‍ალექსანდრე ხახანაშვილი (1864-1912)

ავტორი: ნონა კუპრეიშვილი,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

0005 aleqცნობილი ფილოლოგი და ისტორიკოსი, ცნობილი ორიენტალისტი პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი მოღვაწეობდა მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლეთი ენების ინსტიტუტსა და მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტში, სადაც დაუღალავი სამეცნიერო შრომით დიდი ამაგი დასდო ქართული კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეს. მან, სასულიერო ოჯახიდან გამოსულმა ნიჭიერმა და შრომისმოყვარე ახალგაზრდამ, თბილისის გიმნაზიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ შეძლო სახელმწიფო ხარჯზე სწავლის გაგრძელება მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, სადაც თავისი გულმოდგინებითა საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებით იმთავითვე მიიქცია პროფესორ-მასწავლებელთა ყურადღება. იგი არა მარტო წარმატებით აბარებს სავალდებულო საგნებს, არამედ საფაკულტეტო თემისთვის ვერცხლის მედლითაც ჯილდოვდება. სხვათა შორის, ამ თემის სათაური ასე ჟღერს: ,,ბატონყმობა საქართველოში რუსეთთან შეერთებამდე“. მასში წყაროებად ქართული ხელნაწერებია გამოყენებული, ხოლო მეტი დამაჯერებლობისათვის ევროპული ქვეყნების ისტორიული კონტექსტია წარმოდგენილ-გაანალიზებული. ალექსანდრე ხახანაშვილის ამ ნაშრომზე დადებითი რეცენზია დაუწერია ილია ოქრომჭედლიშვილს, ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტის პროფესორს. მას შემდეგ, რაც ხახანაშვილი კანდიდატის ხარისხით ამთავრებს უნივერსიტეტს (ეს 1888 წელია), ერთხანს მინატრებულ სამშობლოში ბრუნდება. ახლობლების გარდა, იგი საგანგებოდ მოინახულებს მისთვის ძვირფას და ახლობელ ადამიანებს: იაკობ გოგებაშვილს, მამამისის ნათლულს, ნიკო ცხვედაძეს და თანამშრომლებს ილიას ,,ივერიის“ რედაქციისა, რომელიც რეგულარულად აშუქებდა ქართველი ახალგაზრდის მიერ სტუდენტობის წლებში და შემდეგაც მიღწეულ წარმატებებს, აქვეყნებდა მის საინტერესო სამეცნიერო სტატიებს.

ალექსანდრე ხახანაშვილი ექვსი წლის მანძილზე იყო მასწავლებლად ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტის ქართული ენის კათედრაზე, რომელსაც ცოტა ხნით ადრე მისი უფროსი მეგობარი და მხარდამჭერი ილია ოქრომჭედლიშვილი ხელმძღვანელობდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან თავისი უმწიკვლო რეპუტაციით, შეუპოვარი პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობით ხელმძღვანელობის სრული ნდობა დაიმსახურა, დაინიშნა კიდეც სპეციალური კლასების ქართული ენის კათედრის დოცენტად და ამასთან ერთად სამეცნიერო საბჭოს მდივნად წლიური შემოსავლით 1500 მანეთი (1894). 1900 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის დაარსებასთან დაკავშირებით ხახანაშვილი მირებულ იქნა პრივატდოცენტად და უანგაროდ ხელფასის გარეშე ხელმძღვანელობდა აღნიშნულ კათედრას და კითხულობდა ლექციებს სიცოცხლის უკანასკნელ წლებამდე. პარალელურად იგი ასწავლიდა მოსკოვის ქალთა სხვადასხვა გიმნაზიაში.

თვალი რომ გადავავლოთ იმ თემატიკას, რომელსაც ალექსანდრე ხახანაშვილი, როგორც მკვლევარი, ეხებოდა და თავის მიგნებებს ქართული პერიოდული პრესის საშუალებით მკითხველ ქართულ საზოგადოებას უზიარებდა, დავინახავთ არა მარტო ფართო დიაპაზონისა და ღრმა მეცნიერული ინტერესის მქონე მკვლევარს, არამედ მშობლიური კულტურის ქომაგსა და გულშემატკივარს. მაგალითად, ,,ივერიაში“ (1894, #217) იბეჭდება ხახანაშვილის წერილი: ,,აზრი პროფესორ ტომაშევსკის ქართველთა და სომეხთა შესახებ“, ,,მეგრული ენა ქართულს ლიტერატურასა და მწერლობაში“ (1897, #227), ,,კვალში“ (1894, #34) - ,,აზრი პროფესორ ჰომბელისა ქართული ენის შესახებ“, ჟ. ,,მოამბეში“(190 #8) - ,,ბრიტანიის მუზეუმის ქართული ხელნაწერები“, ,,სპარსული ვისო ო რამინ“ და ქართული ,,ვისრამიანი“ (1896), ,,პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები“ (1898), კვლავ ,,ივერიაში“ - ,,ქართული სამწერლო ენა“ (1901) და სხვ. ცხადია, იბეჭდებოდა რუსულ პრესაშიც: ,,Русская мысль“, ,,Кавказский вестник“, ,,Русские ведомости“, ,,Вестник Европы“ და სხვ.

