‍დავით სარაჯიშვილი (1848 -1911)

ავტორი: ნონა კუპრეიშვილი,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

ამბობენ ცარიელ ნიადაგზე არაფერი ჩნდებაო. იგივე შეგვიძლია გავიმეოროთ დავით სარაჯიშვილის მიმართაც. მისი წინაპრები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვახტანგ მეექვსემ 1710 წელს ტფილისის საპატიო მოქალაქეთა წოდება მიანიჭა, მხნე და წარმატებული ვაჭრები იყვნენ. დავითის პაპა, დავით გიორგის ძე სარაჯიშვილი (1745-1845), შეძლებული მოქალაქე იყო. მას ჰქონია კომერციის მრჩევლის წოდება და თავის ძმასთან, მიხეილთან, ერთად, პირველს გაუყვანია გზა კავკასიის მთებში რუსეთთან სამხედრო იჯარა-მიწოდებისა და გამოსყიდვის ოპერაციების საწარმოებლად. 1823 წელს თბილისში უკვე არსებობს სარაჯიშვილების ქარვასლაც, სადაც შორეული ინდოეთიდან და ირანის პროვინციებიდან საქონლით დატვირთული ქარავნები იყრიან თავს.

დავითის მამა ზაქარია (1807-1880) თავისი დროისთვის განათლებული ადამიანი და ცნობილი ვაჭარი იყო. მასაც მიუძღვის წვლილი ქართული ეკლესია-მონასტრების აღდგენის საშვილიშვილო საქმეში. მაგ. სოფელ დიღომში სულაც მის მიერ აგებულ ეკლესიას ხალხმა ,,თეთრი გიორგი“ უწოდა. პატარა დავითს პირველდაწყებითი განათლება მაშინდელი ტრადიციის მიხედვით, დედის, ელისაბედ სავანელის, ხელმძღვანელობით შინ მიუღია. ჰაკეს ცნობილი პანსიონის შემდეგ კი კლასიკურ გიმნაზიაშია, რომელსაც წარჩინებით ამთავრებს. სწავლისადმი ასეთი მიდრეკილების გამო მშობლები გადაწყვეტენ შვილს საფუძვლიანი ევროპული განათლება მისცენ. ერთხანს პეტერბურგის უნივერიტეტში სწავლობს, შემდეგ გერმანიაშია, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. არსებობს ამ პერიოდში გადაღებული მისი ფოტო, რომელზედაც ინტერესიანი, მოტივირებული, შემეცნებისთვის შემართული ახალგაზრდა მოჩანს. მართლაც, დავითი ამ უნივერსიტეტში ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს მოიპოვებს (1871). ამავე პერიოდში იგი მჭიდრო ურთიერთობას აბამს ციურიხში შექმნილ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულ ქართველ სტუდენტთა საზოგადოებასთან, სიმბოლური სახელწოდებით ,,უღელი“. საზოგადოების ლიდერები არიან: გ. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე და ს. მესხი. მათი მიზანია ევროპული საზოგადოებრივი აზრის, ლიტერატურის შესწავლა და საქართველოში პოპულარიზაცია. ოცნებობენ საქართველოს დამოუკიდებლობაზე, რისთვისაც კავშირს ამყარებენ სხვა ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან. საზოგადოებამ შეიმუშავა ქართული სკოლებისათვის სახელმძღვანელოების შედგენის გეგმა და ჩამოაყალიბა მთარგმნელთა კომისია (გ. აბზიანიძე, ნარკვევები მე-19 ს. ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან, თბ. 1959). სარაჯიშვილი არ ჩქარობს სამშობლოში დაბრუნებას. იგი სწავლას განაგრძობს ჰოპენჰაიმსა და ჰალეს უძველეს საბუნებისმეტყველო აკადემიაში და მხოლოდ 1878-79 წლებში საფრანგეთში იწყებს მეღვინეობის შესწავლას, განსაკუთრებით კი ინტერესდება კონიაკისა და მაგარი სასმელების დამზადების ტექნოლოგიით. ეს კი უშუალოდ იმ სფეროსთან მიახლოება იყო, რომელიც, როგორც ჩანს, დავითს თავისი სამომავლო მოღვაწეობის სფეროდ ჰქონდა არჩეული - მას სურდა ქართული კონიაკის შექმნისთვის ჩაეყარა საფუძველი.

