‍გიორგი ქოჩაკიძე (ჭალადიდელი) (1847-1898)

ავტორი: ნონა კუპრეიშვილი,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

0060 giorგიორგი ქოჩაკიძე დაიბადა 1847 წელს სენაკის მაზრის სოფელ ჭალადიდში , მთელ სამეგრელოში ცნობილი და გავლენიანი მდივანბეგის მაქსიმე ქოჩაკიძის ოჯახში. პოეტის მამა ფრიად საინტერესო პიროვნება იყო. ახალგაზრდა მაქსიმე თურმე დიდხანს ახლდა საფრანგეთის კონსულს, გამბას, ერთსა და იმავე დროს პოლიტიკოსსა და ნეგოციანტს, ავტორს შესანიშნავი წიგნისა კავკასიის შესახებ - „მოგზაურობა სამხრეთ რუსეთში“. ამიტომაც მას იმხანად სულ უფრო პოპულარული რუსულის ნაცვლად კარგად სცოდნია ფრანგული ენა, რაც გიმნაზიის დირექტორის ლევანდასთვის გაგზავნილი წერილითაც დასტურდება, რომელშიც მაქსიმე შვილის, გიორგის, ავადმყოფობის გამო გიმნაზიის დირექციისაგან მეტ გულისხმიერებას და თანადგომას ითხოვს. არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გამბას მეუღლეს მკვირცხლი და საზრიანი ქართველი ჭაბუკი უნდა ეშვილა, თუმცა ეს განზრახვა მაქსიმეს მიერ კათოლოკობის მიღებაზე უარის თქმის გამო ვერ განხორციელდა. მალე მაქსიმე თბილისში სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის წარმომადგენლად, ანუ როგორც მაშინ უწოდებდნენ, ვექილად, დაინიშნა. მოგვიანებით კი, როგორც გამოცდილსა და ნიჭიერ მოხელეს, დადიანი მას მარტვილის მაზრის მდივანბეგობას ჩააბარებს. სამეგრელოში გლეხთა ამბოხების ჩახშობისა და რუსული მმართველობის დამკვიდრების შემდეგ მაქსიმე ინიშნება სენაკის კომისრად, თუმცა მალევე ანებებს თავს სამსახურს და დროს მთლიანად საკუთარ ოჯახსა და შვილების აღზრდა-განათლებას უთმობს.

მიუხედავად იმისა, რომ მდივანბეგი მაქსიმე ქოჩაკიძე მარტვილში ჯერ კიდევ 1830 წელს მის მიერვე დაფუძნებულ სასულიერო სასწავლებელს განაგებს, 1859 წელს იგი გიორგის ქუთაისის გიმნაზიის პანსიონში მიაღებინებს. იმ დროს, ვინც ცხენისწყლის გაღმა დააპირებდა სწავლას, მთავრობის მოწმობა უნდა ჰქონოდა. ამგვარი მოწმობით რუსულ სასწავლებლებში განათლება მიიღო სამეგრელოდან წასულმა ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა, რომელთა შორის იყო გიორგი მაქსიმეს ძე ქოჩაკიძეც. შვიდკლასიან პანსიონს იგი ავადმყოფობის გამო მოგვიანებით, კერძოდ კი 1869 წელს, დაასრულებს. რუსული ენის გარდა ყველა საგანში მიღებული მაღალი შეფასების მიუხედავად, ატესტატის მიღებაზე უარს განუცხადებენ. აღნაგობით მოხდენილი ყმაწვილი კაცი, მეგობრების დახასიათებით ,,სამაგალითო მობურთალი, ჩინებული გიმნასტიორი“, მომლხენიც ამავე პერიოდში პირველ ლექსებსაც წერს. მასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გიორგი ღოღობერიძის ლიტერატურული სალონი ქუთაისში, სადაც თავის ლექსებს ხშირად კითხულობს მამია გურიელი. აქვე შეიძლება აკაკის, დიმიტრი ბაქრაძის, პეტრე ნაკაშიძის, სოლომონ ლეონიძის, ეროთეი სიდამონ-ერისთავის, დათა ერისთავის, გერასიმე კალანდარიშვილისა და სხვა მოღვაწეთა ნახვა. შედარებით იშვიათად სტუმრობენ სალონს გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი, რადგან ამ დროისთვის ისინი ახალ ჟურნალ-გაზეთებს რედაქტორობენ და ძირითადად თბილისში უწევთ ცხოვრება.

