‍არტურ ლაისტი (1852-1927)

ავტორი: ლევან ბრეგაძე,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

0012 artuილია ჭავჭავაძე ასე ახასიათებს ქართველი ხალხის დიდ მეგობარს, საქართველოში დამკვიდრებულ გერმანელ ჟურნალისტსა და მწერალს არტურ ლაისტს:

„ბატონი არტურ ლაისტი ის კაცია, რომელმაც ჩვენდა სასიხარულოდ კისრად იდო შუაკაცობა ჩვენსა და ევროპას შორის, რომელმაც იტვირთა ჩვენს გულში ამონაწობი სიტყვა, ჩვენი ჭკუისა და გონების საუნჯე, ჩვენი სულიერი ძალ-ღონე აცნობოს იმ ხალხთ, რომელნიც ქვეყნის წარმატების გზაზე მეთაურნი და მესვეურნი არიან... იმედია, რომ ამ სიყვარულით ჩაგონებული პირუთვნელი სიტყვა ბ-ნ ლაისტისა მოჰფენს მთელს განათლებულს ქვეყანას იმ ამბავსა, რომ შორს, სადღაც არის ერთი პატარა ერი, რომელსაც უცემს დიდი გული კაცობრიობის წარმატებისა, სიკეთისა და ბედნიერებისათვის“.

არტურ ლაისტი უნიკალური მოვლენაა ჩვენი კულტურის ისტორიაში. 1922 წელს ტიციან ტაბიძე წერდა:

„...საქართველოს არ ახსოვს, რომ მისი კულტურის ფრონტზე ენახოს უცხოელი, თუ ის არ იქნებოდა მისი მეზობელი, რომელიც ასიმილაციით ქართველი იყო კიდეც, როგორც მხარგრძელები და უფრო უახლოესი თუნდაც საიათნოვა. (...) პირველი, ვინაც გერმანული სისტემით და იშვიათი გამძლეობით სიბერემდე მიიტანა საქართველოს მწერლობისა და ისტორიის სიყვარული, ეს არის მხოლოდ არტურ ლაისტი“.

არტურ ლაისტი 1852 წელს დაიბადა ბრესლაუში, რომელიც იმ დროს გერმანიის ქალაქი იყო, 1945 წლიდან კი პოლონეთს ეკუთვნის და ვროცლავად იხსენიება. იქვე დაამთავრა გიმნაზია და იქაურ უნივერსიტეტში სწავლობდა. ევროპის რამდენიმე დიდი გაზეთის თანამშრომელი იყო, როცა ქართული და სომხური კულტურებით დაინტერესდა, მანამდე კი პოლონური კულტურის შესწავლითა და პოპულარიზაციით იყო გატაცებული (პოლონეთი იმ დროს, ისევე, როგორც საქართველო, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა). მოკლედ, ამ ადამიანის ხასიათის მთავარი შტრიხი ის გახლდათ, რომ მცირე ხალხთა კულტურების შესწავლისა და დასავლეთევროპელთათვის მათი გაცნობის ჟინით იყო შეპყრობილი, ამ კეთილშობილი მიზნის აღსრულებას მიუძღვნა მთელი ცხოვრება.

„რაგინდ მცირერიცხოვანი იყოს ხალხი, ის მაინც ფლობს საკმაო რაოდენობას სულიერი სიმდიდრისას, რომელიც არ უნდა დაიკარგოს“, – ამას წერდა არტურ ლაისტი მის მიერვე თბილისში დაარსებული გერმანული გაზეთის „კაუკაზიშე პოსტის“ ფურცლებზე ოსური კულტურის შესახებ, წერილში, რომლითაც 1906 წელს ვლადიკავკაზში პირველი ოსური გაზეთის დაარსებას მიესალმა. ამ სიტყვების ავტორი თავდადებით ემსახურებოდა კავკასიის ხალხთა სულიერი სიმდიდრის პროპაგანდას ევროპაში. თბილისშიც ხომ სწორედ იმიტომ დამკვიდრდა (მე-19 საუკუნის 90-იანი წლების დამდეგიდან, – მას შემდეგ, რაც ილია ჭავჭავაძის მოწვევით ორჯერ იყო უკვე ნამყოფი საქართველოში), რომ ეს კეთილშობილი მისია მეტი წარმატებით შეესრულებინა, ვიდრე ამას ევროპიდან მოახერხებდა.

