‍თამარ დიდებაშვილი-რაზიკაშვილი (1878-1957)

ავტორი: ნინო ჩიხლაძე
წყარო: ღვაწლმოსილი ქართველი მანდილოსნები, თბილისი, 1976

0041 dideთამარ რაზიკაშვილი არც მწერალი იყო, არც მოღვაწე. მაგრამ ჩვენთვის იგი საინტერესოა როგორც სასიქადულო პოეტის ვაჟა-ფშაველას მეუღლე.

სხვა რომ არაფერი ვთქვათ, თამარმა შემოგვინახა ბევრი კარგი მოგონება ვაჟას შესახებ, რასაც დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესასწავლად.

ვინც ჩარგალში ყოფილა და ვაჟას მუზეუმი უნახავს, არასოდეს დაავიწყდება ბექობზე მდგარი თამარი, რომელიც დაინახავდა თუ არა ეზოში შემოსულ სტუმრებს, თავის კეთილშობილურ ღიმილს შეაგებებდა ხოლმე. ზომიერი, დარბაისლური სიტყვა-პასუხი იცოდა, საინტერესო იყო მისი მოსმენა.

– ეს არი ჩემი უკანასკნელი სახსოვარი, – იტყოდა თამარი ვაჟას მუზეუმზე. აი, ეს სამფეხა სკამი, აი ის ღუმელი, რომლის წინ ღამეები უთენებია ლუკას, აგერ მისი აზარფეშაც.

ღრმა მოხუცებულობამდე თამარი არ მოშორებია მუზეუმს. იგი იყო ამ მუზეუმის პირველი მასპინძელი.

თამარ რაზიკაშვილი რომ საინტერესო პიროვნება იყო, ამაზე მეტყველებს ვაჟას მიერ თამარისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი „სიმღერა“:

„ყური დაგიჩნდა, სხივი კრთის,
სრულად დამიჩნდი, მთვარეო,
გზადაკარგულსა, მტირალსა,
მიშველე, გამახარეო,
გაფანტე, ეგებ გზა ვნახო,
წყვდიადი მარტყავ გარეო.
აღარა ვწყევლო ეგები,
ჩემი სიცოცხლე მწარეო.
გულს სწყურის გნახოს ბადრადა,
ამო, ამოჩნდი, ბარეო,
ვიხილო შენი სხივები
მთა-ბარზე მოელვარეო!
გზადაკარგულთა ნუგეშო,
შენ სხივებს ვენაცვალეო!“

როგორც ვხედავთ, თამარს დიდი სიხარულიდა იმედი შეუტანია პოეტის ცოხვრებაში. ვაჟას ობლად დარჩენილი პატარების მოვლა-პატრონობა მხოლოდ ისეთი გმირული სულის მქონე ქალს შეეძლო, როგორიც იყო მთიელი ქალი თამარ დიდებაშვილი. ამიტომ უწოდებს ვაჟა ამ ლექსში თამარ „გზადაკარგულთა ნუგეშს“.

ვაჟას პირველი მეუღლე, როგორც ვიცით, მშობიარობას გადაჰყვა. რამდენიმე წლის შემდეგ გადაუწყვეტია ვაჟას სოფელ ხორხის მკვდირის, გიორგი დიდებაშვილის ქალიშვილი შეერთეო. თამარს ოთხი კლასის ცოდნა ჰქონდა. ნაკითხი ქალი იყო. ვაჟას „ბახტრიონი“ ზეპირად იცოდა. ოცნებობდა თურმე, ნეტავი ამის დამწერი სადმე მაჩვენაო.

