‍რომანოზ ძამსაშვილი-ცამციევი (1853-1885)

ავტორი: ამირან ცამციშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

dzamsashvili ro64რომანოზ დავითის ძე ძამსაშვილი-ცამციევის საზოგადოებრივ-პედაგოგიური მოღვაწეობა მეტად მრავალფეროვანი და საინტერესოა. იგი ცნობილი იყო, როგორც მოწინავე პედაგოგი, სიმღერა-გალობის საუკეთესო მცოდნე, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. რომანოზს ახასიათებდა პედაგოგის შემოქმედებითი ნიჭი, ფართო ცოდნა, მუშაობის ორიგინალური სტილი და მეცნიერული ძიების უნარი.

რომანოზ ძამსაშვილი დაიბადა 853 წელს კახეთში, სოფელ ვაჩნაძიანში. პირველდაწყებითი განათლება მან ვაჩნაძიანის სკოლაში მიიღო, სადაც რომანოზის მამა ასწავლიდა. წიგნისა და მუსიკის სიყვარული მშობლებზე არანაკლებად რომანოზს შთაუნერგა ბიძამ გრიგოლ ისაკის ძე ძამსაშვილმა, რომელიც ძლიერი და ტკბილი ხმით იყო ცნობილი. 10 წლის რომანოზს მამა გარდაეცვალა. ბიძამ გრიგოლმა, რომელსაც თარგმნილ-გამოცემული აქვს რამდენიმე რუსული წიგნი, რომანოზი თბილისში წამოიყვანა.

1863 წელს რომანოზი მიაბარეს თბილისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც აუტანელი რეჟიმი სუფევდა, მაგრამ ზედამხედველად იაკობ გოგებაშვილის დანიშვნის შემდეგ მოსწავლე-ახალგაზრდობამ შვება იგრზნო. 1871 წლის 30 ივლისს რომანოზმა ვასილ ბარნოვთან ერთად წარმატებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი და იმავე წელს იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა.

როგორც ცნობილია, 1872 წლის პირველ ნახევრამდე სასულიერო სეინარიის პედაგოგიურ საბჭოში უმთავრესად პროგრესული ან ზომიერი მიმართულების ქართველი მოღვაწეები შედიოდნენ. სხვებთან ერთად რომანოზი გატაცებით კითხულობდა მშობლიურ წიგნებს, რუს და ევროპელ კლასიკოსებს: პუშკინს, ლომონოსოვს, ბელინსკის, შილერს, ჰეინეს და სხვ.

რომანოზი მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა თავის ბიძაშვილ სიმონ გრიგოლის ძე ძამსაშვილ-ცამციევთან, რომელიც, თავის მხრივ, დაახლოებული იყო დავით კეზელთან და სხვა რევოლუციურად განწყობილ მოსწავლე-ახალგაზრდებთან. რომანოზი გატაცებით დაეწაფა აკრძალული ლიტერატურის კითხვას. სემინარიის არქივში შემონახულია ივანოვის ბიბლიოთეკის სააღრიცხვო დავთარი, საიდანაც ჩანს, რომ რომანოზსა და სიმონს იმ დროისათვის მრავალი აკრძალული წიგნით უსარგებლიათ.

მაგრამ 1872 წლის ზაფხულზე თვითმპყრობელობის მიერ წარმოგზავნილი კერსკის სასტიკი რევიზიის შემდეგ სემინარიაში აუტანელი ატმოსფერო შეიქმნა. სემინარიელთა საერთო ჩხრეკის დროს გაჩხრიკეს ძამსაშვილი-ცამციევების ბარგიც. მიუხედავად იმისა, რომ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს, კერსკი მოხსენებით ბარათში მაინც აღნიშნავდა: „დავით კეზელთან მიწერ-მოწერაში გარეულნი არიან სამღვდელოებიდან სემინარიის გამგეობის წევრთა შვილები და ნათესავები – ცამციევის... კონუევის, მანსვეტოვის”. ამის შემდეგ ტანტ რომანოზს ყოველ ფეხის გადადგმაზე უთვალთვალებდნენ და კონტროლს უწევდნენ.

