‍ბორის კუფტინი (1892-1953)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

kuftini borisბორის ალექსის ძე კუფტინი დაიბადა 1892 წლის 21 იანვარს, ქალაქ სამარაში 1909 წ. ბ. კუფტინმა დაამთავრა ქალაქ ორენბურგის რეალური სასწავლებელი და სწავლა გააგრძელა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. ამ დროისათვის იგი უკვე კარგად ფლობდა ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებს. 1910-1911 წლებში რუსეთში ფართოდ გაშლილ რევოლუციურ მოძრაობაში მრავალი სტუდენტი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყო ბ. კუფტინიც. ამის გამო ის 1911 წ. გარიცხეს უნივერსიტეტიდან და რუსეთიდან გაასახლეს. ემიგრაციაში იმყოფებოდა საფრანგეთში, შვეიცარიაში და იტალიაში, სადაც ისმენდა ლექციებს ჰუმანიტარულ დისციპლინებში. 1913 წ. ბორის კუფტინი ემიგრაციიდან დაბრუნდა და სწავლა გააგრძელა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ერთი წლის შემდეგ დაამთავრა ბოტანიკოსის სპეციალობით. 1914 წ. ბორის კუფტინმა მუშაობა დაიწყო მოსკოვის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში, ბოტანიკის კათედრაზე ასისტენტ-მასწავლებლად, პარალელურად შანიავსკის სახალხო უნივერსიტეტში კითხულობდა ბოტანიკის კურსს. 1916-1917 წლებში მოსკოვის სახ. უნივერსიტეტში ჩააბარა დამატებითი გამოცდები ანთროპოლოგიაში. 1918 წლის შემოდგომაზე ბ. კუფტინი არჩეულ იქნა გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრაზე მასწავლებელ-ასისტენტის თანამდებობაზე. 1919 წლის გაზაფხულზე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ფაკულტეტის საგანგებო კომისიის წინაშე, ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და წაიკითხა საცდელი ლექციების კურსი ეთნოლოგიასა და მატერიალური კულტურის ისტორიაში, რის შემდეგ მიიღო დოცენტის წოდება და დაევალა ლექციების კურსის წაკითხვა ანთროპოლოგიის კათედრაზე პირველყოფილი კულტურის ისტორიასა და ეთნოგრაფიაში. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი პირველი მეცნიერული პუბლიკაციები ეთნოგრაფიაში. გარდა ამისა იგი კითხულობდა ლექციების სპეციალურ კურსებს: აღმოსავლეთ ევროპის პალეონტოლოგია და ეთნოგრაფია; ციმბირის პალეონტოლოგია და ეთნოგრაფია; შუა აზიის და კავკასიის პალეონტოლოგია და ეთნოგრაფია; თურქული ტომების ეთნოგრაფია.

