‍დომინიკა ერისთავი-განდეგილი (ქართველი ჟორჟ სანდი) (1864-1929)

ავტორი: ნინო ჩიხლაძე
წყარო: ღვაწლმოსილი ქართველი მანდილოსნები, თბილისი, 1976

0052 erisქალის მოქალაქეობრივი უფლებებისა და საზოგადოებრივი როლის შესახებ „სახალხო გაზეთში“ განდეგილი წერდა: „დედაკაცი საფუძველია ბედნიერებისა, იგი ბურჯია ოჯახის, საზოგადოების და ერისა. დედაკაცი ერთადერთი უტყუარი საზომია ერის სულიერი ძლიერებისა. რამდენად მთლიანი თავისუფალი პიროვნებაა დედაკაცი, იმდენად საღია აზროვნება. ეს წვეთია კაცობრიობის ოკეანესი. ყოველი დიდი შემოქმედებითი ნიჭი იქ წარმოიშობის, სადაც დედაკაცი მონა კი არ არის, არამედ თავისუფალი ადამიანია. თუკი რამ საკაცობრიო შექმნა მამაკაცმა, ეს დედაკაცის ნების და უნებლიე გავლენით. მოსპეთ დედაკაცი როგორც პიროვნება და მოისპობა თვით მშვეიერება.

შეუგნებელი დედა ვერ აღზრდის შეგნებულ მოქალაქეს. დედამ ოჯახი სკოლად უნდა აქციოს, შვილს ქართული სული შთაბეროს, ამცნოს თავისუფლება და მოვალეობა, შეყვაროს შრომა, იხსნას ნივთიერი სიღატაკისაგან და ამით ხელი შეუწყოს ქვეყნის ბედნიერებას. ახსოვდეს, რომ თუკი ოდესმე სჭირდება მამულს დედა, ის დღევანდელ საქართველოს უფრო სჭირია იგი“.

„პატარა ერის დიდებულნი ასულნი“.

„ნინო ეს სიმბოლოა ქართველი ქალის თავისუფლებისა – განა დედა ბოძი არ არის იმ ბრწყინვალე ტახტისა, რომელიც დიდმა თამარმა ზეამართა, ხოლო ქეთევანის სისხლით კი წარწერილია მასზე წარუშლელი სიტყვები ქართველი ქალის ძლიერების ნებისა.

დღეს ჩემი სამშობლო, ჩემი ერი განსაცდელშია და მეც სასოებით მოველი მამის მთლიანობის დამცველს.

და თქვენ საქართველოს ბრწყინვალე ასულთა შთამომავალნო, ფრთა გააშლევინეთ თქვენს ლაღ სულს, შემოკრბით იმ წმინდა საკურთხეველთან, რომელსაც სამშობლო ეწოდება და ღირსეულად დაიცავით მთლიანობა ერისა.

დღეს ამას თხოულობს ჩემი სამშობლო – განდეგილი“.

ვფიქრობთ, რომ ამ სიტყვებს არავითარი კომენტარი არ სჭირდება. განდეგილი დგას ჩვენს წინაშე, როგორც უანგარო, უმწიკვლო მამულიშვილი, რომელიც შემჭიდროებისა და შეკავშირებისაკენ მოუწოდებს თავის ხალხს.

განდეგილმა პირველმა შექმნა და ჩამოაყალიბა საქართველოში „ქართველ ქალთა საზოგადოება“. იგი რუსეთის ქალთა საზოგადოების პროგრამით ხელმძღვანელობდა. რუსეთში მაშინ ხომ ქალთა თავისუფლების იდეა საკმაოდ მომწოფებული იყო. იგი რუსულ ჟურნალ-გაზეთებში ქალთა მდგომარეობის გაუჯობესების შესახებ გამოუქვეყნებელ კორესპონდენციებსაც იყენებდა.

1913 წელს „ქართველ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე დომინიკა ერისთავი ეკ. გაბაშვილს სწერდა:

„მოწყალეო ბატონო! ნინაობას, 14 იანვარს, ქართულ თეატრში თბილისის „ქართველ ქალთა საზოგადოება“ სამუსიკო სალიტერატურო საღამოს მართავს. გთხოვთ, თქვენი დასწრებით განამტკიცოთ და გაამხნევოტ ეს ნორჩი საზოგადოება“.

ტფ. ქართველ ქალთა საზოგადოების
თავმჯდომარე – განდეგილი“

ასევე მიმართავდა დახმარებისათვის განდეგილი აკაკი წერეთელს:

„ქართველ ქალთა საზოგადოება გთხოვთ თორმეტ ამ თვეში დაესწროთ ქართული თეატრის საღამოს. თქვენ უნდა გაამხნევოთ საღამო თქვენი სიტყვით.

გამოიყვანეთ ეკატერინე გაბაშვილი სცენაზე და ჩვეულებრივ შეიქენით თავი ნორჩი საზოგადოებისა.

მე თითონ მინდოდა გხლებოდით, მაგრამ იმედი მაქვს, ამ ჩემს ბარათს ყურადღებით მოისმენთ, როგორც ჩემს სიტყვიერ თხოვნას.

პირველი დღე იქნება ჩემი გამოსვლისა და შთაბერეთ სული ციურ სამამულიშვილო საქმეს“.

მაგრამ „ქართველ ქალთა საზოგადოებას“ ერთი წლის ისტორიაც არ ჰქონდა, მსოფლიო ომი რომ დაიწყო.

განდეგილმა მთელი თავისი მოღვაწეობა ფრონტის ინტერესებს დაუკავშირა და ფრონტის დახმარებისათვის მრავალი ღონისძიება დასახა.

მან „ქართველ ქალთა საზოგადოების“ თაოსნობით გახსნა საჩაიე „ძმური ნუგეში“ და მისი შემოსავლით ფრონტს დაეხმარა.

პოეტი-აკადემიკოსი იოსებ გრიშაშვილი გვიამბობს: „ეს იყო შესანიშნავი წამოწყება განდეგილის საქმიანობა, საჩაიე „ძმური ნუგეში“ სავსე იყო ახალგაზრდობით, მოწინავე ქართველი ინტელიგენციით. ვის არ შეხვდებოდით აქ, ვის არ ნახავდით. აქ ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს გულის ტკივილს ჩვენი სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე“.

ამრიგად, „ძმური ნუგეში“ ერთგვარი სალონი, კულტურის ცენტრი გახლდათ, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ ჩვენი პოეტები და მწერლები. ჩვენ სახელოვან პოეტს მარიჯანს ლექსიც კი აქვს მიძღვნილი „ძმური ნუგეშისადმი“.

