‍კოტე ფოცხვერაშვილი (1889-1959)

ავტორი: მარიამ მარჯანიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი

0141_pocxქართველ კომპოზიტორთა უფროსი თაობის წარმომადგენელთა შორის ხალხური მუსიკის ერთ-ერთ დაუცხრომელ მოამაგედ გვევლინება კოტე ფოცხვერაშვილი, რომელიც ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაწყებითი და ზოგადო მუსიკალური განათლება მან ქუთაისის სასულიერო სასწავლებელსა და სემინარიაში მიიღო. სადაც იგი ამ სასწავლებლების გუნდებსაც ხელმძღვანელობდა. კ. ფოცხვერაშვილმა მრავალმხრივი განათლება მიიღო: დორპატისა და პეტერბურგის უნივერსიტეტებში, სადაც მოისმინა ფიზიკა-მათემატიკის სრული კურსი და მიიღო ამ სპეციალობებით დიპლომები. დორპატში იგი პარალელურად სამედიცინო ფაკულტეტზეც ისმენდა ლექციებს.

„1910 წელს ჭიათურის მარგანეცის საზოგადოების“ დახმარებით კ. ფოცხვერაშვილი პეტერბურგში კერძო გაკვეთილებს იღებს კომპოზიციაში, მუსიკის თეორიასა და დირიჟორობაში.

1900-იან წლებში ეწევა მუსიკალურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. მართავს ლექცია-კონცერტებს პეტერბურგში, ბაქოში, მოსკოვში, კიევში, ხარკოვში, ოდესაში, რიგასა და ერევანში, რითაც პროპაგანდას უწევდა ქართულ მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ კულტურას.“

„1916 წლის 23 იანვარს ბაქოში სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში გაიმართა კ. ფოცხვერაშვილის ლექცია–კონცერტი. საღამო 4 განყოფილებისაგან შედგებოდა:

1. ფოცხვერაშვილის ლექცია – მუსიკის მოკლე ისტორია.

2. ლექტორმა განიხილა რამოდენიმე კანონი მუსიკისა, ქართული მუსიკა შეადარა ევროპულს და დაამტკიცა ევროპულის წინაშე ქართული ხალხური მუსიკის უპირატესობა, მისი სიდიადე.

3. შესრულებული იქნა კ. ფოცხვერაშვილის სიმფონიური პოემა „თქმულება ამირანზე" და მის მაგალითზე ავტორი საზოგადოებას ესაუბრა სიმპონიურ მუსიკაზე.

4. ახალგაზრდა მომღერალმა ა. ჭუმბურიძემ და ოპერიდან მოწვეულმა მომღერლებმა შეასრულეს არიები და რომანსები", – აღნიშნავდა გაზეთი „სახალხო ფურცელი" (1916 წ. №482 „ქართული საღამო ბაქოში").

კ. ფოცხვერაშვილის ლექცია ქართული მუსიკის შესახებ ბაქოს მუსიკალური წრეებისა და განსაკუთრებით მუსულმანები დააინტერესა. 1916 წლის 29 იანვარს ბაქოში „ნიჯათის" საზეიმო სხდომაზე მაჰმადიანთა საზოგადოების ინიციატივით მოიწვიეს კომპოზიტორი კ. ფოცხვერაშვილი.

მისი პირველი კონცერტები 1903 წელს გაიმართა ქუთაისში, სადაც შეასრულა მელიტონ ბალანჩივაძისა და ია კარგარეთელის ნაწარმოებები, ფრაგმენტები დასავლეთ ევროპისა და რუს კომპოზიტორთა ნაწარმოებებიდან.

კოტე ფოცხვერაშვილის საზოგადოებრივ მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ხალხური სიმღერების ჩაწერასა და დამუშავებას, რომლისგანაც იგი ქმნიდა რომანსებს, მთელ რიგ სიმფონიურ და საოპერო ნაწარმოებებს, მუსიკას კინო-ფილმებისათვის.

განსაკუთრებულ ინტერეს იჩენდა ასევე საგუნდო და სოლო ნაწარმოებებისადმი. მას ეკუთვნის ქართული ეროვნული ჰიმნი „დიდება“, რომელიც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მიუძღვნა. 1915 წლიდან მოსახლეობის ფართო მასების გასაცნობად კოტე ფოცხვერაშვილი რ. ხუნდაძესთან ერთად შეკრებილ ქართული საგალობლების კონცერტებს მართავდა და მის შემოსავალს იგი საქველმოქმედო საქმეს ახმარდა.

კ. ფოცხვერაშვილის მოღვაწეობას მრავალმხრივი კულტურული და საგანმანათლებლო მნიშვნელობა ჰქონდა.

ქუთაისში სახალხო უნივერსიტეტისა და ზოგიერთ საგანმანათლებლო ორგანიზაციათა ინიციატივით ინტენსიურად იმართებოდა დიდი მასშტაბის ციკლური საღამო-კონცერტები. 1917 წელს ჩატარებულ ასეთ საღამოზე მომხსენებლები იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი, ვუკოლ ბერიძე, ტრიფონ ჯაფარიძე, ხოლო მუსიკალურ ნაწილში კოტე ფოცხვერაშვილი.

ამ კონცერტის აფიშა დაცულია ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში. რომლის შინაარსი ასეთია:

1916 წელს კ. ფოცხვერაშვილმა შეკრიბა აჭარული მუსიკალური ფოლკლორის ნიმუშები, შეადგინა გუნდი და 1917 წელს თბილისში კონცერტი გამართა. 1919 წლიდან კოტე ფოცხვერაშვილი მოღვაწეობს თბილისში, სადაც დაარსა საქართველოს აკადემიური გუნდი, რომელსაც იგი 16 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

კოტე ფოცხვერაშვილმა აქვსენტი მეგრელიძესთან ერთად შექმნა მეჩონგურეთა ანსამბლი. მის მრავალფეროვან საზოგადოებრივ მოღვაწეობაში შედის მუსიკის მკურნალობის მეთოდი, რომელიც წარმოადგენს „50 ხალხურ სიმღერას“ მათი დანიშნულებისა და გარკვეულ დაავადებათა მკურნალობის შესრულების მითითებით. მასვე ეკუთვნის არტილერიისა და ავიაციის დარგში გამოგონებები. ასევე სამეცნიერო შრომები ქართული მუსიკის საკითხებზე.