‍ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილი (1851-1938)

ავტორი: სოლომონ ცაიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

gabashvili ekaterineეკატერინე რევაზის ასული თარხნიშვილი-გაბაშვილისა დაიბადა 1851 წლის 16/28 ივნისს ქალაქ გორში. 5 წლისა იყო ეკატერინე, როცა დედა გარდაეცვალა და მისი აღზრდა დიდედამ იკისრა. დიდედა (დედის მხრიდან) ბაბალე მტკიცე ნებისყოფის, მკაცრი დისციპლინისა და ტრადიციული წესების დამცველი ყოფილა. იგი შვილიშვილს ფუფუნებაში როდი ზრდიდა, პირიქით, პატარა კატომ რვა წელიწადი გლეხის ბავშვებთან გაატარა, რამაც წარუშლელი გავლენა მოახდინა მასზე და იგი გახადა სოფლის გულწრფელ ემგობრად, მშრომელი გლეხობის მოყვარულ და მოსარჩლე ხალხოსან მწერლად და სახალხო განათლების უანგარო მოღვაწედ.

ეკატერინე გაბაშვილი შეიყვანეს თბილისის „მადამ ფავრის პანსიონში”.

ამ პანსიონში სწავლა ეკატერინემ 1868 წელს დაასრულა და მაშინვე დაიწყო მასწავლებლობა გორში. ახალგაზრდა კატოს იდეალი ხალხში გასვლა, ხალხის სამსახური იყო. მოთხრობაში „სოფლის მასწავლებელი” მან მკაფიოდ გამოამჟღავნა ეს მისწრაფება. მოთხრობის გმირების ალექსანდრესა და ნინოს დიალოგში აშკარად ისმის ახალგაზრდა ხალხოსნის ხმა. მათი აზრით, ცხოვრებაში სამოღვაწეოდ გამოსვლისათვის მთავარი და პირველი ნაბიჯია ხალხში განათლების შეტანა. ამ მხრივ, ქალებსაც ბევრი შეუძლიათ გააკეთონ: „ქალი საუკეთესო შემტანია სინათლისა უკუნეთში. ასრულებისათვის კი მხოლოდ სურვილი და შეგნებაა საჭირო...”

პანსიონდამთავრებული ეკატერინე გორში დაბრუნებისთანავე კერძო მასწავლებლობას შეუდგა. მაშინ გორში მხოლოდ სასულიერო სასწავლებელი არსებობდა. ქალთა სასწავლებელზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო. ისინი ოჯახებსა და შინაურ მასწავლებლებთან სწავლობდნენ წერა-კითხვას. ეკატერინე ყოველგვარი სასყიდელის გარეშე ასწავლიდა მათ და შეგირდებიც საკმაოდ შეუგროვდა, რაც მეტად ახარებდა ახალგაზრდა მასწავლებელს. მას სწამდა მხოლოდ ადამიანი და ისიც მშრომელი, ხალხის კეთილდღეობისათვის მზრუნველი. მისი ამგვარი ზრუნვის პირველი ნაბიჯი იყო მასწავლებლობა, რითაც ხალხის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. უკვე შორეული სოფლებიდანაც კი მოჰყავდათ მასთან ბავშვები.

ეკატერინე გაბაშვილის ამგვარმა მოქმედებამ დაარწმუნა გორის მაშინდელი საზოგადოება, რომ იქ აუცილებელი იყო ქალთა სამრევლო სკოლის გახსნა. ეკატერინეს ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით ეს სკოლა შეიქმნა. იგი საუკეთესო სასწავლებელი გახდა. აქ მიიღეს პირველდაწყებითი განათლება ცნობილმა მოღვაწე ქალებმა: ნატო გაბუნიამ და მარიამ დემურიამ. ამ სკოლაში ეკატერინე ყველა საგანს ქართულად ასწავლიდა.

ენეერგიული, გლუისხმიერი, ბავშვებისადმი მეგობრულად განწობილი ეკატერინე ყველა მოსწავლესა და მათ მშობლებს უყვარდა, მან მოკლე ხანში დაიმსახურა ხალხის ყურადღება და პატივისცემა.