„ძმურმა ნუგეშმა“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მსოფლიო ომის დროს. „ქართველ ქალთა საზოგადოების“ მდივანი ნინო რცხილაძე გვიამბობს: „აქ შემოსული ფულით ათობით დაჭრილს ვინახავდით ლაზარეთში. ასევე ფრონტს ვეხმარებოდით ტანსაცმლით, პურით, სანოვაგით და სხვა“.

1914 წელს, როცა თურქებმა აჭარლები ააოხრეს და გარეკეს ოსმალეთში, თან აიძულეს იარაღით ებრძოლათ მათ მხარეზე, განდეგილი ერთი პირველთგანი გამოვიდა ძალმომრეობის წინააღმდეგ და აჭარელთა უმწეო მდგომარეობით აღშფოთებულმა მკვეთრი ხასიათის სტატია დაბეჭდა „სახალხო ფურცელში“.

„ქართველო ქალებო! ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენი გულიდან მოგლეჯილს კუთხეს ქართველ მაჰმადიან ქალებმა შეუნახეს ფაქიზად ეს ენა.

„ქართველო ქალებო! ქართველი ერის მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული: „ჩვენ უნდა ვშვათ ჩვენი მყობადი, ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს...“ ხმა მივცეთ გულდაკოდილ მოძმეთა დიდ გასაჭირს, ვამცნოთ, რომ ქართველ ქალთა ნაზი გრძნობა არ გამქრალა, იგი ერთგვარი სიყვარულით ექცევა როგორც ქრისტიანს, ისე მაჰმადიან ქართველს. ვამცნოთ, რომ ჩვენ ერთი დედ-მამის შვილები ვართ, ერთი ცის ქვეშ დაბადებულნი და აღზრდილნი, რომ არ არის ორი საქართველო, იგი მხოლოდ ერთია ქვეყანაზე და მისი შვილების უბედურება გულს გვიკლავს, რა სარწმუნოებისაც არ უნდა იყოს იგი.”

იგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საპოლემიკო-სამეცნიერო სალიტერატურო გაზეთს – „ნობათს“. სწორედ ამ პერიოდში სწერდა ნიკო ნიკოლაძეს:

„ძვირფასო მამულიშვილო ნიკო!

რა თქმა უნდა, როცა ამ ჩემს წერილს მიიღებთ, იტყვით, რაღაც გასჭირვებიაო. სწორედ ეს არის, დიდი სათხოვარი მაქვს და დარწმუნებული ვარ, როგორც დიდბუნებოვანი ადამიანი უყურადღებოდ არ დასტოვებთ ამ ჩემს სათხოვარს.

გეცოდინებათ, რომ მე „ნობათის“ გამომცემლად და რედაქტორად ვიყავი (არ გაიცინოთ), მაგრამ ცოტა, ოდნავ მწვავე ანარქიული ხასიათის გამოცემა იყო და იძულებული გავხდი შემეჩერებინა. ეხლა გადავწყვიტე გამოვცე ყოველდღიური გაზეთი პატარა ფორმატით, სადაც უმთავრესად ადგილი ექნება დათმობილი წმინდა ლიტერატურულს და სადღეისო მწვავე საკითხებს. ვიცი, დიდათ მოუცლელი ხართ, მაგრამ დამავალეთ და თვეში ორჯერ სტატიის მოწოდებით მტკიცე საფუძველი მიეცით ჩემს გაზეთს. დარწმუნებული ვარ, რომ არც-ერთი თანამშრომელი არ იქნება, რომელიც უღრმესი პატივისცეით და მოწიწებით არ ეპყრობოდეს უნიჭიერესი პუბლიცისტის ნიკოს სახელს. თქვენი ერთი წერილის მოთავსება, თქვენი ჭკვიანური აზრის გამოთქმა ფეხზე დააყენებს გაზეთს და დარწმუნებული ვარ, ხელს შემიწყობთ და დამეხმარებით.

სიტყვით მიპასუხეთ, რომ დამეხმარებით და ნაცვლად მეც მიმსახურეთ.

მარად ღრმა პატივისცემელი თქვენი ნიჭისა

დომინიკა განდეგილი“.

1912 წელს გაზეთ „თემში“ დფაიბეჭდა ვრცელი მიმოხილვა თანამედროვე ახალგაზრდა მწერლების შესახებ.

„დღეს საქართველოს უტყუარ ნიჭთა მთელი კრებული ჰყავს. აბა, გადავავლოთ თვალი ს. შანშიაშვილს, კ. მაყაშვილის, ი. გრიშაშვილის, ნ. ჩხიკვაძის, ნ. ზომლეთელის, კიკნა ფშაველას და სხვა ახალგაზრდა მგოსანთა ლექსებს და მიპაუსხეთ, განა ეს ძლეირი ნიწის ღვართქაფს არ წარმოადგენს?! ქართულ პოეზიას ახალი ხანა უდგება, საქართველო არ კვდება, იგი ტიტანურ ძალას იკრებს, სულიერ სფეროში იღვიძებს, მძლავრდება. ქუჩიშვილი, იასამანი, რუხაძე, ყველანი ესენი განა მესაიდუმლენი არ არიან ხალხის გულისა?!“

განდეგილი საუცხოო მოქალაქე და დიდი პატრიოტი იყო. იგი არაჩვეულებრივი მზრუნველობით ეპყრობოდა ახალგაზრდა პოეტებს. აი, რას წერს ამის შესახებ იოსებ გრიშაშვილი: „განდეგილი ჩემი ერთი ლექსის დასტამბვაში დამეხმარა (მაშინ მე თბილისის პოეტს მეძახოდნენ). მეორე ჩემს ლექსზე „მუზა“ – რეცენზია დასწერა, მაქებდა როგორც ახალგაზრდა პოეტს. მთელ ჩვენს ეპოქას ახასიათებს გრიშაშვილი, როცა ამბობს „ყვავ=ყორნებმა დამჩხავლესო“.

გალაკტიონ ტაბიძის მოგონება:

„განდეგილი მე ვნახე 1907 წელს „ამირანის“ რედაქციაში. განდეგილი ჩემს ლექსებს ათვალიერებდა. რედაქციაში შემოსული რომ დამინახა, მომიბრუნდა და მითხრა: „საოცარია, გალაკტიონ, ასეთი ახალგაზრდა ხარ და ასეთი შესანიშნავი ლექსების ავტორი ბრძანდებიო და ხმამაღლა წამიკითხა ჩემი ლექსიდან ერთი ტაეპი:

„სქელი ღრუბლები
შავი და ბნელი
სამშობლო მხარეს გადაეფარა“.

„ასე არ არის დღეს განა, ღრუბლები არ ფარავს ჩვენს ქვეყანას, რას ფიქრობთ პოეტები, გაფანტავთ თუ არა ამ ღრულებს“, – შემეკითხა ის.

