‍მირზა ფათალი ახუნდოვი (ახუნდზადე) (1812-1878)

ავტორი: ლევან ბრეგაძე,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

“[თბილისში] თავადი გიორგი ერისთავი ქართულ, ხოლო მირზა ფათალი ახუნდოვი აზერბაიჯანულ თურქულზე წერენ კომედიებს”.

ვლადიმირ სოლოგუბი
(გაზ. “კავკაზი”, 17.02.1851)

“მირზა ფათალი ახუნდოვი იყო ვარანცოვის დროის მწერალი. ერთ დროს გამოვიდა სამწერლო სარბიელზე ჩვენს გიორგი ერისთავთან და დიდი ნიჭიც გამოიჩინა”.

აკაკი წერეთელი

0119 mirzმირზა ფათალი ახუნდოვმა, განმანათლებელმა, ფილოსოფოსმა, პოეტმა, პროზაიკოსმა, “აზერბაიჯანელ მოლიერად” წოდებულმა დრამატურგმა და აზერბაიჯანული სალიტერატურო კრიკიტის ფუძემდებელმა “მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება-მოღვაწეობა შეალია არა მხოლოდ თავისი ხალხის, არამედ ზოგადად მუსლიმური აღმოსავლეთის განათლებას. რაღაც გამოუვიდა, რაღაც – ვერა. მაგრამ უმთავრესი ისაა, რომ იგი ცხოვრების ბოლომდე ურყევად იდგა თავის მრწამსზე – რომ მოვიდოდა დრო და ყოველგვარ სიბნელეზე უარისთქმით ოდესღაც კულტურულ-პოლიტიკურად ჰეგემონი აღმოსავლეთის ხალხებიც ევროპის მოწინავე ერებს გაუთანაბრდებოდნენ” (ოქტაი ქაზუმოვი).

მირზა ფათალი ახუნდოვი, რომელიც 22 წლის ასაკიდან თბილისში ცხოვრობდა, აქვე გარდაიცვალა და აქვეა დაკრძალული, სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების მეგობრობის განმამტკიცებელია. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა პლატონ იოსელიანთან, დიმიტრი ყიფიანთან, გიორგი ერისთავთან, გრიგოლ ორბელიანთან, ალექსანდრე ჭავჭავაძესთან. ალექსანდრე აბაშელი მირზა ფათალი ახუნდოვისადმი მიძღვნილ ლექსში წერს:

„ქართლის სიმღერით ტკბებოდა,
იქნებ ქართულიც იცოდა,
„მერანის“ ავტორს ხვდებოდა,
ორბელიანსაც იცნობდა.
. . . . . . . . . . .
არ სწამდა და არ სჯეროდა
გზა ვიწროდ შემოღობილი,
ხალხთა ძმობაზე მღეროდა,
ძმა და მეგობრად შობილი“.

მირზა ფათალი ახუნდოვი დაიბადა ქალაქ შაქიში (ნუხაში), შეძლებული ახუნდის (მოძღვრის, რჯულის მცოდნის) ოჯახში. მიღებული ჰქონდა კარგი განათლება, ჩინებულად იცნობდა სპარსულ და არაბულ კულტურებს. მისი მასწავლებლის, გამოჩენილი პოეტისა და ფილოსოფოსის მირზა შაფის ზეგავლენით ხელი აიღო განზრახვაზე გამხდარიყო სასულიერო მოღვაწე და მეცნიერებასა და მწერლობას მიუძღვნა თავისი ცხოვრება. 1834 წლიდან საცხოვრებლად სამუდამოდ გადმოვიდა თბილისში, სადაც მუშაობა დაიწყო მეფისნაცვლის კანცელარიაში აღმოსავლური ენებიდან მთარგმნელის თანამდებობაზე. ამ მოვალეობას იგი გარდაცვალებამდე ასრულებდა. პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამაზრო სასწავლებელში (ასწავლიდა თურქულ და სპარსულ ენებს). ურთიერთობა ჰქონდა კავკასიაში გადმოსახლებულ დეკაბრისტებთან.

1837 წელს მირზა ფათალი ახუნდოვმა დაწერა მეტად გაბედული ვრცელი ლექსი (ლირიკული მინიპოემა) დუელში მიღებული ჭრილობის შედეგად ა. ს. პუშკინის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, რაც მის პირველ სერიოზულ ნაწარმოებად ითვლება. ამ ლექსს, რომლის სათაურია “პუშკინის გარდაცვალებაზე”, მთელი თავგადასავალი გადახდა, რომლის თაობაზე ასე მოგვითხრობს იოსებ გრიშაშვილი, მისი ქართულ ენაზე მთარგმნელი:

“[ახუნდოვის ეს თხზულება] ავტორის თვალმიდევნებით რუსულად თარგმნა პუშკინის მეგობარმა მწერალმა ალექსანდრე მარლინსკიმ (ბესტუჟევმა) სუხუმში ყოფნის დროს და რამოდენიმე ხნის შემდეგ მოუკლავთ კიდეც მარლინსკი მთიელებს ადლერთან ბრძოლაში. ასე რომ, თუ ეს პოემა ახუნდოვისათვის პირველი თხზულება იყო, მარლინსკისათვის უკანასკნელ ნაწარმოებად გადაიქცა. ამ პოემის ლექსად დაწერილი დედანი მხოლოდ ასი წლის შემდეგ აღმოჩნდა, 1936 წელს, მანამდე დაკარგულად ითვლებოდა. მარლინსკის მიერ ნათარგმნი რუსული ტექსტი პირველად გამოაქვეყნა თბილისელმა ისტორიკოსმა ა. ბერჟემ.