ეკატერინე არც ალექსანდრე გაბაშვილზე გათხოვებისა და სამუდამო საცხოვრებლად თბილისში გადასვლის შემდეგ ანებებს თავს პედაგოგიურ მოღვაწეობას. იგი ხდება ერთ-ერთი აქტიური წევრი „ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებისა” და ზედამხედველი ამავე საზოგადოების მიერ დაარსებულ ქალთა პროფესიული ჭრა-კერვის სკოლისა. იგი გატაცებული იყო ნამდვილი პატრიოტული გრძობით, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისკვეთებით გაჟღენთილი ქართველი ქალების აღზრდით, ქართველი ქალებისა, რომელთაც დღეს თუ ხვალ ოჯახი უნდა შეექმნათ და ღირსეული დედები უნდაყოფილიყვნენ.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მან ჯერ კიდევ 80-იან წლებში გაილაშქრა გაზეთ „ობზორის” ფურცლებზე სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელთა კრების იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ ვაჟთა სკოლების გახსნასა და გავრცელებას გულისხმობდა. ეკატერინე გაბაშვილი მოითხოვდა, რომ ვაჟებთან ერთად ქალქებსაც მისცემოდა განათლების მიღების საშუალება და შეიმუშავა პროეტი ახალგახსნილ სკოლებში ქალ-ვაჟთა გაერთიანებული სწავლების შესახებ.

ეკატერინე გაბაშვილს თბილისში გადასვლით სამოქმედო სარბიელი გაუფართოვდა. ახლა ის აქ მარტო მასწავლებელი როდია. უკვე ცნობილი ბელეტრისტი ქალი აქტიურად ეხმარება ყველას კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობაში, ამასთანავე თვითგანვითარების გზით იღრმავებს ცოდნასა და მწერლობაში უფრო მეტი ოსტატობით, შრომისმოყვარეობით და გონივრული ნაბიჯებით იპყრობს ყურადღებას გამოჩენილი ქართველი მოღვაწეებისას, მათ შორის: ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილისა და სხვების, რომელთაც მოსწონდათ ახალგაზრდა ქართველი ქალის ასეთი გაბედულება და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. 1880 წელს ეკატერინე გაბაშვილი აირჩიეს ახალჩამოყალიბებულ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” პირველი შევსებული გამგეობის წევრად, რაც იმას ნიშნავდა, რომ იმ ხანების მოღვაწე ქალთა შორის ეკატერინე გაბაშვილს ყველაზე მოწინავედ თვლიდნენ. ამ საზოგადოების საქმიანობაში იგი მუდამ ინიციატივიანი და გარკვეული როლის შემსრულებელი იყო. როცა ეკატერინემ აღნიშნულ საზოგადოებას წარუდგინა თავისი პროექტი ქალთა პროფესიული სკოლების დაარსების შესახებ, საზოგადოების თავმჯდომარემ, ილია ჭავჭავაძემ, იგი მოიწონა (დაიწუნა! – ლ. გ.) და უყოყმანოდ ურჩია გამგეობას მისი გახსნა, რომელსაც სათავეში ეკატერინე ჩაუდგა. ილია ჭავჭავაძე ამ საქმიანობას პრესაში გამოეხმაურა, მან მოიწონა „ივერიაში” გამოქვეყნებული ეკატერინეს სტატია ამ საკითხზე და გაზეთის ერთ-ერთ მეთაურ წერილში აღნიშნა: „ჩვენ ამ წერილისა ის მოგვწონს და ის გვიხარია, რომ ჩვენს ქალებს თავის თავის შველა მოუწადინებიათ და სათავედ დაუდვიათ საკუთარი მმხნეობა, საკუთარი მეცადინეობა უკეთესს სახსარს, უკეთესს ღონეს სხვას ვერას იპოვიან... ჩვენ ეს ამბავი სიხარულით შეგვაქვს ჩვენს მატეანეში და მივულოცავთ ჩვენს ქალებს, რომ ჭეშმარიტ გზას დასდგომიან თავიანთი სვე-ბედის გასასწორებლად. მალე შეუსრულდებათ ეს კეთილი განზრახვა, თუ გვიან – დღეს საქმე ამაში არ არის. საქმე იმაშია, რომ თავიანთი საკუთარი მხნეობა, საკუთარი გამრჯელობა დაუდვიათ სათავედ თავიანთი მოქმედებისათვის და შესდგომიან, რომ თავის საკუთარის ხელითა და გარჯით გაიტანონ ცხოვრების მოედნიდან თავიანთი სვე-ბედის ბურთი. რაც გინდა ბევრი დაბრკოლება აღმოუჩნდეს პირველ ხანებში ამ ქალებისაგან განზრახულ საქმეს, ბოლო მაინც გამარჯვებაა და გამარჯვება, რადგანაც იშვიათი ამბავია, რომ დაუღალავს მხნეობასა და საქმის ბოლომდე მედგრად მიყოლას თავი არ გაეტანოს...”

