‍არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი (1850-1902)

ავტორი: ლევან ბრეგაძე,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

01 zutneriავსტრიელი მწერალი არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი და მისი მეუღლე ბერტა ფონ ზუტნერი (ქალიშვილობის გვარი კინსკი), ასევე მწერალი და შემდგომ საქვეყნოდ ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი (1905 წ.) თითქმის ცხრა წლის განმავლობაში (1876-1885) ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საქართველოში, ჯერ ზუგდიდში დაჰყვეს ხუთი წელიწადი, ხოლო შემდეგ კი თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად, მათი ზუგდიდელი მასპინძლის, სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის გარდაცვალების შემდეგ (1882 წ.), რომელიც ბერტამ ევროპაში გაიცნო. ცოლ-ქმრის საქართველოში „გადმოხვეწა“ იმან განაპირობა, რომ არტურ ფონ ზუტნერის ოჯახი უკმაყოფილო იყო მასზე შვიდი წლით უფროს ბერტასთან, არტურის დების გუვერნანტთან, მისი შეუღლებით, რის გამოც მშობლებმა ვაჟს მემკვიდრეობის უფლება ჩამოართვეს.

არტურიც და ბერტაც საქართველოში ჩამოყალიბდნენ მწერლებად და ლიტერატორებად. არტურ ზუტნერის მიერ ქართულ-კავკასიურ თემატიკაზე დაწერილ მოთხრობათა და რომანთა შორის უნდა დავასახელოთ „დარეჯანი“, „აზნაური“, „კავკასიის შვილები“, „შამილი“. ეს თხზულებები ევროპელმა მკითხველმა გულთბილად მიიღო. ნოდარ კაკაბაძისა და ნოდარ რუხაძის სტატიაში „ბერტა ფონ ზუტნერის მოგონებები საქართველოზე“ („ცისკარი“, 1962, #5) ვკითხულობთ: „ცნობილ გერმანელ პოეტს დეტლევ ლილიენკორნს ბერტამ წერილი მისწერა და გაუგზავნა თავისი ქმრის კავკასიური მოთხრობები. ლილიენკორნმა ერთ-ერთი ნაწარმოები ქართულ თემაზე „დარეჯანი“ ლაკონიურად ასე შეაფასა: „დარეჯანი – ზეაღმტაცია“.

განსაკუთრებით დასაფასებელია არტურ ზუტნერის წვლილი „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგული თარგმანის მომზადებაში: იგი ფრანგ ჟურნალისტ ჟიულ მურიესთან ერთად ეხმარებოდა იონა მეუნარგიას შოთა რუსთაველის პოემის ფრანგული თარგმანის დახვეწაში (ა. ზუტნერი თავის თავს უწოდებს პირველ ევროპელს, ვინც თავიდან ბოლომდე წაიკითხა „ვეფხისტყაოსანი“ ფრანგულად). მართალია, ეს თარგმანი დაკარგულად ითვლება, მაგრამ მას უნდა ვუმადლოდეთ „ვეფხისტყაოსნის“ მშვენიერ ილუსტრაციებს, მიხაი ზიჩის მიერ შესრულებულს, რუსთაველის პოემის კონსტანტინე ბალმონტისეულ რუსულ თარგმანს და იმ პოლემიკას „ვეფხისტყაოსნის“ თაობაზე, რომელიც 1884 წელს გაიმართა თბილისურ ქართულ და რუსულ პრესაში.

გაზეთ „დროების“ 1884 წლის 28 ნოემბრის ნომერში დაიბეჭდა ჟ. მურიეს წერილი „ვეფხისტყაოსანზე“, რომელშიც მან კრიტიკული (თუმცა ზოგადი და დაუსაბუთებელი) შენიშვნები გამოთქვა შოთა რუსთაველის პოემის მიმართ. ფრანგი ჟურნალისტი გადაჭარბებულად მიიჩნევს ქართველთა აღტაცებას „ვეფხისტყაოსნით“ – ეს რომ მართლაც ისეთი დიდებული თხზულება იყოს, როგორც ქართველები მას წარმოგვიდგენენ, თარგმანშიც უნდა მეგრძნოო (მისივე დახმარებით შესრულებულ იონა მეუნარგიას ფრანგულ თარგმანს გულისხმობს).

როგორც ჩანს, ეს წერილი დასაბეჭდად კარგა ხანს მზადდებოდა (ფრანგულიდან ქართულად იყო სათარგმნი) და, ეტყობა, მისი არსებობა გახმაურდა. ამასობაში მის „საპირწონედ“ არტურ ზუტნერის ასევე ფრანგული დედნიდან რუსულად თარგმნილი სტატია მოუმზადებიათ სათაურით „უცხოელის აზრი „ვეფხისტყაოსანზე“ (პოემის ფრანგული თარგმანის გამო)“, რომლის ბეჭდვა თბილისურ რუსულენოვან გაზეთ „კავკაზში“ იმავე დღეს, 28 ნოემბერს, დაიწყო, რა დღესაც „დროებაში“ ჟ. მურიეს კრიტიკული წერილი გამოჩნდა, ხოლო ქართული თარგმანის გამოქვეყნება გაზეთ „დროებაში“ 30 ნოემბერს, მურიეს სტატიის დაბეჭდვიდან ერთი დღის შემდეგ დაიწყო და 9 დეკემბერს დასრულდა. ის შემდეგ ჟურნალმა „ივერიამაც“ გამოაქვეყნა იმავე წლის ნოემბერ-დეკემბრის ნომერში.

