‍არჩილ დარეჯანაშვილი (1861-1921)

ავტორი: ვ. კახაძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

darejanashvili ar108არჩილ დარეჯანაშვილი წარმოშობით წაინგილოდან იყო. იგი 1861 წელს დაიბადა სოფელ ყორაღანში. არჩილი თავიდანვე იპყრობდა ყურადღებას თავისი სიმკვირცხლითა და გონებამახვილობით. ჯერ კიდევ პატარას ემჩნეოდა სწავლისადმი მისწრაფება, როცა დამოუკიდებლივ შეისწავლა წერა-კითხვა, ხარბად დაეწაფა სულიერ საზრდოს. იგი გატაცებით კითხულობდა ზღაპრებს, საგმირო-სათავგადასავლო ნაწარმოებებს.

არჩილ დარეჯანაშვილი ზაქათალის სასწავლებელში შეიყვანეს. ჯერ კიდევ აქ გამოიჩინა თავი, როგორც კარგმა მოწაფემ. იგი დიდი გულისყურით უსმენდა მასწვლებლებს, პირნათლად ასრულებდა მათ დავალებებს და საუკეთესო შეგირდადაც ითვლებოდა.

მას ჯერ კიდევ ზემოხსენებულ სკოლაში აღეძრა სწავლის განგრძობის სურვილი. მართლაც, თბილისში განაგრძო სწავლა, მაგრამ უმაღლესი ცოდნის მიღეის წყურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ არავითარ ძალას არ შეეძლო მისი შეჩერება. მას სწამდა, რამდენად მეტი ცოდნა ექნებოდა, იმდენად მეტად გამოადგებოდა თავის ქვეყანას და მშობლიურ ხალხს. ამანაც უკარნახა ჭაბუკს რუსეთს გამგზავრება, სადაც უმაღლესი აგრონომიუული განათლება მიიღო.

სამშობლოში დაბრუნებულ არჩილს წინანდლის საუფლისწულო მამულების გამგეობა შესთავაზეს, რაზეც უარი არ უთქვამს. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩაქვის მამულების გამგედ გადაიყვანეს.

იმ პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სწავლული აგრონომის სიტყვაა და საქმიან რჩევა-სარიგებასა და პრაქტიკულ-მოქმედებას. არჩილ დარეჯანაშვილი არ ეკუთვნოდა ისეთ „თეთრხელებიანთა კასტას”, რომლებიც თორიული ცოდნის მიღებით კმაყოფილდებიან და მხოლოდ და მხოლოდ მითითებებით, სხვისი ხელით აკეთებენ საქმეს. იგი ბევრჯერ უნახავთ ბარითა და თოხით, სამყნობი დანიშა და სეკატორით ხელში.

არჩილ დარეჯანაშვილმა ერთ-ერთმა პირველთაგანმა შემოიტანა ჩვენში, თუ შეიძლება ასე ითქვას, „კულტურული მეურნის” ცნება, რასაც პრაქტიკულად ხორცი შეასხა. იგი ითვლება დეკორაციული მებაღეობის პიონერად.

ოთხმოციან წლებში იწყება ე. წ. „მდაბიო სკოლების” გამრავლება, ილია ჭავჭავაძე აღფრთოვანებით წერდა:

“გამოიძია რა, რამოდენადაც შესაძლო იყო, ადგილობრივნი ვითარებანი, სამინისტრომ სხვათა მიზეზთა შორის, ერთი მიეზზი შეჰნიშნა და აღიარა. ეგ შენიშნული და აღიარებული მიზეზი ერის ყოველგვარი უცოდინარობაა საზოგადო და ადგილ-მამულის კეთებისა საკუთრივ, ამას წამლად სამინისტრომ სწავლა-განათლება ჰსცნო საჭიროდ და სწავლა-განათლების მოსაფენად – მდაბიო სკოლების გამრავლება აღნიშნა... ერთი უდიდესი ხელისშემწყობი ღონე ამ საქმისა, ნაცადი და უტყუარი, – იგია, რომ გავრცელდეს და მოეფინოს ქვეყანას მამულის მოვლისა და კეთების ცოდნა იმოდენად მაინც, რამოდენადაც საყოველთაოდ გამოსადეგი და მსოახმარია მდაბიო მიწათმოქმედთათვის. უკეთეს გამავრცელებლად და მომფენავად კიდევ მდაბიო სამეურნეო სკოლებია, სოფლად დამართულნი” (ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტ. IV, გვ. 341-342).