აი როგორ იგონებს თამარ რაზიკაშვილი თავის ცხოვრებას ვაჟას ოჯახში:

„ოჯახი აოხრებული, გატიალებული დამიხვდა. ვაჟას თურმე შვილები სხვაან ჰყავდა. შემდეგ ნელ-ნელა გამოაჩინა ერთის მაგივრად ოთხი. ბავშვები შემომეხვივნენ. ვაჟამ გააცნო ჩემი თავი. შვილებო, დედა მოგიყვანეთო. ახალგაზრდა ვიყავი და მეთაკილებოდა დედინაცვლობა. ამ დროს ბაჩანამ შემამჩნია (ნიკო რაზიკაშვილმა) დაბნეულობა. ჩუმათ ყურში ჩამჩურჩულა – ცოდონი არიან, გული უჩვენეო. ბალღები გულში ჩავიკარი, სათითაოდ სახელები გამოვკითხე: თამარი, გულქანი, მარიამი, ლევანი. მეორე დღეს შევამჩნიე პატარა გულქანი ხეს მისჩერებოდა და ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა.

– რა გატირებს-მეთქი, ვკითხე.

– აგერა, ის ჩიტი ტირის, იმასაც ჩემსავით დედა მოკვდომიაო!

ახლა კი ვხედავდი, რომ მე ვიყავი ამ ობლები სპატრონი. შევუდექი მათ აღზრდას, ოჯახის მოვლას. მალე ვახტანგი შემეძინა. ცელით არ მითიბია, თორემ ისე გუთანზე კი ვეხმარებოდი, ხარებს ვურეკავდი ვაჟას.

ყანაში, როცა ქერი შემოვიდოდა, ვაჟას გავყვებოდი სამკალად. ზაფხულის პაპანაქება სიცხეში სისხამ დილიდან მოყოლებული ვმკიდით ერთად მოწეულ ყანას, რაც მაშინ მთიულეთის წესით ქალისათვის უჩვეულო იყო“.

მაგრამ არა მარტო შრომაში, თავის შემოქმედების დროსაც ვაჟა გვერდით მოისვამდა თამარს და მისი ფანდურის დაკვრის ხმაზე ლექსებს თხზავდა.

„დაჯექი, თამარო, ახლა სხვაზე არაფერზე იფიქრო, მხოლოდ ჩემს ლექსებს დაუგდე ყურიო. მოგწონსო, – შემეკითხებოდა ხოლმე.

– კარგია, ლუკავ, ვეტყოდი, მაგრამ ამ ქალებს რაღას დაატან შიგ-მეთქი.

– თუ ქალის, ვარდისა და იის სინაზეზე არ დავწერე, აბა, ის რა ლექსი იქნებაო, – მეტყოდა.

იცი, რა გითხრა, თამარ, როგორც დღეს ფშავლები ლაშას, თამარს და წმინდა გიორგის ხატზე ლოცულობენ, ისე ერთ დროს ჩემს ხატზე ილოცებენო. ოჰ, ისე არ მოვკვდები, რომ ქალაქში არ წაგიყვანო და დედოფალივით არ გაცხოვროო.

გულით უნდოდა ვაჟას ზამთრობით მაინც ქალაქში ეცხოვრა, მაგრამ მას ამის საშუალება და არც საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა თბილისში. მახსოვს, ქალაქიდან მოსული გაჯავრებული ვაჟა. რომ შემომჩივლებდა, – ლექსებს არ მიბეჭდავენო. ნუთუ ჩემი ნაწერები ეგრე დაუბეჭდავი უნდა დარჩესო.

არა, ვაჟკაცს არ დაეკარგვის შრომა, ამაგი თვისიო, – ამხნევებდა თავის თავს ვაჟა. ერთხელ ისიც მითხრა:

ენას მიწუნებენ ქალაქს, ფშაურად ნუ სწერო. თან იმასაც მეუბნებიან, ქალაქში გადმოდი, აქ იმსახურეო.

იცი, თამარო, ილიამ რა მითხრა, ჩემს ჩრდილში ნუ მოკვდებიო.

ილიას სიკვდილი რომ გაიგო, სამი დღე და ღამე კრიჭაშეკრული ჰქონდა.

ვაჟა ისე არ დაჯდებოდა პურის საჭმელად, რომ სამშობლოს, საქართველოს სადღეგრძელო არ დაელია.

ერთხელ იაპონელების სადღეგრძელო შესვა.

ბეჩავი ბიჭები როგორ დაუხვდნენ რუსეთის ხელმწიფის ჯარებსო, „მხედართა ძველი სიმღერა“, – ამაზე დაწერა.

