‍დავით ერისთავი (1847-1890)

ავტორი: ნონა კუპრეიშვილი,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

0051 erisდავით ერისთავი დაიბადა 1847 წლის 28 აგვისტოს სოფ. ხიდისთავში. მამამისი გიორგი ერისთავი, ცნობილი ქართველი დრამატურგი, ქართული თეატრალური დასისა და ჟურნალ ,,ცისკრის“ დამაარსებელი, ქსნის ერისთავების ჩამომავალი იყო. დავითი ადრეული ასაკიდანვე საკუთარ სახლში გაეცნო ქართული სცენისა და მწერლობის მოამაგეებს. ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მის ბავშვობას დაემთხვა: სამი წლის იყო, როდესაც მამამისის მიერ შედგენილმა დასმა თბილისში პირველი წარმოდგენა გამართა, ხოლო მოგვიანებით, მაშინ, როდესაც ანბანს სწავლობდა, გამოიცა ჟურნალ ,,ცისკრის“ პირველი ნომერი. თუმცა მას შემდეგ, რაც ჟურნალი დაიხურა და დასიც დროებით დაიშალა, ერისთავების ოჯახი საცხოვრებლად თბილისიდან კვლავ ხიდისთავში დაბრუნდა.

თავდაპირველად დავითი გორის კერძო პანსიონში სწავლობდა, რომელიც მისმა მასწავლებლებმა დორემ (ფრანგული ენა) და ნიკიტინმა (სხვა საგნები) გახსნეს. 1860 წელს იგი მიემგზავრება ოდესაში, სადაც ჯერ კნერის პანსიონში, შემდეგ კი რიშელიეს გიმნაზიაში სწავლობს. 1867 წელს მისაღებ გამოცდებს აბარებს ნოვოროსიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც ჯერ იქვე საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე გადადის, მოგვიანებით კი სწავლას პეტერბურგის სამკურნალო აკადემიაში აგრძელებს. 1871 წელს აკადემიის მეორე კურსიდან გაუარესებული ჯანმრთელობის გამო იგი ჯერ სამკურნალოდ საზღვარგარეთ მიემგზავრება, შემდეგ კი სამუდამოდ სამშობლოში ბრუნდება. ამასთან დაკავშირებით, იონა მეუნარგია შენიშნავს: ,,გამოვიდა დილეტანტი, ყველაფრის ცოტ-ცოტად მცოდნე, წმინდა საჩვენო საგაზეთო კაცი. ნურავინ მიწყენს... წარსული საუკუნის ქართული მწერლობა უმეტეს წილად ამგვარი უდიპლომო მუშაკების ხელში იყო...“ (ი. მეუნარგია, ქართველი მწერლები, წ.1, თბ. 1954, )

თავის მოღვაწეობას დავით ერისთავი ლექსებითა და ფელეტონებით იწყებს. გაზეთ ,,დროებაში“ აქვეყნებს ფელეტონებს ,,შთამომავლობით პოეტის დღიურებიდან“, რომელთა პუბლიკაცია სხვა ახალ მასალასთან ერთად შემდგომ რუსულენოვან ,,Тифлисский листок“-სა და ,,Фаланга“-ში გრძელდება. 1882 წელს დავითს ,,ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის წევრად ირჩევენ. 1879 წლიდან 25-წლიანი პაუზის შემდეგ განახლებული ქართული თეატრალური დასისთვის იმხანად თეატრის რეჟისორად დანიშნული დავით ერისთავი რეგულარულად თარგმნის სხვადასხვა უცხოურ პიესას (მაგ. ,,მეორედ გაყმაწვილება“, ,, სადაო მფლობელობა“, ,,დროებითი სიყვარული, ,,დავიდარაბა“, ,,საძაგელი” და სხვ.) იგი ქართული თეატრალური რეპერტუარის გათანადროულობისკენ ისწრაფვის. ბოლოს ამ ძიებამ ბრწყინვალე შედეგიც გამოიღო. ეს იყო ფრანგი დრამატურგის ვიქტორიენ სარდუს დრამა ,,სამშობლოს“ მიხედვით შექმნილი ამავე სახელწოდების პიესა, რომელიც მოწოდებული იყო მაყურებელში ჯანსაღი პატრიოტული გრძნობა გაუღვიძებინა. ,,სამშობლო“ თავისი თემატიკით ზუსტად მოერგო მაშინდელი ქართული საზოგადოების ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესს, ამიტომაც 1882 წლის 20 იანვარს გამართულმა პრემიერამ ეროვნული მანიფესტაციის ხასიათი მიიღო, რასაც კატკოვის ცინიკური რეცენზია და ილია ჭავჭავაძის ცნობილი პუბლიცისტური წერილი ,,კატკოვის პასუხად“ მოჰყვა.

ამავე პერიოდში (1881 წელს) დავით ერისთავი რუსულენოვანი ჟურნალ ,,Кавказ“-ის რედაქტორად ინიშნება. სარედაქციო წერილში რედაქტორმა ნათლად გამოხატა ჟურნალის კონცეფცია, თუმცა მისი შესრულება მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო. მან თანამშრომლებად მოიწვია: ილია ბახტაძე (ხონელი), სოფიო დანილოვისა, სტ. გულიშამბაროვი, ძმები დილგენშტედტები, ერინოვი, ვლ. მიქელაძე, სტ. ჭრელაშვილი, სტადლინი, იონა მეუნარგია. რედაქტორის არათანმიმდევრული კონტროლის პირობებში რედაქციაში არაერთი კურიოზი მოხდა. საქმე ერთხელ დუელამდეც კი მივიდა (თბილისის კრედიტის საზოგადოების თავმჯდომარემ, ნაპოლეონ ამათუნმა, იუკადრისა ილია ხონელის წერილის ტონი). დუელის მოლოდინში დავით ერისთავი თურმე გარეთუბანში, ვერის მინდორზე, ხელს სროლაში ავარჯიშებდა, თუმცა უკანასკნელ წუთებში მხარეებმა მოლაპარაკება შეძლეს და შერიგება რესტორან ,,ევროპის“ ბაღში აღნიშნეს. ქირავნობის ვადის ამოწურვის შემდეგ ჟურნალი ქირის გადაუხდელობის გამო დავით ერისთავს ჩამოერთვა და მომდევნო რედაქტორს, ამჯერად ვინმე ტებენკოვს, გადაეცა.

1886 წელს ნიკო ნიკოლაძის რეკომენდაციით დავით ერისთავი და კოლა ორბელიანი როტშილდების ბაქოს ნავთობის საზოგადოების გამგეობის წევრებად დაინიშნენ, თუმცა ეს უფრო ფიქტიური დანიშვნა იყო, რადგან რეალურად საქმეებს უცხოელები აწარმოებდნენ.

დავით ერისთავი ავადმყოფობის პერიოდშიც კი არ ჰკარგავდა ,,Кавказ“-ის რედაქტორად დაბრუნების იმედს. ცნობილია, რომ სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, მანგლისში გამგზავრების წინ, მან მსახურს ფრაკის მოფრთხილება თხოვა და შემდეგი სიტყვებით მიმართა: ,,ხომ იცი, მალე დამჭირდება“. გარდაიცვალა დავით ერისთავი 1890 წელს, თბილისში. დაკრძალეს კალოუბნის ეკლესიის ეზოში, რომელიც დღევანდელი რუსთაველის კინოთეატრის ადგილას მდებარეობდა, შემდეგ კი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

 


ლიტერატურა:

ი. მეუნარგია, ქართველი მწერლები, წ.1, თბ. 1954

ზ. ჭიჭინაძე, დავით ერისთავი. ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ. 1892

ი. გრიშაშვილი, თხზ. კრ. 5 ტომად, ტ. 5, 1965

ი. ზაქარაია, დავით ერისთავი, 2009