1924-30 წლებში ეთნოგრაფიის ცენტრალურ მუზეუმში ბორის კუფტინი ხელმძღვანელობდა შუა აზიის, ციმბირისა და კავკასიის განყოფილებას. 1925 წ. გახდა მატერიალური კულტურის ისტორიის აკადემიის, მოსკოვის სექციის ნამდვილი წევრი. არჩეულ იქნა საფრანგეთის ანთროპოლოგიურისაზოგადოების ნამდვილ წევრად. მოსკოვში სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში ბ. კუფტინმა განახორციელა რიგი ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ექსპედიციები და ექსკურსები: ყირიმში, ბაიკალისპირეთში, ყაზახეთში, კავკასიაში, რუსეთის ცენტრალურ რაიონებში, ამურზე. 1918 წ. სწავლობდა «ვიატიჩების და კრივიჩების» ყორღანულ სამარხებს, «დიაკოვის” ნაქალაქარს, ნეოლითურ სადგომებს მდინარე კლიაზმის და ტბა სვიატაიას მიდამოებში; 1919-24 წლებში საბუნებისმეტყველო, ანთროპოლოგიური და ეთნოგრაფიული საზოგადოების დავალებით სისტემატურად აწარმოებდა გათხრებს მეშჩერის დაბლობზე და მდინარეების ოკისა და კლიაზმის აუზის რაიონებში; 1924-26 წლებში და 1928 წ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ საბუნებისმეტყველო ანთროპოლოგიის და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საზოგადოების და ყირიმის საზოგადოების დავალებით, აწარმოებდა ყირიმის თათრული მოსახლეობის სისტემატურ ეთნოგრაფიულ შესწავლას; 1925-26 წლებში მატერიალური კულტურის ისტორიის აკადემიის, მოსკოვის სექციის დავალებით ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები მდ. ოკის აუზში; 1926-28 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ინსტიტუტის და ხალხთმცოდნეობის (ეთნოგრაფიის) ცენტრალური მუზეუმის დავალებით მოეწყო არქეოლოგიურ-ანთროპოლოგიური ექსპედიცია ოსეთში და ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზე ე. წ. სამხრეთ ოსეთში; 1926 წ. ქ. ქერჩის არქეოლოგიურიკონფერენციის დავალებით ჩაატარა გამოკვლევები ტამანის ნახევარკუნძულზე; 1927-28 წლებში ჩაატარა ანთროპოლოგიურ-არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული ექსპედიცია ტუნგუსების ტომის ისტორიის შესწავლისათვის ჩრდილოეთ ბაიკალისპირეთში, სახალინზე, თათრების ყურეში, ამურზე, ოხოტის ზღვის სანაპიროზე, დაზვერა ბაიკალის და მდ. ანგარის აღმოსავლეთი სანაპიროს მიდამოები; 1929 წ. ხალხთმცოდნეობის ცენტრალური მუზეუმის დავალებით მოაწყო ეთნოგრაფიული ექსპედიცია საქართველოში (რაჭა, მესხეთი).

1927 წ. ეთნოგრაფიაში სამეცნიერო შრომების ერთობლივი ციკლისათვის ბორის კუფტინი დაჯილდოვდა გეოგრაფთა საკავშირო საზოგადოების ოქროს მედლით, ხოლო 1928 წ. დაამტკიცეს საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთის ხალხების და კულტურის ინსტიტუტის პროფესორად და ნამდვილ წევრად. 1929-30 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურასთან უთანხმოების საფუძველზე ბ. კუფტინი იძულებით გადასახლებაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში ის აგროვებდა მასალებს ჩუქჩების ყოფა-ცხოვრებაზე კერძოდ კი შამანებზე. 1933 წ. იგი გადასახლებიდან დაბრუნდა ქ. მოსკოვში ყველა უფლების აღდგენით. 1933 წლის აპრილში ბორის კუფტინმა დახმარება სთხოვა გიორგი ნიორაძეს, რომელთანაც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ინსტიტუტში ერთობლივი მუშაობა აკავშირებდა, რათა გადმოსულიყო საქართველოში. 1933 წლის დეკემბერში გიორგი ნიორაძის ხელშეწყობით იგი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილებაში, ჯერ მეცნიერ კონსულტანტად, შემდეგ კი უფროს სპეციალისტად. პირველ ხანებში ბორის კუფტინი გიორგი ნიორაძის სახლში სტუმრობდა, შემდეგ კი ბინა გამოუყვეს მაშინდელი მეტეხის, შემდეგ ალავერდის შესახვევის №7 სახლში (ამჟამად ბ. კუფტინის ქუჩის შესახვევი). საქართველოში ბ. კუფტინის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას მიეძღვნა. მისი მუზეუმში მუშაობის დასაწყისი დაემთხვა არქეოლოგიური გამოფენის მოწყობას, რომელიც ივანე ჯავახიშვილის ხელისშეწყობით განხორციელდა.

საქართველოს ტერიტორიაზე ბ. კუფტინმა არქეოლოგიური ძეგლები დაახლოებით 53 პუნქტში შეისწავლა. 1934 წლის შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის არქეოლოგიური ესპედიციის მუშაობაში. აქ იგი იკვლევდა ბრინჯაოს ხანის ძეგლებს, კერძოდ დოლმენებს. 1936 წ. ივანე ჯავახიშვილის წინადადებით სათავეში ჩაუდგა არქეოლოგიურ გათხრებს თრიალეთში, სადაც ხრამჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით წყლით უნდა დაფარულიყო წალკის პლატოს მნიშვნელოვანი ნაწილი.

ბ. კუფტინმა თრიალეთში თავიდანვე ფართო საველე სამუშაოები გააჩაღა. 1936-1940 წლებში შეისწავლა ბრაქსიზმის ქვის ხანის სადგომიდან ადრე საშუალო საუკუნეების სამაროვნებამდე სხვადასხვა ხასიათისა და დროის ძეგლები, რომლებმაც სრულიად ახლებურად გააშუქა უძველესი ქართული კულტურის მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ თრიალეთის მასალების საფუძველზე გამოყოფილი მანამდე უცნობი, გვიანბრინჯაოს ხანაზე უწინარესი კულტურები – მტკვარ-არაქსისა და თრიალეთის. აღნიშნული კულტურები შეიცავდა აღმოსავლეთის ცივილიზაციის უძველესი პერიოდის თანდროულ და ტოლფასოვან ძეგლებს, რომელიც მანამდე საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი არ ყოფილა.

სხვადასხვა წლებში ბორის კუფტინი მუშაობდა დაბლაგომში, საჩხერეში, შიდა ქართლში, სამხრეთ ოსეთში და იმერეთში. ამ სამუშაოების შედეგებმა მის არაერთ მონოგრაფიასა და სტატიაში ჰპოვა ასახვა. 1944 წ. ბ. კუფტინი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ამავე წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1946 წ. არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. იგი აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ საქმიანობაში. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის აუდიტორიაში სისტემატურად ატარებდა ლექციების კურსს თემაზე: «არქეოლოგიური კვლევის მეთოდი და ამოცანები» უნივერსიტეტის პედაგოგებისათვის, სამხარეო მუზეუმების თანამშრომლებისათვის. ეხმარებოდა და კონსულტაციას უწევდა ახალგაზრდებს. ბ. კუფტინის მეუღლე გახლდათ ვალენტინა კონსტანტინეს ასული სტეშენკო-კუფტინა. ცნობილი პიანისტი, ვანო სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, წარმოშობით კიევიდან. იგი მეტად ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა კონსერვატორიაში. მისი მოწვევით თბილისში ჩამოვიდნენ ცნობილი პიანისტები: ს. რიხტერი, გ. გინზბურგი. მეგობრობდა ბორის გოლდენმეიზერთან. ვალენტინა მეუღლეს ყველა ექსპედიციაში თან ახლდა და მისი სიძნელეების და წარმატებების მოზიარე იყო.

1952 წ. ბორის კუფტინი თურქმენეთში გაემგზავრა, სადაც მიიწვია თურქმენეთის კომპლექსური არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა მიხეილ მასონმა. იქ იგი ხელმძღვანელობდა თურქმენეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ბრინჯაოს ხანის შემსწავლელ არქეოლოგიურ რაზმს და იკვლევდა ,,ანაუს” კულტურას.

1953 წელს ბ. კუფტინი ისევ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაბრუნდა სამუშაოდ. ბორის კუფტინმა ქართული არქეოლოგიური მეცნიერების განვითარებაში დაიმკვიდრა სრულიად განსაკუთრებული ადგილი. იგი იყო მრავალმხრივი, ფართო და ღრმად ერუდირებული მეცნიერი. მისმა ნაშრომმა ,,არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში”, პირველად არქეოლოგიაში სახელმწიფო პრემია დაიმსახურა. სამწუხაროდ მას ვერ დასცალდა განეხორციელებინა ის გეგმები, რომელიც სამომავლოდ ჰქონდა წარმოდგენილი. 1953 წლის 2 აგვისტოს ლატვიაში ქ. რიგის მახლობლად მეცნიერის სიცოცხლე ტრაგიკულმა შემთხვევამ შეიწირა. მისი ბოლო სურვილის თანახმად ის საქართველოში გადმოასვენეს და ქალაქ თბილისში ვაკის საზოგადო მოღაწეთა პანთეონში დაკრძალეს.