60-იანი წლების ბოლოს 20 წლის გიორგი ქოჩაკიძე აქვეყნებს, როგორც ალ. ხახანაშვილი უწოდებს, თავის ,,მკვირცხლ ლექსებს“ გაზეთ ,,დროებაში“, ჟურნალებში ,,კრებულსა“ და ,,მნათობში“. მასში ილიასა და აკაკის ღირსეულ მემკვიდრესაც კი ხედავენ. საყოველთაო პოპულარობა მოაქვს მისთვის გრიგოლ ჩარკვიანის სახალხო კალენდარში დაბეჭდილ ,,დედის დარიგებას“(სათაური იაკობ გოგებაშვილისაა; თავად პოეტმა ლექსს ,,მოგონება“ უწოდა). უშუალობითა და სისადავით გამორჩეული პოეტური სტრიქონები პატრიოტული სულისკვეთებითაა გამსჭვალული. თედო სახოკია იგონებს, რომ გიორგი ჭალადიდელის პოეზია ერთბაშად იპყრობდა ყმაწვილთა გულებს და მათში საუკეთესო პიროვნულ თვისებებს აღვიძებდა. სამწუხაროდ, ეს ნიჭიერი შემოქმედი გარკვეული ცხოვრებისეული პირობების გამო დიდი ხნით ჩამოშორდა ქართულ მწერლობას. მხოლოდ 1895 წელს ჟურნალ ,,მოამბეში“ დაიბეჭდა მისი წერილი, რომელსაც, როგორც თედო სახოკია შენიშნავს, პოეტ ჭალადიდელთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ავტორი ერთი სამხედრო კითხვის ანალიზს აწვდიდა მკითხველს. და ეს არცაა გასაკვირი, რადგან გიმნაზიის დასრულების შემდეგ გიორგიმ სწავლის გასაგრძელებლად არა დასავლეთ ევროპის რომელიმე უნივერსიტეტს მიაშურა, არამედ უსახსრობის გამო პეტერბურგის ჯერ კონსტანტინეს, შემდეგ კი მიხეილის სახელობის სარტილერიო სასწავლებელში იუნკრის ჩინით ჩაირიცხა და თავისი სამხედრო კარიერა პოლკოვნიკისა და არტილერიის ბრიგადის დივიზიონის ხელმძღვანელის წოდებით დაასრულა. რუსეთ-ოსმალეთის ომში მონაწილეობისთვის იგი წმინდა გიორგის ჯვრით დააჯილდოვეს. გარდა ამისა, მას მინიჭებული ჰქონდა სტანისლავის, ანას, ვლადიმირის ორი მეორე და ერთი მეოთხე ხარისხის ორდენები.

იონა მეუნარგიას დახასიათებით, ,,ომგადახდილი ვაჟკაცი, სახით ლამაზი, მხიარულებით, სიცოცხლით აღსავსე, ამასთან ჩინებული მემუსიკე და მხატვარი, სასურველი სასიძო იყო“ (ი. მეუნარგია, ქართველი მწერლები). მას შემდეგ, რაც ის სამშობლოში მისმა რჩეულმა, ვაჭარ ნიკოლაძის ასულმა, ქალთა სასწავლებლის კურსდამთავრებულმა , ანასტასია ნიკოლაძემ ( ნიკო ნიკოლაძის დამ) შემდეგი სიტყვებით გამოისტუმრა: ,,ჯერ მაღალი სასწავლებელი დაამთავრე და მერე გამოგყვებიო“, გიორგი ცოლად უცხოტომელს ირთავს. ესაა პეტერბურგელი ნაფიცი ვექილის სტეფანე ეზერსკის ასული, ანა. თუმცა ეს ქორწინება უიღბლო გამოდგა. უთანხმოება არა იმდენად ცოლ-ქმარს, რამდენადაც სიძე-სიმამრს შორის მოხდა და იმდენად გაღრმავდა, რომ გიორგის სურვილის სააწინააღმდეგოდ საქმე განქორწინებამდე მივიდა. ამ დროისთვის გიორგის და ანას უკვე ვაჟიშვილიც ჰყავდათ. მალე ყოფილი მეუღლე პეტერბურგის ოლქის სასამართლოს წევრ ველიჩკოს მისთხოვდა. ეს არჩევანი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მიზეზზე ოჯახური კონფლიქტისა, რომელმაც გიორგი ჭალადიდელს დიდი სულიერი ტრავმა მიაყენა. განქორწინებულს თურმე მამის იმდენად ერიდებოდა , რომ ამ ამბის შემდეგ ათი წლის მანძილზე სამშობლოში არ ჩამოსულა. გარდაიცვალა იგი 1898 წლის 1 აპრილს მინსკში, სადაც მის დაქვემდებარებაში მყოფი 30-ე საარტილერიო ბრიგადის მეორე დივიზიონი იდგა. საქართველოში ჩამოსვენების შემდეგ დაკრძალეს ჯერ სოფელ ჭალადიდში, შემდეგ კი სენაკის ქალაქის ბაღში.

ნიჭიერი პოეტი, რომელმაც გულმხურვალე სტრიქონები უძღვნა მეგრულ ფაცხას (,,მიყვარს ფაცხა მე მეგრული“), გამამხნევებელი სიტყვებით მიმართა სწავლას მოწყურებულ ყმაწვილს (,,დედის დარიგება“, რომელიც ამ სახელწოდებითაცაა ცნობილი: ,, მახსოვს პირველად სასწავლებელში“), გულწრფელად გაამჟღავნა თავისუფლების საკმაოდ სადავო, მაგრამ მისეული განცდა (,,მოლაღური გალიაში“) მთელი სიცოცხლის მანძილზე რუსულ ჯარს ემსახურა და შევიდა რუსულ სამხედრო ლიტერატურაში როგორც გამომგონებელი ერთი გაუმჯობესებული ხიდისა (თუ ბორანისა), რომელიც ომიანობის დროსაა გამოსაყენებელი. სწორედ ამიტომ სინანულით ამბობდა მასზე აკაკი წერეთელი: გიორგი ჭალადიდელმა თავისი ნიჭი ზარბაზნის კვამლში გაახვიაო. ეს აკაკისებურად ზუსტი ფრაზა დროების შეულამაზებელი ილუსტრაციაა.

 


ლიტერატურა:

ი. მეუნარგია, ქართველი მწერლები, თბილისი, 1954

ე. თავბერიძე, სანიტარული დღე, ქუთაისი, 2005