‍კირიონ მეორე (საძაგლიშვილი) (1855-1918)

ავტორი: ნონა კუპრეიშვილი,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

kirion meoreიმ უმნიშვნელოვანეს მოღვაწეთა შორის, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ეროვნული ცნობიერების გამთლიანებასა და ქართული მართმადიდებლური ეკლესიის გადარჩენაში, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქს კირიონ მეორეს. ილია ჭავჭავაძისა და თერგდალეულთა მოწინავე იდეებით შთაგონებულმა ამ გამორჩეულმა მოღვაწემ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 80-90-იან წლებში სხვადასხვა ფსევდონიმებით (ივერიელი, ნიქოზელი, ლიახველი) დაიწყო მრავალფეროვანი თემატიკის ღრმა ცოდნითა და პარტიოტული სულისკვეთებით აღბეჭდილი მწვავე პუბლიცისტური წერილების ბეჭდვა. ავტორი მათში ეხებოდა საქართველოს ისტორიის, ავტოკეფალიადაკარგული ქართული ეკლესიის, ეთნოგრაფიის, ,,ვეფხისტყაოსნისა“ და ,,ქართლის ცხოვრების“ უძველესი ნუსხების, ნუმიზმატიკისა თუ ხალხური სიტყვიერების ისტორიის პრობლემატურ საკითხებს, რითაც მკითხველი საზოგადოების ჯანსაღ ინტერესს იწვევდა. მკვლევარ სერგო ვარდოსანიძის მართებული შენიშვნით, ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენს თავგანწირულ მოღვაწეებს ბრძოლა უხდებათ არა მარტო იმ ღრმა პესიმიზმთან, რომელსაც ქართველობა მოეცვა, არამედ საკუთარი ეროვნული კულტურისა და ისტორიისადმი ნიჰილისტურად განწყობილ თანამემამულეებთან. ასეთ ვითარებაში საქვეყნო სამსახური ისეთ პიროვნულ თვისებებს მოითხოვდა, რომელიც მხოლოდ ერთეულებს, მათ შორის კი კირიონ მეორეს, აღმოაჩნდა.

კირიონ მეორე, ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი, სასულიერო პირის ოჯახიდან იყო. იგი დაიბადა გორის მაზრის სოფელ ნიქოზში 1855 წელს. მის წინაპრებს თურმე დიდი წვლილი მიუძღოდათ დიდოელთა და ინგუშთა შორის ქრისტიანობის გავრცელებაში. ანანურის სასულიერო სკოლისა და გორის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1862) კირიონი ცხოველ ინტერესს ავლენს თავისი ქვეყნის სულიერ-მატერიალური წარსულისადმი და ამ მიზნით სოფრომ მგალობლიშვილთან ერთად ნახულობს მთელი შიდა ქართლისა და მაღნარდვალეთის ისტორიულ-ხუროთმოძღვრულ ძეგლებს.

1876 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ კირიონი სწავლას განაგრძობს კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელსაც ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით ამთავრებს და 1880 წელს ინიშნება ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ ინიშნება.

1883 წლიდან 1896 წლამდე კირიონი საქართველოშია და გორში, თელავში, ქუთაისსა და თბილისში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. 1896 წლიდან, როდესაც იგი საქართველოს მონასტრების ბლაღოჩინად და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის ინსპექტორად ინიშნება, ეძლევა მეტად საჭირო პრაქტიკული საქმიანობის საშუალება. კერძოდ, იგი აარსებს 19 სამრევლო სკოლას თავისი წიგნებითა და ბიბლიოთეკებით.

