‍ბარონი დე ბაი (1853-1931)

ავტორი: ლევან ბრეგაძე,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

0082 joseცნობილი ფრანგი არქეოლოგი და ეთნოგრაფი ამურ ოგიუსტ ლუი ჟოზეფ ბერტელო ბარონ დე ბაი პირველად 1897 წელს ჩამოვიდა საქართველოში, რათა საფრანგეთის სახალხო განათლების სამინისტროს დავალებით კავკასიის ხალხთა კულტურები შეესწავლა. ილია ჭავჭავაძის „ივერია“ 1897 წლის 24 ოქტომბრის ნომერში იუწყებოდა: „ამჟამად თფილისში იმყოფება საფრანგეთის საერთო განათლების სამინისტროს მიერ გამოგზავნილი არქეოლოგი ბარონი დე ბაი. ბარონმა ჯერ თურმე ციმბირი დაიარა და შემდეგ კი გრაფ შერემეტიევთან ერთად, რომელსაც კახეთში აქვს მამულები, ჩამოვიდა კავკასიაში. ბარონ დე ბაის უკვე დაუთვალიერებია ქუთაისი, ფოთი, ბათუმი და დასავლეთ საქართველოს სხვა ადგილები, პატივცემული არქეოლოგი დიდის ყურადღებით ისმენს და იკვლევს თურმე ყველაფერს, რაც კი შეეხება თამარ დედოფალსა და წმინდა ნინოს“ (ციტირებულია წიგნიდან: შალვა გოზალიშვილი, „ილია ჭავჭავაძე და ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მეგობრები“, თბ., 1973).

ფრანგმა სწავლულმა დიდი ღვაწლი დასდო საქართველოსა და მისი უძველესი კულტურის ევროპაში პოპულარიზაციის საქმეს. ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან. ბარონი დე ბაი საქართველოში თავისი მოგზაურობების ანგარიშებს საფრანგეთის სამეცნიერო საზოგადოებების საჯარო სხდომებზე კითხულობდა, ხოლო შემდეგ წიგნებადაც სცემდა. დიდი ინტერესით იკითხება მისი წიგნები: „საქართველო“ (1898), „კავკასიონის ქედის სამხრეთით“ (1899), „კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით“ (1899), „თბილისი“ (1900), „იმერეთში“ (1902), „აფხაზეთში“ (1904) და სხვ. თარგმნა ქართული ხალხური ფილოსოფიური ზღაპარი „მიწა თავისას მოითხოვს“ და 1900 წელს ცალკე წიგნად გამოსცა პარიზში სახელწოდებით „მშვენიერება“, აქედან იგი ინგლისურად გადაიღო ბელ კოლბი კარინგტონმა და ეს წიგნიც პარიზში გამოვიდა 1932 წელს.

საქართველოში დიდ ყურადღებას იჩენდნენ ბარონ დე ბაის მიმართ. ქართულ-ფრანგული კულტურული ურთიერთობების მკვლევარის დავით ფანჩულიძის სიტყვით, „ქართველი საზოგადოებრიობა მუდამ გულითადად და ხელგაშლად ხვდებოდა სასურველ ფრანგ სტუმარს. ქართულ პერიოდიკაში სისტემატურად ქვეყნდებოდა ცნობები, წერილები ბარონ დე ბაის საქართველოში მოგზაურობის შესახებ, ბიბლიოგრაფიები მის წიგნებზე“ (დ. ფანჩულიძე, „ქართულ-ფრანგული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის“, თბ., 1969, გვ. 324).

1899 წლის 24 ოქტომბერს ბარონ დე ბაისა და რუსი მწერლის ევგენი მარკოვის პატივსაცემად დიდი ბანკეტი გამართულა თბილისში, „ფანტაზიის“ ბაღში. სამადლობელ სიტყვაში ბარონ დე ბაის უთქვამს: „რუსეთში ხშირ მგზავრობის დროს დაახლოვებით შევიტყვე და გავიგე, რა სიამოვნებით ეგებებიან ამ დიად ქვეყანაში ფრანგებს. ასეთივე გულუხვი და მომხიბვლელია ეს სტუმართმოყვარეობა საქართველოში... საუბედუროდ, იმ გრძნობათა გამოსაცხადებლად, რომელსაც ვგრძნობ თქვენის დაუფასებელის ქვეყნის ხილვის დროს, საჭიროა ჩემთვის მიუწვდომელი მჭევრმეტყველება... გულით ვსვამ სადღეგრძელოს უკვდავ და მშვენიერ საქართველოსას“ (ციტირებულია შ. გოზალიშვილის ზემოთ დასახელებული წიგნიდან).

ბარონი დე ბაი საქართველოზე, ქართველებზე შეყვარებული მკვლევარია. იგი მოხიბლულია საქართველოს ბუნებით:

„...ამ მხარეში პეიზაჟის სიმშვენიერე, რომელიც ხშირად კიდევ უფრო გამოკვეთილია უაღრესად მდიდარი ფლორის წყალობით, გრანდიოზული და მომხიბლავია; და არა მხოლოდ ეს: კავკასიის ფაუნა შეუდარებელი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ მხარის მცხოვრებლებისათვის დამახასიათებელია სილამაზე, მოხდენილობა და კეთილშობილი იერი, რაც კარგად შეეხამება გარემომცველ ბუნებას. ყველაფერი ეს ხიბლავს, აბრუებს მგზავრს, რომელიც ყოველივე ამის შემხედვარე, ვერ მალავს აღტაცებას“ (ლეილა მაღრაძის თარგმანი).

ილია ჭავჭავაძეს, რომელსაც ახლოს იცნობდა, ფრანგი მკვლევარი ასე ახასიათებს წიგნში „თბილისი“:

„...ეროვნული და უაღრესად პოპულარული პოეტი, რომლის ქმნილებებსაც ისევე მღერიან ქუჩებსა და ქოხებში, როგორც სასახლეებში. თავადი არის დიდი ინტელექტის მქონე გამოჩენილი ადამიანი [...], უპირველეს ყოვლისა კი იგი არის თანამედროვე ადამიანი და ეს არ არის პატარა ღირსება, თუ იფიქრებთ იმ წრეზე, რომელსაც ის მართავს. [...] მან დაწერა მოთხრობები, რომელთაც ისეთივე მნიშვნელობა აქვთ საქართველოსთვის, როგორც გოგოლის მოთხრობებს რუსეთისთვის. მისი პოეტური ქმნილებები ღრმად ქრისტიანული, პატრიოტული და ფილოსოფიურია, ტოლსტოიზე ბევრად ადრე გამოთქვა მან ანალოგიური აზრი ბევრ საკითხზე...“ (ლეილა მაღრაძის თარგმანი).

აწუხებს მოუვლელი ძველი ქართული არქიტექტურული ძეგლების ბედი:

„...ვინახულეთ იმერეთის ხუროთმოძღვრების განუმეორებელი ძეგლი – გელათის მონასტერი! რამდენი მიყრილ-მოყრილი ნანგრევია ამ მონასტრის გარშემო! ეს ნანგრევები ურიცხვია საქართველოში და ისინი ლამაზებია თავიანთ სევდასა და მარტოობაში; მჭევრმეტყველურად ადასტურებენ წარსულის სიდიადეს და სამწუხაროდ, მოწმობენ აწმყოს დიდ გულგრილობას. მათი ციცაბო კედლებიდან სასოწარკვეთილების ცრემლებივით თანდათან ცვივა ფხვიერი ქვები. თითქოს დარცხვენილნი თავიანთი ბედით, ეს ამაყი ძეგლები იმალებიან ვაზის საფარქვეშ“ (ლეილა მაღრაძის თარგმანი).

