‍გიორგი შარვაშიძე (1846-1918)

ავტორი: მარიამ მარჯანიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი

0155_sharგურიის უკანასკნელ მთავრის მამია გურიელის დედა – ეკატერინე და აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის გიორგი შერვაშიძის (გამზდელი კესარია, რომელიც მამიდა იყო) დედა ალექსანდარა გიორგის ასული, ნიკო დადიანის შვილიშვილები იყვნენ.

ერთხელ გიორგი შარვაშიძეს წინადადება მიუცია მამია გურიელისათვის: „მოდი, „ხელის – არ – ჩამომრთმეველთა“ საზოგადოება დავაარსოთო; არ მივცემთ ხელს არც ერთ ქართველს, რომელიც სამშობლოს განუდგა, საკუთარი კარიერისათვის და კეთილდღეობისათვის ერის სამსახური დაივიწყა და მტრის მოხელე ან მორჩილი გახდაო“.

ამ წინადადებაზე მამია გურიელს უპასუხია: – „ჩემო გიორგი, მაშინ მე და შენ ხელები გულზე უნდა დავიკრიბოთ და ისე ვიაროთო“...

გიორგი მიხეილის ძე შარვაშიძე გახლდათ აფხაზეთის მთავრის შვილი, პოეტი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე. მან რუსულის გარდა იცოდა რამოდენიმე ევროპული ენა. განსაკუთრებით ფრანგული, ინგლისური, გერმანული და უყვარდა ალფრედ დე მიუსესა და ვიქტორ ჰიუგოს ლექსების ზეპირად გამოთქმა (ფრანგულად). მისი ნაწერებიდან და საერთო ცოდნიდან ჩანდა, რომ იგი დასრულებული ევროპული განათლებით იყო აღჭურვილი.

თანამედროვეთათვის გიორგი იყო eleganttiae arbiter, რომლის მოქცევისა და ზდილობის წესებს სავალდებულო ნიმუშად სთვლიდნენ. ფიზიკურადაც, ის საუკეთესო ტიპი იყო თავისი რასის საყოველთაოდ განთქმული სილამაზისა. „გლუხარიჩი“ ქალაქის არისტროკრატიაზე რუსულად დაწერილ ფელეტონში გიორგი შარვაშიძეს მოიხსენიებდა „კნიაზ კოკოდ“, – წერდა ილია ჭავჭავაძე თავის მეუღლეს ოლღა გურამიშვილს.

„ვეფხისტყაოსნის“ დამსურათებელი, ცნობილი უნგრელი მხატვარი ზიჩი გიორგის თურმე ულამაზეს კაცად სთვლიდა და ტარიელის ხორციელი განპიროვნებისათვის უფრო შესაფერ ობიექტს ვერ პოულობდა.

ილიასა და გიორგი შარვაშიძეს დიდი მეგობრობა აკავშირებდათ, რაზეც ოლღა გურამიშვილისადმი გაგზავნილი ერთ-ერთი ეპისტოლეც მეტყველებს: „იმ დღეს გიორგი შარვაშიძესთან ვიყავ, აი მთავრის შვილი, რომ არის. ამას წინად თვითონ მოვიდა და მთხოვა შექსპირის ტრაგედია, მეფე ლირი, რომელიც ქართულად ანგლიურიდან გადავთარგმანეთ, წაგვიკითხეო. წავედი წასაკითხად, კარგა ბლომა ხალხი იყო და ძალიან მაიწონეს. ასე იფიქრე, ქალებმა იტირეს და კაცები კი სულ აფერუმს იძახოდნენ.“

გიორგი შარვაშიძე აფხაზეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად, ხოლო აფხაზებს ერთ-ერთ მონათესავე ტომად თვლიდა და არა რომელიმე ჰენიოხებისა, ან აბაშთაგან (ეთიოპელთა) ჩამომავალ ხალხად, როგორც ამას მაშინ და შემდეგაც ამაოდ ამტკიცებდნენ ზოგიერთი პარტიკულარისტულად განწყობილი მოღვაწენი. მეფის რუსეთი ცდილობდა საქართველოს საუკეთესო ნაწილი – შავი ზღვის სანაპიროები – მთლიანად „აეთვისებია“. აქედან ადგილობრივ მკვიდრთა იძულებით გადასახლებით და უცხო ელემენტების ჩამოსახლების საშუალებით.

