‍ივანე ბუქურაული (1869-1943)

ავტორი: არსენ მამულაიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

buqurauli iv51დამსახურებული სახალხო მასწავლებელი და გულწრფელი საზოგადო მოღვაწე ივანე ალექსის ძე ბუქურაული – შინაურობაში ვანო, ნაცნობ-მეგობრებში „ვანო-თუში”, ანუ მხოლოდ „თუში”, დაიბადა 1869 წლის 4 აპრილს (ძვ. სტ.) სოფელ ზემო ალვანში (ახმეტის რაიონი). დაწყებითი განათლება მიიღო საცხენისის სკოლაში, შემდეგ თელავის საქალაქო სასწავლებელში და თბილისის ე. წ. ალექსანდრეს სახელობსი სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში, რომლის კურსის დასრულების შემდეგ 1886 წელს შევიდა თბილისის საფერშლო სკოლაში. ვანომ ეს სკოლაც წარმატებით დაამთავრა და 1888 წელს, როგორც ფერშალმა, მუშაობა დაიწყო თბილისში, მაშინდელ ე. წ. მიხეილის სახელობის საავადმყოფოში.

ორი წლის მუშაობის შემდეგ ვანომ იგრძნო, რომ ის მედიცინის მუშაკად არ იყო დაბადებული. მისი გული სხვა ასპარეზისაკენ მიიწევდა. ამისათვის კი უფრო ფართო და ზოგადი განათლება იყო საჭირო და ვანოც მალე ახერხებს თბილისის ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში შესვლას.

1894 წელს, 25 წლის ასაკში ვანო ბუქურაული ამთAვრებს სამასწავლებლო ინსტიტუტის სრულ კურსს და იმავე წელსვე იწყებს მასწავლებლობას თბილისის ერთ-ერთ სკოლაში. ვანო საუკეთესო მასწავლებელი და აღმზრდელი გამოდგა. ამავე დროს ის მოწინავე იდეებით აღჭურვილი პედაგოგი და მწერალიც იყო, რომელმაც როგორც თავის მოსწავლეებში, ისე კოლეგებსა და ქართველ საზოგადოებაში სიყვარული, ავტორიტეტი და პატივისცემა დაიმსახურა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას ივანე ბუქურაული, როგორც მოწინავე მასწავლებელი და მწერალი, აღფრთოვანებით შეეგება. ის განახლებული საბჭოთა სკოლის ერთი საუკეთესო მასწავლებელთაგანი იყო და კიდევაც განუწყვეტლივ მუშაობდა თბილისის 43-ე საშუალო სკოლაში.

მთელი ნახევარი საუკუნე ემსახურა ივანე ბუქურაული მომავალი თაობის აღზრდის საქმეს. მას სიკვდილამდე არ დაუნებებია თავი მასწავლებლობისათვის, როგორც მისთვის საყვარელი პროფესიისათვის. ის იყო მეტად უბრალო, სადა და გულკეთილი ადამიანი, თავის სამშობლო ქვეყნისა და მშობლიური ხალხის გულწრფელი მოყვარე და უანგარო მსახური.

ივანე ბუქურაული გარდაიცვალა 1943 წლის 23 მარტს თავის მშობლიურ სოფელ ზემო ალვანში.

ივანე ბუქურაულის უანგარო შრომა და ღვაწლი მშობლიური ხალხის წინაშე მარტო მასწავლებლობით არ ამოწურულა. მისი სახელი ქართულ ლიტერატურაში საკმაოდ ცნობილია როგორც ეთნოგრაფი მწერლის, მკვლევარისა და ბელეტრისტის. მისი სამწერლო მოღვაწეობა ემთხვევა მე-19 საუკუნის დამლევსა და მე-20 საუკუნის პირველ ოციან წლებს, როცა ქართველი ხალხის მოწინავე საზოგადო მოღვაწენი და გამოჩენილი მწერლები გააფთრებით ებრძოდნენ ცარიზმს, მის გამარუსებელ პოლიტიკასა და ცდილობდნენ ქართველ მშრომელ მასებში ეროვნული შეგნების შენარჩუნებას, მის განმტკიცებასა და გაღვივებას.

ივანე ბუქურაულს – პედაგოგს, საზოგადო მოღვაწესა და მწერალს შესამჩნევი წვლილი აქვს გაღებული ამ ბრძოლაში. ის გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყებს თანამშრომლობას გაზეთებში: „ივერია”, „ცნობის ფურცელი”, ჟურნალებში: „მოამბე”, „კვალი”, „აკაკის კრებული”, შემდეგ „ჯეჯილში”, „ნაკადულსა” და სხვა პერიოდულ გამოცემებში.