ეს შესანიშნავი პოემა (...) ჯერ კიდევ 1932 წელს ბერჟეს მიერ დაბეჭდილ პროზაულ ტექსტიდან ჩვენ ვთარგმნეთ და შესავალი წერილის დართვით გამოვაქვეყნეთ ჟურნალ “დროშაში” (...), ხოლო პოეტის ავტოგრაფის აღმოჩენის შემდეგ, მწერალ აზიზ შარიფის ბწკარედული თარგმანის მიხედვით, მირზა ფატალი ახუნდოვის ეს პოემა ხელმეორედ გადმოვიღეთ ლექსად, რომელიც გამომცემლობა “ფედერაციამ” ცალკე წიგნად დაბეჭდა 1938 წელს”.

ვნახოთ ერთი ფრაგმენტი ამ თარგმანიდან:

“ოცნებაზე ჩქამს ნუ დასძრავ, კარგად ვიცნობ ხალხს მედროვეს,
პოეზიის პირმშო შვილებს თუ რა ხვედრით აჯილდოვებს.

ამ ქვეყნისა აღარა ხარ? არაფერი შეგიტყვია?
პოეზიის თავი არ გვყავს, გულს ახალეს ცხელი ტყვია.
. . . . . . . . . . . .
გმინავს მიწა რუსეთისა, ჰგოდებს ხმითა დამდაღველით:
- ჯალათების წმინდა მსხვერპლო, შენ დაეცი მტრების ხელით!”.

მირზა ფათალი ახუნდოვის თხზულება ქართულ ენაზე პირველად აკაკი წერეთელმა გადმოიღო, ეს იყო კომედია “ხანის ვეზირი” (დედანში მას “ლენქორანის ხანის ვეზირი” ეწოდება), და იგი აკაკის დაარსებულ ჟურნალ “კრებულის” 1897 წლის მე-7 ნომერში დაიბეჭდა, მანამდე კი სცენაზეც წარმოადგინეს. პიესაში დაგმობილია ხანის დესპოტიზმი და ვეზირის უზნეობა. ეს კომედია პირველად თბილისის რუსულ სცენაზე დაიდგა 1852 წელს, ხოლო 1873 წელს იგი ბაქოში წარმოადგინეს სცენის მოყვარულებმა, რაც დასაბამია აზერბაიჯანული თეატრის ისტორიისა.

მთელი შემოქმედება მირზა ფათალი ახუნდოვისა მიმართული იყო დესპოტიზმის, რელიგიური ფანატიზმის, ცრუმორწმუნეობის, გაუნათლებლობის წინააღმდეგ.

ერთ-ერთი დამსახურება მირზა ფათალი ახუნდოვისა, იოსებ გრიშაშვილის სიტყვით, ის არის, რომ “მან აზერბაიჯანელი ქალი გამოიყვანა სცენაზე უჩადროდ და დაალაპარაკა თავის ადამიანურ ღირსება-ნაკლოვანებებზე”.

მირზა ფათალი ახუნდოვის დრამატულმა თხზულებებმა დიდად შეუწყვეს ხელი ამ ჟანრის განვითარებას მუსლიმურ ქვეყნებში. მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია ქართულ, რუსულ, სპარსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზე.

მთელ აღმოსავლეთში დიდი პოპულარობა მოუტანა მირზა ფათალი ახუნდოვს ფილოსოფიურმა ტრაქტატმა “ქემალ-უდ დოულეს წერილები”, რომელიც მებრძოლი პუბლიცისტიკის საუკეთესო ნიმუშია.

თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით რელიგიის მიმართ მან იმდენად გაანაწყენა სასულიერო პირნი, რომ მათ უარი განაცხადეს დაეკრძალათ იგი თბილისის მუსლიმურ სასაფლაოზე. გრიგოლ ორბელიანის თაოსნობით მირზა ფათალი ახუნდოვი თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დაკრძალეს.

დღეს ეს სამარე, რომელსაც 1970 წლიდან მ. ფ. ახუნდოვის ძეგლიც ამშვენებს, და ასევე 1982 წელს დაარსებული მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი, ის ადგილებია, სადაც სისტემატურად ხდება აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების მეგობრობის დემონსტრირება.

01 akhundovi

მ. ფ. ახუნდოვის ძეგლი მის საფლავზე
თბილისის ბოტანიკურ ბაღში

 


ლიტერატურა:

1. ოქტაი ქაზუმოვი. მირზა ფათალი ახუნდზადე. წიგნში: ოქტაი ქაზუმოვი. 129 გვერდი ლიტერატურაზე. თბილისი: “ინტელექტი”, 2012.

2. აკაკი წერეთელი. თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად. ტ. X. თბილისი: “საბჭოთა საქართველო”, 1959.

3. იოსებ გრიშაშვილი. მირზა ფატალი ახუნდოვი. წიგნში: იოსებ გრიშაშვილი. თხზულებათა კრებული ხუთ ტომად, ტ. IV. თბილისი: “საბჭოთა საქართველო”, 1964.