ვაჟა თავისებური კაცი იყო. კოპწიაობა, კოხტაობა არ უყვარდა, მაგრამ მე რომ ლამაზად ჩაცმულს მნახავდა, უხაროდა, რამდენჯერ თვითონ აუსხია ჩემთვის ქალამანი.

ერთხელ ჩემმა მეზობელმა კუკნამ ხალათი შეიკერა და ჩვენთან გამოვიდა საჩვენებლად. ვაჟა გომურის მესრებს აკეთებდა. გაეგონა ჩვენი სუბარი, შეაქო მეზობელი – ალბათ გულში თუ იფიქრა, ჩემს თამროსაც მოუხდებოდაო და ლექსით მითხრა:

„კუკნამ შაკერა კაპოტი,
მის სანახავად გავრბოდი,
ნეტავი თამროს მისცა,
დაღონებული ვამბობდი“.

ხელმოკლეობა ყველაფერში ხელს გვიშლიდა, მაგრამ მე არასოდეს ვწუწუნებდი. ერთხელ რუსეთიდან ფშავში მეცნიერები ჩამოვიდნენ. ჩარგალი ინახუელს, ვაჟას გაეცნენ. სურათებს იღებდნენ. მეც ფშაველ მეზობელ ქალებს გვერდში დაუდექი სურათის გადასაღებად. ვაჟას გაეცინა და მითხრა:

– რად გინდა, შე ბეჩავო, სურათს რომ იღებ, შენი ჯღანი ქალამნებიც შიგ გამოვაო.

1904 წელს ცოლად მომიყვანა. 1905 წელს უკვე რევოლუციის საერთო მღელვარებამ ფშავშიც მოატანა. მახსოვს, ვაჟა ხშირად ღამეებს არ ათენებდა სახლში. ვიცოდი, რომ პოლიცია ვაჟას თვაყურს ადევნებდა. ვღელავდი, არ დაიჭირონ-მეთქი.

– ნუ გეშინია, თამარო, მითხრა ერთხელ ვაჟამ, იმ კაცს, რომელსაც ჩემი დაჭერა დაავალეს, უარი უთქვამს, მე იმ კაცს ვერ დავიჭერ, მთელი საქართველო ფეხზე დადგებაო, და თავისი ლექსი „სიტყვა ეული“ წამიკითხა:

„სიტყვა გადვაგდე ერშია,
სიტყვა, რა სიტყვა? – ეული,
ტანჯულის გულის ნაცრემლი,
ჯავრით ნაკვები, სნეული,
გულგაგმირული, ბეჩავი,
თავს მანდილ ჩამოხეული!“

ეს რომ მთავრობამ გამიგოს რაზე დავწერე, ჩამომახრჩობენო.

ვაჟა ესარჩლებოდა მთიელ ხალხს. ერთხელ მამასახლისისათვის წართმეული ნიშები ხურჯინით სახლში მოიტანა.

– აჰა, დედაკაცო! გულზე ჩამოსაკიდი შიბი გაიკეთეო, – გამეხუმრა ლუკა.

ვაჟა ერთობ კეთილი და ყურადღებიანი იყო, მაგრამ გაჯავრება, გულის მოსვლა პატარა რამეზე იცოდა. ისე დაიგრგვინებდა, როგორც მეხი. ერთხელ ვაჟას უგუნებობის გამო გომურში მოგვიხდა ღამის გათევა. მაგრამ მე არ ავყვებოდი ხოლმე. ვიცოდი მისი ხასიათი, მალე გადაუვლიდა და ისევ ის ვაჟა იქნებოდა. შენ რომ ასეთი ხასიათისა არ იყო, თამარო, არ ვიცი, როგორ იქნებოდა ჩემი საქმეო.