ჟიულ მურიესა და არტურ ზუტნერის წერილების გამოქვეყნების ქრონოლოგია ეჭვს არ ტოვებს, რომ ავსტრიელი მწერლის ნაშრომი ფრანგი ჟურნალისტის არაკომპეტენტური შეხედულების გასანეიტრალებლად დაიწერა და დაიბეჭდა, – მასში აშკარად იგრძნობა ფარული პოლემიკა ჟ. მურიეს მოსაზრებებთან.

დასახული ამოცანა – წარმოეჩინა რუსთაველის პოემის სიდიადე, მისი მნიშვნელობა არამარტო ქართველთათვის, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც – ერუდირებულმა და ნიჭიერმა ავტრიელმა ლიტერატორმა ჩინებულად აღასრულა – შექმნა ნაშრომი, რომელმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა „ვეფხისტყაოსნის“ მომავალ მკვლევარებზე.

ვნახოთ რამდენიმე ფრაგმენტი იქიდან:

„...რუსთაველი თავისუფლად შეიძლება მოვაქციოთ იმ ათი თუ თორმეტი დიდი პოეტის გვერდით, ვისი სახელი და დიდებაც საუკუნეებთან ერთად იზრდება“ (რუსთაველი მსოფლიო ლიტერატურაში, I. თბილისი, 1976, გვ. 155. ნია აბესაძის თარგმანი);

„ქართული ეპიკური პოემა, დაწერილი მე-12 საუკუნეში დიადი თამარ მეფის მეჭურჭლეთუხუცესის მიერ! რა საოცრებაა!.. ერუდიცია სიხარულით შეკრთება... „როგორ! – წამოიძახებენ ბატონი მეცნიერები, როდესაც ეს თარგმანი მათ ხელში მოხვდება, – როგორ! ჩვენგან დაშორებულ ქვეყანაში დიდი ხნის წინათ არსებობდა ბრწყინვალე სამეფო კარი და უმდიდრესი ენა, არსებობდა აკადემია, სადაც ახალგაზრდებს ასწავლიდნენ და საიდანაც უნიჭიერეს მოსწავლეებს განათლების დასასრულებლად ათენში აგზავნიდნენ! მათ შორის აღმოჩნდა ერთი, რომელმაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსული ლეგენდის საფუძველზე შექმნა 1500-სტროფიანი პოემა, რითაც მსოფლიოში უდიდესი დიდება მოიხვეჭა, და ეს პოემა არსებობს, ჩვენ კი ამის შესახებ მხოლოდ ახლა გვესმის!“ (იქვე, გვ. 156);

„მე აქ არ ვლაპარაკობ პოეტზე ვიწრო გაგებით ანუ ვერსიფიკატორზე, რადგან ვიმეორებ, არ ძალმიძს შევაფასო მისი ლექსის ჰარმონიულობა, მაგრამ მე ვმსჯელობ რუსთაველზე, როგორც ეპიკურ პოეტზე ანუ, უფრო თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, როგორც რომანისტზე. ჩემდა სასიამოვნოდ, ამ ნაწარმოებში აღმოვაჩინე ხელოვნების ყველა კანონის თანახმად აგებული რომანი, სადაც კვანძიც გვაქვს და კვანძის გახსნაც, ზუსტად არის დაცული სიუჟეტის განვითარების წესები“ (იქვე, გვ. 160);

„...განა შეიძლება დუმილით გვერდი ავუაროთ რუსთველის გასაოცარ ფრაზას: „რასაცა გავსცემთ, ჩვენია; რასც არა, დაკარგულია!“. ეს სიტყვები იმდენად კარგი და იმდენად ღრმააზროვანია, რომ მთელ მსოფლიოში გავრცელების ღირსია!“ (იქვე, გვ. 164).

არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერის ამ ნარკვევმა, „თავის დროისათვის ძალიან სასარგებლო და რუსთველოლოგიის ისტორიკოსისათვის ახლაც საყურადღებო ნაშრომმა“ (იოსებ მეგრელიძე) მნიშვნელოვნად წასწია წინ პოემის მხატვრული თავისებურებების კვლევა და ბიძგი მისცა შემდგომი ხანის მეცნიერებს ამ თვალსაზრისით განეგრძოთ დაკვირვება პოემის ავტორის ლიტერატურული ოსტატობის უფრო გაღრმავებული შესწავლისათვის.

 


ლიტერატურა:

1. სოლომონ ცაიშვილი. ორი ავსტრიელი მწერალი საქართველოს შესახებ. წიგნში: სოლომონ ცაიშვილი. ლიტერატურული ნარკვევები. თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1962.

2. ნოდარ კაკაბაძე, ნოდარ რუხაძე. ბერტა ფონ ზუტნერის მოგონებები საქართველოზე. „ცისკარი“, 1962, #5.

3. რუსთაველი მსოფლიო ლიტერატურაში, I. თბილისი, 1976.

4. იოსებ მეგრელიძე. რუსთველოლოგები. თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1970.