ილიას ამგვარი წახალისებით გამხნევებული ეკატერინე გაბაშვილი უფრო მეტი მონდომებით და ენთუზიაზმით ჩაება ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების მუშაობაში.

გასაოცარია ამ მხრივ მისი დაუშრეტელი ენერგია და დაუცხრომელი შრომისმოყვარეობა. იგი ბოლომდე დარჩა ქალთა განათლების ენთუზიასტად და ეს იმიტომ, რომ, მისი ღრმა რწმენით, მხოლოდ ამგვარი განათლების მიღებითა და ცხოვრებისათვის მომზადებით შეიძლებოდა ქალის, როგორც კაცობრიობის მეორე ნახევრის ზნეობრივი ამაღლება და საზოგადოებრივ სარბიელზე გააქტიურება.

მშრომელი ხალხის ეკონომიკურად მოღონიერება, განათლების შეტანა ხალხში, ხალხის გათვითცნობიერება, ეროვნული შეგნების ამაღლება, ეროვნული თავისუფლების მოპოვება, ქალის განთავისუფლება ჩამორჩეინლი ტრადიციის არტახებიდან, მისი საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმა და სხვა იყო ის ძირითადი მამოძრავებელი იდეა, რამაც ეკატერინე გაბაშვილი გაიტაცა თავიდანვე და რასაც ის ბოლომდე ემსახურებოდა სიტყვითა და საქმით.

აღსანიშნავია, რომ ეკატერინე გაბაშვილისათვის საკუთარი ოჯახი და სკოლა ერთი მთლიანი და განუყოფელი ორგანიზმი იყო. იგი თანაბარი მზრუნველი და მოამაგე იყო თავისი შვილებისა და მოსწავლეებისა, რომლებიც უკანასკნელ ხანებში მას საკუთარ ბინაზე ჰყავდა. როცა შესაძლებლობა და შემთხვევა მიეცა, მან 1897 წელს გახსნა ქალთა ახალი პროფესიული სკოლა, რომელსაც ბინა საკუთარ სახლში (გაბაშვილის შესახვევი, 3) დაუთმო. ცხადია, თვითონვე იყო ამ სკოლის ხელმძღვანელი და ერ-ერთ მასწავლებელიც. სკოლა ჭრა-კერვისა და ქარგვა-ქსოვის პროფილით იყო და მასწავლებელი სწავლობდნენ მხოლოდ ღარიბთა შვილები ან ობლები. ისინი ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში გარკვეულ სპეციალობასთან ერთად საერთო განათლებასაც იძენდნენ. საგულისხმოა ისიც, რომ ეს სკოლა ერთხანად საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგაც განაგრძობდა არსებობას.