1927 წელი, გალაქტიონისადმი მიძღვნილი წერილი:

„მაგრამ გალაკტიონი – ეს სულ განცალკევებული მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში! შეიძლება მას ამიტომაც უწოდეს პოეტთა მეფე. მე კი ამ სახელს ვერ ვუწოდებ მას, თუნდაც მარტო იმ მოსაზრებით, რომ ყოველი მეფე თავისებურად დესპოტია და გალაკტიონს, როგორც პოეტს, ვერავინ დააბრალებს დესპოტიზმს, იგი არავის შესცილებია, არც გვარიშვილობასა და არც ნიჭში... გაჩნდა თავისთვის პარნასის მწვერვალზე და იმავე პარნასმა გადმოსტყორცნა ამ ქვეყნად, რათა თავისებური სინარნარით იმღეროს“.

წერილი – „პოეტი ქალი დღევანდელი ქართული პოეზიის შესახებ“:

„კაცობრიობის ეს თავისებური სისხლის მსმელ ნადირთა ერთგვარი ხროვა ისე უსამართო არავისთან და არაფერთან არ არის, როგორც მწერალთან“.

ამ მხრივ საკმაოდ დაუვიწყარია განდეგილის ამაგი ხალხის საყვარელ გენიალურ პოეტ ვაჟა-ფშაველასადმი.

გაზეთი „თემი“ 1913 წელი:

„ვაჟა-ფშაველათი ვამაყობთ ჩვენ მისი ქვეყნის შვილები. ვაჟა გვიყვარს და მოწიწებით ვიხსენებთ მის სახელს, აღტაცებით ვკითხულობთ მის ნაწარმოებს და ამას ვერ გავცილებივართ.

დრო კი არის, რომ ეს ჩვენი მართლაც გულწრფელი სიყვარლი, საქმით ვაჩვენოთ მგოსანს. დაუმტკიცოთ, რომ ჩვენ შევიგნეთ ეს დიდებული პიროვნება და ღირსი შვილები ვართ ღირსეული მოამაგე მამისა.

აი, ამისათვის მსურს ჩეი აზრი აგუზიარო ქართველ საზოგადოებას, რომლის იმედი მაქვს, დღეს მაინც ამოიღებს ხმას და სიჩუმის წყვდიადით არ დაკარგავს სასიქადულო მგოსნის შარავანდედით მოსილ ღვაწლს. საჭიროა ვაჟა-ფშაველა ნივთიერად უზრუნველყოფილ იქნეს. შესაძლებელია სთქვან, ნახევარი საუკუნეა მწერლის სავალდებულო ვადათ დადებულიო, რომ ვაჟამაც მოგვიცადოსო კიდევ თხუმეტი წელიწადი და მერე ვიზეიმოთ იმისი იუბილეო.

ეს ასევე უნდა იყოს, თუ ვისმესათვის საჭიროა 25-30 წლის იუბილე, ეს უწინარეს ყოვლისა მწერლისათვის უნდა იყოს დადგენილი, რადგან ამ ასპარეზზე მოღვაწენი იშვიათ შემთხვევაში თუ მიაღწევენ ამ ხანას.

მგოსანმა რომ უარყოს თავისი საკუთარი „მე“, ჩვენ ვერ აუვლით გვერს ვაჟას საარსებო საკითხს, რადგან უზრუნველყოფა ვაჟასი უზრუნველყოფა იქნება ჩვენი პოეზიისა“.

ვაჟასადმი მიძღვნილი აქვს მოთხრობა „გვირგვინი“:

აქ მწერალი ქალი ხაზს უსვამს ვაჟას დიდ სულიერ სიმაღლეს, იმას, რომ მას არასოდეს უძებნია ფუფუნება, განცხრომა, ოქროს გვირგვინი, რომ ვაჟა ისეთივე სპეტაკი და წმინდაა, როგორც მისი შემოქმედება.

1915 წელს ვაჯამ ლექსი გაუგზავნა განდეგილს „პასუხად განდეგილსა და შიო მღვიმელს“, რომელშიაც გულწრფელად გამოხატა ქართველი პატრიოტი ქალისადმი სიყვარული და პატივისცემა.

რატომ დაუკავშირა ვაჟამ განდეგილის სახელს შიო მღვიმელი?

მათი ნაწერები მრავალი წლის განმავლობაში ერთად იბეჭდებოდა საყმაწვილო ჟურნალებში. შიო მღვიმელი იმდენად აფასებდა ნიჭიერ პოეტ ქალს, რომ მას ლექსი („მყინვარი“) მიუძღვნა.

„ბატონ დომინიკა ერისთავს – მდივნისას პოეტსა განდეგილისას“ ასე აწერია ერთ პატარა კონვერტს, რომელშიც აღმოჩნდა შემდეგი წერილი:

„პატივცემულო ბატონო დომინიკა, ეხლა მე გეახლებით „ძმობის“ სტამბაში. ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენ მობრძანდებით და კორექტურის საქმეს აქვე გავჩარხავთ. მზადაა უკვე სამი ფორმა მესამე კორექტურისათვის, აქვეა საკორექტურო ფურცლები წინანდელი გამოცემისა.

თქვენი ი. გოგებაშვილი“

დომინკა ასწორებდა იაკობ გოგებაშვილის ნაწერებს. იგი იყო გაზეთის “ივერია” კორექტორი.

იაკობ გოგებაშვილის სახით განდეგილს ჰყავდა უახლოესი მეგობარი, თავისი ნიჭის ერთ-ერთი დამფასებელი.

დომინიკა ერისთავის წერილი ალექსანდრე ხახანაშვილისადმი, რომელიც 1900 წელს მოსკოვში ქართული ენის კათედრაზე მიიწვიეს.:

„მეტისმეტად ვხარობ, რომ მანდ ქართული ენის კათედრა დაარსდა, მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ საცოდავ ენას სხვისებური პანღური არ უთავაზა მოსოვმა და თავის ტაძრის ბჭე ამისთვისაც გადახსნა. იმედია, დროის განმავლობაში ღირსეულ ადგილს მიუჩევენ ჩვენ ერსაც.

დარწმუნებული ვარ, შენ დიდი ღვაწლი მიგიძღვის ამ საქმეში და თუ არა შენ, სხვა ვერავინ განახორციელებდა ამ ყოვლად პატიოსან და სასარგებლო აზრს, ამიტომ მიიღე ჩემი უგულითადესი მადლობა. დიდ ბედნიერად ვრაცხ ჩემ თავს, რომ ეს საშვილიშვილო საქმე შენ ითავე და შენს მშობლიურ ქვეყანას ღირსეული შვილობა გაუწიე“.