როცა სისრულეში იქნა მოყვანილი სამინისტროს მითითება, საქართველოშიც შეიქმნა ასეთი სკოლები. ამ შემთხვევაში არჩილ დარეჯანაშვილს, როგორც საქმის მცოდნესა და დაუცხრომელ საზოგადო მოღვაწეს, არ შეეძლო გულხედაკრეფილი დგომა და დამშვიდებით ცქერა, თუ როგორ წარიმართებოდა მუშაობა ახალდაარსებულ სკოლებში. მან შესანიშნავად გამოიყენა თავისი ცოდნა და ენერგია. გარდა ამისა, რომ მასწავლებლობდა საბაღოსნო სკოლებში, დიდ ყურადღებას აქცვდა სოფლის სკოლებისათვის კადრების შერჩევასაც, როგორც სოფლსი მეურნეობის სიმპერატორო საზოგადოების წევრი.

იგი მდაბიო სამეურნეო სკოლების ხშირი სტუმარი იყო. თავისი რჩევა-დარიგებით, კონსულტაციებით დახმარებას უწევდა კოლეგებს. სასარგებლო საუბრებს ატარებდა როგორც მასწავლებლებთან, ასევე შეგირდებთან, საჭიროების შემთხვევაში პრაქტიკულ დახმარებასაც უწევდა მათ. თუ რა დიდ დახმარებას საჭიროებდა ზემოხსენებული სკოლები, იქიდანაც ჩანს, რომ ისეთ ცნობილ სკოლასაც კი, როგორიც წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლა იყო, დაარსებიდან სამიოდე წლის შემდეგ გაქრობა ელოდა. 1886 წელს ილია ჭავჭავაძე უკვე ამ სკოლის დამაარსებლისა და ხელმძღვანელის ილია წინამძღვრიშვილსი უკიდურეს უსახსრობაზე მიუთითებდა და საზოგადოებას ამ სკოლისათვის დახმარებას სთხოვდა.

გარდა იმისა, რომ საბაღოსნო სკოლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, არჩილ დარეჯანაშვილი, შესაძლებლობისამებრ, მათი მატერიალური უზრუნველყოფისათვისაც ბევრს აკეთებდა.

როგორც პედაგოგი, არჩილი იყო გულისხმიერი, სათნო, შეგირდის ნიჭის დამფასებელი, მაგრამ ამავე დროს ზედმიწევნით მომთხოვნი, დისციპლინის მოყვარული. თვითონაც ყოველთვის მისაბაძი იყო ამ მხრივ. არჩილ დარეჯანაშვილი გამოირჩეოდა დიდი შრომისმოყვარეობით და აი, მეტად სასარგებლო ჩვევას ნერგავდა თავის აღსაზრდელებშიც.

არჩილ დარეჯანაშვილსა და მის კოლეგებს იმ დროს უხდებოდათ პედაგოგიური მოღვაწეობა, როცა მასწავლებლებისათვის არ არსებობდა არც ერთი სახელმძღვანელო ისინი თვითონვე ეძიებდნენ გზებსა და ხერხებს, რათა მოსწავლის ნორჩ გონებამდე უკლებლივ მიეტანათ თავიანთი ცოდნა-გამოცდილება.

არჩილ დარეჯანაშვილი, როგორც „წერა-კითხვსი გამავრცელებელი საზოგადოების” წევრი, სხვა სახელოვან თანამემამულეებთან ერთად, დიდ ახსნა-განმარტებით მუშაობას აწარმოებდა ხალხის გამოსაფხიზლებლად, მათ სწორ გზაზე დასაყენებლად. მისი დაბეჯითებითი ახსნა-განმარტების წყალობით ბევრი დაეწაფა ცოდნის წყაროს, ბევრმა მიიღო უმაღლესი განათლება. არჩილი, პირველ რიგში, თვით იყო შვილების სწავლა-განათლების დარგში სანიმუშო პიროვნება. შემთხვევით არ უთქვამს თავის დროზე ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეს მოსე ჯანაშვილს: „დარეჯანაშვილი არჩილი სწავლული მებაღეა და ცნობილი თავისი 20-მდე სამეურნეო გამოცემით. შვილები ეზრდება უნივერსიტეტსა და საშუალო სასწავლებელში” (ალ. ჩხენკელი, „მზიან საინგილოში”, თბილისი, 1957, გვ. 70).

არჩილ დარეჯანაშვილს არ უყვარდა მიღწეულზე შეჩერება, მუდამ ახლის ძიებაში იყო. სწორედ ამან მოუხვეჭა მას დიდი სახელი, როგორც ახალი ჯიშის მცენარეების გამოყვანს. იგი მოთმინებით ეწეოდა ხეხილის შეჯვარებას, აკვირდებოდა მათ ზრდა-განვითარებას, ყოველ წვრილმანს ზედმიწევნით კარგად სწავლობდა, რაც კი შეჯვარებასთანაა დაკავშრიებული, იყენებდა გლეხი კაცის გამოცდილებას, არ თაკილობდა მათთვის ეკითხა ზოგი რამ, ფუტკრის შრომისმოყვარეობით ელოლიავებოდა თითოეულ მცენარეს და ამაგი სათანადოდაც უფასდებოდა.

