‍ვასილ რცხილაძე (1861-1920)

ავტორი: ნონა კუპრეიშვილი,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

ილია ჭავჭავაძის რეფორმატორული იდეებისადმი დიდ ინტერესს იჩენს მე-19-20 საუკუნეთა მიჯნაზე მოღვაწე ახალი ქართული ინტელიგენციის პოსტილიასეული თაობა. ნიშანდობლივია, რომ მათში განსაკუთრებით ჭარბობს ინტერესი ეკონომიკური საკითხებისადმი. ერთ-ერთ პრიორიტეტად ცხადდება სოფლის მეურნეობის მოდიფიკაციის პრობლემა, რომელიც მზარდი რევოლუციური განწყობილებების ფონზე მართებულად და სწრაფად უნდა გადაწყვეტილიყო. ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც იმდროინდელ მეტად რთულ სოციალ-პოლიტიკურ კონტექსტში რევოლუციურზე მეტად საზოგადოებრივი განვითარების ევოლუციური გზა სწამდა, საზოგადო მოღვაწე, პროფესიით კი აგრონომი, ვასილ რცხილაძე იყო.

ვასილ რცხილაძე დაიბადა 1861 წელს თელავის მაზრის სოფელ შაშიანში, გლეხის ოჯახში. დედის სურვილით 11 წლის ვასილი სასწავლებლად მიაბარეს თუქურმიშის სამხედრო-საცხენოსნო სკოლაში. ვინაიდან აქ სწავლება ქართულ ენაზე არ მიმდინარეობდა, ორი წლის თავზე ვასილ რცხილაძე თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში გადადის. 19 წლის კურსდამთავრებული აქტიურად ებმება ქვეყნის გადარჩენის ყველაზე ქმედით საშუალებად მიჩნეულ ხალხოსნურ მოძრაობაში. ბუნებრივია, ბევრი სხვა ე.წ. ,,რაზნოიჩინული ინტელიგენციის“ წარმომადგენლის (ს. ჭრელაშვილი, ვ. ჩოდრიშვილი) მსგავსად , ახალგაზრდა ვასილ რცხილაძეც გაეცნო აკრძალულ ლიტერატურას, განიმსჭვალა სოციალისტური იდეებით, რასაც პროკლამაციების ფარულად ბეჭდვა და მათი კედლებზე გაკვრაც მოჰყვა. ამგვარმა საქმიანობამ მალე ,,ოხრანკის“ ყურადღება მიიპყრო. ვასილ რცხილაძეს დაპატიმრება ელოდა, რის გამოც იგი ტოვებს საქართველოს და შვეიცარიაში მიემგზავრება.

1880 წელს, მას შემდეგ, რაც ენას ეუფლება, ვასილ რცხილაძე შედის ჟენევის უნივერსიტეტში, სადაც ორ წელს დაჰყოფს. 1883 წელს იგი სამშობლოში ბრუნდება და 1883-1900 წლებში მთავრობის დევნის თავიდან აცილების მიზნით ჯერ მასწავლებლად, მოგვიანებით კი ინსპექტორად იწყებს მუშაობას. 1897 წელს ვასილ რცხილაძე, რომელსაც კარგად აქვს გაცნობიერებული საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მნიშვნელობა, რუსულიდან თარგმნის როსკოს ავტორობით შექმნილ ქიმიის სახელმძღვანელოს. სახელოსნო სასწავლებლის ქართულ განყოფილებას , რომელშიც იგი ინსპექტორად მუშაობდა, დახურვით ხომ სწორედ ქართული სახელმძღვანელოების უქონლობის გამო ემუქრებოდნენ. ამგვარი ინიციატივები კი ხელს უწყობდა განყოფილების შენარჩუნებას.

მოგვიანებით, როდესაც 1905 წელს ვასილ რცხილაძე სახალხო უნივერსიტეტს დააარსებს (ამ უნივერსიტეტის თავმჯდომარედ დაარსებიდან 1917 წლამდე იმუშავებს), იგი ზედიზედ გამოსცემს ,,არითმეტიკული ამოცანების კრებულს“ (1898), ,,ბუნების მოვლენათა აღწერას“ (1905), სახელმძღვანელოს ,,მცენარენი და ცხოველნი“ (1913). საგულისხმოა აგრეთვე მის მიერ 1906 წელს თარგმნილი ,,შვეიცარიის ძირითადი კანონების“ კრებული, რომელიც გარდა იმისა, რომ იურიდიული განათლების მსურველებს დააკმაყოფილებდა, ქართული საზოგადოების სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღრმავებასაც შეუწყობდა ხელს. ამ გამოცემათა შემოსავალი თბილისის სახალხო უნივერსიტეტის სასარგებლოდ იყო დანიშნული. ცხადია, მეფის მთავრობას არასასურველად მიაჩნდა ასეთი ადამიანების მოღვაწეობა, ამიტომ ვასილ რცხილაძეს ჯერ ჩამოართვეს უნივერსიტეტში ლექციების ქართულ და სომხურ ენებზე კითხვის ნებართვა, შემდეგ კი მცირე ხნით დააპატიმრეს.

1909 წელს თვით რედაქტორ ვასილ რცხილაძის,1914 წლიდან კი ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების, ხარჯით გამოსვლას იწყებს ჟურნალი ,,მოსავალი“. ჟურნალს ობიექტურად უნდა გაეშუქებინა ქართული სამეურნეო ცხოვრების ავ-კარგი, დაეგმო ძველი და უსარგებლო, დაენერგა ახალი და პროგრესული. მისი საშუალებით გლეხობა უნდა გაცნობოდა სოფლის მეურნეობის სიახლეებს, ნიადაგის მოვლა-პატრონობის თანამედროვე საშუალებებს, გაუმჯობესებულ მანქანა-იარაღებს. ვასილ რცხილაძემ თავის კოლეგებთან ერთად შეადგინა ჟურნალის ვრცელი პროგრამა, რომელიც ამჟღავნებდა ამ დარგის პრობლემატიკაში კარგად ჩახედულ სპეციალისტებს.