სახალხო განათლების გავრცელებისადმი ამგვარ ზრუნვას უკავშირდება გაბაშვილსი ნაყოფიერი ღვაწლი ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში. იგი თავის ბრწყინვალე ბელეტრისტიკაში გარკვეულ ადგილს საბავშვო მწერლობას უთმობდა, პრაქტიკულადაც იბრძოდა საბავშვო ლიტერატურისა და მოზარდთა პრესის შექმნისა და განვითარებისათვის. იგი ილია ჭავჭავაძესთან, იაკობ გოგებაშვილთან, გიორგი წერეთელთან და სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან ერთად, მხურვალე მონაწილეობას იღებს 1884 წელს პირველ საბავშვო ჟურნალ „ნობათის” დაარსებაში (რედაქტორი ა. ღულაძე).

“ნობათის” დახურვის შემდეგ კიდევ უფრო მწვავედ იგრძნობოდა ამგვარი გამოცემის მოთხოვნილება. საჭირო იყო ახალი, კიდევ უფრო პროგრესული და ჰუმანური მიმართულების საბავშვო ჯურნალის არსებობა. ეკატერინე გაბაშვილი დაუკავშირდა ცნობილ ქართველ მოღვაწე ქალს ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისას, რათა დაარსებულიყო ახალი საყმაწვილო ჯურნალი. ანასტასიას რედაქტორობით 1889 წელს ეს ჟურნალიც დაარსდა და აკაკი წერეთლის წინადადებით მას „ჯეჯილი” დაერქვა. ეკატერინე ამ ჟურნალისმუდმივი თანამშრომელი, სარედაქციო კოლეგიის წევრი და ერთი ბურჯთაგანი იყო თითქმის 30 წლის განმავლობაში.

არანაკლები ღვაწლი მიუძღვის ეკატერინეს მესამე საბავშვო ჟურნალ „ნაკადულის” დაარსებაშიც. როგორც თვითონვე იგონებს, ეს სახელწოდებაც მან გამოუძებნა ჟურნალს. ორივე ჟურნალი – „ჯეჯილი” და „ნაკადული” – ჩვენში საბჭოთა წყობილების დამყარებამდე განაგრძობდა არსებობას. ეკატერინე ორივე ჟურნალის ნაყოფიერი თანამშრომელი და პატარა მკითხველების საყვარელი მწერალი იყო. იგი თავის სურათოვანი და მხატვრული მოთხრობებით პატარა მკითხველებს უნერგავდა ჰუმანურ გრძნობებს, მშობლიური კერის, ქვეყნისა და ხალხის სიყვარულს.

სამწერლო ასპარეზზე ეკატერინე გაბაშვილი 1870 წელს გამოვიდა. ამ წელს დაიბეჭდა გაზეთ „დროებაში” მისი პირველი ნაწარმოები – „გლეხი კაცის აზრი სასოფლო სკოლაზე”, რომლითაც მან, როგორც მწერალმა, მასწავლებელმა და საზოგადო მოღვაწემ, მკაფიოდ გამოამჟღავნა თავისი დამოკიდებულება მემამულურ-თავადაზნაურული წრეებისადმი, როგორც ექსპლოატატორებისადმი, და გამოესარჩლა ჩაგრულ-გაღატაკებულ ფენებს. მან თავისი მახვილი კალაი გაბატონებული წოდების აღვირახსნილობით გამოწვეული უკუღმართობისა და სიდუხჭირის წინააღმდეგ მიმართა. მისმა მშვენიერმა მოთხრობამ „კონა”, რომელიც 1881 წლის ჟურნალ „ივერიაში” გამოქვეყნდა ახალგაზრდა ბელეტრისტ ქალს საკმაო პოპულარობა მოუხვეჭა. ამ ხანებიდან მოკიდებული, საქართველოში არ ყოფილა ისეთი პერიოდული გამოცემა, რომელშიც ეკატერინეს მხურვალე მონაწილეობა არ იეღოს.

“მაგდანას ლურჯას” და „ღვინია გადაიჩეხას” ავტორი მეტად პოპულარული და ცნობილი მწერალი გახდა საქართველოში. მისი მრავალი მოთხრობა, რომლებითც დამშვნებული იყო ქართული გამოცემები, შემდეგ სასკოლო სახელმძღვანელოებსა და ქრესტომათიებში შედიოდა და ამით ახალი თაობების აღზრდაში მნიშვნელოვან წილს უდებდა მათ ნიჭიერ ავტორს.