არჩილ დარეჯანაშვილს იმ პერიოდში მოუხდა მოღვაწეობა, როცა ჩვენში ორიგინალური აგრონომიული ლიტერატურა თითქმის არ არსებოდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა დიდი ილია ლაპარაკობდა:

“ღვთისნიერ წინამძღოლს ცოდნა ჰქვიან. უამისოდ დედამიწა თავის უხვს და უხარბელს გულს არ გადაგვიხსნის, ისე უხვად არ მოგვაბარებს, რამდენადაც ჩვენთვის მიბარებული აქვს. სხვა ქვეყანაში, სადაც ოდნა აქვს ხალხსა, ოთხის დღის მიწა ისე უჭირველად აცხოვრებს მთელს ოჯახს. როგორც ჩვენში ოცისა და ორმოცის დღის პატრონი ვერა სცხოვრობს, რათა? განა იმით, რომ ისინი მკლავ-ძარღვით ჩვენა გვჯობიან? არა, იმათ ცოდნა აქვთ, ხერხი იციან” (ი. ჭავჭავაძის სიტყვა წარმოთქმული წინამძღვრიანთკარის სკოლის გახსნაზე).

რა თქმა უნდა, ცოდნისათვის საჭირო იყო სათანადო აგრონომიული ლიტერატურის შექმნა. თანაც სხვა სიძნელეებთან ერთად, ამ საქმეში არჩილ დარეჯანაშვილს არ ჰყავდა წინამობერდი, ვისი საქმიანობაც მისთვის მაგალითი იქნებოდა. გარდა ამისა, წიგნში წარმოდგენილი მასალა იოლად ასათვისებელი უნდა ყოფილიყო მცირე განათლების, ან განათლების არქმონე მეურნისათვის, ამას უნდა მიმატებოდა ისიც, რომ ლიტერატურა ადვილად ხელმისაწვდომი ყოფილიყო ღარიბისათვის. შესანიშნავმა პედაგოგმა, აგრონომმა&ნბსპ; და საზოგადო მოღვაწემ არჩილ დარეჯანაშვილმა ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით შექმნა ორი ათეული სახელმძღვანელო და ეს სახელმძღვანელოები სანიმუშო იყო ყოველი ავტორისათვის, ვინც კი აგრონომიული ლიტერატურის გამდიდრეაბზე იფიქრებს.

არჩილ დარეჯანაშვილის წიგნები დღესაც ინარჩუნებს თავიანთ მნიშვნელობას. ამ წიგნებს ვერავითარ შემთხვევაში გვერდს ვერ აუვლის საქართველოში აგრონომიული ცოდნის ისტორიის მკვლევარი, ხოლო ფართო მკითხველი საზოგადოება ახლაც ბევრ საინტერესოსა და სასარგებლო ცნობას ამოიკითხავს.

არჩილ დარეჯანაშვილი დიდი გულისხმიერებით ეკიდებოდა მშრომელთა გათვითცნობიერებას, ხედავდა მათ უკიდურეს სიღატაკეს, ამასთანავე მათში განათლების შეტანის აუცილებელ საჭიროებას.

არჩილ დარეჯანაშვილი ითვალისწინებდა რა მკითხველთა აბსოლუტურ უმრავლესობას, წერდა ადვილად გასაგები ენით. მან იცოდა, რომ ის აზრები, წინადადებები, რჩევა-დარიგებანი თუ აღწერილობანი, რომელსაც გადმოსცმეს, ხალხის დიდმა მასამ უნდა მიიღოს გარეშე მკითხველის მეშვეობით, რადგან თვითონ უწიგნურია. ვინაა ეს გარეშე მკითხველი? ესაა მოწაფე, „შეგირდი”, რომელიც მშობლებს, ბებიას, პაპას გაუშლის წიგნს და სხვისი ნაწერით ესაუბრება. სწორედ ამიტომაა, რომ ენა სადა და ლაკონიურია. ავიღოთ, მაგალითად, მისი „საუნჯე მეურნისა”, რომელიც წინასწარ შეიძლება ითქვას, ნამდვილად საუნჯეა იმათთვის, ვინც სოფლის მეურნეობაში მუშაობს. ეს არცთუ ისე დიდი წიგნი 95 სხვადასხვა მცენარის შესახებ იძლევა ცნობებს სხარტად და გასაგებად.

არჩილ დარეჯანაშვილი თავის წიგნებში ამა თუ იმ ხერხით ებრძვის ცრუმორწმუნეობას, მცონარობას, სიზარმაცეს.

