‍იონა მეუნარგია (1852-1919)

ავტორი: მარიამ მარჯანიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი

0114_meunმწერალს, პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს იონა მეუნარგიას აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია ”ქართველ პლუტარქეს” უწოდებდა.

1874 წლის 14 მარტს იონა მეუნარგია თავის დღიურში წერდა: „ჩემს სისხლში სიცოცხლის წყალიც ურევია და კარგად თუ ავად მე არ შემიძლია უბრალო, საშუალო ცხოვრებაში დავრჩე. მე ისე მინდა "Большому кораблю большое плавание".

ი. მეუნარგია დაიბადა 1852 წელს სოფელ ცაისში (ზუგდიდის რ–ნი). მარტვილის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ ბოლო კურსიდან გარიცხეს, როგორც პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო. იგი ერთხანს ჟენვასა და პარიზში სწავლობდა.

საქართველოში 1878 წელს დაბრუნდა და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. მისი კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, ნარკვევები და ფელეტონები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში „ტიპლისსკი ვესტნიკი", „დროება", „ივერია", „კავკაზი", „კვალი", „მოამბე" და სხვა.

1888 წლიდან იგი იყო „ვეფხისტყაოსნის" გამოცემის ერთ–ერთი ინიციატორი და კომისიის მდივანი. იონა მეუნარგიას, რაფიელ ერისთავისა და იაკობ გოგებაშვილის მოწოდებით შეიქმნა „ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისია. დაიწყო ძველი ხელნაწერების შეგროვება, მათი ერთმანეთთან შეჯერება, დაარსდა ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი, რომელმაც ქართველი ერის ნაციონალური სიმდიდრის უნაკლოდ გამოცემა ითავა. წლების მანძილზე ი. მეუნარგია აქვეყნებდა ამ კომისიის ვრცელ ოქმებს, რითაც ძვირფასი მასალა შემოუნახა რუსთველოლოდიის დარგს.

იონა მეუნარგიამ ცნობილი ავსტრიელი მწერლების არტურ და ბერტა ფონ-ზუტნერების დახმარებით, ფრანგულ და გერმანულ ენაზე თარგმნა „ვეფხისტყაოსანი” და საილუსტრაციოდ წარუდგინა ცნობილ უნგრელ მხატვარს მიხაი ზიჩს. ამჟამად „ვეფხისტყაოსნის" ფრანგულ ენაზე მისი პირველი სრული თარგმანი დაკარგულია. ი. მეუნარგიამ თარგმნა ასევე რუსულად „ვეფხისტყაოსნის" მოკლე შინაარსიც.

განსაკუთრებულია ი. მეუნარგიას ღვაწლი XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის შესწავლაში. მან დაამკვიდრა ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში ახალი, ე. წ. ბიოგრაფიული ჟანრი, რომელის მიზანი, მეუნარგიას სიტყვით, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა „ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღწერაა”.

„მწერალთა ცნობილი ბიოგრაფოსი იონა მეუნარგია მეგობრობდა ჩვენებურ გენერლებს (გრიგოლ ორბელიანს, გრიგოლ დადიანს და სხვა). მათთან სიარული და ურთიერთობა უყვარდა. ერთხელ აკაკის იაკობ გოგებაშვილი იონა მეუნარგიასთან გავლილი დაუნახავს და თანამოსაუბრისთვის უკითხავს:

– ნეტავი როდის მიუღია იაკობს გენერლობაო?

– როგორაო? – უკითხავს გაოცებულს აკაკისთვის.

– როგორა და იონა მეუნარგიასთან დადიოდაო".

იონა მეუნარგია ბიოგრაფიებზე მუშაობდა დიდი რუდუნებითა და ერთგულებით, მასზე ამბობდნენ „მეგრელია, მაგრამ მუშაობაში, ქართლელეზე უფრო მძიმეაო".

ი. მეუნარგია მიეკუთვნება იმ თაობას, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი, ინიციატორი და თანამონაწილე საერო სკოლების გახსნისა აჭარაში, იმერეთსა და კახეთში, რუსეთის იმპერიული პოლიტიკისაგან ქართული ენის დასაცავად დაწყებული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური თანამებრძოლი. მას ეკუთვნის ქართული ბიოგრაფიული რომანი „ცხოვრება და ღვაწლი გრიგოლ ორბელიანისა”, საგულისხმო მოგონებები და ნარკვევები ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გიორგი და დავით ერისთავების, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, მამია გურიელის, გიორგი ჭალადიდელის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

იონა მეუნარგია თავის ლიტერატურულ კვლევაში ბარათაშვილზე წერდა: „ბათაშვილის ნიჭის პატრონი სხვა ქვეყანაში შესანიშნავი კაცი იქნებოდა. ჩვენში კი მისი ნიჭი ღვარძლით სავსე ნიადაგზე დაეცა და ღვარძლმა შეიშრო იგი...

ბარათაშვილის საფლავზე უნდა დაეწერათ ჩაილდ – ჰაროლდის სიტვები: "И даже после погребения,Останусь жить с своею тоскою".

იონა მეუნარგიამ ბიოგრაფიულ კვლევების ჟანრით ლიტერატურის ისტორიაში ერთ–ერთმა პირველმა წარმოაჩინა ქართველ მწერალთა მხატვრული თავისებურებები, გაანალიზა ახალი ლიტერატურული მიმდინარეობანი.

იგი ავტორია ასევე ისტორიული მონოგრაფიებისა: „დავით დადიანი და მისი დრო”, „ნიკო დადიანი”, „ეკატერინე ჭავჭავაძე”, ისტორიულ–ეთნოგრაფიული წერილებისა და შრომებისა სვანეთისა და აჭარა-ქობულეთის შესახებ.