‍ვარლამ ბურჯანაძე (1877-1941)

ავტორი: პ. მესხი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

burjanadze varlamცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის წევრი, საქართველოს მასწავლებელთა კავშირის ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე დაიბადა 1877 წლის 22 ოქტომბერს სოფელ ობჩაში.

ადრე დაობლებული ვარლამის ბიძამ, ლუკა ბურჯანაძემ, ქუთაისის საქალაქო სასწავლებელში მიაბარა. აღნიშნული სასწავლებელი ვარლამ ბურჯანაძემ წარმატებით დაამთავრა 1891 წელს. 1893 წელს მან სწავლა გააგრძელა ამიერკავკასიის (გორის) საოსტატო სემინარიაში და 1896 წელს პირველი ხარისხით დაასრულა.

საოსტატო სემინარიის დამთავრების შემდეგ ვარლამ ბურჯანაძე დაინიშნა სახალხო მასწავლებლად პატრიკეთის ერთკლასიან სასწავლებელში. 1899 წელს კი გადავიდა ქუთაისის დაწყებით სკოლაში, სადაც 1909 წლამდე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1909 წელს ვარლამი ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით ქუთაისიდან გაასახლეს. ამავე წელს სამხედრო წესების მოხსნისთანავე ბურჯანაძე ქუთაისში დაბრუნდა და თანამშრომლობა დაიწყო გაზეთ „ფონში”.

1911 წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” მთავარმა გამგეობამ ვარლამ ბურჯანაძე კავკავის ქართული სკოლის გამგედ აირჩია. 1913 წლიდან იგი ბაქოში ნავთის მრეწველთა სკოლის გამგედ მუშაობდა. 1914 წელს „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” მთავარმა გამგეობამ ვარლამ ბურჯანაძე თბილისში გადმოიყვანა ამ საზოგადოების მდივნად.

1927 წელს საზოგადოების რეორგანიზაციის შემდეგ იგი საქართველოს სსრ განათლების კომისარიატში გადაიყვანეს.

1941 წელს ვარლამ ბურჯანაძე გარდაიცვალა, დასაფლავებულია ვერის ძველ სასაფლაოზე.

ვარლამ ბურჯანაძეს იცნობდნენ და აფასებდნენ როგორც პატიოსან მუშაკს, სამაგალითო მასწავლებელს, ღირსეულ პიროვნებასა და საუკეთესო მოღვაწეს.

ვარლამ ბურჯანაძემ, სამეურნეო კურსების დამთავრების შემდეგ, ბაღდადის დაწყებითი სკოლის გამგედ ყოფნის დროს საუკეთესოდ მოაწყო სკოლის ბოსტანი, რისთვისაც იგი საქარის სანერგეში გაგზავნეს. აქ ვარლამ ბურჯანაძემ სანერგის მმართველ სტაროსელსკისთან ამერიკული და ჩვენებური ჯიშის ვაზების დამყნობა შეისწავლა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ვარლამ ბურჯანაძის ქუთაისში მოღვაწეობის პერიოდი. ცხრა წელი დაჰყო მან მასწავლებლად ქუთაისში. ამ ხნის განმავლობაში იქ არ ყოფილა ისეთი კულტურული წამოწყება, რომლის ერთ-ერთი აქტიური წევრი და ხელმძღვანელი ვარლამ ბურჯანაძე არ ყოფილიყო (სახალხო მასწავლებელთა კავშირი, დრამატული საზოგადოება, საკვირაო სკოლა, ბავშვთათვის მზრუნველი საზოგადოება და სხვ.).

ვარლამ ბურჯანაძის ხელმძღვანელობით ქუთაისის მასწავლებელთა კრებაზე უარყოფილ იქნა სახალხო სკოლების დირექციის მიერ შემუშავებული გამარუსებელი პოლიტიკის გამტარებელი პროგრამები, რისთვისაც ბურჯანაძე გადაასახლეს.

კავკავის ქართულ სკოლაში, რომელიც „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ” გახსნა 1888 წელს ცნობილ პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის მეცადინეობით, ფართოდ გაიშალა ვარლამ ბურჯანაძის პედაგოგიურ-საზოგადოებრივი მუშაობა და მან იქაურ ქართველთა შორის სამართლიანად დაიმსახურა საყვარელი პედაგოგის სახელი. ვარლამ ბურჯანაძე აკვკავის ქართველ მოსახლეობას აყვარებდა ქართველი ერის წარსულისა და აწმყოს. ამაზე ნათლად მეტყველებს მისი მოხსენებები: „ილია ჭავჭავაძე, როგორც ბელეტრისტი”, „ალექსი მესხიშვილი”, „ქართლის სიმღერები”.

1920 წლის იანვარში ვარლამ ბურჯანაძის ინიციატივით დაარსდა სრულიად საქართველოს მასწავლებელთა კავშირი. აღნიშნული კავშირის მიზანი იყო სახალხო განათლების საქმის რეორგანიზაცია, მასწავლებელთა მდგომარეობის გაუმჯობესება და ეროვნული სკოლების დაარსება-განმტკიცება.