ვაჟა რომ ქალაქისათვის გაემზადებოდა, მივაძახებდი: ვაჟა, შენი ჭირიმე, მალე მოხვიდოდე, ე, ბალღები ძალიან მაღონებენ-მეთქი. ნუ ანებივრებ, თამარო, დატუქსე. უფრო წესიერები გაიზრდებიანო. განა არ მქონდა მიზეზი მათი დატუქსვისა, საქონელში გაგზავნილ ბავშვებს ეკარგებოდათ საქონელი, ან საქონელს გამოწველილს მოიყვანდნე, ან გაიტაცებდა მათ მარწყვის, ჟოლოს კრეფა. გავრბოდი მათ საძებნელად, მაგრამ არასოდეს ხელი არ დამიკარებია, მეცოდებოდნენ უდედო ბალღები, დავარიგებდი, ვასწავლიდი და ისინიც მიჯერებდნენ.

შვილები წამოგვეზარდნენ, ოჯახის მოთხოვნილება დღითი დღე იზრდებოდა. გაჭირვება ზოგჯერ ხმას ამომაღებინებდა, მინდოდა მეთქვა ვაჟასათვის: ვაჟა, მიიხედ-მოიხედე გარშემო, ბავშვები ტიტველ-შიშველი დაგვიდიან, შინ არაფერი გვაქვს, შენ ზიხარ. სულ ჯღაბნი და ჯღაბნი-მეთქი, მაგრამ ამის მეოთხედს არ ვეტყოდი, ვიცოდი, რომ იგი მარტო ჩვენ არ გვეკუთვნოდა“.

ჭკვიანსა და დაკვირვებულ თამარს არ გამოპარვია ვაჟას გუნების შეცვლა. ვაჟა კუჭს უჩიოდა. თამარი მჟავე წყალს ასმევდა, რადგან სხვა წამალი არ სწამდა. თამარი სთხოვდა, ექიმთან წასულიყო ქალაქში, ემკურნალა. ვაჟამ ქალაქში წასვლის წინ უიმედოდ უთხრა თამარს:

– ეს სატკივარი ისე თავს არ დამანებებს და საქმეს საოპერაციოდ გამიხდისო.

– ოპერაციას ნუ გაიკეთებ-მეთქი, – შევეხვეწე.

– ეჰ, თამარო, ბედისწერას ვინ გაქცევია, – ჩაიქნია ხელი ვაჟამ.

ეს იყო ჩემი უკანასკნელი საუბარი მასთან და მისი უკანასკნელი ნახვაც.

ვაჟა საავადმყოფოში დაუწვენიათო, მაცნობეს ქალაქიდან. ვაჟას ძმა სანდრო რაზიკაშვილი მწერდა: ვაჟას დიდი სიცხეები აქვს, პლევრიტი აღმოაჩნდაო.

შევწუხდი. მკათათვე იდგა. საშინელი ცხელი ზაფხული იყო იმ წელს. მთაში გაზრდილი კაცი ამ სიცხეს როგორ აიტანს-მეთქი, გავიფიქრე. ვაჟა არ მინახავს საავადმყოფოში. აბა, ვინ წამიყვანდა, მაშინ ვახტანგი 10 წლისა მყავდა. ოჯახი, სახლ-კარი ჩემს ამარა იყო.

ვერც ვაჟა-ფშაველას დაკრძალვას დავესწარი. ეს დღემდე ხინჯად მაქვს გულში. ქართული საზოგადოებისათვის იმდენად მოულოდნელი იყო ვაჟას სიკვდილი, რომ მე ვისღა მოვაგონდებოდი“.

თამარ რაზიკაშვილი გარდაიცვალა 1957 წელს.

თავისი ანდერძის თანახმად იგი დიდუბეში, ვაჟას პირველ საფლავში ჩაასვენეს.

შესანიშნავი სიტყვით გამოეთხოვა მას პოეტი-აკადემიკოსი გიორგი ლეონიძე:

„შენი უკანასკნელი თხოვნის თანახმად, შენ იმარხები შენი დიდებული მეუღლის პირველ საფლავის იმ ჭრილში, რომელშიც ოდესღაც ესვენა ქართველი ხალხის საყვარელი პოეტი ვაჟა-ფშაველა.

მშვიდობით ღირსეულო, ქართველო დედავ“.