მაშინდელ ევროპაში ფართოდ ცნობილი იყო ფრანგული კონიაკი. მას კონკურენციას ვერავინ უწევდა. დავითმა თავდაპირველად ვლადიკავკაზში არყის ქარხნის შეძენითა და თბილისში სპირტიანი სასმელების წარმოებით დაიწყო (წელიწადში 12 000 ვედრო სპირტი), რასაც არაერთი საბითუმო საწყობისა და სავაჭროს გახსნა მოჰყვა. ვლადიკავკაზშივე ქარხნის ბალანსზე სამედიცინო პუნქტისა და საკვირაო სკოლის გახსნით დავითმა დაამტკიცა, რომ ის არა ფულის ტლანქად მომხვეჭელ, არამედ იმ განათლებულ, ,,ფართოდ მხედ“ მეწარმედ ყალიბდება, რომელმაც კარგად იცის, მუშების, როგორც წარმოების სტაბილურობის ძირითად გარანტორთა, მნიშვნელობა.

1887 წელს თბილისში ლიქიორის, ხოლო ერევანის მახლობლად სპირტსახდელი ქარხნების გახსნის შემდეგ, როდესაც წარმოებისა და რეალიზაციის მიღწევები თვალსაჩინო ხდება, დავით სარაჯიშვილი, ფაქტობრივად, სარისკო ნაბიჯს დგამს და 1888 წელს თბილისში აშენებს კონიაკის ქარხანას. იმავე წელს იგი ღებულობს პირველ ქართულ კონიაკს (საამისოდ, მიუხედავად მიღებული ცოდნისა, საფრანგეთიდან მაინც იწვევს ლიქიორის წარმოების სპეციალისტს ბურდონს და კონიაკის სპეციალისტს, ანტონ ჟურდს, რომლებიც იქვე ქარნის ბინებში ცხოვრობენ). ამას მოჰყვება ანალოგიური ტიპის ქარხნების მშენებლობა გეოქჩაში (ბაქოსთან ახლოს -1901), ბარგუშეთში (ესეც ბაქოს გუბერნიაში- 1901), სავაჭრო საწყობები პეტერბურგში, მოსკოვში, ვარშავაში, ოდესაში, კიევში, ფეოდოსიაში, ჩარჯოუში, სამარაში, ასევე სავაჭრო სააგენტოები: კიევში, ოდესაში, ვილნიუსში, ხარკოვსა და როსტოვში.

რუსეთთან საქართველოს შეერთების 100 წლისთავზე სარაჯიშვილი უშვებს მარკიან კონიაკს ,,ძველის ძველი“. 1902 წელს კი ღებულობს ,,კომერციის მრჩეველის“ წოდებას.

დავით სარაჯიშვილის უპირველესი დამსახურება ისაა, რომ მან პირველმა მისცა კონიაკის წარმოებას სამრეწველო-კომერციული ხასიათი.