მეგობარი ნინო რცხილაძე გვიამბობს:

„როდესაც ალ. ხახანაშვილი საქართველოში – თბილისში ჩამოდიოდა თავისი ნაცნობებისა და მეგობრების სანახავად, პირველი ვიზიტი დომინიკას ეკუთვნოდა ხოლმე. ხშირად ნახავდით დომინიკას კარებთან სუსტი აგებულების გამხდარ ჩია კაცს, დიდი თაიგულით ხელში, ეს იყო ჩვენი საყვარელი ალ. ხახანაშვილი“. ალ. ხახანაშვილი სწერს განდეგილს:

„დარწმუნებული ვარ, ამ წერილის მიღება გაფიქრებინებს, რომ „სევდას“ კვლავ იერიში მოუტანია ჩემზედ და მის გასაქარვებლად შენსკენ მოვქრი, ნუთუ გგონია, რომ კაეშანია მხოლოდ მიზეზი ჩემის კალმის აღებისა?!. ასე რომ იყოს, აქამდის მთელ ზანდუკს გავავსებდი ჩემი დაბღაჯნილი ეპისტოლებით... რაში გეკითხებოდათ მანდ დაბანაკებულთ, რასა ვგრძნობდით და რა მწუხარებაში ვართ აქ რუსეთიდან ჩრდილოეთში გადმოხვეწილნი?!.. სამშობლოს მოვწყდი და მოსკოვს ვერ დავუმეგობრდი – აი, უბედურების სათავე.

ადამიანნი იცვალნენ, მოთხოვნილებანი გაორკეცდნენ: მე კი, ჩვეულებრივ მუშაობის გზას ვტკეპნი, გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ და არ ვიცი საჭიროა სამშობლოსათვის ის მოღვაწეობა, თუ შეიძლება ჩემს შრომას მოღვაწეობა დაერქვას, თუ სხვა სარბიელს უნდა შეუდგე. აი, საკიტხავი, რომელზედაც პასუხს ველი.

ნიშანს ჩემი ჩამორჩენილობისა, დროების მოთხოვნილებასთან იმაში ვხედავ, რომ„კვალმა“ – ახალი მიმართულების ჟურნალმა არ დაბეჭდა ჩემი წერილი „რას ნიშნავს ეს“ და მომისპო თავის ნომრების გამოგზავნა. აქედან იმის დასკვნა შეიძლება, რომ ჩემი გამოკვლევანი უსარგებლონია არიან. მაშ, რაღაა მიზანი ჩემი მწერლობისა?! ეს გახლავთ პირველი თავსატეხი, რომელიც მიწამლავს სიცოცხლეს და ამას დაემატა კერძო ცხოვრებაში ათასნაირი უსიამოვნება და გაუტანლობა.

მე შენს წერილში ვერ ამოვიკითხე, რად დაანებე თავი „ივერიას“ და „კვალს“ დაუახლოვდი, აქაც მიმართულებაა საბუთი ძველი მეგობრობის დათრგუნვისა?! ახალმა სიომ რომ დაჰბერა საქართველოს, ამაში ეჭვი არა მაქვს, შენ რა გაგიხდა მიზნად მოღვაწეობისა, ეს არ ვიცი. თუ „კვალის“ მიმართულებამ „ივერია“ დაგავიწყა, მაშინ უსარგებლო იქნება ერთი გარემობის მკურნალად აგირჩიო. საქმე ის გახლავთ, რომ შარაძემ და კარბელოვმა ჟორდანიას მეორე ტომის ქრონიკები გამომიგზავნეს და შუა ნაწილი კი დაავიწყდათ, ესე იგი 376-489 გვერდი. გიორგობის დალევს თუ მიიღებ შრომას და ძველებურად ამ დანაკლისს შემასრულებინებ, დიდათ დამავალებ. მომწერე მანდაური ამბები, როცა დაიღალო შენი გარემოების აღწერით. ამ ზაფხულს საქართველოში გავატარებ. შენი პატივმცემელი ა. ხახანაშვილი“. განდეგილი გულწრფელად წერს:

„მოხარული ვარ, რომ ცოტა ხნით მაინც გაგამხნევა ჩემმა წერილმა. ღმერთსა ვთხოვ იმდენი ღონე მომცეს, რომ ასე შორს მყოფმა უფრო ხანგრძლივად გაგამხნევო. შენი წერილი იმ დროს მივიღე, როცა ორგვარი უსიამოვნება მადგა, დიდი შრომა ჩემის ლექსის გამო და მასთან პირველთაგან იმის გაგონება, რომ ალექსანდრეს წერილი მივიღე, ნესტიანი სადგომი გამოდგა და ავათა ვარო. წინა დღე ბარათი მოგწერე, თუმცა არ ვიცი, რა დავწერე; რადგან მეტად შეშინებული ვიყავი.

იქნებ ერთგვარ ბედის ჩარხის ტრიალმა შეგაგნებინოს ჩემი მდგომარეობაო, მწერ. არ ვიცი თუ რამ შემაგნებინა, ამზე არასოდეს არ დავფიქრებულვარ და კიდეც რომ დავფიქრდე, მე მგონია, ჩემი გონება ვერ შეასრულებს ამის ახნსას. ვინ იცის, იქნება ბედნეირი რომ ვყოფილიყავი, ვერც ერთს ვერ შეგვეგნო ერთმანეთის მდგომარეობა. ბედნიერი გულქვანი არიან, იმ ჩემს შავ ბედს, რომელსაც სიყრმიდანვე ვგმობდი, დღეს ვლოცავ, რადგან თუ არა ჩემებრ უბედური, ბედნიერი იქნებ ღირსიც არ გახდებოდა შენი მეგობრობისა.

მეკითხები, რომელ ჯგუფს ვეკუთვნი, ოჯახური ბედნიერებით გაფუფუნებულს, უქმს, თუ უბედურ მოღვაწეს. აბა, რა გიპასუხო, მართალია, დიდი ხნის ნაცნობები არა ვართ, სულ რამდენჯერმე გინახივართ, მაგრამ განა ასე ცოტად მიცნობ?! ქვეყნისათვის მოღვაწეობა დიდი საღმრთო მადლია, მაგრამ რაგინდ უხვად მომადლებული ჰქონდეს მოღვაწეს ეს მადლი, მაინც მიწის შვილია. იქნებ გამკიცხო, რომ შენი აზრის წინააღმდეგ გეტყვი, მაგრამ თუ ჩაფიქრდები და კერპობას არ გამოიჩენ, დამეთანხმები, ადამიანის ყოველ ნაწილს სჭირია მოსვენება – ეს ხომ ბუნების კანონია – მაშასადამე, სულსაც უნდა მოსვენება და სად უნდა იპოვოს თავშესაფარი, თუ არა ღირსეულ სულშივე... ჩემის აზრით ყოველივე ამაო უამხანაგოდ“.

განდეგილი :

„მე შენ, ჩემო ალექსანდრე, კაცად კი არ გთვლიდი, ანგელოზი მეგონე. რომ ვისმეს გაებედნა და ეთქვა შენზე ისეთი რამ, რაც ჩვეულებრივ მამაკაცზე ითქმის – მე მგონი, შევაკვდებოდი ამის მთქმელს და არა ერთი და ორი ნაცნობი მომიმდურებია შენი გულისათვის, მაგრამ სრულიად არ დამნანებია. შენში ვხედავდი სასიქადულო ქართველს, დაუღალავ მუშაკს და მასთან ყოველთვის კარგის ღირსებით სავსე ადამიანს. ყველა ამეების პატრონი მტერიც კი მომწონს და მიყვარს, თუ არა ჩემი ქვეყნის შვილი, ჩემი მოძმე, ჩემი საყვარელი ქართველი“.

განდეგილი მძიმე ავადმყოფ ალ. ხახანაშვილს სწერდა:

„ძმაო ალექსანდრე!

კარგად იცი, ჩემო ალექსანდრე, რა თავზარი დაგვცა ყველას შენმა ავადმყფობამ, გეფიცები ორ შვილს, რომ მთელი კვირის განმავლობაში გაშტერებული ვიყავი, რომ მკითხავდნენ რასმე, არ ვიცოდი რა მეპასუხა. მე მგონი, ყველა ქართველი, ვინც კი ცოტა ოდნავ მაინც გიცნობს, ჩემს მდგომარეობაში იქნებოდა. მართლაც ეგ ერთადერთი კაცი გვყევხარ, რომელიც მაგრე კენტად მივარდნილი სხვის ქვეყანაში დაუღალავად შრომობ და რომ ყველა ქართველის გულში ღრმად არ იყოს გაბნეული შენი სიყვარულის ფესვები, ეს ხომ უღმერთობა და უბედურება იქნებოდა. მე მაინც ისე დავალებული ვარ შენგან, რომ ვერაფრით ვერ გადაგიხდი იმ მეგობრულ წრფელ თანაგრძნობას, რაც შენ ჩვენი გაცნობის პირველ წელიწადს გამიწიე, ციურ მანანასავით მოველოდი შენს წერილს, რომელიც სავსე იყო გონივრული სიტყვებით და მეგობრული გულახდილობით. ეს წერილები ისე მამხნევებდნენ ხოლმე, რომ უსაშინელესი წამებაც კი მიმსუბუქდებოდა. ...აკი მოგახსენეთ, ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემს ტანჯულ ცხოვრებაზე შენმა მეგობრობამ... მომწერე, რითი იყავი ავად, ვინ გივლიდა, ხომ მოუშორებლად იყვნენ შენს გვერდით ქართველები. კიდევ შენებურად მუშაობ თუ არა? თუ ღმერთი გწამს, ცოტა მოისვენე, ერთხელ მაინც იფიქრე, რომ დიდი მუშაობის ატანა დიდ დასვენებულ ძალას შეუძლია... გუშინწინ შიო მეუბნებოდა, რომ ვაჟა ფშაველას და ბაჩანას ბიოგრაფიული ცნობები გვთხოვაო... ახლა კიდევ ამაზე იმტვრიე თავი, კარგი იქნება არა!!! მოისვენე, გეთაყვან, მოისვენე, ყველაფერს მოესწრები“.

ასე რომ უფრთხილდებოდა განდეგილი ალ. ხახანაშვილის ჯანმრთელობას, გასაკვირიც არ არის, რადგან მან კარგად იცოდა, თუ რაოდენ საჭირო იყო ამ უმწიკვლო, უანგარო ადამიანის სიცოცხლე ქართული კულტურისათვის.

განდეგილი უსაყვედურებს ალ. ხახანაშვილს „ვეფხისტყაოსნის“ ზოგიერთი ადგილის გაყალბებას, იგი წერს:

„უფრო მეტს მოველოდი შენგან, მაგრამ ამაზედ უფრო ვბრაზდები, რომ მე 15-ე ხაზის აზრი სრულიად სხვანაირად გაქვს გამოთქმული. იმ ადგილას, საცა რუსთაველი ამბობს „დავუძლურდი მიჯნურთათვისო“ შენ ასე სთარგმნი „Я заболел от любви“, გაგონილა, თქვენი ჭირიმე, ასე დამახინჯება?! ის კაცი ამბობს „მიჯნურთათვის დავუძლურდიო“ და შენ კი მაინც და მაინც გინდა, რომ რუსთველი ავად იყოს სიყვარულის გამო. სხვათა მიჯნურობა მაინძულებს, თორემ, ხომ ხედავ, მე კარგად ვარ და პოემასაც ვწერო. ეცადე შენ თარგმანს „ვეფხისტყაოსანს“ არა დაეტყოს რა?! ნუ გეწყინება ჩემი შენიშვნა, დარწმუნდი, ამიტ ის კი არ მინდა, რომ გაწყენინო, არამედ გაშორო უსამართლობა, რომელიც შენთვის არ ვარგა და შენც გაწუხებს ეს... სხვებს ძალიან მოეწონათ, ეს ადგილი არავის შეუმჩნევია. თუმცა ბევრმა წაიკითხა, იქნებ მე ვცდებოდე, ღმერთმაც ასე ინებოს, იმედი მაქვს, უფრო მეტსაც მაპატიებ, ჩემო მეგობარო“.

ალექსანდრე:

„გილოცავ წმინდა აღდგომასა და გისურვებ შენს დიდხანს სიცოცხლეს, იმავე ნიჭის სიძლიერით, რომელიც აცხოველებდა აქამდის შენ მიერ შექმნილ ნაწერებს. იმედი მაქვს, ამ წმინდა დღესასწაულების გამო მომიტევებ დანაშაულს, მიხვდები, რასაც მოგახსენებთ – ხანგრძლივ ჩემს სიჩუმეს ბევრნაირ მიზეზის გამო, გმადლობთ იმ შენიშვნისათვის, რომელიც ჩემს წერილს შოთაზე უძღვენ. მეგობრისაგან მაინც მინდა ვიცოდე წრფელი და მიუდგომელი აზრი, რაც გასაკიცხია, გაჰკიცხონ და რაც მოსაწონია, მომიწონონ – ამაზე მეტი სასიამოვნო ჩემთვის არა იქნება რა, ეხლანდელ დროში, მართლაც რა დასაფასებელია ხალხის ჭეშმარიტება“.

განდეგილი:

„შენ რომ ლაზათიანად გამლანძღე „რუსკოე ვედომოსტში“ – ძალიან მაწყენინე იმით, რომ არ იცოდი ჩემი თარგმანი და ისე უპრაგონოდ აჰყევი „კვალის“ სისულელეებს“!

„კვალში ის დაიბეჭდა, რაც ჩვენმა უმეცარმა არტისტებმა (?) წამოროშეს სცენაზე, ხოლო ნამდვილის გადასინჯვა ვეღარ მოიფიქრეს. შენც აიღე და ამით ისარგებლე. მე, რასაკვირველია, არც ერთი არ მიკვირს, რადგან ასეთი ბედი მაქვს, რომ ყველას უნდა ჩემი ნაშრომი არარაობად ჩაატაროს, მაგრამ ღვთის წყალობით იმდენს ვეცდები, რომ ყველას შევანანებ ჩემს მტრობას და ბოლოს მაინც ამ მხრივ ქედს მოვახრევინებ ჩემს წინაშე. ამისათვის მე ყველაფერი შემწევს, სიყმაწვილე, სიმართლე, ჭკუა, შრომისმოყვარეობაც და ზნეობრივი სიწმინდეს. „Горе от ума“ ისე ვერ გაუგია განდეგილს, როგორც საჭირო იყოო – შენ სწერ – არა, მე კი გავიგე, როგორც საჭირო იყო და კიდეც გადავთარგმნე ისე, რომ იქნებ ბევრი დიპლინგიც ვერ გადმოთარგმნიდა, მაგრამ უვიცებმა და მხეცებმა ვერ გაიგეს, თავისებურად დაამახინჯეს და იმათ მაგიერ მე გავილანძღე, ისიც კიდევ რუსულ გაზეთებში. რა აზრი უნდა შეადგინოს ჩემზე რუსის ხალხმა. ეს თარგმანი ხომ დაიბეჭდა. ხომ ნახეს ყველამ, როგორი ნათარგმნია და მაშინ რაღა მექნება სათქმელი. მე მარტო ის კი არ მწყინს, რომ უსამართლოდ მომიხსენიეს, არა, ის მწყინდა, რომ ნამდვილი გენახა და ისე დაგედო მსჯავრი. რაც შეეხება იმას, რომ სასკოლო გამოცემებიდან ნათარგმნია, აქაც შეცდომაა. მე მშვენივრად შევადარე, ნამდვილად, ან რატომ გგონია, რომ ასეთ შრომას თითის წვერებზე მოვიგდებდი, არ შევადარებდი ვრცელ გამოცემას? ეს კი არის ის, რომ შენც შეგძულდი და მტრული თვალით დამიწყე ცქერა, თუმცა არ ვიცი რისთვის, ფიცს, რასაკვირველია, არ ვიკადრებ და სიტყვით კი გეუბნები, რომ ჩემს სიცოცხლეში კარგის მეტი სხვისთვის არა მნდომია რა და მით უმეტეს შენთვის ყველა მემეტებ, რომ შემჭამონ ის უნდათ, მაგრამ უჩემოდ ვერ სძლებენ ეს სულით გლახაკნი, ჩემი შურით კვდებიან და მაინც კიდევ მე შემომტირებენ, ეს დამიწერე, ეს გამისწორე, ეს გამიკეთე, ცენზორთან დამეხმარეო და სხვა. აი, სწორედ აქ არის ჩემი ძალა, რომ ჩემი მომდურავნი მევე მთხოვენ და მეხვეწებიან ყველაფერს“.

1912 წელი, ალ. ხახანაშვილის გარდაცვალების გამო :

„ძვირფასო მეგობარო!

იმ დროს, როდესაც ჩვენი სამშობლოს კუთხიდან გლოვა ისმის შენი უდროვოდ დაკრგივს გამო, შენი კეთილი მეგობარი სდუმს. ოცდაშვიდი ივლის იმ წლისა, როდესაც შენი უდროვოდ დაკარგვის ამბავი გაზეთით გავიგე, ისევ ღრმად, თუმცა სისხლის წვეთებით, აღიბეჭდა ჩემს უბედურ გულში, როგორც 29 ივლისი 1895 წლის, როდესაც მე და შენ პირველად გავიცანით ერთმანეთი ჩვენი საერთო საყვარელი მგოსნის სახლში, საგურამოში.

ჩვიდმეტი წელიწადია მას შემდეგ, მეგობარო, და ამ ხნის განმავლობაში, ვერც სიშორემ და ვერც დროთა უკუღმართობამ ვერ შეასუსტა ჩვენს შორის მტკიცე კავშირი მეგობრობისა.

წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ თუ ვნახავდით ერთმანეთს. ან მე რუსეთს მოსული ან შენ აქ, მაგრამ ყოველივე აზრი, ყოველი საგანი ახალი შრომისა, სულის ყოველი მოძრაობა ჩვენი ცხადი იყო ერთმანეთისათვის.

ჩვიდმეტი წელიწადი შენ იაყვი ჩემი გზის მაჩვენებელი, ჩემი ზეშთამაგონებელი ძალა, მეგობარი უანგარო – ერთგული და მუდამ იმის მოწადინე, რომ მტერი არ გამეხარებინა. ჩვიდმეტი წელიწადი გულით ვატარებდი იმ წმინდა გრძნობას, რომელსაც პატიოსანი ადამიანები მეგობრობას ეძახიან.

ნეტავ იმას, ვინც გიცნობდა შენ, როგორც მხოლოდ მეცნიერსა და მოღვაწეს და არ იცნობდა შენს სულს – ნაზს, მგრძნობარეს, პატიოსანს და სპეტაკს. მე ვიცნობდი შენ სულს და ამიტომ განუსაზღვრელი არის ჩემი შენდამი მეგობრული ღრმა გრძნობა, ვიცნობდი შენს სულს – მშვენიერს, მოკრძალებულს და ამასთან ობოს, მიუსაფარს, მწუხარეს... იქნებ ამ ერთგვარი ბედის ჩარხის ტრიალმა შეგაგნებინა ჩემი მოსუვენარი მდგომარეობა და თანაგრძნობით აგივსო გული ბედისაგან დაჩაგრულ კაცისადმი. სხვის მწუხარებას ის გაიგებს, რომელსაც თვითონ მოხვედრია მწარე შოლტები ცხოვრების მიმდინარეობისა, – მწერდი შენ ერთ წერილში.

შენ მეცნიერი იყავი და მე კი მგოსანი, მაგრამ იმდენად ნაზი და მშვენიერი იყო შენი სული, რომ ადვილად გაიჭედა ჩვენი მტკიცე მეგობრობის ჯაჭვი.

ქინებ ბევრიც შენატროდა კიდეც შენ ბედს?! შენი სულის ობლობა კი იცოდა მხოლოდ შენმა მეგობარმა...

და ეს შენი მეგობარი დღეს სდუმს ვით მეხისაგან განადგურებული ტაძარი“.

დომინიკა ერისთავ-განდეგილმა სიკვდილის წინ ითხოვა, იგი თავისი მეგობრების ალ. ხახანაშვილისა და სამშობლოს სამსახურში გათეთრებულ იაკობ გოგებაშვილის გვერდით დაესაფლავებინათ.