არტურ ლაისტის საწუხარი ის იყო, რომ, როგორც იგი წერს, „სიმცირის გამო ამ ერის [ქართველი ერის] ისტორია სათანადოდ ვერ აისახა მსოფლიო ისტორიაში, თუმცა ეს ხალხი სახელოვნად ასრულებდა თავის მისიას კაცობრიობის წინაშე. ასეთივე ბედი ეწია მისი გონების ძვირფას ნაღვაწს კაცობრიობის საგანძურში. იგი არ აისახა მსოფლიო ლიტერატურის არც ერთ ისტორიაში. ასეთი რამ, ერთი მხრივ, შეურაცხმყოფელი უგულებელყოფაა ამ ერის ღირსი პოეტებისა და მწერლებისათვის, მეორე მხრივ, დანაკლისი ჩვენთვის იმ დროს, როდესაც დასავლეთში ესოდენ დაცემულია შემოქმედებითი ძალები“.

კავკასიის ხალხთა კულტურების ევროპაში პოპულარიზაციისთვის გერმანელი მწერლის ნაყოფიერი მოღვაწეობის წარმოსაჩენად მისი რამდენიმე ნაშრომი გავიხსენოთ: „საქართველო: ბუნება, ადათ-წესები, მცხოვრებნი“ (ლაიფციგი, 1885), „რაფაელ პატკანიანის სამი მოთხრობა“ (ლაიფციგი, 1886), „ქართველი პოეტები“ (ანთოლოგია; ლაიფციგი, 1887; 1900 წელს ამ ანთოლოგიის მეორე შევსებულ-შესწორებული გამოცემა გამოვიდა), შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“ გერმანული თარგმანი (დრეზდენი-ლაიფციგი, 1889), „სომეხი პოეტები“ (დრეზდენი, 1898), „ქართველი ხალხი“ (დრეზდენი, 1903) და სხვა მრავალი.

არტურ ლაისტის საქართველოში მოღვაწეობის დროს ჩვენში მე-19 საუკუნის დამდეგს ჩამოსახლებულ გერმანელთა ახალშენები არსებობდა. სწორედ მათთვის, კავკასიელ გერმანელთათვის, დააარსა მან თბილისში 1906 წელს გერმანულენოვანი ყოველკვირეული მრავალგვერდიანი გაზეთი „კაუკაზიშე პოსტი“, რომელიც რუსეთის იმპერიის საზღვრებს გარეთაც ვრცელდებოდა. ამ გაზეთის ფურცლებზეც აქვეყნებდა იგი მასალებს კავკასიელ ხალხთა (ქართველების, სომხების, აზერბაიჯანელების, ოსების) კულტურული ცხოვრების შესახებ. „კაუკაზიშე პოსტი“ ის არხი იყო, რომლის მეშვეობითაც გერმანულენოვანი სამყარო სისტემატურად, ყოველკვირეულად ღებულობდა ცნობებს თბილისიდან.

ქართულად არტურ ლაისტის ნაშრომები საქართველოს ისტორიის, ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ, სათაურით „საქართველოს გული“, პირველად 1923 წელს გამოიცა, შემდეგ – 1927 წელს (ორ წიგნად) და ბოლოს – 1963 წელს თეიმურაზ ფირალიშვილის ბოლოსიტყვაობითა და შენიშვნებით.

თავისი მეორე სამშობლო საქართველო, ქართული კულტურა და ქართველი ხალხი გერმანელმა მწერალმა გულით შეიყვარა და შეითვისა. „საქართველოს სიმშვენიერე ისევე ძნელი აღსაწერია და მიუწვდომელი, ვით უთვალავი თვალ-მარგალიტი აღმოსავლეთის საარაკო მფლობელისა. დიახ, ძნელია, მაგრამ ვისაც უყვარს საქართველო, მისთვის საამურია მის სილამაზეზე ლაპარაკი“, – წერს იგი სტატიაში, რომელსაც „საქართველოს სილამაზე“ ჰქვია, ხოლო წერილს „საქართველოს ბუნება“ ასე იწყებს: „ვინც ევროპიდან ბათუმს ჩამოვა, პირველად უეჭველად იფიქრებს, სამოთხეში მოვხვდიო“.

ნარკვევში „ქართული იუმორი“ არტურ ლაისტი ქართველებს ასე ახასიათებს: „ბუნებით ქართველი ხალხი მხიარული და ოხუნჯია, უყვარს ლაღობა, „ამხანაგთა თრევა“, ნაკვესების სროლა. თამამად შეიძლება ითქვას, იუმორს საქართველოში დიდი გასავალი აქვს. ყოველდღიურ ცხოვრებაში იუმორი აქ უფრო ხშირია, ვიდრე სხვა ხალხში“.

