‍სვიმონ გოგოლაშვილი – სვიმონ სვიმონიძე (1865-1922)

ავტორი: მარიამ მარჯანიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი

ქუთაისს არასოდეს მოკლებია შემოქმედი ადამიანები, რომლებიც კალმით, ბგერით, ფუნჯით თუ სცენური ნიჭით ალამაზებდნენ საქართველოს წარსულს, აწმყოსა და თავისი ხელოვნებით ხსნიდნენ გზას მომავლის სულიერ სამყაროშიც.

სვიმონ გოგოლაშვილმა განათლება ჯერ თბილისის სამოსწავლო სემინარიაში მიიღო, ხოლო შემდეგ სწავლა ოდესის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც სტუდენტურ არეულობაში მონაწილეობის გამო იგი უნივერსიტეტიდან დაითხოვეს. სამშობლოში დაბრუნებულმა სიმონ გოგოლაშვილმა მუშაობა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მდივნად დაიწყო. მოხდენილი ვაჟკაცი აქ გაიცნო აკაკი წერეთელმა, რომლის თხოვნითა და რჩევით იგი ქუთაისის სცენისმოყვარეთა წრეში ჩაეწერა. სასცენო ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული სიმონ გოგოლაშვილი დიდმა მსახიობმა ვასო აბაშიძემ მალე თბილისში გაიწვია, რომლის შემდეგ დაიწყო მისი მძიმე გზა ქართულ თეატრში.

სვიმონ გოგოლაშვილის მთელმა ოჯახმა, მეუღლესთან ალექსანდრა გამრეკლიძესა და შვილებთან – თამართან და შალვასთან ერთად, დიდი ხარკი გაიღო ერის წინაშე იმით, რომ ისინი ქართულ თეატრალურ სამყაროს ტონს აძლევდნენ.

„თუ სწორია ის აზრი, რომ ყოველი მოღვაწე თავის დროისგვარად უნდა შეფასდესო, მაშინ მსახიობ ს. სიმონიძის – ს. პ. გოგოლაშვილის ამაგიც ქართული სცენის წინაშე დიდ-ნაყოფიერია. სასცენო ახოვანება, გამოთქმა, ხმა, გმირული გამომეტყველება, მგზნებარეობა მისი თავის დროზე ქართული სცენის მშვენებად იყო მიჩნეული, – წერდა 1924 წელს ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ (№10 გვ.13) რედაქტორი იოსებ იმედაშვილი და აქვე აგრძელებდა: „მართალია სასცენო განათლება არ ჰქონდა მიღებული, მაგრამ ბუნებითი ნიჭისა და ალღოს წყალობით ზოგიერთ როლების საუცხოო აღსრულებით იმ დროის თეატრში მოსიარულე საზოგადოებას, განსაკუთრებით მდაბიო ხალხს ხელოვნების ცეცხლს უკიდებდა, რითაც თავისი სახელი შეიტანა ქართული თეატრის ისტორიაში“.

საზოგადოების დავალებით ს. სვიმონისძე ერთხანს რეჟისორობდა ავჭალის აუდიტორიისა და ავლაბრის სცენის მოყვარეთა წრეებს. ხშირად სახალხო-სასოფლო წარმოდგენებშიც მონაწილეობდა.

1909 წელს ს. სვიმონიძე მიწვეულ იქნა ნაძალადევის სახალხო თეატრის აშენების ხელმძღვანელად და რეჟისორ-მსახიობად.

იგი მონაწილეობას ღებულობდა ყეენობის სანახაობაში: „მოსახლეობასთან ერთად ძალიან ხშირად ვიღებდი ხოლმე მონაწილეობას ძველი მსახიობები, ქართული თეატრის და სხვადასხვა აუდიტორიის მრავალი სცენის მოყვარენი ყეენობაში. კარნავალი იმართებოდა თბილისის ყველა უბნებში და ქუჩებში. უფრო მეტად საყურადღებო ის არის, რომ ამ კარნავალისათვის ძალიან ეხმარებოდა მოქალაქეთა სურვილს ქართული თეატრის დირექცია, როგორც საჭირო რეკვიზიტით, აგრეთვე რეჟისურითაც. ეს პირები იყვნენ ყველასაგან ცნობილი პირნი ქართული დრამის ნიჭიერი მსახიობნი ს. სვიმონიძე, ს. ივანიძე, ვ. გუნია და სცენის მრავალ მოყვარეთა შორის ს. რევაზოვი, რომელიც იყო საკმაო ახოვანი ტანის კაცი რომლის შეხედულებაც ზედმიწევნილი იყო ყაენის როლის შესასრულებლად“, – წერდა სცენის მოყვარე გ. ყანჩელი.

ცნობილი ემიგრანტი მწერალი თამარ გოგოლაშვილი-პაპავასი არგენტინიდან 1972 წლის 22 მარტს დას წერდა: „რუქაიას წერილი მივიღე. მწერს, ვიღაცა პატიოსან კაცს გახსენებია მამაჩემი და უნდა დასწეროს მამას ამბავი. მე რაც რამე მაქვს, ვუგზავნი ამ კვირის ბოლოს. შენც ხომ იცი, რას მოღვაწეობდა მამა, მიაწოდე, ეს ყველაზე სასიხარულო ამბავია ჩვენი ოჯახისათვის. სურათებთან ერთად გიგზავნი ჩემს წერილს მამისადმი მიძღვნილს”.

მამისადმი მიძღვნილი ნაშრომი თ. პაპავამ მისი დღიურიდან ამოიღო და თეიმურაზ ქრისტინაშვილს სხვა მასალებთან ერთად გამოუგზავნა საქართველოში.