ქართველმა ხალხმა ეს სურვილი აუსრულა განდეგილს. პოეტი ქალის საფლავი ორი დიდი მოღვაწის სამარეთა შუა გაითხარა. 1911 წელი: „მგოსანი, ნამდივლი ნიჭით დაჯილდოვებული, ცოტა სამსახურს არ უწევს ქვეყანას, მისი სიმთა ჟღერა, ბგერა მისი სულისა, ეს არის გულიდან ამომხდარი კვნესა, იგი მესაიდუმლეა თანამედროვე გულისა“.

„მე შემიძლია თვით სამოთხე ტანჯვად ვაქციო
და ჯოჯოხეთსაც მივანიჭო ზეცის მშვენება,
მე შემიძლია გაზაფხული ზამთრად შევცვალო,
და ზამთარი კი, ავაყვავო ვით გაზაფხული.
ზღვანი დავაშრო, ქართა ქროლვა შევკრა, შევბოჭო,
ცა ავატირო, ქვესკნელმა სთქვას ტკბილი მაყრული.

განდეგილის პოეტი სიმბოლოა თავისი დროის წინააღმდეგ აჯანყებული იმ პროტესტანტისა, რომელიც თავისი ქვეყნის თავისუფლებისათვის იბრძვის:

„მაშ, რად არ ძალმიძს მეფის ტახტი დავცე, დავამხო,
მისი სალარო დავურგო ღარიბთ და გლახაკთ,
და ის პორფირი, რომელიც მას მხარ-ბეჭს უმშვენებს,
მისივე სკიპტრა ცად ავღმართო ხსნის ბაირაღად?
ერი უძლური, დაჩვეული კერპთა მონობას,
ვიხსნა და ვამცნო, ვით დაიცვან თავის მამული,
მათ წინ წავუძღვე, ვითა მოსე ებრაელთ ერსა
და მისებრ კვერთხით განვაპო მეც ზღვა მეწამული“.

ამ ლექსში შესანიშნავად მოჩანს განდეგილის მებრძოლი სული, დემოკრატიული ბუნება, პროტესტი მეფის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ.

განდეგილი, როგორც ვხედავთ, პოეტს ხალხის წინამძღვრად სახავს, მან უნდა დაიხსნას თავისი ერი ჩაგვრისაგან.

სწორედ ამით აიხსნება, რომ პოეტი ქალი გატაცებული იყო თავისუფლების მოტრფიალე დეკაბრისტებით და თარგმნა კიდც დეკაბრისტ რილეევის ერთ-ერთი ლექსი:

„დაე, ხალხს მისწვდეს ჩემ სით წკრიალი,
ბედით დამტკბარი ამხიარულოს
და დაამშვიდოს მკვნესარ-მტირალი,
ოდეს ხმა ჩემი აღმა მფრინავი
გრძნობით ჩასწვდება ადამიანთ გულს,
მაშინ თამამად მივიღებ გვირგვინს,
გვირგვინს დაუმჭკნარს, გვირგვინს ღირსეულს“.

სამშობლოს სიყვარულს მიუძღვნა განდეგილმა პოემა „შეჩვენებული“ (ჩერქეზების ცხოვრებიდან).

თავადის ქალი, ჩერქეზი როშა, განთქმულია სილამაზით, ბევრი ვაჟაკცისათვის აუძგერებია გული, მაგრამ ჯერ არავინ გამხდარა მისი ყურადღების ღირსი.

და აი, ერთ მშვენიერ დღეს როშა დაიბარებს ჩერქეზ ვაჟკაცებს და აცნობს მათ თავის პირობას: მისი ქმრობის ღირსი მხოლოდ ის გახდება, ვინც მტრის სისხლით შეღებილ მანდილს მოუტანს.

ჩერქეზები განწყდნენ ბრძოლაში. ორმოცი ერთმანეთზე უკეთესი ვაჟკაცი გამოასალმა წუთისოფელს მტრის ტყვიამ. მათ შორის მხოლოდ ერთი გადარჩა, რომელმაც აიღო დაღუპულ ძმათა სისხლი.

გამარჯვებული ჭაბუკი ბრძოლის ველზე ეძებს როშას მანდილს და ერთ-ერთი მეომრის გულზე აღმოაჩენს. იგი უსიტყვოდ შესცქერის მიწაზე გართხმულ ჩერქეზ ვაჟკაცებს, თვალებზე ცრემლმორეული უხმოდ სტოვებს ბრძოლის ველს.

კოშკიდან ბაღში ჩამორბის როშა, კარზე ომდგარ გამარჯვებულ ვაჟკაცს სიხარულით მიმართავს:

„და უთხრა: ახლა სწორედ ღირსი ხარ,
ჩემისიტურფე ჯილდოდ გერგება“.

მაგრამ დახეთ საკვირველებას, ნაცვლად ტკბილ მისალმებისა და ამბორისა, ჭაბუკი ხელს ჰკრავს დედოფალს:

„ღმერთმა მაშოროს! – მიუგო გმირმა –
შენ სიახლოვეს რომ მივეკარო,
შორს ჩემგან, ღვთისგან შეჩვენებულო,
გამცილდი, თვალით არ დამენახო:
როგორ გაბედე ჩემი ძმის სიხლით
გასვრილი ხელი ჩემს ხელს შეახო?!
სამშბლოს ხსნა და ბედნიერება
შენ არასოდეს არ გდომებია“.

ამრიგად, ჭაბუკი კიცხავს ცბიერ, პატივმოყვარე ქალს, რომელმაც გასწირა საუკეთესო ჩერქეზი ვაჟკაცები.

„რად მინდა შენი მშვენიერება,
მთელ ქვეყანაში სახელგანთქმული
და ეგ სიტურფე ყოველი მხრიდან
ცოდვით და სისხლით არის მოცული.
გულით ბოროტმა შეუბრალებლად
ამდენი გმირი შეაკალ მტერსა,
მაგრამ იცოდე, იმათი სისხლი
მოგეკითხება განკიცხვის დღესა“.

ამ სიტყვებით ჭაბუკი სტოვებს ჩერქეზთა დედოფალს!..

საუცხოოა პოემის ფინალი. გავიდა წლები. დედოფლის კოშკი ჩამოიქცა და ნადირთა და მხეცთა ბუნაგად იქცა... ძვლებად ქცეული როშა დაძრწის. მისი ერთ დროს ცეცხლისმფრქვეველი თვალები ძლივსღა ბჟუტავს, ლოყები ჩამოჭკნობია. ღამღამობით ესტუმრება ხოლმე კოშკის ნანგრევებს, ხელში რაღაც უჭირავს და კითხულობს დაღუპულ ვაჟკაცთა სახელებს...