1877 წლის ივნისში რომანოზმა წარმატებით დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსი და სემინარიის სამმართველოს 1877 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით. რომანოზ ძამსაშვილი-ცამციევი ჩარიცხულ იქნა სემინარიის აღზრდილთა პირველ თანრიგოსნებში. მასთან ერთად სწავლობდნენ და სემინარია წარმატებით დაამთავრეს: ვასილ ბარნოვმა, იოსებ სანებლიძემ, ქრისტეფორე უღრელიძემ, პოლიევქტო კვიცარიძემ, დიმიტრი მეტრეველმა, ივანე მახარობლიძემ და სხვებმა.

ბიძა გრიგოლი და სხვა ახლო ნათესავები რომანოზს დაბეჯითებით ურჩევდნენ მღვდლად კურთხევას, მაგრამ მისი ოცნება და მიზანი, პირიქით, ცრუმორწმუნოებისა და უმეცრების წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

რომანოზმა ჯერ კიდევ სასულიერო სასწავლებელში გამოიჩინა მუსიკალური ნიჭი, ხოლო სასულიერო სეინარიაში ისე დახელოვნდა სიმღერაში, რომ თავისი მშვენიერი ხმის გამო მიღებულ იქნა მგალობლად არქიელის გუნდში.

1876 წელს თელავის სასულიერო სასწავლებლის მმართველობამ სემინარიის გამგეობას სთხოვა რომანოზის თელავში დანიშვნა. რომანოზის არჩევანიც სწორედ თელავი იყო, ეს ულამაზესი კუთხე მშვენიერი კახეთისა. 1877 წლის 1 ოქტომბერს ძამსაშვილ-ცამციევმა მუშაობა დაიწყო თელავის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენისა და ქართულ-რუსული გალობის მასწავლებლად. 1883 წელს ძამსაშვილი-ცამციევი მაზრის ადმინისტრაციასთან დაპირისპირების გამო იძულებული გახდა მიეტოვებინა კახეთი და ქუთაისში გადასულიყო, სადაც 1885 წლამდე მუშაობდა ქართული ენისა და სიმღერა-გალობის მასწავლებლად სათავადაზნაურო სასწავლებელში.

ჭაბუკი პედაგოგი მოღვაწეობის დასაწყისიდავენ მთლიანად მიეცა საყვარელ ასქმეს. საქმისადმი გულწრფელი დამოკიდებულებით რომანოზმა იმთავითვე მოიპოვა ავტორიტეტი და დაიმსახურა სიყვაული პროგრესულ საზოგადოებაში.

ძამსაშვილი-ცამციევი თელავის სასულიერო სასწავლებელში ყოფნის დროსაც მოსწავლეებს საამო ხმით უმღეროდა და ბეჯითად აასწავლიდა ძველ ქართულ სიმღერა-გალობას. აღსაზრდელებს იგი საკუთარი ტკბილი სიმღერით უნერგავდა ნაციონალური მუსიკის სიყვარულს, კვირა-უქმეებში კი თავს უყრიდა თავის შეგირდებს და ამღერებდა საზოგადოების თავშესაყარ ადგილებში. ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში ქართულ სიმღერა-გალობას რომანოზი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. „სიმღერა-გალობას” შეუძლია იქონიოს უაღრესი ნაციონალრი (ხალხოსნური) მნიშვნელობა, – ამბობდა ის, – მუზიკალურის განათლების დედაბოძათ, ქვა-კუთხედად არის იდეალური განხორციელება ხალხის ცხოვრებისა, ხალხის ისტორიისა: იგი არის მქონი ნაციონალურის აღზრდის საფუძვლისა”.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ქართული ნაციონალრუი კულტურის გულშემატკივარნი ხედავდნენ, რომ ერის მორალურ-პოლიტიკური ძლიერების, სამშობლოს სიყვარულისა და ხალხის მეგობრობის ერთ-ერთი გამომხატველი ძალა, ძველი მშობლიური სიმღერა-გალობა, – დავიწყებას ეძლეოდა და მისი აღდგენა-ჩაწერის მიზნით სათანადო მუშაობას ატარებდნენ. ბევრი რამ კეთდებოდა კახეთშიც. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს აპოლონ დავითის ძე ძამსაშვილი-ცამციევის გამოუქვეყნებელი მუსიკალური კრებული (47 სიმღერა) და რომანოზ დავითის ძე ძამსაშვილი-ცამციევის შრომები. რომანოზი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ძველი ქართული სიმღერა-გალობის აღდგენის, აღორძინებისა და ნოტებზე გადაღების რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს.