მასწავლებელთა კავშირის თავმჯდომარე ვარლამ ბურჯანაძე ენერგიულად ახორციელებდა კავშირის პროგრამას. იგი ლექციების წასაკითხად იწვევდა ცნობილ ქართველ მოღვაწეებს: ქართულ ენაში – აკაკი შანიძეს, ი. ყიფშიძეს, დავით კარიჭაშვილს; ლიტერატურაში – ივანე გომართელს, ვასილ ბარნოვს, სერგი გორგაძეს; ისტორიაში – ივანე ჯავახიშვილს, ექვთიმე თაყაიშვილს, ს. კაკაბაძეს; ბუნებისმეტყველებაში – ს. იაშვილს, ვ. ჯანაშვილს, სერგო რობაქიძეს; პედაგოგიკაში – დავით უზნაძეს, თ. კიკვაძეს, შ. ქარუმიძეს და სხვ.

ვარლამ ბურჯანაძის თავმჯდომარეობის დროს დაარსებულ იქნა მასწავლებელთა კოოპერატივი „უნივერსალი”, შემუშავებული იქნა მასწავლებელთა საპენსიო სალაროს წესდება, გახსნილ იქნა წიგნის მაღაზია, მოეწყო საზაფხულო აგარაკი მანგლისში და სხვა.

არანაკლებ საყურადღებოა ვარლამ ბურჯანაძის მოღვაწეობა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში”. ვარლამ ბურჯანაძე მონაწილეობდა ამ საზოგადოების სასკოლო კომისიაში, 1918 წელს ამავე საზოგადოების რწმუნებულთა კრებამ ვარლამ ბურჯანაძე აირჩია საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრად, საზოგადოების მთავარი გამგეობის მინდობილობით, ბურჯანაძე დროგამოშვებით აწარმოებდა თელავის, სამტრედიის, კავკავის, ზესტაფონის განყოფილებათა საქმეების შემოწმებას.

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ, ლუარსაბ ბოცვაძესთან ერთად, საზოგადოების დავალებით გადაამუშავა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის” პირველი და მეორე ნაწილი. 1920 წელს ვარლამ ბურჯანაძე გ. ჭუმბურიძესთან, მეთ. კაკაბაძესა და სხვებთან ერთად მონაწილეობდა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის” პირველი ნაწილის შესწორებაში. აღნიშნული წიგნი მოწონებულ იქნა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის მიერ.

საზოგადოებაში მუშაობის პერიოდში ვარლამ ბურჯანაძეს ბევრი საყურადღებო მოხსენება წაუკითხავს, რომელთაგან აღსანიშნავია: „ხელგარჯილობა სკოლებში”, „სკოლების მართვა-გამგებლობის სფეროში შრომის განაწილება”, „სწავლა-აღზრდის მდგომარეობა საქართველოში”, „1905 წლის რევოლუცია და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”, „ნიკო ლომოური”, „ლუარსაბ ბოცვაძე”, „პეტრე მირიანაშვილი” და სხვა. ამავე დროს ვარლამ ბურჯანაძე სისტემატურად ბეჭდავდა წერილებს სახალხო განათლების ცალკეულ საკითხებზე: „სკოლის განახლების ხანა”, „სკოლის ნაციონალიზაცია”, „ერთობა და სახალხო განათლება”, „სკოლისგარეშე განათლება და ერთობა”,  „სახალხო განათლება 1917 წელს” და სხვა.

ვარლამ ბურჯანაძის წერილები, გამოკვლევები და სტატიები იბეჭდებოდა „ვარ. ობ”, „ის ვარ”, „ვ. ობჩელის”, „ვარლამ ბოჩელის”, ვ. ლუხუტისპირელის” ხელმოწერით „ივერიაში”, „განათლებაში”, „კვალში”, „ალიონში”, „ფონში”, „ჩვენს ცხოვრებაში” და „თემში”.

ვარლამ ბურჯანაძემ პრესაში პირველად 1899 წელს მოათავსა წერილი „დედის გავლენა შვილზე”. ამას მოჰყვა მეორე, იმ დროისათვის უთუოდ გაბედული და საგულისხმო წერილი სათაურით „ბიუროკრატია და პედაგოგიკა”.  აქედან მოყოლებული მას ხელიდან არ გაუგდია კალამი. მისი წერილები „სახალხო სკოლა დასავლეთ ევროპაში”, „ტოლსტოი და სახალხო სკოლა”, “მასწავლებელთა ურთიერთდამხმარე საზოგადოებანი რუსეთში”, „ჩვენი ავ-კარგი”, „ავგუსტ ბებელი”, „ბაქოს მრეწველთა სკოლები”, „ალაგირელ ქართველთა კულტურული ნაბიჯი”, „იაკობ გოგებაშვილი” – ნათლად მეტყველებენ ბურჯანაძის განათლებასა და შრომისმოყვარეობაზე.

1925 წელს ვარლამ ბურჯანაძე ი. გომელაურთან და დ. დუმბაძესთან ერთად ადგენს ქართული ენის სახელმძღვანელოს (ქრესტომათია არაქართველთათვის, მე-7, 8, 9 ჯგუფებისა და ტექნიკუმებისათვის).

ვარლამ ბურჯანაძე პრინციპული და მებრძოლი სახალხო მასწავლებელი იყო. იგი ათეული წლების განმავლობაში ემსახურებოდა ქართველ ახალგაზრდობაში სწავლა-განათლების დანერგვა-გავრცელების საშვილიშვილო საქმეს. თავისი გულთბილი და გულისხმიერი პედაგოგიური მოღვაწეობით ვარლამ ბურჯანაძემ მოსწავლე თაობებსა და საზოგადოებაში საყვარელი აღმზრდელი პედაგოგის უჭკნობი სახელი მოიხვეჭა.