ემიგრაციაში ათეული წლების გასვლის შემდეგ ჟურნალ „მამულის” ფურცლებზე დაბეჭდილ ამ წერილში „მადლიანი შრომა”, თამარ პაპავამ სიღრმისეულად შეაფასა ქართველი სასცენო ოსტატების შრომა, სადაც ვკითხულობთ:

„ვფურცლავ ძველ ჟურნალებს და ამ ფერგადასულ სტრიქონებში ვეძიებ ამბებს ძველი ქართული თეატრის ცხოვრებიდან... თუ საერთოდ ჭირად არის ცნობილი, რომ მსახიობები უმეტეს ნაწილად ნივთიერ შევიწროებას განიცდის, ეს ათ კეცად ხვდება ჩვენს მსახიობს!...

ათკეცი იყო მისი გაჭირვება მით, რომ ნივთიერად არა უზრუნველყოფილების გარდა, თავის დედაქალაქში მას მუდმივი ბინაც არ ჰქონდა წარმოდგენებისათვის. რეპეტიციებისათვის ვიღას ჩივა, თუკი დაეთმობოდა მას თეატრის ჩარდახი ან, უკეთეს შემთხვევაში, ფოიე თეატრისა. ყველა ბატონი იყო ამ თეატრებში, გარდა ქართველი მსახიობისა.

მას მხოლოდ მაშინ დაეთმობოდა სცენა, როცა ის არავის აღარ სჭიროდა და ეს კი იშვიათი იყო... რამდენი დამცირება და დევნა უნდა გადაგვეტანა მაშინ ქართული სცენის უანგარო მუშაკთ: ჩემ თვალის წინ განვლეს ამ ამბებმა. მამაჩემი, სვიმონიძე, 40 წელი ემსახურებოდა ქართულ თეატრს... და მე ვხედავდი თუ როგორ ცხოვრობდნენ, რაოდენ დევნას იტანდნენ ეს ქართული თეატრისათვის შეფიცული მუშაკნი, მაგრამ მაინც კლდესავით იდგნენ.

და მაინც ბედნიერად ვსთვლი ჩემს თავს, რომ ბედმა მარგუნა ახლოს ვყოფილიყავ ქართული სცენის ქურუმთა წრესთან და საკუთარი თვალებით მენახა მათი თავდადება, გამძლეობა, დამცირებათა ამაყად და ჩუმად ატანა და ყველა ეს მხოლოდ სიყვარულისათვის ჩვენი ეროვნული თეატრისა...

ეს იყო დიდი ქართული საქმე, რომელიც უნდა გაკეთებულიყო, რათა ქვეყანას და კერძოდ ძლიერ მტერს ეგრძნო, რომ საქართველოს სიცოცხლე და წინსვლა სწყუროდა.”

თამარ პაპავა ამ მოგონებაში ჩვეული პირუთვნელობითა და სიმართლით მოგვითხრობს სიკეთისა და მშვენიერების მსახურის – ხელოვნების დიდ ძალაზე.

ქართული თეატრის ქურუმებს კარგად ესმოდათ, მაშინ როცა მშობლიური ენა და საერთოდ ყველაფერი ქართული იდევნებოდა, სცენა უნდა გადაქცეულიყო ეროვნული კულტურისა და ეროვნული თვითშეგნების დამკვიდრების მგრძნებარე ტრიბუნად. ერის მესაჭეს, დიდ ილიას, თეატრი მიაჩნდა როგორც მაყურებელზე უშუალო ზეგავლენის, მისი იდეურ-მორალური აღზრდის უძლიერეს საშუალებად. „სცენა იგივე შკოლაა, რომელიც ცხოველი სურათებით ელაპარაკება კაცის გულსა და ჭკუას, იგი ამ თავის თვისებით კაცის გუნებაზე უფრო მედგრად მოქმედებს, ვიდრე სხვა რამე. ამ მხრივ არის იგი კაცის გრძნობისა და გონების გამაფაქიზებელი, გამწმენდი”...

მხოლოდ თავდადებულთ და შეფიცულთ თუ შეეძლონ არაფრისაგან უკვდავი თეატრი შეექმნათ საქართველოსათვის.

სვიმონიძის საყვარელი როლები იყო კლასიკური პიესებიდან: ლაერტი („ჰამლეტი“), იაგო („ოტელო“) ედმუნდი („მეფე ლირი“), შილერის „ყაჩაღები“ კარლ მოორი, მელოდრამებში ჟაკი („ორი ობოლი“), მიული („ორი ჯიბგირი“); განსაკუთრებით დიდი მოწონებით სარგებლობდა ისტორიულ პიესებში ლევან ხიმშიაშვილის („სამშობლო“), გაიოზის (დაძმა), გიორგის („მტარვალი“) და სხვა როლებში.

სვიმონისძე ასევე გარკვეული პერიოდი მოღვაწეობდა ბაქოს ქართული თეატრის სცენისმოყვარეთა დასში.

პროფესიული თეატრის შემდეგ ს. სვიმონიძემ მუშათა უბნებს მიაშურა და სრულიად უანგაროდ დიდი გულმოდგინებით ემსახურებოდა, როგორც მსახიობი და რეჟისორი, მუშათა აუდიტორიებს.

1916 წელს ს. სვიმონიძე სოჭის გიმნაზიაში ასწავლიდა ქართულ ენას. აქვე დაარსა მან საგანგებო ქართული ენის სკოლა, სცენისმოყვარეთა წრე და თეატრი. იგი გარდაიცვალა 1922 წელს.

ქართულ საზოგადოებაში თავისი თეატრალური მოღვაწეობით სვიმონ სვიმონიძემ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა.