‍დიმიტრი ბაქრაძე (1827-1890)

ავტორი: მიხეილ კეკელიძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

0018 baqrზაქარია ჭიჭინაძე სერიით ,,სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი“ გამოცემულ თავის პატარა წიგნში, რომელიც დიმიტრი ბაქრაძეს ეძღვნება, საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ძნელად თუ მოიძებნება ისეთი პირი, რომელმაც მის მსგავსად იცოდა საქართველოს ისტორია. (მას ჰგავს ნიკო ხიზანიშვილიო, რომელიც თავად ბაქრაძეს მოსწონდა და პერსპექტიულ მკვლევრადაც მიიჩნევდაო).

დავით ბაქრაძე დაბადებულა 1827 წელს ხაშმში (ზოგიერთი ცნობით, უჯარმაში) სოფლის ეკლესიის მღვდლის, ზაქარიას, ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება შინ მიუღია. შემდეგ შეუყვანიათ იოანე ნათლისმცემელის საბერო სკოლაში, სადაც თურმე რიგიანად სწავლობდა. სწორედ აქ შეუსწავლია მას ხუცური ანბანით კითხვა, რაც შემდგომ მოღვაწეობაში ძალიან წაადგა.

უკვე თბილისის სასულიერო სასწავლებელში ყოფნის პერიოდში დიმიტრი ბაქრაძე პირველ შეგირდად ითვლება. არდადეგებზე ჩამოსული მამას ეხმარება ღვთისმსახურების აღსრულებაში და საეკლესიო წიგნებს ისე ბეჯითად კითხულობს , რომ საყოველთაო მოწონებას იმსახურებს. სასულიერო სემინარიაში გადასვლის შემდეგ გზა ეხსნება მოსკოვის სასულიერო აკადემიისაკენ, რომელსაც 1850 წელს ამთავრებს. მიუხედავად ამისა, იგი მღვდლობაზე უარს აცხადებს და საქართველოში დაბრუნებული გორის სამაზრო სკოლის მასწავლებლად ინიშნება. ამ დროიდან იწყება მის მიერ მონახულებული სხვადასხვა კუთხეების ისტორულ-მეცნიერული შესწავლა და მიღებული ცოდნის პუბლიცისტურ წერილებად გამოცემა. პირველი ასეთი ნაშრომი მიეძღვნა სვანეთს, რომელიც წიგნადაც კი გამოვიდა. 1858-1861 წლებში დიმიტრი ბაქრაძე ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის კანცელარიაში მსახურობს. 1861 წლიდან იგი თბილისშია. თანამშრომლობს კავკასიის არქეოგრაფიულ კომისიაში, თავმჯდომარეობს საადგილმამულო კომისიებს, ეწევა ინტენსიურ მეცნიერულ მუშაობას. 1873 წელს დიმიტრი ბაქრაძის ინიციატივით არსდება კავკასიის არქოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება, რომლის ბაზაზე მისივე თავმჯდომარეობით იქმნება კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიიის საზოგადოება (1881-1886). 1875 წელს რუსულ ენაზე შეადგინა ლექსიკონი ,,კავკასია ქრისტიანობის უძველეს ძეგლებში“, რომელიც შეიცავს ცნობებს საქართველოსა და სომხეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ, სათანადო ბიბლიოგრაფიითურთ. ამავე პერიოდში დიმიტრი ბაქრაძემ სამეცნიერო მიზნით იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში (გურია, აჭარა, შავშეთი, არტანი, კლარჯეთი და სხვ.). შედეგად შეიქმნა შემდეგი ნაშრომები: ,,არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ (1878), ,,შენიშვნა ბათუმის ოლქის შესახებ“, ,,ყარსის ოლქის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი“ და სხვ.

1879 წელს დიმიტრი ყიფიანსა და ილია ჭავჭავაძესთან ერთად დიმიტრი ბაქრაძე აქტიურად მონაწილეობს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებაში.

1881 წელს დიმიტრი ბაქრაძის თაოსნობით თბილისში ჩატარდა რუსეთის არქეოლოგთა მეხუთე ყრილობა, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი საქართველოს ისტორიის კვლევის გაფართოებას. სწორედ ამ პერიოდში იგი გამანადგურებელ პასუხს აძლევს ,,ქართლის ცხოვრების“, როგორც ისტორიული წყაროს, უარმყოფელ ქერობე პატკანოვს. 1889 წელს დიმიტრი ბაქრაძის ინიციატივით იქმნება სიძველეთა თანმოყრისა და დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა რევოლუციამდელ საქართველოში - თბილისის ნ ნსაეკლესიო მუზეუმი.. .

ბაქრაძის რედაქტორობით გამოქვეყნდა იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“ (ნაწ. 1, 1862),რომელსაც დაურთო ვრცელი შესავალი წერილი ,,იოანე ბატონიშვილი და მისი კალმასობა“, გამოსცა ასევე ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ (1885), ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულის რუსული თარგმანი (1887) და სხვა. იგი წერდა ნარკვევებს საქართველოს ისტორიის ცალკეულ საკითხებზეც; 1889 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „ისტორია საქართველოსი“ (უძველესი დროიდან X საუკუნის დასასრულამდე). ბაქრაძე ყურადღებას უთმობდა ნივთიერი კულტურულ ძეგლებს, მათ აღწერას, სალექსიკონო მასალას. 1875 წელს ლექსიკონის სახით შეადგინა „კავკასია ქრისტიანობის უძველეს ძეგლებში“ (რუსულ ენაზე), რომელიც შეიცავს ცნობებს საქართველოს და სომხეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ, სათანადო ბიბლიოგრაფიითურთ.

აღსანიშნავია დიმიტრი ბაქრაძის მიერ სახარების ქართული თრაგმანების შესახებ წყაროების კრიტიკა, ქსნისა და ურბნისის ოთხთავის ვარიანტების ანალიზი, ,,შუშანიკის წამების“ საკითხის კრიტიკული განხილვა. ბაქრაძე ავტორია მონოგრაფიებისა: ,, მირიან მეფე და წმინდა ნინო“, ,,მითრიდატ დიდი“, ,,ტაციტის ცნობა საქართველოზე“, ,,სომხეთისა და საქართველოს დამოკიდებულება ბიზანტიასთან“, ,,ბაგრატ მეოთხე“, ,,ვახტანგ მეექვსე“.

დიმიტრი ბაქრაძე, მიუხედავად მოუცლელობისა, მუდამ პოულობდა თურმე დროს თავისთან მიეღო სხვადასხვა საქვეყნო საკითხით დაინტერესებული ადამიანები, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდობა. ზ. ჭიჭინაძე იგონებს: მიხვიდოდი თუ არა მის კარზე და ზარს ჩამოჰკრავდი, მაშინვე ან მსახური გამოვიდოდა, ან თვითონ, ლამფით ხელში. შესვლითანავე კეთილი მასპინძელი ჩაით გაგიმასპინძლდებოდა და ასე მოგმართავდა: იშრომეთ, აზროვნებასა და მუშაობას შეეჩვიეთ. მარტო მელექსეობით წინ ვერ წავალთ. ჩვენი მომავალი ჩვენი წარსულის შესწავლაზეა დამოკიდებული და ევროპიულის სწავლა-განათლებაზე. საინტერესოა დიმიტრი ბაქრაძისეული შეფასება იმხანად ,,სევერნი ვესტნიკში“ გამოქვეყნებული და გახმაურებული გიორგი ჯაბადარის წერილებზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძის (,,ივერია“) და ნიკო ნიკოლაძის (,,ახალი მიმოხილვა“) პასუხები მოჰყვა. იგი უარყოფდა თურმე ჯაბადარის მტრობას საკუთარი ქვეყნისადმი, აღიარებდა მას გულშემატკივრად, თუმცა მის პოზიციას უპირობოდ მცდარს უწოდებდა. რაც შეეხება გიორგი მუხრან ბატონის ,,თეორიას“ დიდი ერების მიერ პატარა ერების ჩაყლაპვის კანონზომიერებაზე, უარყოფითად აფასებდა.

მართალია, მელექსეობას არად აგდებდა, მაგრამ დიდ პატივს სცემდა აკაკის და ილიას. მაღალ შეფასებას აძლევდა აგრეთვე ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობას. გრიგოლ ორბელიანზე კი ამბობდა, ფუჭად იცხოვრაო. რაც შეეხება თავადაზნაურობას, მისი ფუქსავატური ცხოვრების წესისგან თავი შორს ეჭირა. მე ქართველებს ყოველთვის ვურჩევ, საქვეყნო საქმისთვის ნუ გაერთიანდებიან, რადგან, სადაც კი ეს მომხდარა, იქ საქმე სასიკეთოდ არ წარმართულა. ამიტომ ისევ ჩვენი მამაპაპური ჩვეულება ვარჩიოთ და ცალ-ცალკე ვიმეცადინოთო. ის, რაც ევროპაში გაერთიანებული ძალით კეთდება, ჩვენში განცალკავებული თითოეული პირის მეცადინეობით ხერხდება. ვწუხვარ ამაზე, მაგრამ რასა იქმს კაციო.

გარდაიცვალა დიმიტრი ბაქრაძე 1890 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

 


ლიტერატურა:

ქართული მწერლობა, წიგნ.1,

დ. ჭუმბურიძე, ისტორიული პორტრეტები, 2012

ზ. ჭიჭინაძე, დიმიტრი ბაქრაძე