ალექსანდრე ხახანაშვილს ეკუთვნის მრავალი შრომა საქართველოს ისტორიის, ლიტერატურის, განათლების, ეთნოგრაფიის და მატერიალური კულტურის მნიშვნელოვან საკითხებზე. თუმცა მის კაპიტალურ ნაშრომად მაინც მიჩნეულია ,,ქართული სიტყვიერების ისტორია“ დაწერილი რუსულად, 1895-1907 წლებში გამოცემული მოსკოვში - ოთხ ტომად, ხოლო შემოკლებული რედაქციით, ქართულადაც - ორ ტომად. ეს იყო ჩვენი სულიერი საგანძურის სერიოზული პოპულარიზაცია, თუ გნებავთ, მისი გატანა ფართო ევროპულ სარბიელზე.

1900 წელს გამართულ პარიზის მსოფლიო გამოფენისთვის, რომელშიც ქართულმა მხარემ პირველად მიიღო მონაწილეობა, ალექსანდრე ხახანაშვილმა დაწერა საქართველოს ისტორიის მოკლე მიმოხილვა, რომელიც გამოფენის პერიოდში პარიზში ფრანგულად, მდიდრული ილუსტრაციებით გამოსცა რაფიელ ისარლიშვილმა. წიგნში მოცემულია საქართველოს უძველესი ისტორია რუსეთთან შეერთებამდე. ამ წიგნმა ფართო გამოხმაურება ჰპოვა (,,ეს თქვენი ისტორია ყველაზე უკეთესად მიიღეს“ - წერდა ისარლიშვილი ხახანაშვილს). საგულისხმოა ფრანგული გაზეთ ,,ლა რეფორმეს“ ასეთი შეფასება: ,,ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა ერთი მეტად საინტერესო თხზულება საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და ლიტერატურის შესახებ. ლიტერატურული ნაწილი ეკუთვნის პროფ. ალ. ხახანაშვილს, რომელიც გვაცნობს ისეთ რამეებს, რის არსებობას ამიერკავკასიის პროვინციაში სრულიად არ მოველოდით“.

ალექსანდრე ხახანაშვილი წლების მანძილზე ისტორიულ ცნობებსა და საარქივო მასალებს საქართველოს შესახებ უცხოეთის არქივებში ეძებდა. მაგ. როგორც გაზეთი ,,კვალი“ იუწყებოდა, აღმოუჩენია ფრანგული წიგნი საქართველოს რუსეთთან შეერთების ტრაქტატის ტექსტში, ორი უცნობი მუხლით). მას მიმოწერა ჰქონდა ჰუგო შუხარტთან (გერმანელ ქართველოლოგთან), ჟ. მორფილთან, ვ. მალერთან, ლ. ნიდერლესთან (ჩეხ მეცნიერთან), ნიკო მართან, არტურ ლაისტთან, მარჯორი და ოლივერ უოლდროპთან, ვ. ველიჩკოსთან და სხვ. ხახანაშვილის არქივმა შემოგვინახა სხვა მისი კორესპოდენტების სახელები: ი. ჭავჭავაძე, ი. გოგებაშვილი, ალ. ყაზბეგი, ალ. ცაგარელი, ნ. ცხვედაძე, გ. წერეთელი, გ. საძაგლიშვილი (კირიონ მეორე), ვ. პეტრიაშვილი, ალ. სუმბათაშვილი, ე. თაყაიშვილი, ირ. ევდოშვილი, დ. განდეგილი, მ. თამარაშვილი, ლ. ბოცვაძე, თ. სახოკია. ამ წერილებში ჩანს ზრუნვა და ფიქრი ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების მხარეზე. ითხოვს სხვადასხვა ქველმოქმედისგან დახმარება გაუწიონ ნიჭიერ ახალგაზრდებს.

1892 წელს ხახანაშვილს განუზრახავს მოსკოვში ქართული ჟურნალი ,,განთიადის“ დაარსება, რომლის საშუალებითაც სწრაფად ცვალებად სამყაროს ახალ დემოკრატიულ იდეებს და მოსაზრებებს მიაწვდიდა ქართულენოვან მკითხველს. თუმცა უარი მიუღია. ამასთან დაკავშირებით გრ. დიასამიძე ოდესიდან წერს აკაკი წერეთელს: ,, კავკასიიდან არაფერი ახალი არ ისმის. ერთი სამწუხარო ამბავი გვაცნობეს ჩვენმა მოსკოველმა ამხანაგებმა... ჟ. ,,განთიადის“ გამოცემის ნებართვა არ მოსვლიათ. რა საშინელ მდგომარეობაშია ჩვენი ჟურნალ-გაზეთების საქმე! როდის ვეღირსებით ერთ საუკეთესო ჟურნალს ან გაზეთს, სადაც ჩვენ გონებით ღატაკ საზოგადოებას შეეძლოს ,,მაცოცხლებელი წყლის“ ნახვა...“

ხანგრძლივმა მუშაობამ გატეხა მეცნიერის ჯანმრთელობა და იგი 1912 წლის 7 აგვისტოს , ორმოცდარვა წლის ასაკში გარდაიცვალა კუმისის კურორტზე, სამარის მახლობლად.

 


ლიტერატურა:

შ. გოზალიშვილი, ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილი, თბ. 1969

შ. გოზალიშვილი, მასალები ა. ხახანაშვილის ბიოგრაფიისათვის, თბ. 1969.

შ. ბადრიძე, ქართველმცოდნეობის გამოჩენილი მოჭირნახულე, თბ. 1968