1896 წელს ცოლ-შვილის სიკვდილის შემდეგ აღიკვეცა ბერად კირილეს, კირიონის სახელით და გაიგზავნა ქვათახევის მონასტრის წინამძღვრად. ამ პერიოდში იგი აქტიურად ეწევა სამეცნიერო მუშაობას, რაც ქართლის სოფლებში ხალხური სიტყვიერების ნიმუშების, მოსახლეობის ზნე-ჩვეულებების, ეკლესია-მონასტრების სიძველეთა შესწავლასა და პოპულარიზაციაში გამოიხატებოდა. ქვათახევის მონასტრის წინამძღვრობის დროს კირიონმა თფილისის საეკლესიო მუზემს გადასცა 96 ცალი ხელნაწერი, მათ შორის მე-11 საუკუნის სახარება, 1499 წელს გადაწერილი ,,დავითნი“ და სხვ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კირიონმავე, როგორც მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრმა, აღწერა ლიახვის ხეობის ისტორიული ძეგლები. ეს ცნობები მით უფრო ძვირფასია ჩვენთვის, რომ ბევრი ამ ძეგლთაგანი ჩამოსახლების შემდეგ ოსების მიერ იქნა განადგურებული. კირიონმა შეისწავლა აგრეთვე ძველი ქართული აპოკრიფების უცნობი ხელნაწერები, რომლებიც გორის თავადაზნაურობის წინამძღოლის ივანე რატიშვილის ოჯახში იყო დაცული.

1898 არქიმანდრიტი კირიონი აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად. ამ ფაქტს დიდი სიხარულით გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძის ,,ივერია“ (1891,#81): ,, იმედია ყოვლად სამღვდელო კირიონი, კარგად ცნობილი საქართველოში, როგორც განმააახლებელი მრავალთა ნაშთთა ცვენის ძველის ხუროთმოძღვრებისა და სასულიერო განათლების თანამგრძნობელი, შეძლებისდაგვარად იმოღვაწევებს კახეთის სულიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ასპარეზზედ““, - რითაც არა მარტო ერთი კონკრეტული პერიოდული ორგანოს, არამედ მაშინდელი მოწინავე ქართული საზოგადოების იმედი გამოხატა.

მართლაც, ალავერდის ეპარქიაში ჩასვლისთანავე კირიონმა შეადგენინა პროექტი და თავისი სახსრებით დაიწყო მოუვლელობისგან განადგურების პირას მისული ტაძრის შეკეთება. მის მიერ ჩვეული საქმიანობის (ამჯერად კახეთის) ეკლესია-მონასტრებში დაცულ სიძველეთა შესწავლას მოჰყვა ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა - ეს იყო ბაგრატ მე-4-ის დროინდელი სახარება. ამავე პერიოდში კირიონი ილიასა და დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად უშუალოდ ებმება მეტად სახიფათო პოლემიკაში იმ სომხებთან, რომლებიც ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ (1811) ქართველთა მიერ მიტოვებული ეკლესია-მონასტრების მიტაცება-დაკანონებას სრულიად კანონზომიერ მოვლენად მიიჩნევდნენ თანაც ამ პოლემისტებს ზურგს უმაგრებდა მატერიალურად ძლიერი სომხური ბურჟუაზია. კირიონმა მოწინააღმდეგეთა მიერ მოპოვებულ ქართველთა თვითგანმაქიქებელ ციტატებს სომეხთა ანალოგიური ხასიათის თვითშეფასებები დაუპირისპირა. მას შემდეგ, რაც კირიონი ერთხანს გორის ეპისკოპოსია, მეფის მთავრობა, მისი, როგორც ეროვნული მიმართულების მქონე არასაიმედო მოღვაწის, ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანას იწყებს, რათა შეასუსტოს ის კეთილისმყოფელი გავლენა, ის რეზონანსულობა, რაც ამ ტიპის საქმიანობას ჰქონდა. მაგ. კირიონი სოხუმიდან (1906) კოვნოს ეპარქიაში აფხაზების გაქართველების მცდელობის ბრალდებით გადაიყვანეს, ხოლო კოვნოში მყოფს უფლება არ მისცეს დასწრებოდა ილია ჭავჭავაძის დაკრძალვას (1907).

