‍სტეფანე ძიმისტარიშვილი (1847-1912)

ავტორი: არსენ მამულაიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

dzimistarishvili st42სტეფანე შიოს-ძე ძიმისტარიშვილი დაიბადა 1847 წელს სენაკის მაზრის სოფელ კვაუთში. იმ დროს მთელ სამეგრელოში მხოლოდ ერთი სკოლა – მარტვილის სასულიერო სასწავლებელი – არსებობდა.

ამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სტეფანე ძიმისტარიშვილი შევიდა ქუთაისის 1-ლ გიმნაზიაში. სწავლის მოყვარული, ბეჯითი და ნიჭიერი სტეფანე ამთავრებს რა გიმნაზიის კურსაც, მიუხედავად ნივთიერი ხელმოკლეობისა, ახერხებს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში შესვლას.

ინსტიტუტის კურსის დასრულების შემდეგ სტეფანე ძიმისტარიშვილი მასწავლებლობს ხან მარტვილში, ხან სენაკში და უკანასკნელ პერიოდში ქუთაისში. როგორც ღირსეული პედაგოგი და საზოგადო მოქალაქე, იგი ყველგან იმსახურებს თავის მოსწავლეებისა და ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას.

როგორც იმდროინდელი ქართული პერიოდული პრესიდან ირკვევა, სტეფანე ძიმისტარიშვილი ერთი მოწინავე პედაგოგი და საზოგადო მოღვაწეთაგანი იყო. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ იგი თავგამოდებით და უშიშრად იცავდა სკოლებში ქართული ენის სწავლებას, იმ ენის სწავლებას, რომელსაც მეფის მთავრობა საქართველოს სკოლებიდან სავსებით განდევნას უპირებდა.

ამგვარი ბრძოლისა და შეუპოვრობისათვის სტეფანე ძიმისტარიშვილი არაერთხელ დასჯილა სხვადასხვა ადგილზე გადაყვანით ან სამსახურიდან სრულიად მოხსნით, მაგრამ ეს დევნა-შევიწროება მას არ აშინებდა და კვლავ განაგრძობდა ბრძოლას ცარიზმის რუსიფიკატორი აგენტებისა და მოხელეების წინააღმდეგ.

90-იან წლებში შავრაზმელი ხუცის ვოსტორგოვის, სკოლების ზედამხედველ ლევიცკისა და მათი ადგილობრივ დამქაშთა გადაწყვეტილებით სამეგრელოს სკოლებიდან ქრათული ენის განდევნისა და რუსული ასოებით მეგრული ენის სწავლების დანერგვის წინააღმდეგ ამტყდარ სახალხო მოძრაობაში სტეფანე ძიმისტარიშვილი ერთი თვალსაჩინო მებრძოლი იყო. სტეფანემ ხმა აღიმაღლა ამ „უკუღმართობის” წინააღმდეგ როგორც პრაქტიკულად, ისე პრესაშიც. აღნიშნული უკუღმართობის წინააღმდეგ არის მიმართული მისი ლექსი „ჩემს მტარვალს”, რომელიც ავტორმა უძღვნა თავის მეგობარს, ცნობილ ქართველ ბელეტრისტს სოფრომ მგალობლიშვილს.

სტეფანე ძიმისტარიშვილი აქტიური მონაწილე იყო თითქმის ყველა კულტურული საქწმიანობისა და წამოწყებისა. ის რთი დამაარსებელთაგანია ქუთაისის სცენის მოყვარულთა იმ წრისა, რომელმაც შემდეგ საფუძველი დაუდო ქუთაისის მუდმივ სცენას.