რომანოზი ქართული სიმღერა-გალობის მარტო მოყვარულ-მოთაყვანე როდი იყო ან კიდევ მარტო ქართული გუნდების ლოტბარი. იგი ბეჭდურადაც ემსახურებოდა ქართული მუსიკის ზრდასა და განვითარებას. მაგალითად, ილია ჭავჭავაძის „ნანას” მგრძნობიარე სიტყვები მან გადაიღო ნოტებზე და ყრმათა საკითხავ ჟურნალ „ნობათში” გამოაქვეყნა. „ნანაში” ჩაქსოვილია მშობლიური ტკბილი მელოდია, რომელიც საამო სამღერი და მოსასმენია. აღსანიშნავია, რომ ყოველკვირეულ „ივერიაში” ვინმე „ქართული გალობის მოყვარე” წერდა „უფრ. რ. ცამციევს ქართული სიმღერები ჰქონია 30-მდის გადაღებული ნოტებზე და უფ. როჟნოვის „ნოტების ანბანიც” გადაუთარგმნია ქართულად. სახალხო სიმღერები და უფ. როჟნოვის „ნოტების ანბანი” თ. ილია ჭავჭავაძისათვის გადაუცია 1877 წელში და ეხლაც იმას აქვს თურმე”. სამწუხაროდ, ეს კრებული ჯერჯერობით არ არის ნახული. როჟნოვის ანბანი კი საქართველოს მუზეუმშია დაცული.

ქართული სიმღერა-გალობის მოტრფიალე რომანოს ძამსაშვილი-ცამციევი თვალყურს ადევნებდა სამუსიკო მწერლობას. მან დაწვრილებით განიხილა მ. მაჭავარიანის „სამშობლოს ხმები”. რეცენზენტი უსაყვედურებდა ავტორს ქართული კილოების დამახინჯებას და ხალხის მიერ შემონახული მუსიკალური საუნჯის უგულებელყოფას და დასძენდა: „სიმღერა არის ერთი იმ საშუალებათაგანი, რომლის შემწეობითაც მკვიდრდება ხალხის სხვადასხვა განცალკევებულის ნაწილების ერთობა”.

რომანოზ ძამსაშვილი-ცამციევი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მშობლიური ენის შესწავლას და უდიდესი ოსტატობით უნერგავდა მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურისადი სიყვარულს. თავისი საქმისათვის თავდადებული ახალგაზრდა პედაგოგი მუდამ იმას ცდილობდა, რომ მშობლიურუი ენის ღრმა მცოდნე და პატრიოტული გრძნობებით შეიარაღებული სპეტაკი მამულიშვილები აღეზარდა. მთელ რიგ წერილებში, რომლებსაც იგი იმდროინელ პრესაში აქვეყნებდა, რომანოზი ქართული ენის სწავლების გაფართოებისა და განმტკიცების საკითხებს განიხილავდა. ჟურნალ „ივერიაში” იგი წერდა: „საქმე ის კი არ არის, რომ მასწავლებელი მხოლოდ ნასწავლი და „განათლებული” იყოს. პედაგოგმა უნდა მოიგოს იმ საზოგადოების გულიც, რომელშიაც იგი მოქმედებს, იმოდენი მოხერხება უნდა ჰქონდეს მას, რომ შეეძლოს შთააგონოს ხალხს სწავლის სარგებლობა და საჭიროება”.