არც ახალი სკოლის სახელმძღვანელოებია ეკატერინე გაბაშვილის თხზულებებს მოკლებული. საბჭოთა სკოლა დიდი სიყვარულით და მზრუნველობით მოეკიდა მშრომელთა მოამაგე მწერლის სულიერ საგანძურს.

ეკატერინე გაბაშვილის ნააწრმოებებიდნა განსაკუთრებით აღსანიშნავია: „კონა”, „რომანი დიდხევაში”, „სოფლის მასწავლებელი”, „მეურმის ფიქრები”, „სხვადსხვა ქორწილი”, „მაგდანას ლურჯა”, „ორენა და ქუჩე”, „სოფლის მევახშენი”, „ღვინია გადაიჩეხა”, „თამარის ნუგეში”, „გამარჯვებული ნიკო”, „სოფლის მეგობარი” და სხვ. ამ სათაურებიდანაც აშკარაა მწერლის თემატიკა და მასალა: სოფელი, მისი ყოფა-ცხოვრება და იმდროინდელი გლეხობის დუხჭირი მდგომარეობა იყო მის პროზის უმთავრესი საგანი.

ეკატერინე გაბაშვილი გულთბილად შეხვდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას. ღრმად მოხუცებულობის მიუხედავად, მას კალამი ხელიდან სიკვდილამდე არ გაუგდია. პირიქით, მშრომელთა გამარჯვებამ, ქართველი ერის მაჯისცემის განახლებამ და მწერლისადმი დიდმა პატივისცემამ – წარსულში გაწეული ამაგის ღირსეულად შეფასებამ ის ისე აღაფრთოვანა, რომ თავისი ჩვეული ენერგიით, ხალისითა და სიყვარულით განაგრძობდა მოთხრობების და მემუარების წერასა და გამოქვეყნებას. საბჭოთა პერიოდულ პრესაში (“მნათობი”, „ლიტერატურული საქართველო” და სხვ.) განსაკუთრებით კი საბავშვო ჟურნალებში (“ოქტომბრელი”, „პიონერი”) და „ქართველ ქალთა ალმანახში”, რომლის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი თვითონ იყო. ქალს, რომელსაც ცხრა საკუთარი შვილი გამოუზრდია და ვინ უწყის, რევოლუციამდე რამდენი ასეული ქართველი მანდილოსანი და ოჯახის გულშემატკივარი დედა, ერთგული მეუღლე, საზოგადო მოღვაწე ქალი მოუმზადებია ხალხის სამსახურად, რევოლუციის შემდეგაც ნახევარი საუკუნის ნაამაგარს, დასვენებაზე არ უფიქრია. გადა იმისა რომ ის საბჭოთა საბავშვო ჟურნალებში თანამშრომლობდა, ქალთა „ალმანახში” ბეჭდავდა სიცოცხლის უკანასკნელ ხანებში შექმნილ თავის ბელეტრისტულ ნაწარმოებებს: „სოფლის მევახშენი”, იასამანთა ხეივანი” და სხვები, რომლებშიც დიდი გულისტკივილით არის ასახული გლეხების დუხჭირი ცხოვრება.

საბჭოთა საზოგადოებრიობისა და მწერალთა წრეების პატივისცემით, მასწავლებლების, მოსწავლეების სიყვარულითა და ყოველდღიური ალერსით გაემოსილი სახელოვანი ქართველი ქალი ეკატერინე გაბაშვილი გარდაიცვალა 1938 წლის 7 აგვისტოს მშობლიურ სოფელ ახალქალაქში.

მადლიერმა ქართველმა ხალხმა თავისი გულის მესაიდუმლე მხატვარისა და მოამაგის ცხედარი დედაქალაქში გადმოასვენა და დაკრძალა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.