-აღზრდის საქმეს არამედ მის კალამს ეკუთვნის მრავალი მეთოდური შრომა და სახელმძღვანელო”.