სანამ სერგიევზე (დღ. მაჩაბელზე) დამკვიდრდებოდა, სარაჯიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინე ფორაქიშვილი, სასახლის ქუჩაზე დავითის მიერ აშენებულ დიდ სახლში ცხოვრობდნენ. ამ სახლის პირველ სართულზე მოწყობილი ყოფილა სავაჭრო მაღაზიები, მეორეზე - საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო. ცხოვრების იმ წესის გამო, რომელიც აქ იყო დამკვიდრებული, სახლს ,,სარაჯიშვილის ნომრებს“, უფრო ხშირად კი ,,ევროპასაც“ უწოდებდნენ. გულღია მასპინძლებთან იკრიბებოდა მაშინდელი მოწინავე ქართველი საზოგადოება. მსჯელობდნენ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე: სოფლის მეურნეობა, ლიტერატურა, განათლება. აქ წაიკითხა ილიამ თავისი ,,განდეგილი“ და ‘’ოთარაანთ ქვრივი“. ამ ბინაში ერთხანს განთავსებული იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, კარგა ხანს იწვა და მკურნალობდა ავადმყოფი აკაკი, სხვადასხვა დროს აქ ცხოვრობდნენ ივანე მაჩაბელი და არტურ ლაისტი. მის სახლში -აღნიშნავდა არტურ ლაისტი- ვაჭრული სული კი არ ტრიალებდა, არამედ საუბარი იყო ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმებზე, მის განათლებაზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. ქართველი ახალგაზრდობისათვის სარაჯიშვილის მიერ საქველმოქმედოდ გაცემული სტიპენდიებიც საკითხთა ამავე ჭრილში უნდა განვიხილოთ. ხშირად ამბობდა თურმე: ,, უსწავლელი კაცი და გამხმარი ხე ერთი და იგივეაო“. ქართველებისთვის კი მის წარმოდგენაში ერთი დაუწერელი კანონი უნდა არსებულიყო: ,,დიდი იქნება თუ პატარა, ყველა ნასწავლი უნდა იყოს“. დავით სარაჯიშვილმა ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით პირველად საქართველოში დააარსა კომიტეტი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად. ასე გახდნენ სარაჯიშვილის სტიპენდიანტები: კომპოზიტორები დ. არაყიშვილი, მ. ბალანჩივაძე, ი. კარგარეთელი, კ. ფოცხვერაშვილი, მოქანდაკე ი. ნიკოლაძე, მხატვრები გ. გაბაშვილი, მ. თოიძე, გრ. მესხი, მომღერალი ვ. სარაჯიშვილი, მეცნიერები კ. ცინცაძე, ს. ჩოლოყაშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, ს. კაკაბაძე, საქართველოს მომავალი კათალიკოს- პატრიარქი კ. ცინცაძე და სხვ.

ეს ,,პირველი ევროპული ტიპის მრეწველი“(ნ. ჟორდანია) სწავლა- განათლებისკენ თავის მუშა-მოსამსახურებსაც მოუწოდებდა, პრინციპით ,,უმეცარი, გაუნათლებელი მუშა არც თავისთვის ვარგა და არც პატრონისთვისა“. კავკავში შექმნა საკვირაო სკოლა, რომელსაც ბიბლიოთეკა-სამკითხველოც მიუშენა. წერა-კითხვის მცოდნეთ ხელფასს უმატებდა, ხელს უწყობდა, თუ სამსახურის შემდეგ საკუთარი ვაჭრობის საქმის დაფუძნებას მოინდომებდნენ. მუშების მოთხოვნა ყურადიღო და 8-საათიანი სამუშაო დღე დააწესა, არც ხელფასის შენარჩუნებით ორკვირიანი დასვენების აუცილებლობა დარჩენია უყურადღებოდ. შეიტყო თუ არა ქართული გიმნაზიის (შემდგომში უნივერსიტეტის) მშენებლობის გადაწყვეტილების შესახებ, 600 000 მანეთი გადასცა მის ორგანიზატორს, ნიკო ცხვედაძეს, შემდეგი სიტყვებით: ჯერ ეს იყოს, დაიწყეთ. მე აქა ვარ, დანარჩენიც იქნებაო. სხვათა შორის, სწორედ სარაჯიშვილების ოჯახის ბიბლიოთეკა (2 309 უნიკალური წიგნით) დაედო საფუძვლად უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, რომლის ბედი დღეს, სამწუხაროდ, გაურკვეველია, რადგან ეს ბიბლიოთეკა წლების წინ გადაიტანეს უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მაღლივში, ამგვარი ფონდისთვის სრულიად შეუფერებელ პირობებში.

საგულისხმოა, რომ ილია ჭავჭავაძესთან დაახლოებულ დავით სარაჯიშვილს ( თუ მეტი არა) ილიასებური კრიტიკული პათოსი ახასიათებდა. ამის გამო მას ,,პესიმისტ პატრიოტსაც“ კი უწოდებდნენ. ,,აი, ქართველი კაცი - იტყოდა თურმე ქართველთა უინიციატივობით განაწყენებული - ან უსაფუძვლო იმედი, ან უკიდურესი სულმოკლეობა და სასოწარკვეთილება. კაცს თუ სატკივარი აღმოაჩნდა, თავზე ხელი კი არ უნდა აიღოს, წამალი უნდა ეძებოს, რომ თავი მოირჩინოს“. ყურადსაღებია ნოე ჟორდანიასთვის ნათქვამი მისი ერთი ამგვარი შეგონება:,,ქართველები რევოლუციის გვარდიად იქცნენ, მაგრამ რევოლუციით ხალხი ვერ იცხოვრებს. ცხოვრებისათვის შრომაა საჭირო, შრომა კი არ ვიცით და არც გვინდა ვიცოდეთ“. ჟორდანიას, უთუოდ ნიჭიერ, მაგრამ სოციალიზმით მეტიმეტად გატაცებულ ახალგაზრდას, სარაჯიშვილმა გარკვეული თანხა მისცა და იტალიაში კომერციის შესასწავლად წასვლა ურჩია. ჟორდანია იტალიაში კი წავიდა , მაგრამ, სამწუხაროდ, მალევე უკან დაბრუნდა. ასე, რომ სარაჯიშვილის განზრახვა ეხსნა ერთი ,,მოსოციალისტო“ ქართველი ახალგაზრდა რევოლუციონერობის სენისგან, მარცხით დამთავრდა.

1902 წელს ბერლინში გამოქვეყნდა პროფ. ა. ვაგნერის ნაშრომი საქართველოს შესახებ ,,მიწათმოქმედი და მრეწველი ქვეყანა“, რომელიც ავტორმა თავის საუკეთესო შეგირდს, დავით სარაჯიშვილს, მიუძღვნა. არაერთი მატერიალური თანადგომა დაგვირგვინდა იმით, რომ 1907 წელს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოებამ თავის პირველივე კრებაზე ექვ. თაყაიშვილის წინადადებით დავითი ამ საზოგადოების როგორც დამფუძნებელ, ისე ნამდვილ წევრად აირჩია. ილიას მკვლელობის შემდეგ სარაჯიშვილები დიდ ყურადღებას იჩენდნენ მისი ქვრივის, ოლღა გურამიშვილის, მიმართ.

ის, რომ დავით სარაჯიშვილი გატაცებული იყო არა სიმდიდრის დაგროვებით, არამედ თავისი საქმიანობის იდეით - მის მიერ დატოვებულმა ანდერძმაც დაადასტურა. ეს ანდერძი, რომელმაც მაშინდელი საზოგადოება აღაფრთოვანა, გაფორმებულია გერმანიისაკენ მიმავალ გზაზე, როსტოვში, როდესაც უკვე დაავადებული დავითი სამკურნალოდ მიემგზავრებოდა. სამწუხაროდ, ექიმებმა მას უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს. 1911 წელს დავით სარაჯიშვილი თბილისში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა და დიდი პატივით იქნა დაკრძალული დიდუბის პანთეონში. თუმცა სარაჯიშვილების ისტორია ამით არ დამთავრებულა. მას უსიამოვნო გაგრძელება ჰქონდა. კომუნისტების მოთხოვნით (,,ბურჟუას“ რა ესაქმება საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშიო), უსახსროდ დარცენილმა ნათესავმა ა. ფორაქიშვილმა მიცვალებულის თითიდან მოხსნილი ძვირფასი ბეჭდის საფასურად შეძლო დავითისა და მისი მეუღლის ვაკის სასაფლაოზე გადასვენება. მხოლოდ 90-იან წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, შესაძლებელი გახდა მათი გადასვენება თავის დროზე სწორედ დავით სარაჯიშვილის მიერ აღდგენილი ქაშვეთის ეკლესიის ეზოში.

მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ დავითმა გააქარწყლა მითი იმის შესახებ, რომ ქართველ კაცს სამრეწველო საქმის უნარი არ გააჩნია, რომ ,,ქართველებმა დაიგვიანეს მსოფლიო ეკონომიკურ სუფრაზე, სადაც ყველა ადგილი დაკავებულია“.

 


ლიტერატურა:

ა. სტეფანიშვილი, დავით სარაჯიშვილი, თბ. 1988

გ. ჩიმაკაძე, ცხოვრება და ღვაწლი დავით სარაჯიშვილისა, თბ. 2003

გ. გუჯეჯიანი, დავით სარაჯიშვილის საქველმოქმედო საზოგადოება, თბ. 1996