‍მელიტონ ჩოგოვაძე (1867-1910)

ავტორი: ა. შვანგირაძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

chogovadze me112ხანმოკლე იყო მელიტონ ჩოგოვაძის სიცოცხლე, მაგრამ დროის იმ მცირე მონაკვეთში მან შეძლო, როგორც მოწინავე პედაგოგმა და საზოგადო მოღვაწემ, თვალსაჩინო კვალი დაეტოვებინა. მელიტონი თავის ღრმა ცოდნასა და დიდ ენერგიას მთლიანად ახმარდა მომავალი თაობის აღზრდას, ხალხის სამსახურს.

მელიტონ იესეს ძე ჩოგოვაძე დაიბადა 1867 წლის 25 აგვისტოს სოფელ ბანოჯაში, ქუთაისის მახლობლად, უღარიბესი გლეხის ოჯახში.

10 წლის იყო მელიტონი, როცა დედამ დიდი წვალებით ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაღებინა. პატარა მელიტონი სოფელ ბანოჯიდან დადიოდან სასწავლებელში და ყოველდღიურად 10-12 კილომეტრი გზა უნდა გაევლო.

მელიტონ ჩოგოვაძემ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1885 წელს დაამთავრა პირველი ხარისხით და გაემგზავრა თბილისში სასულიერო სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად. სემინარიაში სახელმწიფო ხაჯზე მიიღეს და პანსიონში ცხოვრობდა. სემინარიაში ყოფნის დროს მელიტონის ნიჭს ფართო გასაქანი მიეცა. მან გამოამჟღავნა იშვიათი ენერგია და ბეჯითობა თვითგანვითარებისთვისაც. სემინარიაში მელიტონმა შეისწავლა ევროპული ენები (გერმანული, ფრანგული, ინგლისური), კარგად იცოდა ლათინური ენაც. იქვე შეისწავლა სომხური ენა და ლიტერატურა, სომხეთის ისტორია.

მელიტონმა თბილისის სასულიერო სემინარია 1891 წელს დაამთავრა და, როგორც პირველი მოსწავლე, სემინარიის ხელმძღვანელობის მიერ სახელმწიფო ხარჯზე გაგზავნილ იქნა კიევის სასულიერო აკადეიაში. აქ მელიტონი განსაკუთრებული წარჩინებით სწავლობდა ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, ლოგიკასა და ისტორიას.

1895 წელს მელიტონმა დაამთავრა კიევის სასულიერო აკადეია და საკმაოდ განსწავლული, საზოგადო მოღვაწეობისათვის ყოველმხრივ მომზადებული დაბრუნდა სამშობლოში და პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო. ერთხანს იგი მასწავლებლობდა სოფელ ბანოჯის სამრევლო სკოლაში, რომლის დაარსებაც მის სახელთან არის დაკავშირებული.

მელიტონი ვერ ურიგდებოდა მეფის მოხელეების ცდას, რომ განედევნათ საქართველოს სკოლებიდან ქართული ენა და მთელი ენერგიით იბრძოდა აღდგენილიყო ის თავის უფლებებში. ამისათვის კიდეც დასაჯეს. სასულიერო სასწავლებლების ცნობილმა შავრაზმელმა რევიზორმა არხანგელსკიმ, როცა გაიგო, რომ იგი ცდილობდა შეექმნა ამ საგნის სწავლებისათვის შესაფერისი პირობები, სამსახურიდან მოხსნა 1904 წელს.

1896 წელს მელიტონი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგეა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში (დაარსდა 1894 წელს), იმავე წლის 2 სექტემბრიდან რამდენიმე გაკვეთილი აქვს ქუთაისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში. ქუთაისის სასულიერო სემინარიის გაუქმების შემდეგ (გაუქმდა 1905 წლის რევოლუციური მოძრაობის მოახლოებასთან დაკავშირებით), იგი დატოვეს იმ მცირე გაკვეთილებზე, რომლებიც ეპარქიალურ სასწავლებელში ჰქონდა. 1905 წლის 1 სექტემბრიდან კი დაინიშნა ქუთაისის სასულიერო სასწავლბლის მასწავლებლად. იგი რამდენიმე წელიწადს ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, აგრეთვე, აძლევდა კერძო გაკვეთილებს.

მელიტონ ჩოგოვაძე დაჯილდოებული იყო პედაგოგის საუკეთესო თვისებებით, მუდამ იმის ცდაში იყო, რომ არ გამოპარვოდა სიახლე, რაც მეცნიერების საფუძვლების სწავლების საქმეში მოხდებოდა. მელიტონ ჩოგოვაძეს ფართო ასპარეზი შეექმნა ქართული ენის სწავლების მტკიცე ნიადაგზე დაყენების საქმეში, როცა ის საეპარქიო სასწავლებლის ინსპექტორად დანიშნეს. მან შეძლო, ამ სასწავლებელში ქართულ ენისთვის სხვა სასწავლო დისციპლინების თანაბარი ადგილი დაეკავებინა. იგი სხვადასხვა საშუალებით ზრდიდა საგანში გაკვეთილების რაოდენობას, რომ მოსწავლები ვრცლად გაცნობოდნენ ქართულ მწერლობას.

მეტად ნაყოფიერად მუშაობდა მელიტონი როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაშიც. იგი ყველა საშუალებას მიმართავდა, რომ პოპულარული გაეხადა ქართული ლიტერატურის კორიფეები (ილია, აკაკი, ვაჟა და სხვ.). ამის საუკეთესო დადასტურებაა ისიც, რომ მან მთელი შესაძლბლობით იზრუნა დიდი მგოსნის აკაკისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამოს მოსაწყობად ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.

სასწავლებელში ქართული ენის დამკვიდრებისათვის ბრძოლას მელიტონი აწარმოებდა სხვა გზითაც. ის სასტიკი წინააღმდეგი იყო ე. წ. „ბუნებრივი მეთოდის” გამოყენებისა რუსული ენის სწავლების დროს, რომლის ავტორი იყო მეფის მოხელე ლევიცკი და შავრაზმელი დეკანოზი ვოსტორგოვი.

მელიტონ ჩოგოვაძე შეუდარებელი იყო, როგორც სასწავლებლის ინსპექტორი. მან კარგად იცოდა ყველა საგანი, რომლებიც საშუალო სასწავლებელში ისწავლებოდა, დაუფლებული იყო მათი სწავლების მეთოდებსაც. ამიტომ გაკვეთილზე დასწრების დროს ადვილად ამჩნევდა ყოველგვარ ნაკლოვანებას და სწორ მითითებას აძლევდა მათ გამოსასწორებლად. ჯერ კიდევ სასულიერო სემინარიაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგედ ყოფნის დროს გამოამჟღავნა მათემატიკისა და ფიზიკის საშუალო სკოლის კურსის ჰუმანიტარული საგნების ღრმა ცოდნა.

მელიტონ ჩოგოვაძე სწავლა-აღზრდის საქმე საუცხოოდ ჰქონდა დაყენებული ქუთაისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში. ამას მოწმობს რევიზიის შედეგები, რომელიც 1908 წლის ნოემბერში ჩაატარა პეტერბურგიდან მოვლინებულმა რევიზორმა პოლიანსკიმ. ის ხუთი დღე ეცნობოდა სკოლის მუშაობას და განცვიფრებული იყო შემოწმების შედეგებით.

მელიტონ ჩოგოვაძემ, როგორც ეპარქიალური სასწავლებლის ინსპექტორმა, დიდი შრომა გასწია, რომ სასწავლებელი რვაკლასიანი გამხდარიყო. ამის შესახებ გაზეთი „ფონი” წერს: „მხოლოდ მელიტონის იშვიათ ენეგიას, წინდახედულობას, ცოდნასა და შეგნებულობას უნდა მიეწეროს, რომ მოძრაობის ქარ-ცეცხლმა უვნებლად გადაიარა ხსენებული ქალთა სასწავლებლის თავზე და, ნაცვლად განადგურებისა, წარმოშვა განახლებული რვაკლასიანი საქალაქო სასწავლებელი, რომლის მსგავსი მთელ რუსეთში მხოლოდ ორი თუ სამი საეპარქიო სასწავლებელია”. მეტად საგულისხმოა ქუთაისის ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის გადაკეთების პროექტი, რომელიც შემუშავდა 1905 წელს მელიტონ ჩოგოვაძის უშუალო მონაწილეობით.

ხალხის ღირსეული შვილი, ხალხისათვის თავდადებული მასწავლბელი მელიტონი უდიდეს მზრუნველობას იჩენდა იმ მშღომელთა მიმართ, რომლებისთვისაც სკოლის კარები დახშული იყო. ქუთაისში სწორედ ასეთებისათვის დაარსდა საკვირაო სკოლა, რომელშიც სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიდნენ მოწინავე მასწავლებლები.

მელიტონ ჩოგოვაძე არ შემოფარგლულა პედაგოგიურ ასპარეზზე მოღვაწეობით, ის დაინტერესებული იყო საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების სიტორიის საკითხებიGთ. ამ მიზნით მან თარგმნა ფრანგულიდან სენ-მარტენის „მოკლე ისტორია სომხეთისა”, რომელიც დაბეჭდა ჟურნალმა „მოგზაურმა”.

მელიტონ ჩოგოვაძის კალამს ეკუთვნის მრავალი წერილი, რომლებსაც ათავსებდა სხვადასხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. გარდა გონებრივი მუშაობისა, მელიტონი ფიზიკურ შრომასაც ეწეოდა. ერთ დღეს თუ მოსწავლეებს ასწავლიდა, საასწავლებელს განაგებდა, ახალგაზრდა მასწავლებლებს ეხმარებოდა კვალიფიკაციის ამაღლებაში, მეორე დღეს სასხლავს ან ბარს დაიჭერდა ხელში, გლეხებს გვერდში ამოუდგებოდა და ასწავლიდა გაუმჯობესებული წესით მუშაობას.

მელიტონმა კარგად იცოდა წყალტუბოს მიენრალური წყლების მნიშვნელობა და ისიც, თუ რა გაჭირვებას განიცდიდნენ უგზოობის გამო სამკურნალოდ მიმავალნი ქუთაისიდან, ზემო იმერეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან, ამიტომ გადაწყვიტა ქუთაისიდან წყალტუბოსკენ გაეყვანა სეტლე გზა. მადლიერმა ხალხმა მელიტონის გარდაცვალბის შემდეგ ამ შარაზას მისი სახელი უწოდა.

მელიტონ ჩოგოვაძე გარდაიცვალა 1910 წლის 31 იანვარს, მისი დაკრძალვა განდიოზულ დემონსტრაციად იქცა. მიცვალებულის ნეშტი ეპარქიალური სასწავლებლიდან გამოასვენეს 1910 წლის 7 თებერვალს. მრავალათასიანი პროცესია მიაცილებდა მას ბანოჯამდე. გასვენებას დაესწრო ჩვენი სასიქადულო მგოსანი აკაკი, რომელმაც თქვა: „ის იყო ღირსეული ადამიანი, თავდადებული ქართველი, უმწიკვლო თავის ასპარეზზე და ჩუმი მოღვაწე. ამისთანა მოღვაწენი ხშირი არ არიან ჩვენში, მხოლოდ საუკუნეები წარმოშობენ”.