ჟურნალმა მალე მოიპოვა საყოველთაო თანაგრძნობა და ყურადღება. ვასილ რცხილაძემ შეძლო მის გარშემო შემოეკრიბა ქართველი ინტელიგენციის მოწინავე ნაწილი, რომელიც არა დემაგოგიური ლოზუნგების, არამედ დაუღალავი შრომის, ჯანსაღი კონკურენციის, ინიციატივობისა და ფუნქციურობის მომხრე იყო: მაგ. მ.ჯანაშვილი, ი. წინამძღვრიშვილი, ე. იოსელიანი, ს. ქვარიანი, ნ. ყავრიშვილი, გ. მკურნალი, პ. მელიქიძე, პ. პეტრიაშვილი და სხვ. თავად რედაქტორი აქვეყნებდა წერილებს მევენახეობის, მეღვინეობის, ნიადაგისა და მისი შემადგენლობის მნიშვნელობაზე, ბუნებრივ და ხელოვნურ სასუქზე, აგრეთვე თარგმნიდა და ჟურნალში ბეჭდავდა წერილებს: ,,საგულისხმო მოხსენება“, ,,მოკლე დარიგება ამერიკული ბამბის თესვა-მოყვანის შესახებ“, ,,სანატრელი ქვეყანა“ და სხვ. ქართველ მეურნეებთან კონტაქტის გაღრმავების მიზნით ჟურნალში არაერთი პრაქტიკული ხასიათის რჩევა-დარიგება იბეჭდებოდა.

ვასილ რცხილაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩვენში ჩამოყალიბებულ ამხანაგობებსა და კოოპერატივებს. იგი თვითონაც აყალიბებს ერთ ასეთ ამხანაგობას, სახელწოდებით ,,ქართლი“ (1917). ვასილ რცხილაძის ინიციატივით კახეთში რამდენიმე ადგილას იქმნება აგრონომიული პუნქტი, რომელმაც თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ამ კუთხის სოფლის მეურნეობის განვითარებაში. საგარეჯოში დააარსა სკოლა-ქარხანა კახეთშივე საფეიქრო ცოდნის განვითარების მიზნით. 1917 წელსვე ვასილ რცხილაძე იწვევს ამიერკავკასიის მეღვინეთა და მევენახეთა ყრილობას. იგი არჩეულ იქნა ყრილობის თავმჯდომარედ და ახლად დაარსებულ მეღვინეთა და მევენახეთა ბიუროს თავმჯდომარედ.

საგანგებო აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ჟურნალს საქმიანი კავშირი ჰქონდა ლონდონის, პარიზის, გერმანიის საუკეთესო ფირმებთან, რომელთა საშუალებით ეხმარებოდა ქართველ გლეხებს მანქანა-იარაღების შეძენაში. მაგ. ჟურნალის ლონდონის აგენტურა საქართველოს თესლეულით ამარაგებდა, აგრეთვე ,,მოსავალს“ კავშირი ჰქონდა ლონდონის ბაზართან, რათა ხელი შეეწყო ქართული პროდუქციის გასაღებისთვის.

ასე რომ ვასილ რცხილაძე არასოდეს ჯერდება მხოლოდ კაბინეტში ჯდომას და ქაღალდებთან მუშაობას. იგი რეგულარულად კითხულობს გლეხობისთვის ლექციებს საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. მეტიც, ხშირად პრაქტიკულად აჩვენებს მსმენელებს კარაქის დამზადების ტექნოლოგიას, თაფლის გამოღებას, ხეხილის მყნობას, ყველას თვალწინ ცდის სხვადასხვა დანიშნულების მანქანა-იარაღებს. მაგ. საგარეჯოში აჩვენა სეპარატორის საშუალებით რძისგან ნაღების გამოხდა. ამასთან ვასილი უხსნიდა გლეხობას, თუ რამდენად სასარგებლოა მესაქონლეთა შეკავშირება და შეერთებული ძალით რძე-კარაქის წარმოების აწყობა, საქონლის დანიური წესით კვება და სხვ. ვასილ რცხილაძის მიზანი იყო კახეთში დაეარსებინა სასოფლო-სამეურნეო სკოლათა ქსელი, რათა სამეურნეო საქმე ყოფილიყო არა სტიქიური, არამედ მიზანმიმართული და იგი თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკურ სიახლეთა მცოდნე გლეხობას ეწარმოებინა. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ისტორიული განვითარების გზა სრულიად სხვა მიმართულებით წარიმართა. იგი მთლიანად დაეფუძნა საეჭვო ღირებულების ისეთი ტიპის სოციალურ ლოზუნგებს, როგორიც იყო მაგ. ,,Грабь награбленное! და ცოდნისა და შრომისკენ მოწოდებებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა.

ვასილ რცხილაძე 1920 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მის არქივში აღმოჩენილია წერილები მარჯორი უოლდროპის, იაკობ გოგებაშვილის, ვ. ჩერქეზიშვილის, პ. ყიფიანისა და სხვა მოღვაწეების მიმართ. ეს მიმოწერაც ადასტურებს ამ ენერგიული ადამიანის მიზნების კეთილშობილებასა და პრაგმატულობას.

 


ლიტერატურა:

თ. ჩხეიძე, ქართველი აგრონომები, თბ. 1962

ჟ. ,,მოსავალი“, 1909-1914