არჩილ დარეჯანაშვილი მოითხოვდა მუშაობის დროის შესაფერისად აგებას. იგი არ იყო ვიწრო ნაჭუჭში ჩაკეტილი, კერძო ინტერესებით შემოზღუდული სპეციალისტი. ყოველივე ეს კარგად ჩანს მისივე პატრიოტული სიტყვებიდან: „ყველანი ვხედავთ, რომ ქვეყანა და ცხოვრება გამოიცვალა, აი, მეოცე საუკუნეც დადგა და, ამიტომ ჩვენც უეჭველად დროა შესაფერი შრომა და გარჯა, ნიჭი და ცოდნა უნდა გამოვაჩინოთ; გვეყოფა ამდენი ძილი, ახლა დრო არის გამოღვიძებისა, დრო არის ხელი მოვკიდოთ როგორც ამ კეთილ საქმეს, ისე სხვა მრავალსაც, გვახსოვდეს, რომ ერად მხოლოდ ის მოქმედი ხალხი ითვლება, რომელიც მოახერხებს და შექმნის გონიერს წეს-რიგს კერძო და საზოგადო ცხოვრებაში, რომელიც შეიტანს უწყებულს სამართლიანობას საზოგადოებაში და თავის ქვეყანაში, რომელიც ააყვავებს მრეწველობას, მეურნეობას, ხელოვნებას, მწიგნობრობასა და მისთანებს” (“ფუტკრის გონიერი მოვლა-მოშენება”, თბილისი, 1905, გვ. 3).

არჩილ დარეჯანაშვილმა იცოდა მხატვრული სიტყვის ფასი. სწორედ ამიტომ იყო, რომ თავის წიგნებს ზოგჯერ წარუმძღვარებდა ხოლმე მხატვრული ნაწარმოებებიდან ამოღებულ შესაფერის ეპიგრაფებს. მაგალითად, „ფუტკრის გონიერი მოვლა-მოშენება” (1896) ილია ჭავჭავაძის სიტყვებით იხსნება: „ჩვენ უნდა ვშობოთ ჩვენი მყოფაბი, ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს”; „საბოსტნე მცენარეების თესვა-მოყვანა და მოვლა-შენახვა” (1895) აკაკი წერეთლის სიტყვებითაა შემკობილი: „სულით და გულით მიძღვილი მცირედიც შეიწირება”.

ზოგჯერ არჩილ დარეჯანაშვილი ეპიგრაფს ხალხში სწავლა-განათლებისადმი მისწრაფების აღძვრისთვისაც იყენებდა. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ „ფუტკრის გონიერი მოვლა-მოშენება”, რომელიც განმეორებით 1905 წელს გამოვიდა კონფუცის ეპიგრაფით: „ყოველი წუთი თავისუფალი დროის ადამიანმა სწავლას უნდა მოახმაროს”.

არჩილ დარეჯანაშვილი აქტიურად მოღვაწეობდა პერიოდულ პრესაში, გარდა ამისა, მის კალამს ეკუთვნის ცალკე წიგნებად გამოცემულილ ნაშრომები: „საუნჯე მეურნისა, ანუ მოვლა, მოსენება და გამოყენება ყოველგვარ ხეხილებისა და ხეებისა” (1903), „როგორ უნდა მვოაშეოთ აბრეშუმი” (1883), „ფუტკრის გონიერი მოვლა-მოშენება” (1886-1906), „მოკლე დარიგება ხეხილის გამრავლებაზედ” (1889), „საბოსტნე მცენარეების თესვა-მოყვანა და შენახვა-მოხმარება” (1914), „ხეხილის დარგვა და მისი მოვლა” (პრაქტიკული სახელმძღვანელო, 1892), „ხეხილის გამრავლება და მოვლა” (1903), „ვაზის მოვლა-მოშენება და ღვინის დაყენება” (1910) და სხვ.

არჩილ დარეჯანაშვილის წიგნების ეს არასრული ნუსხაც კი მეტყველებს იმაზე, თუ რა დიდ და მრავალფეროვან ნაყოფიერ საგანმანათლებლო მუშაობას ეწეოდა ფართო მასებში დასახელებული წიგნების ავტორი.

არჩილ დარეჯანაშვილი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი”, სოფლსი მეურნეობის საიმპერატორო და სხვა საზოგადოებათა წევრი. ნაყოფიერი მუშაობისათვის სოფლის მეურნეობის საზოგადოებამ მას რამდენჯერმე მიაკუთვნა ქების სიგელი და გამოუცხადა მადლობა.

სამწუხაროდ, არჩილ დარეჯანაშვილს არ დასცალდა თავისი ნიჭის სრული შესაძლებლობით გამოვლენა, თავისი გამოცდილების თავმოყრისა და დაგვირგვინების წყურვილით აღსავსე ღვაწლმოსილი აგრონომი, პედაგოგი და დაუცხრომელი საზოგადო მოღვაწე გარდაიცვალა 60 წლის ასაკში, 1921 წელს.