კირიონ მეორე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესიაო. 1905-1908 წლებში კირიონის განსაკუთრებულ გააქტიურებას საქართველოს ავტოკეფალიის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოჰყვა კიდეც მისთვის ეპისკოპოსის წოდების ჩამორთმევა და დაპატიმრება. თუმცა ამ პერიოდში თავად პეტერბურგში სლავოფილები იწყებენ ფართო სააგიტაციო კამპანიას პატრიარქობის აღდგენის მიზნით. მასში ჩართულია ჩვენთვის კარგად ცნობილი რუსი სლავოფილი ნიკოლოზ დურნოვოც, რომელიც აქამდეც აქტიურად ამხელდა საქართველოში რუსი ეგზარხოსების ურწმუნობას და მძარცველურ პოლიტიკას. პეტერბურგის პრესაში იბჭდება უსამართლობათა დამადასტურებელი არაერთი წერილი. მანამდე კი ილია ჭავჭავაძეც ეახლება მაშინდელ მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს და მისგან ოფიციალურად ითხოვს საქართველოს ავტოკეფალიის საკითხის დაყენებას. კომისია მოგვიანებით , მართლაც, შეიქმნა, თუმცა მისი საქმიანობა აშკარად ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

1908 წელს თბილისში კლავენ ეგზარხოს ნიკონს და რაც განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, მისი მკვლელობა კირიონს ბრალდება. იწყება დევნის ახალი ფაზა. კირიონის ამბავი საზღვარგარეთ გააქვს ოლოვერ უორდროპს, სადაც მისი დაცვის საზოგადოება იქმნება და აგროვებენ ხელმოწერებს დატყვევებულის გათავისუფლების მოთხოვნით. 1915 წლისთვის მთავრობამ თითქოს შეარბილა ადრინდელი დამოკიდებულება და კირიონი პოლოცკისა და ვიტებსკის ეპისკოპოსად დანიშნა. თუმცა სამშობლოში დაბრუნების უფლება არ დაურთავს. მეტად შთამბეჭდავია კირიონის საქველმოქმედო საქმიანობა. მისი მატერიალური დახმარებით რუსეთისა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლება მიიღო 300-მდე ქართველმა ახალგაზრდამ, რომელთაშორის იყო აკადემიკოსი კორნელი კეკელიძეც.

1917 წელს, როდესაც რუსეთში თებერვლის რევოლუცია მოხდა და დროებითი მთავრობა დაინიშნა, ქართველმა სამღვდელოებამ ისარგებლა შექმნილი ვითარებით და აღადგინა ავტოკეფალია. საინტერესოა, რომ საქართველოს ყოფილი ეგზარხოსი პლატონი გაჯიუტებულა და თურმე არ თმობდა საკათალიკოზო რეზიდენციას. პირველნი ეგზარგოსის სასახლეში შესულან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები, რომელთაც გამოუძევებიათ პლატონი და მის ადგილას მირტოპოლიტ ლეონიდეს მეთაურობით საქართველოს ეკლესიიის დროებითი მმართველობა დაუბინავებიათ. ქართველი საზოგადოების მოთხოვნით მომავალ საპატრიარქო არჩევნებში კირიონიც ჩაერთო. იგი სამშობლოში 1917 წლის ზაფხულში ჩამოდის. არაგვის ხეობაში მას გიო ყარანგოზიშვილის მეთაურობით ასოცამდე ცხენოსანი ხვდება და პატივით აცილებს დედაქალაქამდე. თუმცა კირიონის დაბრუნება ყველას როდი გახარებია. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კირიონს სიონში წირვის უფლება არა აქვს. სიონში წირავს მიტროპოლიტად დარჩენილი ლეონიდე, ხოლო კირიონი -ანჩისხატშია. ეგზარხოსის ჯაშუშები, რომელთა შორის იყო ვინმე დავიდოვ-დავითაშვილი, ახლადარჩეული პატრიარქის გარშემო ინტრიგათა ქსელს აბამენ, ბეჭდავენ პასკვილებს მის წინააღმდეგ. აღსაყდრების დღეს სვეტიცხოველში კირიონის მიერ წარმოთქმულმას სიტყვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რა ტიპის სასულიერო პირთან ჰქონდათ საქმე. ეს იყო ქართველთა სულიერი მწყემსის თავის სამწყსოსადმი მიმართული ერთგულების დამადასტურებელი სიტყვები, რომლებიც წინ უნდა გაძღოლოდნენ გონივრულ და მიზანმიმართულ ქმედებებს. თუმცა მენშევიკურმა მთავრობამ, რომელიც პოლიტიკურ ბრძოლებში იყო გადავარდნილი, ჯეროვნად ვერ შეაფასა კირიონის მნიშვნელობა და თავისი გულგრილობით იგი, ფაქტობრივად, მტრების პირისპირ დატოვა..

1918 წლის 26 იანვარს, დავით აღმაშენებლის ხსოვნის დღეს, უნივერსიტეტის გახსნა ქართველი პატრიარქისთვის დიდი ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა იყო. იგი პარაკლისს იხდის უნივერსიტეტის ეკლესიაში, ხოლო მოგვიანებით, 27 მაისს თავისუფლების დღესთან დაკავშირებით პარაკლისს იხდის თავისუფლების მოედანზე და სიტყვით მიმართავს იქ შეკრებილ ხალხს. ეს პატრიარქის უკანასკნელი საჯარო გამოსვლა აღმოჩნდა.

იმავე წლის ივნისში მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში კირიონ მეორეს გარდაცვლილს პოულობენ და ავრცელებენ ხმებს იმის შესახებ, რომ მან რევოლვერით თავი მოიკლა. ჟორდანიას მთავრობა დიდ ენთუზიაზმს არც იჩენს მკვლელობის ვერსიის დასამუშავებლად. უკმარისობის გრძნობა რომ არსებობდა, ამას ისიც ადასტურებს, რომ იოსებ იმედაშვილს საზოგადოებრივ საწყისებზე თავად უწარმოებია გამოძიება (ი. იმედაშვილი, კირიონის გაპარტახება და მკვლელობა, ,,კომუნისტი“, 1990, 02.09). დაკრძალვაზე მამხილებლურ სიტყვას წარმოთქვამს დეკანოზი ნ. თალაკვაძე. იგი ადანაშაულებს ქართულ საზოგადოებას გულგრილობასა და წინდაუხედაობაში, რომლის შედეგადაც მოკლულ იქნა არა მარტო კირიონი, არამედ ილია ჭავჭავაძეც.

საგულისხმოა, რომ საქართველოში დაბრუნებულ კირიონს ერთ საეკლესიო წრეში უთქვამს: ,,ოცი წლის განმავლობაში დაშორებული ვიყავ სამშობლოს. შორიდგან თვალყურს ვადევნებდდი, ვფიქრობდი, ამ ხნის განმავლობაში თქვენ საკმარისად შეიგენით საქვეყნო მოვალეობა, მაგრამ როგორც ახლა ვრწმუნდები, თქვენ უფრო დაქვეითებულხართ და დაქსაქსულხართ. თუ ხელახლა დაიბადებით, თორემ სხვაფრივ თქვენი გამობრუნება შეუძლებელია“. მისი ეს სიტყვები გაფრთხილებასავით ჟღერენ და აქტუალობას დღესაც არ კარგავენ.

 


ლიტერატურა:

მ. ჯანაშვილი, მისი უწმინდესობა კირიონი, თბ. 1917

ი. იმედაშვილი, კირიონის გაპარტახება და მკვლელობა, გაზ. კომუნისტი, 1990, 02.09

ს. ვარდოსანიძე, კირიონ 11 (1917-1918), 1993