‍დანიელ ჭონქაძე (1830-1860)

ავტორი: სოლომონ ცაიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

0036 chonპროფესიით მასწავლებელი, ქართული ეროვნული სახალხო განათლების გულწრფელი მუშაკი, ავტორი „სურამის ციხისა” დანიელ ჭონქაძე ჩვენი ქვეყნის შავბნელი წარსულის ის ბედნიერი მწერალია, რომელიც, მის შემდგომ თაობათა სიყვარულის შარავანდედით მოსილი, ამჟამადაც საამაყოდ იხსენიება ქართველი ხალხის რჩეულ ადამიანთა შორის.

დანიელ ჭონქაძე დაიბადა 1830 წლის 6 (18) მარტს დუშეთის რაიონის სოფელ ყვავილში. მწერლის მამა, გიორგი, ჩამომავლობით არაგვის ერისთავთა ყმა-გლეხი, წინაპრების მამაპაპეულ ხაზს განაგრძობდა იმ მხრივ, რომ ასრულებდა დუშეთში მცხოვრები არაგვის ხეობის უკანასკნელი გამგებლის, ვახტანგ ბატონიშვილის სასახლის მოძღვრის თანამდებობას. როგორც იაკობ გოგებაშვილი გადმოგვცემს, დანიელის წინაპრებს ბატონიშვილებისაგან საკმაო მამულები ჰქონდა „ნაბოძები”, რომელთა უმეტესობა დანიელის ხელში გადასულა, რაკი ის მშობელთა ერთადერთი შვილი ყოფილა.

ასე რომ, ჩვენი ბელეტრისტი მემკვიდრეობით საკმაოდ შეძლებული და სასულიერო წოდებაშიც დაწინაურებული იყო, მაგრამ, როგორც მისი ცხოვრების დოკუმენტები გვიჩვენებს, თავისი დროისათვის უკვე დიდად განათლებულმა პირმა, დანიელმა სასულიერო წოდებას ისევ გლეხის წოდება არჩია და 1856 წელს „უწმინდესი სინოდის” საქართველოს კანტორაში განცხადება შეიტანა სასულიერო წოდებიდან გამორიცხვის შესახებ, რაც დაკმაყოფილებულ იქნა იმავე წლის 31 იანვარს.

პატარა დანიელს მშობლიურ ენაზე წერა-კითხვა დედამ, მელანიამ დააწყებინა, ხოლო 1839 წელს, მამის სამსახურის გამო კავკავში (ძაუჯიყაუ) გადასახლების შემდეგ, მშობლებმა დანიელ იქაურ სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს. 1845 წელს, ამ სასწავლებლის კურსის დასრულების შემდეგ, დანიელი შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1851 წელს დანიელ ჭონქაძემ სემინარიის კურსიც ჩინებულად დაასრულა და იმავე წლის 11 სექტემბერს გაგზავნილ იქნა მასწავლებლად სტავროპოლის სასულიერო სკოლაში.

მაგრამ ახალგაზრდა დანიელს გული მუდამ მშობლიურ დედაქალაქისაკენ მოუწევდა, სადაც ის-ის იყო, რომ გიორგი ერისთავის მიერ განახლებულმა ქართულმა თეატრმა და ახლად დაარსებულმა ჟურნალმა „ცისკარმა” აღორძინება იწყო. სამწერლო სარბიელზე გამოსასვლელად დანიელისათვის აუცილებელი იყო თბილისში, ქართულ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოსთან ახლო ყოფნა. მან ამ მიზანსაც მიაღწია. 1855 წლის 5 სექტემბრიდან დანიელი თბილისის სასულიერო სემინარიაში გადმოდის მასწავლებლად. აქ ის დიდად დატვირთული არ იყო გაკვეთილებით, რადგან ასწვლიდა მხოლოდ ოსურ ენას, რომელიც მას კავკავში ყოფნის დროს შეესწავლა. ამიტომ 1858 წლის 1 ოქტომბრიდან იგი შეთავსებით დანიშნულ იქნა საქართველოს სინოდალურ კანტორაში მაგიდის უფროსად.

დანიელ ჭონქაძეს, რომელიც თანამედროვეთა გადმოცემით, ძლიერ სუსტი აგებულებისა, მაგრამ მშვენიერი, განათლებული ინტელიგენტი; იყო, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილთან და მწერლებთან.

1859 წელს ჟურნალ „ცისკრის” (№12) ფურცლებზე მოთავსდა დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე”. ამ დღიდან დანიელ ჭონქაძემ მრავალი მტერი შეიძინა მსხვილ მემამულე-თავადაზნაურთა ბანაკიდან, მაგრამ რაკი ახალი თაობა და მშრომელები მის მხარეზე იყვნენ, ახალგაზრდა ავტორი მტრებს არ უშინდებოდა. ამგვარი მხილებით მეტად აღშფოთებული გაბატონებული კლასის წარმომადგენლები მოთხრობის ავტორს სიკვდილითაც კი დაემუქრნენ.

ამ ძველი თაობისა და გაბატონებული კლასის ყველაზე უფრო მოლიბერალო, შემრიგებლური ხაზის მატარებელი პატრიოტი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ორბელიანი ვითომ გულწრფელად აღიარებს: „მართალია, იყო ერთი საცოდაობა, მაგრამ არა ისე, როგორც ჭონქაძე აღწერს, ცოტა კი მიემგვანება მას... მართალია, ახლანდელი ჩვენი ზოგიერთის მებატონეებისაგან ბევრჯერ მომხდარა ყმების ძირიანად აკლება და ჯარიმების წართმევა, მაგრამ ამგვარი საქმეები არ მომხდარა... ამგვარ საქმეებს ძალიან კარგად გამოკითხვა უნდა და მას უკან შეუდგეს წერას. თუ არა და აჩქარებითა სოფელი არ აშენებულა...”

ამგვარ მოსაზრებათა წინააღმდეგ პირველად ანტონ ფურცელაძემ აიმაღლა ხმა. მან, როგორც სამოციანელთა ჯგუფის რადიკალურმა მოაზროვნემ, მკვეთრად ამხილა არსებული უკუღმართობა და დისკრედიტაციის მიზეზები დანიელ ჭონქაძის მიმართ, რომელმაც მკაფიოდ ათქმევინა თავისი მოთხრობის გმირს: სანამ ჩვენ ბატონის ყმანი ვართ, ჩვენში ბედნიერება არ შეიძლებაო. ანტონ ფურცელაძემ პირველმა შეძლო „სურამის ციხის” ობიექტური გარჩევა და სათანადო დასკვნების გამოტანა, ხოლო 15 წლის შემდეგ დანიელ ჭონქაძის შესახებ გაზეთ „დროებაში” მოთავსებულ სტატიაში გ. თუმანიშვილი აღნიშნავდა, „არა მგონია, იმის (ჭონქაძის – ს. ც.) მართლის თქმა სრულებით უნაყოფოდ დარჩენილიყო და არ გაემხნევებია ჯერ დაჩაგრული ჩვენი ახალგაზრდობა”.

თუ რა დიდი ნაყოფი გამოიღო „სურამის ციხემ” ქართული მწერლობისა და საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებისათვის, ამაზე მიგვითითებს ის საკმაოდ მდიდარი ლიტერატურა, რაც ამ პატარა მოთხრობის გარშემო შეიქმნა.

დანიელ ჭონქაძეს დიდხანს არ უცოცხლია. მისი მაჯისცემა ადრე, 30 წლის სიჭაბუკეში შეწყდა 1860 წლის 28 ივნისს, ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ქართული ბეჭდვითი სიტყვის გამომხატველი მხოლოდ ჟურნალი „ცისკარი” იყო, რომელმაც გაბატონებული კლასების წარმომადგენელთა შიშით თავის ფურცლებზე „სურამის ციხის” უდროოდ გარდაცვლილი ავტორის შესახებ პატარა ნეკროლოგის მოთავსებაც კი ვერ გაბედა. მაგრამ ქართველმა ხალხმა გულში აღიბეჭდა მისი ხსოვნა. ქართველი მშრომელი მასების სიყვარული და გატაცება „სურამის ციხით” დღემდე შეუნელებელია. იშვიათია ისეთი ქართული წიგნი, ამდენი გამოცემა რომ განეცადოს და ამგვარი პოპულარობით ესარგებლოს.

გარდა იმისა, რომ „სურამის ციხე” სასკოლო სახელმძღვანელოებსა და ქრესტომათიებშია შეტანილი, მარტო საბჭოთა პერიოდში გამოიცა ათჯერ.

მხოლოდ საბჭოთა სინამდვილეში მოხერხდა დანიელ ჭონქაძის ღვაწლისა და მისი „სურამის ციხის” ფართო პოპულარიზაცია. ამ მოთხრობის მიხედვით არის დამუშავებული კინოსურათი „სურამის ციხე”, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა.