‍ალექსანდრე ჩხეტია (1873-1949)

ავტორი: არსენ მამულაიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

chkhetia al52სანდრო ჩხეტია, როგორც მას საერთოდ ეძახდნენ, დასავლეთ საქართველოში საკმაოდ ცნობილი სახალხო მასწავლებელი და საზოგადო მოღვაწე იყო. რაც მთავარია და რამაც მისი შეგნებული სიცოცხლის თითქმის უმეტესი ნაწილი შეიწირა, ის იყო აგრეთვე თვითმპყრობელობის წინააღმდეგ დაუცხრომელი მებრძოლი – რევოლუციონერი, დიდხანს არალეგალურად მცხოვრები და უშიშარი მუშაკი.

სანდრო დავითის ძე ჩხეტია დაიბადა 1873 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ კორცხელში, საკმაოდ შეძლებული აზნაურის ოჯახში. პირველდაწყებითი სწავლა მიიღო ქ. ზუგდიდის ე. წ. ნორმალურ ორკლასიან (5 წლის კურსით) სასწავლებელში. სასწავლებლის კურსის დასრულების შემდეგ, 1890 წელს ხონის საოსტატო სემინარიაში შევიდა.

1895 წელს სანდრომ დაასრულა სემინარიის სრული კურსი და იმ წელსვე სოფელ ქვალონის (ზუგდიდის მაზრა) დაწყებითი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. ალექსანდრე ჩხეტია 1897 წელს გადაყვანილ იქნა სოფელ ხორგის ორკლასიან სკოლაში. სანდრო ნამდვილდ მასწავლებლობისათვის აღმოჩნდა დაბადებული. პედაგოგიურ ტექნიკას – ახალ-ახალ მეთოდებსა და სწავლების ხერხებს, მაგრამ მისი ცხოვრების გზები მალე სულ სხვაგვარად წარიმართა.

1898 წელს, ლევიცკის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ზუგდიდისა და სენაკის მაზრების სახალხო მასწავლებელთა გაერთიანებულ ყრილობაზე გამოირკვა, რომ სანდრო ჩხეტია თავის სკოლაში ქართულს ასწავლიდა გაშლილი პროგრამით და თანაც ამ სწავლებას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. აქვე ისიც გამომჟღავნდა, რომ მის სკოლაში რუსული ენის სწავლებაში ისეთი კარგი მიღწევები იყო არა ლევიცკის „ნატურალური” მეთოდის მომარჯვებისა, რამაც გამოიწვია ლევიცკის რისხვა სანდრო ჩხეტიას მიმართ. რამდენიმე თვის შემდეგ, 1900 წლის იანვარში, ლევიცკიმ ურჩი პედაგოგი დააქვეითა – გადაიყვანა შორაპნის მაზრის ერთ-ერთ სკოლაში. სასწავლო წლის ბოლოს სახალხო სკოლების ინსპექტორი ნოვოსპასკი სკოლაში შესვლის უმალ შეეკითხა მასწავლებელ ჩხეტიას, თუ რა მეთოდით ასწავლიდა ის სკოლაში და როცა პასუხად მიიღო: თარგმნითი მეთოდითო, წინადადება მისცა „ოტსტავკა” შემოეტანა. ამ შემთხვევის შემდეგ სანდრო ჩხეტია იძულებული გახდა მიეტოვებინა მთავრობის სკოლა და თავი ქუთაისში შეეფარებინა. აქ ის მოეწყო მასწავლებელ ე. მატარაძის კერძო სკოლაში უფროს მასწავლებლად.

1902 წელს სანდრო ჩხეტია ქუთაისის ქართველ ინტელიგენციაში უკვე საკმაოდ ცნობილი პედაგოგი, იანოვსკისაგან იღებს სათანადო ნებართვას და თვითონვე ხსნის კერძო სასწავლებელს ქუთაისში. მასწავლებლად იწვევს ისეთ გამოჩენილ პედაგოგებს, როგორიც იყვნენ სამ. დათეშიძე (არითმეტიკის სახელმძღვანელოს ავტორი), ვარლამ ბურჯანაძე (ჟურნალისტი, ობჩელის ფსევდონიმით), გიორგი ბოკერია (პედაგოგი და მწერალი) და სხვა. ამ სკოლას დიდ დახმარებას უწევენ ცნობილი მოღვაწე ქალები ეკატერინე და ანა ნიკოლაძენი (ნიკო ნიკოლაძის დები), რომელთაც თავის საკუთარ სახლში დაუთმეს სკოლას ბინა. ამ სკოლაში ხშირად დგებოდა ქუთაისის მოწინავე მასწავლებელთა თათბირები. აქვე გადაწყდა დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა ყრილობის მოწვევა. კრება, ცხადია, არალეგალური იყო, სადაც გადაწყდა გაფიცვების გამოცხადება და არჩეულ იქნა საგაფიცვო კომიტეტიც, რომელსაც დაევალა მასწავლებლებს მიეღოთ მონაწილეობა კარზე მომდგარ რევოლუციაში.

სანდრო ჩხეტიას ამ პერიოდის მოღვაწეობიდან აღსანიშნავია აგრეთვე მისივე ინიციატივით ქ. ზუგდიდში ქალთა კერძო პროგიმნაზიის გახსნა 1903 წელს. ზუგდიდელ მოქალაქეთა თხოვნის შედეგად სანდრო შეუთანხმდა ერთ მის ნათესავსა და ახლობელს, მის სახელზე აეღო დასახელებული პროგიმნაზიის გახსნის ნებართვა ზუგდიდში, რადგან იმ ხანებში უკვე პოლიტიკურად არაკეთილსაიმედოდ მიჩნეულ სანდროს არ შეეძლო თავის თავზე მიეღო მეორე კერძო სასწავლებლის გახსნაც. 1903-04 სასწავლო წელს ეს პროგიმნაზიაც გაიხსნა, რომლის ფაქტიური ხელმძღვანელი და პატრონი სანდრო იყო. ზუგდიდის მაშინდელი მაზრის უფროსი კეღამოვი არ ცხრებოდა. მას სკოლა რევოლუციონერთა ბუდედ მიაჩნდა და ყოველ თავის მოხსენებაში გუბერნატორთან მის დახურვას მოითხოვდა. სკოლამ 1906 წლამდე იარსება. ამ წელს, სანდრო დაპატიმრების გამო, იგი დახურეს.

1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად ჩაბმული სანდრო 1906 წლის 6 აგვისტოსო დააპატიმრეს და მოათავსეს ქუთაისის საპატიმროში, სადაც მან კარგა ხანს დაჰყო. 1908 წელს ქუთაისის საპატიმროდან საიდუმლო გვირაბის გაყვანის შემდეგ, სხვა ცნობილ პოლიტპატიმრებთან ერთად, სანდრო ჩხეტიაც გაიპარა ციხიდან და არალეგალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ის მთელი თავისი შეგნებით და ძალ-ღონით მონაწილეობს არალეგალურ შეკრებებსა და ორგანიზაციაში, როგორც პროპაგანდისტი და თვითმპყრობელური რეჟიმის წინააღმდეგ დაუცხრომელი მებრძოლი.

1911 წელს, მაისის თვეში სანდრო ჩხეტია კვლავ შეიპყრეს, იმავე წელს გაასამართლეს და მიუსაჯეს4 წლის საკატორღო მუშაობა და შემდეგ ციმბირში – ირკუტსკის გუბერნიაში სამუდამო ცხოვრება.

1917 წლის გაზაფხულზე ის სამშობლოში დაბრუნდა.

სანდრო ჩხეტია, როგორც ემნშევიკების აშკარა მტერი და მათი პოლიტიკის სასტიკი მოწინააღმდეგე, მუდამ ოპოზიციაში ედგა და სახელისუფლებო საქმიანობაში არ ჩაბმულა. ის კვლავ თავის საყვარელ პროფესიას, მასწავლებლობას დაუბრუნდა და ვიდრე ციმბირიდან გამოყოლილი გულის მძიმე დაავადება ხელს საბოლოოდ არ დალევდა, განაგრძობდა მუშაობას ზუგდიდის საშუალო სკოლებში, როგორც საუკეთესო მასწავლებელი და ლექტორი ზაფხულის თვეებში მოწყობილი პედაგოგიური კურსებისა.

მხოლოდ საბჭოთა სინამდვილეში დაფასდა სანდროს ღვაწლი და ამაგი. 1935 წელს აღნიშნეს მისი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლის იუბილე, დააჯილდოვეს სიგელით ენერგიული და ნაყოფიერი პედაგოგიური მუშაობისათვის და პერსონალური პენსიაც დაუნიშნეს.

ამის შემდეგ სანდროს მუშაობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მას უკვე გულის ასთმით დაავადებულს, მასწავლებლობა არ შეეძლო. მხცოვანი მორვაწე 1940 წელს სწყვეტს სკოლაში მუშაობას, თუმცა არც მომდევნო პერიოდი გაუტარებია უქმად. მან დაწერა და საქართველოს სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმს გადასცა თავისი ვრცელი მოგონებები. ამ მოგონებებში ასახულია 1895-1920 წლებს შორის საქართველოს სინამდვილეში მომხდარი ამბები, რომლებშიც კი ავტორს მონაწილეობა მიუღია, მასში შეძლებისდაგვარად აღწერილია სახალხო განათლების მაშინდელი მდგომარეობა და საზოგადოებრივი ცხოვრების ვითარება.

სანდრო ჩხეტია გარდაიცვალა 1949 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში.