‍იოჰან გიულდენშტედტი (1745-1781)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

იოჰან ანტონ გიულდენშტედტი დაიბადა 1745 წ. რიგაში. გერმანელი მეცნიერი, მოგზაური, ოდერის უნივერსიტეტის დოქტორი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ,,თავისუფალი ეკონომიკური საზოგადოების” პრეზიდენტი. სწავლობდა ბერლინის სასწავლებელში. უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი (1767 წ.). 1768 წ. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ მიიწვია 1768-74 წლების ექსპედიციებში მონაწილეობის მისაღებად. გიულდენშტედტის ექსპედიცია, რომელსაც დავალებული ჰქონდა ჩრდილო კავკასიისა და საქართველოს ყოველმხრივი გამოკვლევა-შესწავლა, 1771 წლის სექტემბერში საქართველოში ჩამოვიდა, სადაც დაჰყო 1772 წ. ოქტომბრამდე. გიულდენშტედტმა მოიარა მთელი ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა, იყო გურია-სამეგრელოს საზღვრებზე, შეხვდა ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს. მისი სიკვდილის შემდეგ აკადემიკოსმა პ. პალასმა ორ ტომად გამოსცა გიულდენშტედტის ჩანაწერები ,,მოგზაურობა რუსეთსა და კავკასიის მთიანეთში”. ამ ნაშრომში მრავალი ცნობაა დაცული საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის შესახებ. ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს ქვეყნის გეოგრაფიულ და მინერალოგიურ აღწერას, კუთხეებისა და პუნქტების ისტორიის, არქიტექტურული ძეგლების, ფოლკლორული მასალის, ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის დაწვრილებით მიმოხილვას. მის მიერ ზედმიწევნითი სიზუსტით შედგენილ საქართველოს რუკას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება (ვახუშტის რუკასთან ერთად). ავტორმა უხვად მოგვაწოდა ცნობებში საქართველოს სამეფო-სამთავროთა პოლიტიკური მდგომარეობის, სოციალური ურთიერთობების, ვაჭრობა-ხელოსნობის, სოფლის მეურნეობის, ბაზრებისა და ფასების, მიმოქცევაში არსებული მონეტების, სწავლა-განათლების, კანონმდებლობის შესახებ... ასევე მნიშვნელოვანია ნაშრომში დაცული ეთნოგრაფიული ცნობები (ქორწილი, დასაფლავება, საცხოვრებელი სახლები, ტრანსპორტი, ღვინის დაყენების წესი და მრავალი სხვ.), აღწერილია მკურნალობის ადგილობრივი მეთოდები, დახასიათებულია ისტორიული პიროვნებები (მეფეები, მოხელეები და სხვ.).

მან პირველმა შეკრიბა ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები: მის ჩანაწერებში დაცულია ქართული წარწერები თბილისიდან, თელავიდან, ანანურიდან, გრემიდან, გელათიდან და სხვ. სულ 11 ქართული წარწერაა. გიულდენშტედტის მიერ შესრულებული სამუშაოს მნიშვნელობა მდგომარეობს არა მარტო იმაში, რომ მან პირველმა გადმოიღო ქართული წარწერები, არამედ იმაშიც, რომ მან საერთოდ პირველმა მიიქცია ყურაღდება ქართულ ეპიგრაფიკულ ძეგლების და მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ შესაძლებლობის მიხედვით შეკრიბა ისინი და ამით საფუძველი ჩაუყარა ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების შესწავლის ისტორიას.

კავკასიაში მოგზაურობის დროს გიულდენშტედტმა შეკრიბა ლექსიკური მარაგი და შეადგინა კავკასიაში გავრცელებული ენების შედარებითი სიტყვათა ლექსიკონები.