რომანოზ დავითის ძე ძამსაშვილი-ცამციევი სწავლებისას დიდ ყურადღებას აქცევდა ახალგაზრდობის მორალურ აღზრდასაც. „საქმე მარტო წერა-კითხვის სწავლება კი არ არის, – წერდა იგი, – არამედ საქმე ხასიათის გასწორებაა, ხასიათისა! უხასიათო კაცი, რაც გინდა ნასწავლი იყოს-მეთქი, უსარგებლოა და უვარგისი”. რომანოზის გაკვეთილებზე კლასში დისციპლინის დარღვევის შემთხვევებს არ ჰონდა ადგილი, რადგან მისი გაკვეთილები იმდენად საინტერესო და მიმზიდველი იყო, რომ სმენად გადაქცეული მოსწავლეები ზარის შემდეგაც კი, თითქოს მოჯადოებულნი ყოფილიყვნენ, ადგილიდან არ იძროდნენ.

რომანოზს მშრომელი ხალხი უდიდეს მამოძრავებელ ძალად, ისტორიის შემოქმედად მიაჩნდა. ხალხში ხედავდა ძალასა და ერის სახეს. ეს ნათლად ჩანს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიმოწერიდან, რომელიც საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ისტორიული არქივის ფონდშია დაცული. საზოგადოების გამგეობა 1881 წლის 23 ოქტომბერს დასაფასებლად წარმოდგენილ „შემოკლებული საქართველოს ისტორიის” შესახებ ავტორს რომანოზ ძამსაშვილ-ცამციევს უსაყვედურებს: „...ისტორიულად უფრო გაოჩენილნი გმირნი თითქმის ერთ რიგზე დგანან იმ ფაქტებთან და პირებთან, რომელნიც ნაკლებ შესანიშნავნი არიან”. ამაზე რომანოზი უპასუხებდა: „მაშ, როგორ გნებავთ. ნუთუ მცირედ შესამჩნევი პირნი სრულიად უნდა განქრნენ ჩვენი ისტორიიდან, მეტადრე ახლა, როდესაც ჩვენ ჯერედ ღირსეულად არ დაგვიფასებია თითქმის არც ერთი ისტორიული პირი?” თქვენ იმას ბრძნებთ: სადაც ი. გოგებაშვილი, ი. ჭავჭავაძე, ს. მესხი, თ. ჟორდანია არიან, საწყალის რომანოზ ძამსაშვილის მოხსენება შეუძლებელი და ცოდვააო!!..”

“შემოკლებული საქართველოს ისტორიის” წინასიტყვაობაში რომანოზი სინანულით წერდა: „საზოგადოდ ჩვენს ისტორიულ თხზულებებში (თვით „ქართლის ცხოვრებაშიაც”) ფრიად მცირე ადგილი უჭირავს „ხალხის” შინაურის ცოხვრების განხილვასა; ამისათვის ნურვის გაუკვირდება, თუ ჩვენი შრომაც მოლებულია ამ მხრით ღირსებას...”

საერთოდ ხალხის ფართო ფენებთან მჭიდრო კავშირს რომანოზი პედაგოგიური საქმიანობის აუცილებელ წინაპირობად თვლიდა. იგი წერდა: „მასწავლებელმა თუ იმ საზოგადოების ყოფა-ცხოვრება, ენა, ჩვეულება და ხასიათი არ იცის, რომელშიაც იგი მოქმედებს, ან უნდა იმოქმედოს, რაც უნდა კარგად იცოდეს საგნები, ვერა სარგებლობის მოტანა ვერ შეუძლიან”.

თელავის სასულიერო სასწავლებელში საქართველოს ისტორია ცალკე საგნად არ ისწავლებოდა. რომანოზ ძამსაშვილმა პირადი ინიციატივით თავის სამუშაო გეგმაში შეიტანა საქართველოს ისტორიის მოკლე კურსი, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის გაკვეთილების გადაცემის დროს იგი დიდ სიძნელეებს აწყდებოდა ლიტერაურის სიმცირისა და სახელმძღვანელოს უქონლობის გამო. „დროებაში” იგი წერდა: „თვალები ჩაწყალებული მაქვს ჩემის მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიის გაკვეთილების წერაში”.

რომანოზ ძამსაშვილმა თითქმის მთელი საქართველო შემოიარა, გაეცნო ძველ ისტორიულ ძეგლებს და კალამიც აამოძრავა.

1880 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ „საქართველოს ისტორიისათვის” 400 მანეთი პრემია გამოაცხადა. ახლობლების რჩევით რომანოზმა გამოგზავნა თავისი ხელნაწერი, რომელიც ერთი წლის შემდეგ საზოგადოების გამგეობამ დაიწუნა. ამის გამო გულნატკენი ავტორი სამართლიანად საყვედურობს: „სემინარიიდან გამოველ ქართული კითხვა არ ვიცოდი (ჰკითხეთ ი. ჭავჭავაძეს). ამ ოტხ წელიწადში ცოტა რამ შევისწავლე და გავიგე და თქვენ კი ჰსცდილობთ მე დასაწყისიშივე მომიღოთ ბოლო... ეხლა ვასრულებ მე „კახეთის ისტორიასა”, „თელავის მაზრის ისტორიკო-გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული აღწერაც” მალე მზად მექნება. ამათს გარდა „ექვსი საყმაწვილო მოთხრობა ჩვენის ცხოვრებიდამ” (ისეთი-კი არა, როგორიც არიან საზოგადოებისაგან გამოცემული „ხატაური” და „წითელი ფარანი”... და სხვა სტატიები). მაგრამ როგორღა წარმოვადგინო თქვენს წინაშე?!”

რომანოზმა ხელნაწერი უკან დაიბრუნა, ხოლო „საზოგადოებას” შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა: „მე ხომ პრემიისათვის არ შემიდგენია იგი, მე ვწერდი მას გაკვეთილებით და ჩემს მოსწავლეთ ვასწავლიდი 1878 წლიდან და ბოლოს, როდესაც გამოცხადდა პრემია, გამოვგზავნე, თუ ღირსი იქნება, დაჰბეჭვდენ, თუ არადა საფუძვლიანის შენიშვნებით დამიბრუნებენ-მეთქი... მაგრამ მოვსტყუვდი. აქამდის ჩემი ისტორია დაბეჭდილი და შესწორებულ იმექნებოდა... მე მაინც უეჭველად ვაპირებ მის დაბეჭდვას, რაც გინდ იყოს, რადგანაც დაწმუნებული ვარ, რომ იგი უეჭველად სარგებლობას მოუტანს ჩვენს ახალგაზრდობასა და მეც მიჩვენებს ნაკლულევანებას შემდეგისათვის გასასწორებლად. მე მხოლოდ დაბეჭდვა მინდოდა მისი, თორემ პრემია ჩემი საქმე არ არის. პრემია მიეცით იმას, ვინც ფულისა და თავის გამოსაჩენად შრომობს და არა სასარგებლოდ. მე ჩემით დამიწყვია შრომა, ჩემის ნება-ყოფლობით ვშრომობ და ვიშრომებ სიკვდილამდინ, რამდენადაც და როგორც შემეძლება. მხოლოდ ეს არის, რომ აგრე გული არ უნდა აუცრუოთ ხოლმე საწყალს პროვინციაში მყოფს სემინარიელსა”. 1882 წელს რომანოზ ძამსაშვილ-ცამციევმა დავით ვახტანგის ძე ჯორჯაძის, ს. რ. მეღვინეთ-უხუცესის, ი. პ. როსტომაშვილისა და სხვათა დახმარებით გამოსცა „შემოკლებული საქართველოს იტორია”. წინასიტყვაობაში ავტორი წერს: „ჩვენ კარგათ ვიცით, რომ ამ შრომას მრავალი ნაკლოვანება ექნება, მაგრამ თუ სახეში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ჩვენის სამშობლოს ისტორია ჯერ ისევ შეუმუშავებელია და ისე ცოტაა ნაწერი იმის შესახებ, რომ ისტორიის სახელმძღვანელოს შემდგენელმა არ იცის რომელ გზას დაადგეს, რომელ ამბავს დაუჯეროს სიმართლის აღსადგენად, – მაშინ ცხადი იქნება, რომ ამ გვარს შრომას „ჯერ” ბევრი არ უნდა მოეთხოვებოდეს”.