გიორგი შარვაშიძე ილია ჭავჭავაძესთან, გრიგოლ ორბელიანთან, სერგეი მესხთან და სხვა მოღვაწეებთან ერთად ცხარე ბრძოლას აწარმოებდა ამ უკუღმართობის წინააღმდეგ.

გიორგი შარვაშიძე თავისი ზნეობითა და ღირსებით „ერთადერთი გამონაკლისი მაგალითი იყო მთელს ჩვენ საკმაოდ მრავალრიცხოვან მთავრობის მემკვიდრეთა და უმაღლეს არისტოკრატიის წევრთა შორის, რომელმაც ქედი არ მოიხარა, მცირეოდენადაც არ დაიმცირა ღირსება თავის ერის მჩაგვრელ, თავის ხალხზე ძალით გაბატონებულ ძლიერ სახელმწიფოებრივ მმართველობის წინაშე; დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ყველა მისი დროის და მისი წრის ოჯახობა დიდ ბედნიერებად და საოცნებო ნეტარებად სთვლიდა იმ ჯილდო-წარჩინებას, რომელსაც გიორგი ზიზღით უარყოფდა... გიორგის ყმაწვილობიდან ეზიზღებოდა ყოველივე ის სიკეთე, რომელიც რუსეთის ტახტიდან გამომდინარეობდა“, – აღნიშნავდნენ მისი თანამედროვენი.

ამ პოზიციის გამო გიორგი შარვაშიძე ისე შევიწროებული იყო, რომ „ორი ქცევა მიწა ენატრებოდა თავის ქვეყანაში.“ მას აკრძალული ჰქონდა აფხაზეთში ხანგრძლივი ცხოვრება, მხოლოდ 1905 წლის შეკვეცილ უფლებათა მოპოვების შემდეგ შესძლო დაუბრკოლებლად აქ ცხოვრება. რუსის მთავრობამ იგი მორალურად და მატერიალურად გაანადგურა, მაგრამ გიორგი შარვაშიძეს სამარის კარამდე შერჩა თავისი კეთილშობილება და ამაყი პოზიცია.

1864 წელს გიორგის მამას მიხეილ შარვაშიძეს რუსეთის იმპერიამ აფხაზეთის სამთავრო გაუუქმა. შარვაშიძეთა საგვარეულო განსაკუთრებული პატივისცემითა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა კავკასიელთა შორის, მხოლოდ საქართველოს დასუსტების, სამეფო-სამთავროების გაუქმების შემდეგ მიადგა რუსეთის იმპერია საბოლოოდ აფხაზეთს. სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მთავარი მიხეილ შარვაშიძე დათანხმდა ხელისუფლებას ჩამოშორებოდა თუ კი სამშობლოში დარჩენის ნებას მისცემდნენ. მიხეილ შარვაშიძე დააპატიმრეს და ვორონეჟსში გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა.

1867 წლის რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთის აჯანყებას, ხალხის მოთხოვნით, მთავრის შვილი გიორგი შარვაშიძე ჩაუდგა სათავეში, რისგამოც იგი რუსეთში გადაასახლეს.

მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე გიორგი შარვაშიძე მთელი არსებით იყო დაკავშირებული ქართულ კულტურულ სამყაროსთან. იგი მის ერთ წერილში აღნიშნავდა, რომ „იღბლის უკუღმართობას ხელი რომ არ შეეშალა, ევროპის წინათაც ვიქნებოდით ჩვენ დღეს; ვინაიდან როდესაც ანდრია მოციქული აქ ქრისტეს ცნებას გვიქადაგებდა, მაშინ ევროპაში თვით დუკებსაც კამეჩის ტყავი ეცვა ტანზე და ფეხშიშველა, შუბებით ხელში, ნადირობდნენ ტყეებში. მას მერე როგორც იყო, ომით, მუდამ დავიდარაბით, მივიტანეთ ჩვენი კულტურის ცხოვრება თამარ დედოფლის დრომდი... შემდეგ კი უკუღმართად დატრიალდა ერის არსება.

ენა გაღარიბდა, ზნეობა წაგვიხდა, ქონება-შეძლება დავკარგეთ, რაინდობა და პატიოსნება განვაგდეთ და ბოლოს მოვაღწიეთ იმ ხანაში, როცა კეთილდღეობას პოვებდით ჯაშუშობაში და სამშობლოს მტრობაში!“

გიორგი შარვაშიძე რუსებს თვალში არ მოსდიოდათ იმის გამოც, რომ მას აფხაზეთი უსაქართველოდ და საქართველო უაფხაზეთოდ ვერ წარმოედგინა. ქართულს „ჩვენ ენას“ უწოდებდა და თავგამოდებით ზრუნავდა მისი სიწმინდიდათვის. ბრწყინვალედ იცოდა აფხაზური და თავისი ლიტერატურული შემოქმედება, რომელიც ძირითადად ისტორიულ თემატიკას ეხება – აფხაზურსა და ქართულ ენაზეა წარმოდგენილი. თანამშრომლობდა დიდი ქართველ მოღვაწეებთან ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, სერგეი მესხთან, ნიკო ნიკოლაძესთან და სხვა. იყო „ივერიის“ კოესპონდენტი და რედაქციას ატყობინებდა, რომ „შრომის ჰონორარს, მე ვრაცხ ჩემს თავს ვალდებულად უსასყიდლოდ ვემსახურო, შეძლებისა გვარად, სამშობლო მწერლობას, ვინაიდან მატერიალური შემწეობა არ მესაჭიროება“.

გიორგი შარვაშიძე წარმოადგენდა ქართველ-აფხაზთა ისტორიული ერთობისა და ძმობის სიმბოლოს და ამიტომაც, ის მიუღებელი აღმოჩნდა რუსებისათვის.

გიორგი შარვაშიძის პიროვნებაში ხალხთან სიახლოვე და დემოკრატიული იდეები გადანასკვნილი იყო თავის კუთხესა და ტომთა კავშირში. ის იყო რაინდი, რომელიც ებრძოდა არამარტო ეროვნულსა და პოლიტიკურს, არამედ სოციალურ უსამართლობასაც. გიორგი შარვაშიძის თვითცნობიერება, მისი მოქალაქეობრივი მრწამსი და კულტურულ-პოლიტიკური შეხედულება მკაფიოდ წარმოაჩენს მის პიროვნებას. გ. შარვაშიძის არსების სასიცოცხლო ფესვები იდეურად მოდიოდა მისი ბაბუის დიდი ნიკო დადიანისა და მისი მამის მიხეილ შარვაშიძის ოჯახიდან, რომელმაც პირადი თუ საზოგადოებრივი ხასიათის დამოკიდებულებაში შექმნა ის ზნეობრივი გარემო, რომელიც თვით ძლიერი სულისთვისაც აუცილებელია გამოსაწრთობად და საბოლოოდ ჩამოყალიბებისათვის.

ეს ურთიერთობა ლიტერატურადაც არის აღბეჭდილი. იონა მეუნარგიას ცნობით: „პოეტ მამია გურიელის ყველაზე ახლო შესათვისებელი იყო ნათესავი გიორგი შარვაშიძე, რომელმაც მას ლექსების კრებულში ოთხი ლექსი უძღვნა.“

ძნელია გიორგი შარვაშიძის პორტრეტისათვის რაიმის მიმატება. შთამომავლობა, პირადი ცხოვრების უკუღმართობა და საზოგადოებრივი პირობების ხასიათი, ველური რეჟიმი, მის მაღალ ზნეობრივ პიროვნებას მაინც ვერაფერს აკლებდა.

გიორგი შარვაშიძე 1918 წლის 19 თებერვალს გარდაიცვალა ორი თვით ადრე საქართველოს დამოუკიდებლობამდე, ლექსში „მამული“ მან შეშფოთება სამშობლოს ბედზე შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ჩრდილოეთისა სასტიკი ჩრდილი, ჰოი მამულო სინათლეს გისპობს“.