ამ გამოცემებში ივანე სისტემატურად ათავსებდა პატარ-პატარა, მაგრამ მეტად საინტერსო თემებზე აგებულ მოთხრობებს, ისტორიული ხასიათის ნარკვევებს, ფოლკლორულ მასალას და ზეპირგადმოცემებს, სადაც დამაჯერებელი სახეებით და თითქმის დოკუმენტურადაც გადმოცემულია ამა თუ იმ ეროვნული და სახალხო გმირის დახასიათებანი და საგმირო საქმეები. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი „ლაშარის ჯვარი” და „თამარ დედოფალი”, რომელიც ხალხურ თქმულებებზეა აგებული და გაშლილია ხალხური პოეზიის საფუძველზე. ასევე აღსანიშნავია მისი მშვენიერი ნარკვევი „ბათანიდან წოვათამდინ”, რომელიც მგზავრის შენიშვნების სახით არის დაწერილი; ან კიდევ „ხევსურეთი და მისი აწინდელი მდგომარეობა” – პროვინციის ცხოვრების სახით მოთავსებული 1896 წლის ჟურნალ „მეურნის” 34-ე და 35-ე ნომრებში.

განსაკუთრებით არის აღსანიშნავი ივანე ბუქურაულის დაუღალავი და ენერგიული შრომა თუშური ფოლკლორის შეკრების საქმეში. ის სისტემატიურად, ყოველ ზაფხულზე მოგზაურობდა თავის მშობლიურ კუთხეში და კრეფდა თუშურ ლექსებს. მის მიერ შეკრებილ თუშურ ლექსებს დიდი ადგილი უკავია ისეთ მნიშვნელოვან გამოცემებში, როგორიც იყო „ძველი საქართველო”, „ივერია”, „აკაკის კრებული”, „მოამბე”, „კვალი” და სხვა. მთელი ეს მის მიერ შეკრებილი თუშური ლექსები ამჟამად უკვე შესულია ქართული ხალხური პოეზიის დიდ საგანძურში და მისი გულმოდგინედ შემკრებიც ქართული ფოლკლორისტიკის ისტორიაში ერთ თვალსაჩინო და მარადსახსენებელი ფიგურაა.

როგორც აღვნიშნეთ, ივანე ბუქურაული თავის დროისათვის საკმაოდ ნაყოფიერი მოკალმე იყო. მისი ლამაზი ენით დაწერილი ისტორიული და ეთნოგრაფიული ხასიათის ნარკვევები და მოთხრობები დღესაც არ კარგავენ მნიშვნელობას. ისინი ინტერესით იკითხება და სიამოვნებასთან ერთად მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიული ცნობების გადმომცემიც არიან. ივანე ბუქურაულის ნაწერებში მოხდენილად, ღრმა გულწრფელობითა და უშუალობით არის გადმოცემული საქართველოს ამ მეტად საინტერესო კუთხის, თუშეთის მცხოვრებთა გმირული ბრძოლები წარსულის სიდუხჭირესთან, მათი პატრიოტული გრძნობები, ხალხის ტრადიცია და ზნე-ჩვეულებანი.

ივანე ბუქურაული, როგორც ჟურნალისტი და ქართული პერიოდული პრესის უახლოესი თანამშრომელი, დაახლოებული იყო გამოჩენილ ქართველ მწერლებთან. ამის შედეგად მან ქართულ მემუარულ ლიტერატურაშიც შეიტანა ერთგვარი წვლილი. ლიტერატურული ღირებულებისა და მნიშვნელობის მატარებელია მისი მშვენიერი ქართულით დაწერილი მოგონებები ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე, ვაჟა-ფშაველაზე, შიო მღვიმელზე და ცნობილ კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილზე. განსაკუთრებით კი ვაჟა-ფშაველასთან ჰქონდა დიდი მეგობრობა და ახლო ურთიერთობა, რაც თვით ვაჟას პოეზიაშიც არის ასახული (იხ. ვაჟას ლექსი „ფშაური მუხამბაზი”).

ივანე ბუქურაულს საკმაოდ მდიდარი არქივი დარჩა. მასში დაცულია მრავალი დაუბეჭდავი ხელნაწერი და თვით მწერლის მიერ შედგენილი ბიბლიოგრაფია თავისი დაბეჭდილი და დაუბეჭდავი ნაწერებისა.

ივანე ბუქურაული თავისი მოღვაწეობის 50 წლის მანძილზე, როგორც პედაგოგმა და მწერალმა გარკვეული წვლილი შეიტანა ქართული ლიტერატურის საგანძურში. მან თავის ამ უანგარო და სასარგებლო შრომით სამუდამო ხსოვნა დაიმკვიდრა ქართველი მშრომელი ხალხის გულში და მისი მდიდარი კულტურის ისტორიაში.