მართალია, რომანოზ ძამსაშვილი-ცამციევის „შემოკლებულ საქართველოს ისტორიას” ბევრი ნაკლი ჰქონდა როგორც ფაქტირი მასალების, ასევე მათი გაშუქების თვალსაზრისით, მაგრამ იმ დროისათვის იგი მაინც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. იგი იყო პირველი ცდა, რომელშიც ასე თუ ისე სისტემატურად იყო მოცემული ძირითადი ფაქტები და მოვლენები. იგი მოსწავლეებს უნერგავდა სამშობლოსა და მისი ისტორიისადმი სიყვარულს.

თუ როგორი გავლენა ჰქონდა ამ წიგნს მოსწავლეებზე, ნათლად ჩანს თედო სახოკიას მოგონებიდან: „1883-1884 სასწავლო წელია. მესამე კლასში ვართ. ქართლუის მასწავლებელი ერმალოზ კანდელაკი ხელში რაღაც წიგნით შემოვიდა კლასში და გამოგვიცხადა: „მე ახლა თქვენ უნდა გასწავლოთ „საქართველოს ისტორია”. მოწაფეებმა ყურები ვცქვიტეთ. სიტყვა „ისტორია” პირველად გვესმოდა. ჩვენ თავს ვეკითხებოდით, თუ რა იყო „ისტორია” და როგორ უნდა გვესწავლა. ასე გვეგონა, რომ ჩვენი ქართულის სწავლება იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარის” სწავლით უნდა ამოწურულიყო. მასწავლებელმა აგვიხსნა, თუ ანი იყვნენ ძველად ქართლ-კახელბი, რომელთა ჯარებს „ქულაჯები” სცმიათ და რომლებიც საქართველოს მტრებს – სპარს-ოსმალთ ლომებივით ეკვეთებოდნენ და მუსრს ავლებდნენ, ომიდან სულ მუდამ გამარჯვებულნი ბრუნდებოდნენ. სანატრელ ჩასაცმელად მოგვეჩვენა ეს „ქულაჯები”!! ქულაჯა ჩემს ბავშვურს ფანტაზიას წარმოუდგა საოცნებო, მომაჯადოებელ ტანისამოსად... სამად-სამი გაკვეთილი გვქონდა საქართველოს ისტორიისა... ასე ხანმოკლე იყო ჩვენი სიხარული...”

ამ მხრივ, საინტერესოა ერთი ფაქტიც. თელავის სახალხო სასწავლებლის ინსპექტორს ვასილ იოსების ძე კიკნაძეს 1883 ელს აუკრძალავს ძამსაშვილის ისტორიის ხმარება, განკარგულება გაუცია, მოსწავლეთათვის ჩამოერთმიათ ეს წიგნი, წინააღმდეგ შემთხვევაში კიკნაძე იმუქრებოდა, რომ საქმის ვითარებას აცნობებდა „ვისაც ჯერ არს”. მაგრამ თელავის მოსწავლე-ახალგაზრდობას მტკიცე უარი განუცხადებია წიგნის დაბრუნებაზე.

ამ წიგნის შესახებ გაზეთი „შრომა” 1882 წლის 3 ნოემბერს წერდა: „ყოველს მამულის და თავისი წარსლის დროის და მომავლის მოიმედეს ქართველს ციმციშვილის თხზულება მარადის სახელადო წიგნათ უნდა ჰქონდეს”. გრიგოლ ყიფშიძეც, საფუძვლიანად განიხილავდა და აკრიტიკებდა რა რომანოზის ნაშრომს, საბოლოოდ ასკვნიდა: „ისე ძლიერია ჩვენში საქართველოს მოკლე ისტორიის წიგნის საჭიროება და მოთხოვნილება, ისე სწყურია ხალხს ცოდნა თავის წარსულისა, რომ იგი არ ერიდება არც წიგნის სიძვირეს და არც მის ნაკლულევანებას... ბ-ნს ძამსაშვილს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ მას შეუგნია ხალხის უაღრესი საჭიროება და როგორც შესძლებია, ისე მოუნდომებია მისი დაკმაყოფილება”.