თავისი ნახევარსაუკუნოვაი მოღვაწეობის მანძილზე სტეფანე ძიმისტარიშვილმა საკუთარი ინიციატივითა და ენერგიით შეძლო კულტურულ ცენტრს მოწყვეტილ და დაშორებულ მთელ რიგ სოფლებში დაეარსებინა სამრევლო სკოლები, სადაც ხერხდებოდა ქართული ენის სწავლება და ამ საგნის დამცველ მასწავლებელთა მოწყობაც. ამ საქმეში მას ხელს უწყობდა მისი პირადი მეგობარი და იმ ხანებში (1898-1909) სამრევლო სკოლების ზედამხედველი ცნობილი პედაგოგი და ისტორიკოსი თედო ჟორდანია.

სტეფანე ძიმისტარიშვილი ქართულ ლიტერატურაშიც როგორც მწერალს, პოეტსა და ჟურნალისტს, გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი. მან ჯერ კიდევ სკოლის კედლებში, მოსწავლეობისას, 1866 წელს დაიწყო ლექსების წერა. მას შემდეგ ძიმისტარიშვილს, ვიდრე ცოცხალი იყო, კალამი არ დაუდია. წერდა ლექსებს, სცენარებს, ფელეტონებს, კორესპონდენციებს სხვადასხვა საჭირობოროტ საკითხებზე. მისი ნაწერიები „კორტოხას” ფსევდონომით სისტემატურად თავსდებოდა მაშინდელ ისეთ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, როგორიც იყო: „დროება”, „ივერია”, „კვალი”, ნაკადული”, „ისარი”, „ნიშადური” და სხვ.

როგორც პოეტი, იგი აკაკის სკოლის მიმდევარია. მისი ლექსების უმეტესობა შთაგონებული სამშობლოს სიყვარულით, ცარიზმის ბორკილებიდან მშობლიური ქვეყნის განთავისუფლებასა და გლეხის დუხჭირი ყოფის საკითხებს დასტრიალებდა. მართალია, კორტოხას ლექსებში არ იგრძნობა აკაკის ლირიკის მომხიბვლელი სისადავე და არც იმისი აზრის სიღრმის ნაკადი, მაგრამ მის ჩრდილქვეშ მორცხვად მდარი, შესაძლებლობის ფარგლებში, თავისი სუსტი ლექსებით იგი იმავე საკითხებსა და რწმენას ევლებოდა თავს, რისთვისაც იღვწოდნენ XIX საუკუნის ქართული მწერლობის კორიფეები.

მისი ნაწერების პირველი კრებული გამოიცა 1904 წელს „კორტოხას” ფსევდონომით, ხოლო მეორე კრებულის გამოცემა, რომელსაც ის 1912 წლისათვის აპირებდა, როგორც თვითონ გადმოგვცემს ერთ წერილში, დაიწვა ე. ხელაძის სტამბაში გაჩენილი ხანძრის გამო. რაც შეეხება მის ცნობილ ზღაპარ-პოემას „ჩიტ-ბეღურას”, რომელიც 1913 წელს ჟურნალ „ნაკადულში” დაიბეჭდა და შემდეგ ცალკე წიგნადაც გამოიცა (1920), ავტორს სიცოცხლეშივე აგდაუცია ამ ჟურნალის რედაქციისათვის.

ამ ზღაპრის შესახებ სოფრომ მგალობლიშვილი მოგვითხრობს, რომ იგი სტეფანე ძიმისტარიშვილს ჯერ კიდევ 1893 წელს ჰქონია ლექსად დაწერილი. და როცა აკაკი სტუმრებია მას სენაკში, მისთვის გადაუკითხვინებია. აკაკისაც მოწონებია და უთქვამს: „მშვენიერია ბავშვების საკითხავადაო”.

სტეფანე ძიმისტარიშვილი როგორც საზოგადოებრივ-პედაგოგიურ, ისე სამწერლო ასპარეზზე საკუთარი ძალისა და შესაძლებლობის მიხედვით „აღბეჭდა თვისი ნავალი”, რომელიც ყოველთვის იქნება გახსენების ღირსი.

სტეფანე ძიმისტარიშვილი გარდაიცვალა 1912 წლის ნოემბრის თვეში და დაკრძალულ იქნა მშობლიურ სოფელ კვაუთში.