საე დაგვიხატა განდეგილმა ცბიერი, პატივმოყვარე ქალი, რომელმაც თავისი პირადი ბედნიერებისათვის ამოდენა მსხვერპლი გაიღო. განდეგილი გვიხატავს როშას დამსხვრეულ იმედებს:

„. . . . . . ვიშ ნეტარებავ,
სამეფო ტახტზე ჩერქეზი ქალი...
დღეს კერპი, მხოლოდ მშვენიერების,
ხვალ, თვითმპყრობელ
ლექსი “დილა”, რომელზეც სიმღერაა შექმნილი
„დილა არის, ცა ლაჟვარდი
მზის სხივებით იფერება
და ქურდულად მიმალულა
თვით მთვარე და ვარსკვლავთ კრება,
მობიბინე ვარდ-ყვავილი
გულ-მკერდს იშლის, იფურჩქნება,
გაიღვიძა მთა და ბარმაც,
სამეჯლისოდ ემზადება.
ველს გაჰკივის იადონი,
ია კრთება, მორცხვობს, ნაზობს,
მას ნამს აფრქვევს კლდის ჩანჩქერი,
მოცელქობს და მოკისკასობს.
მიჯნურივით გაუღიმა
ქვეყანამ ცას, ცამ ქვეყანას
და ორივე მწყობრად ჰგალობს
საამქვეყნო ამოცანას.
დღე მზე ნათობს, ღამე მთვარე,
დღე ღამეს სდევს, ღამე დღესო,
თუ წყვდიადი არ გინახავს,
ფასს ვერ დასდებ სინათლესო.
ვინც წარსულ დროს სტირს და მოსთქვამს,
ის აწმყოსაც ინანებსო,
მკვდარს ტირილი ვერ აღადგენს,
მოვლა უნდა საღს და მთელსო,
მშვიდობის გზა – მთვარე-ვარსკვლავთ,
ქებათ-ქება – მნათობ მზესო,
ვაშა, ვაშა ბუნების წესს,
რომ ნათელი მოსდევს ბნელსო“.

ასე ესმის განდეგილს ბუნების სიმშვენიერე. ამიტომ არის, რომ ზოგჯერ პოეტს ეწევა სურვილი ბუნების წიაღში განავარდებისა, ცაში გაფრენისა. იგი ნატრობს ლაღი ფრთების შესხმას, რათა თავისი გულისთქმა შეუერთოს ბუნების უკვდავ საიდუმლო ხმებს.

არანაკლები სიძლიერით ჟღერდა განდეგილის ქნარი 1905 წლის რევოლუციის პერიოდში, როდესაც თავისი ომახიანი ვაჟკაცური ლექსებით ცარიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში ჩადგა.

იგი მთელი თავისი არსებით ებრძოდა ლიტერატურაში იმ წვრილბურჟუაზიულ განწყობილებებს, რომელსაც შემოჰქონდა პოეზიაში უიმედობა, უპერსპექტივობა, პასიურობა.

განდეგილი სულიერად არ დაცემულა, მასზე გავლენა ვერ მოახდინეს რეაქციულმა ჯგუფებმა. იგი თანაუგრძნობდა თავისუფლების მგზნებარე მომღერალს ირ. ევდოშვილს, რომლის ლექსები იმ დროს ბრძოლის ყიჟინას სცემდა.

„მოგესალმებით, მგოსანო,
სნეულს, სნეულის გულითა,
მეც უძლური ვარ, უარეს
უკურნებელის წყლულითა.
არ გაგვიღიმა ყისმათმა,
გვიდედინაცვლა დედამა,
უტეხი ჯანი გასტეხა
სამშობლოს ბედის ჭედამა,
მაგრამ ეს სული ძლიერი
დასძლევს ბევრს სნეულებასა...
მოვსულვარ შენდა ნახვადა,
თუ დამრთავ ამის ნებასა“.

რიტიკოსი მიხეილ ნასიძე წერდა:

„განდეგილმა საკმაო ნიჭი გამოიჩინა მოთხრობების წერაში და რომ დასჯერდეს ამ სახელს, ბევრად უკეთესი იქნება“.

მიხეილ ნასიძის აზრით, განდეგილი შემოქმედებით ნიჭს უფრო ბელეტრისტიკაში იჩენდა, ვიდრე პოეზიაში“.

კრიტიკოსი რომანოზ ფანცხავა, რომელიც თავის საკმაოდ ვრცელ წერილში აცხადებდა, რომ განდეგილი უფრო ნიჭიერია პოეზიაშიო.

კრიტიკოსი ილია ნაკაშიძე: :

„ფორმა და შინაარსი განუყრელი, განუშორებელი და-ძმანი არიან, რაც უფრო ბევრს ფიქრობს თავის თავზე რომელიმე მათგანი და მეორისთვის ის არ ზრუნავს, მით უფრო მეტი აკლდება მეორეს და მით მხატვრობასაც და მის ლირიკასაც.

ქ-ნ განდეგილის ეტიუდებში კი, ჩვენ ვჭვრეტთ მხოლოდ ფორმას და ვერ ვჭვრეტთ შინაარსს – სამწუხაროა“.

ასევე, ილია ნაკაშიძე უსაყვედურებდა განდეგილს ზედმეტ გრძნობიერებას, იმას, რომ „იგი დიდ გავლენას განიცდიდა ფრანგი სენტიმენტალისტი მწერლებისას და ურჩევდა მას, მარგალიტების ფანტვისათვის თავი დაენებებინა და ისევ მარგალიტთა წყობისათვის მოეკიდნა ხელი“.

დღემდე ლიტერატურულ კრიტიკაში განდეგილის „ვაი ჭკუისაგან“ თარგმნის თარიღად 1902 წელს სთვლიან. აღნიშნული კომედია 1902 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა, განდეგილმა კი იგი 1898-1899 წლებში თარგმნა, როცა ნაწყვეტების სახით უკვე სისტემატურად იბეჭდებოდა „კვალში“.

„ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს თბილისის ქართულ თეატრში დაიწყო ქართული წარმოდგენის წლევანდელი სეზონი. წარმოდგენილი იქნა გრიბოედოვის კომედია „ვაი ჭკუისაგან“. პირველი ლექსით ნათარგმნი ქ-ნ განდეგილისაგან, წინათაც გაგვეგონა კაგი ენით და კარგი ლექსთა წყობით არის ნათარგმნიო და ახლა შეძლება მოგვეცა შეგვემოწმებინა ეს ხმები!.. საზოგადოება ბლომად დაესწრო. ქალბატონი მთარგმნელი განდეგილი რამდენჯერმე გამოიწვიეს და ტაშის ცემით დააჯილდოვეს“.

1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ პერიოდში მან თარგმნა ტურგენევის ნაწარმოები „ბჭესთან“, რომელიც ადამიანის ნებისყოფის აპოლოგიას წარმოადგენს.