რომანოზ Aძამსაშვილი-ცამციევის კალამს ეკუთვნის რამდენიმე საბავშვო მოთხრობა და გეოგრაფიული წერილები კახეთსა და იმერეთზე. რომანოზი ამ პატარ-პატარა მოთხრობებში მიმზიდველი და ლამაზი ენით აღწერს საქართველოს ლამაზ ბუნებას. იგი საინტერესოდ გადმოგვცემს ისტორიულ ფაქტებს და დამაჯერებლად გიხატავს მშრომელი ხალხის გაჭირვებულ მდგომარეობას. იაკობ გოგებაშვილი, მიუთითებს რა ამ მოთხრობების ნაკლზე, იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში „უკეთეს წერილებს წარუდგენს თავის პატარა მკითხველსა. ჩვენ ასე ვფიქრობთ იმის გამო, რომ ამ წერილებშიაც კი ეტყობა ავტორს საზოგადო გახსნილობა და გონების განვითარება”.

რომანოზ ძამსაშვილი-ცამციევი ჩვენთვის დაუვიწყარია, როგორც ეთნოგრაფიც. მან თითქმის მთელი საქართველო შემოიარა, განსაკუთრებით დეტალურად აღწერა კახეთის ისტორიული ძეგლები, ხალხის ზნე-ჩვეულება. ამ მოგზაურობის დროს იგი აკვირდებოდა ხალხის ყოფა-ცხოვრებას, სწავლობდა მის ჩვეულებებსა და ამის შედეგად ბეჭდავდა მეტად შინაარსიან და საინტერესო ეთნოგრაფიულ წერილებს. მრავალთაგან უნდა აღინიშნოს ფშავის აღწრეა ისტორიული ძეგლებით, მცხოვრებლებით, ადათით. ეს საინტერესო მასალა ქვეყნდებოდა 1880 წლის „დროებაში”. კორესპონდენციებმა ისეთი ცხოველი ინტერესი გამოიწვია, რომ 1886 წელს „ივერიამ” ამავე საკითხზე ვაჟა-ფშაველას წერილები დაბეჭდა, ხოლო დ. სოსლანმა (დავით კეზელმა) „ნოვოე ობოზრენიეში” გადათარგნილი თუ საკუთარი წერილები მოათავსა. რომანოზი საინტერესო ცნობებს იძლევა სოფელ ართაანის სპილენძის საბადოებზე, სოფელ ალლის-ყურისა და ალვანთან არსებულ თამარ მეფის სასახლის, ეკლესიისა და მასში მოთავსებული თამარის სურათზე. იგი აღწერს ალავერდობა-ნეკრესობას და გულისტკივილით აღნიშნავს ისტორიული ძეგლების კატასტროფულ მდგომარეობას.

რომანოზ ძამსაშვილი-ცამციევი 1876 წლიდან ქართული ჟურნალ-გაზეთების მუდმივი კორესპონდენტი იყო. როგორც თვითონვე აცხადებდა, ანდერძად ჰქონდა მიღებული „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო”. მართლაც, „რომანოზის”, ქართველის”, ვაჩნაძიანელის”, „ღობემძვრალას”, „დ. რ.”, „კახელი წინწიბურას”, „მაყურებლის”, „კახეთის მემატიანეს” და სხვა ფსევდონიმებით იგი გაბედულად ამხელდა საზოგადოების ნაძირალა ელემენტებს და რეაქციონერი ჩინოვნიკების მიერ ხალხის დაჩაგვრის კონკრეტულ შემთხვევებს. დამახასიათებელია, რომ 1880 წლის „დროების” ფურცლებზე თელავის მაზრის უფროსის ჩოლოყაშვილის დანაშაულებრივ საქციელზე მამხილებელი წერილების ავტორი რომანოზ ძამსაშვილი-ცამციევი იყო. სწორედ ამის გამო გახდა იგი იძულებული, მიეტოვებინა თელავი და ქუთაისში გადასულიყო. მაგრამ მას არც აქ გაუგდია კალამი ხელიდან და კვლავ კეთილსინდისიერად ასრულებდა კორესპონდენტის მოვალეობას. 1883-1885 წლებში იგი უთაისიდან ფელეტონებს წერდა „X”-სა და „რაულ დე-ლა-ტრამბლეს” ფსევდონიმით.

რომანოზ ძამსაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საღამო-წარმოდგენებში და, როგორც შეეძლო, ეხმარებოდა სცენის მოყვარეთა დასს. იგი „დროებასა” და „ივერიაში” განიხილავდა კახეთში ახალი სკოლების გახსნის, სასამართლოს განყოფილების დაარსებისა და კლუბების მოწყობის საკითხებს.

რომანოზი სპეტაკი, პატოსანი და უანგარო ადამიანი იყო. მასში აღშფოთებას იწვევდა ზოგიერთი პედაგოგის უპასუხიხმგებლო მოქმედება. მაგალითად,&ნბსპ; სოფელ საბუის მასწავლებელ ყიასოვზე, რომელიც სწავლის პერიოდში თეალვის ბაზარზე უსაქმოდ დასეირნობდა, რომანოზი „ივერიაში” წერდა: „ახლა, მუქთად რომ გლეხის ფულებბსა სჭამს – რა პასუხს აძლევს ან გლეხებს, ან თავის მოსწავლეებს”.

რომანოზ ძმასაშვილი-ცამციევი იმედის თვალით შესცქეროდა მომავალს. მოღვაწეობის უკანასკნელ პერიოდში იგი გაბედულად აკრიტიკებდა თვითმპყრობელურ რეჟიმს და ხალხს ბრძოლისაკენ მოუწოდებდა; „შევერთდეთ ერთად, შევსძრათ ძველი, დაობებული, დამყაყებული, ცილისწამებით შეიარაღებული და ცრუმორწმუნოებით მოცული ცხოვრება და შევატაკოთ ახალს, ცოცხალს, ჭაბუკს და ძლიერის ელემენტებით შეჭურვილს. შემდეგ ჩვენშიაც ბუნებაც ცოტ-ცოტათი შეიცვლება, გონება გაიხსნება და განათლდება, ზნეობა დამშვენდება და... ეს ჩვენი დრო... წარსულს მაინც, ჩემის ფიქრით, სჯობია და მომავალი აწმყოს აჯობებს”.

რომანოზ ძამსაშვილი-ცამციევი მძიმე ნივთიერ გაჭირვებას განიცდიდა. თავის უმწეო მდგომარეობაზე იგი გაზეთ „შრომაში” ჩიოდა: „დღეში სამი-ოთხი გაკვეთილი უნდა მივცე ცივსა და მტვრიანს კლასში და დაღლილ-დაწყვეტილი დავბრუნდე სახლში, რომელიც კლასზედ უკეთესი არ არის და შევუდგე სახლშიაც რვეულების გასწორებას და წავიკითხო რამე; ნუთუ გასაკიცხავი ვიქნები, რომ კლასის გარეთ ნაშრომი მცირე მქონდეს და მასში ნაკლულევანებაც მოიპოვებოდეს? და რითი ჯილდოვდება ჩემი და ჩემისთანა მოსამსახურეთა შრომა – დღეში ერთის მანეთით და ექვსის შაურით!”

ასეთმა პირობებმა უდიდესი ზიანი მიაყენა მის ჯანმრთელობას, რის გამოც მან მხოლოდ 32 წელი იცოცხლა. ტუბერკულოზით დაავადებული იგი 1885 წლის 8 აგვისტოს გარდაიცვალა ქალაქ თელავში.

ჟურნალმა „თეატრმა” რომანოზის გარდაცვალების გამო მცირე, მაგრამ ბევრის მთქმელი ცნობა მოათავსა, „დროების” რედაქციამ კი მოზრდილ ნეკროლოგი გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს ხალხს ამცნობდა: „სიკვდილმა კიდევ წაართვა ჩვენს ქვეყანას ერთი პატიოსანი და მშრომელი ახალგაზრდა... თავისი ნიჭი და გონება მიწაში არ ჩაუმარხავს და რაც მისცა ბუნებამ და ქვეყანამ, უკანვე დაუბრუნა სამშობლოს”.