ქართველ მწერალთა შორის ყველაზე ახლო ურთიერთობა არტურ ლაისტს ილია ჭავჭავაძესთან ჰქონდა. იაკობ მანსვეტაშვილის სიტყვით, გერმანელი მწერალი „თითქმის შინაურ კაცად იყო ილიას ოჯახში“. ვრცელი სტატიით გამოეთხოვა იგი „კაუკაზიშე პოსტის“ ფურცლებიდან საქართველოს მტრების მიერ ვერაგულად გულგანგმირულ თავის დიდ მეგობარს: „დიდებული იყო წუთები, – წერს იგი, – როცა მშვენიერ საგურამოში მთვარით განათებულ ღამეებში მის გვერდით აივანზე ვიჯექი, და იგი მშვიდი, მაგრამ საზეიმო კილოთი გოეთეზე, შილერსა და სხვა დიდ პოეტებზე საუბრობდა. ეს ამაღლებული წუთები იყო. მახლობელი ტყიდან ჭრიჭინობელების ხმა მოისმოდა და ბულბულები გალობდნენ, სახლის უკან, ვეებერთელა კაკლებქვეშ, წყარო ჩუხჩუხებდა, შორს კი მთვარის ვერცხლშერეულ ზღაპრულ ღამეში არაგვი ხმაურობდა. როგორ უყვარდა ეს დიდებული, ხშირი ბაღებითა და ტყიანი მთებით გარშემორტყმული არემარე! აქ დაიბადა ბევრი მისი ლექსი, აქ მაცნობდა თავისი მშობლიური ქვეყნის პოეტურ საგანძურს და აქ ჩაეყარა საფუძველი ჩვენს მეგობრობას, რომელიც ოც წელიწადზე მეტხანს, მის უეცარ გარდაცვალებამდე, გრძელდებოდა და ამ ხნის განმავლობაში მწიკვლი არ მიჰკარებია“.

არტურ ლაისტი 1927 წელს გარდაიცვალა და დიდუბის პანთეონში განისვენებს. გერმანელ მწერალს, რომელსაც საქართველო მეორე სამშობლოდ ექცა, არც სიცოცხლეში, არც გარდაცვალების შემდეგ ყურადღება არ მოჰკლებია ქართველთა მხრიდან. არტურ ლაისტისადმი მიძღვნილ საიუბილეო წერილში „კარგი ევროპელი“, რომელიც 1922 წლის 22 ოქტომბრით არის დათარიღებული, კონსტანტინე გამსახურდია წერს: „როცა ჩვენ ტერმინს „ევროპელს“ ვხმარობთ, ჩვენ ამ ცნებაში ის კატეგორია უნდა გავარჩიოთ, რომელსაც გოეტე „კარგ ევროპელს“ უწოდებდა. (...) გოეტესებურ კარგ გერმანელს არაფერი საერთო აქვს ევროპელ კომივოიაჟორთან, ბრილიანტების სპეკულანტთან, ევროპელ ჟურნალისტთან. კარგი ევროპელი კულტურტრეგერია უპირველესი რანგისა. იგი უანგარო ფუტკარია, თავისი ერის კულტურის მატარებელი და მენერგე. ასეთი კარგი გერმანელი გახლავთ დღევანდელი იუბილარი ბატონი არტურ ლაისტი“.

 

01 laisti

ა. ლაისტის მიერ თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ ყდა

 

02 laisti

ა. ლაისტის წიგნის „ქართველი ხალხი“ ყდა

 

03 laisti

გაზეთ „კაუკაზიშე პოსტის“ პირველი ნომრის პირველი გვერდი.

 

04 laisti

მონოგრაფია ა. ლაისტის მიერ თბილისში დაარსებულ
გერმანულ გაზეთზე „კაუკაზიშე პოსტ“ (ავტორი ლ. ბრეგაძე)

 


ლიტერატურა:

1. არტურ ლაისტი. საქართველოს გული. წიგნი შეადგინა, ბოლოსიტყვაობა და შენიშვნები დაურთო თეიმურაზ ფირალიშვილმა. თბილისი: „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1963.

2. შალვა გოზალიშვილი. ილია ჭავჭავაძე და ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მეგობრები. თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1973.

3. ტიციან ტაბიძე. თხზულებანი სამ ტომად, ტ. II. თბილისი: „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1966.

4. იაკობ მანსვეტაშვილი. მოგონებანი. ლევან ასათიანის რედაქციით, წინასიტყვაობით და შენიშვნებით. ტფილისი: „ფედერაცია“, 1936.

5. კონსტანტინე გამსახურდია. რჩეული თხზულებანი, რვატომეული, ტ. VI. თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1963.

6. ლევან ბრეგაძე. მოგზაურობა „კაუკაზიშე პოსტის“ ფურცლებზე. თბილისი: „არტანუჯი“, 2010.