ბარონი დე ბაი დახელოვნებული ფოტოგრაფი იყო. მან დაგვიტოვა მდიდარი ფოტოარქივი მე-19 საუკუნის მიწურულის საქართველოს უნიკალური ხედების, მატერიალური კულტურის ძეგლების, იმდროინდელი ტიპებისა და ყოფითი სცენების ამსახველი.

ბოლო დროს ამ მეტად საინტერესო მკვლევარისა და მის წიგნების მიმართ ინტერესი გაიზარდა, რასაც დიდად შეუწყო ხელი ლეილა მაღრაძისა (ბარონი დე ბაი, „საქართველოში“, ფრანგულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ლეილა მაღრაძემ, თბ., „არტანუჯი“, 2011) და ანა ჭეიშვილის სამეცნიერო ნაშრომებისა და თარგმანების გამოსვლამ, რომელთაც გვერდს ვერ აუვლიან ქართველოლოგიის სფეროში მომუშავე მკვლევარები – მათში ისტორიკოსთათვის, ეთნოლოგთათვის, ფოლკლორისტთათვის, ლიტერატურათმცოდნეთათვის... უაღრესად საინტერესო, ძვირფასი მასალაა წარმოდგენილი.

ანა ჭეიშვილი დე ბაის წიგნის „აფხაზეთში“ ფრაგმენტების თავისი თარგმანის წინათქმაში შენიშნავს:

„1904 წელს პარიზში დაიბეჭდა ფრანგი არქეოლოგისა და ეთნოგრაფის ბარონი დე ბაის წიგნი „აფხაზეთში. ერთი მივლინების მოგონებანი“, სადაც ავტორი აღწერს მის მოგზაურობას აფხაზეთში 1903 წლის შემოდგომაზე. მას მეგზურობას უწევდა ცნობილი ქართველი ეთნოგრაფი და საზოგადო მოღვაწე თედო სახოკია. [...] ეს წიგნი მისი მოგზაურობის ანგარიშს წარმოადგენს. იგი უხვად არის ილუსტრირებული ავტორის მიერ გადაღებული ფოტოებით. გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტის თარგმანს აღნიშნული წიგნიდან და ვიმედოვნებთ, რომ ამით ქართველი ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების ყურადღებას მივაპყრობთ ფრანგი მეცნიერის მოგზაურობის ამსახველ წიგნებს, რომლებიც საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავენ XIX-XX საუკუნეების მიჯნის საქართველოს შესახებ და სრულიად უსაფუძვლოდ იყვნენ მივიწყებულნი“ (ჟ. „ხორნაბუჯი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალი, I, 2011, გვ. 294-301).

ბარონ დე ბაის სახელთან დაკავშირებულ მრავალ საინტერესო დოკუმენტს შეიცავს ანა ჭეიშვილის მიერ მომზადებული ჩინებული ვებგვერდი, ფრანგი მეცნიერისადმი მიძღვნილი (https://www.facebook.com/pages/Baron-de-Baye/130517883702993?ref=ts&fref=ts).

ბარონი დე ბაი და დავით სარაჯიშვილი. ფოტო დაცულია ლიტერატურის მუზეუმში. წყარო: ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმი.

 


ლიტერატურა:

1. დავით ფანჩულიძე. ქართულ-ფრანგული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის. თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1969.

2. შალვა გოზალიშვილი. ილია ჭავჭავაძე და ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მეგობრები თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1973.

3. ბარონი დე ბაი. საქართველოში. ფრანგულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ლეილა მაღრაძემ. თბილისი: „არტანუჯი“, 2011.

4. ბარონი დე ბაი. აფხაზეთში. ერთი მივლინების მოგონებანი. ფრანგულიდან თარგმნა და შესავალი დაურთო ანა ჭეიშვილმა. ჟ. „ხორნაბუჯი“, I, 2011.

5. ვებგვერდი Baron de Baye: https://www.facebook.com/pages/Baron-de-Baye/130517883702993?ref=ts&fref=ts