‍ლუარსაბ ბოცვაძე (1865-1919)

ავტორი: არკადი ხუნდაძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

bocvadze lu35ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაიბადა 1865 წელს სოფელ ნოღაში (სამტრედიის რაიონი). ლუარსაბს ბავშვობიდანვე ეტყობოდა დიდი ნიჭი და მისწრაფება სწავლისადმი.

მკვირცხლი და თავაზიანი პატარა ლუარსაბი პირველად მშობლებმა მიაბარეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც ის დიდხანს არ დარჩენილა. სასულიერო სასწავლებლიდან მამამ ლუარსაბი ხონის საოსტატო სემინარიაში გადაიყვანა. აქ იგი გულმოდგინედ დაეწაფა თვითგანვითარებასა და არალეგალური ლიტერატურის კითხვას.

ხონის საოსტატო სემინარია ლუარსაბმა წარჩინებით დაამთავრა 1888 წელს. ამავე წლის სექტემბერში ის დაინიშნა სოფელ წყალტუბოს სამინისტრო სკოლის მასწავლებლად.

წყალტუბოს სკოლაში იგი პირველად შეუდგა მასწავლებლობის მძიმე ტვირთის ზიდვას. აღნიშნულ სკოლაში ლუარსაბ ბოცვაძის სამი წლის დაუღალავმა და შრომისმოყვარეობით აღსავსე საქმიანობამ თვალსაჩინო ნაყოფი გამოიღო და იმის გამო, რომ სკოლა სასურველ ნიადაგზე დადგა, ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიყვარა და დააფასა როგორც სასწავლებელი, ისე მისი დიდად მოჭირნახულე ახალგაზრდა მასწავლებელიც.

წყალტუბოში ლუარსაბ ბოცვაძე არა მარტო კარგი მასწავლებლის სახელით იყო ცნობილი, არამედ მისაბაძ საზოგადო მოღვაწედ იქნა აღიარებული. „თავის დღეში არ დამავიწყდება, – წერს მოგონებაში ცნობილი საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი ალექსანდრე მიქაბერიძე, – ერთი მეტად დამახასიათებელი ფაქტი ლუარსაბისა და ჩემი ცხოვრებიდან.

ეს ის დრო იყო, როცა უმაღლესი სწავლის მისაღებად პირველად რუსეთში მივემგზავრებოდი. განსვენებულს მაშინ არ ვიცნობდი, თუმცა წყალტუბო, სადაც ლუარსაბი ამ დროს მასწავლებლობდა, ჩემი სამშობლო სოფლის მეზობლად მდებარეობს. რუსეთში გამგზავრების რამდენიმე დღით ადრე ჩემი სოფლის ეკლესიის გალავანში ნაცნობმა წერილი და 25 მანეთი გადმომცა და მითხრა, – წყალტუბოს მასწავლებელმა გამოგიგზავნაო. ჯერ კიდევ გაუცნობელი ლუარსაბი მწერდა: „მიიღეთ ჩემგან ეს ოცდახუთი მანეთი, თუმცა მცირედია, მაგრამ სულით და გულით მოძღვნილია, როცა სწავლას დაამთავრებთ, ვიმედოვნებ, თქვენ სხვას გაუწევთ დახმარებას და ამრიგად გადავიხდით ერთიმეორის ვალსაო”. მე არ ვიტყვი, რამდენად გავამართლე განსხვენებულის იმედი, ხოლო ის კი აშკარაა, რომ ლუარსაბი მაშინაც კი, როცა თვიურად იღებდა არა უმეტეს ოცი მანეთისა, ლუკმა-პურს იკლებდა და მოსწავლე-ახალგაზრდობას იშვიათ მზრუნველობას უწევდა. ეს ფაქტი კი მეტად საგულისხმიერო და დამახასიათებელია განსაკუთრებით ლუარსაბის საზოგადო მოღვაწეობის დაფასების დროს”.

წყალტუბოდან ლუარსაბ ბოცვაძე ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსებულ წინამძღვარიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში გადაიყვანეს მასწავლებლად, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 1892 წელს ის კავკავის ქართული სკოლის მასწავლებლად მიიწვიეს.

კავკავის ქართულ სკოლაში, რომელიც „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ” გახსნა 1888 წელს ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის მეცადინეობით, ფართოდ გაიშალა ლუარსაბ ბოცვაძის პედაგოგიურ-საზოგადოებრივი მუშაობა და მან სამართლიანად დაიმსახურა საყვარელი პედაგოგის სახელი იქაურ ქართველთა შორის.

ლუარსაბ ბოცვაძე მაღალი პედაგოგიური შეგნებით, ცოდნითა და დაკვირვებით ასწავლიდა ქართულ ენას. მას რუსული ენის სწავლების საქმეც იშვიათად ჰქონდა დაყენებული კავკავის ქართულ სკოლაში.

ქართული ენის ცოდნა ხომ საუცხოო ჰქონდა მის მოწაფეებს. რუსულ ენასაც საგანგებოდ ასწავლიდა ლუარსაბიო, – აღნიშნავს გიორგი ნათაძე თავის მოგონებაში და ამის საილუსტრაციოდ ერთი შემთხვევა მოჰყავს: „ერთხელ კავკასიის სასწვლო ოლქის მზრუნველი ზავადსკი ეწვია ქართულ სკოლას. დაესწრო ლუარსაბ ბოცვაძის რუსული ენის გაკვეთილს მეოთხე განყოფილებაში. მზრუნველს კმაყოფილება ეტყობოდა ბავშვების ცოდნით. ერთი მოხევის გოგონა ააყენა და ჰკითხა მზრულმა, კრილოვის რომელი არაკი იცი ზეპირადაო. გოგონამ დაუსახელა. მზრუნველმა ათქმევინა ზეპირად, მერე უთხრა: აბა, გადი, ეს არაკი საკლასო დაფაზე დაწერეო. გოგონამ მშვენიერი სწორი ხელით, გარკვეულად დაწერა არაკი, რაც დაეტია დაფაზე და მხოლოდ ერთი უმნიშვნელო შეცდომა დაუშვა. პატარა ქალის რუსული ენის ასეთმა ცოდნა განცვიფრებაში მოიყვანა მზრუნველი. იგი, როგორც ეტყობოდა, მოელოდა, რომ „ინოროდცების” სკოლაში რუსული ენის სწავლების სისუსტეს იპოვიდა და მასწვლებელს შეახურებდა. უბრძანებდა რუსული ენის სწავლების ადრე დაწყებას და გაკვეთილების რიცხვის მომატებას. ზავადსკის „ცნობილი” სლავინსკიც ახლდა. რეალური სასწვლებლის პედაგოგიურ საბჭოს სხდომაზე ზავადსკის ეთქვა: გამაკვირვა ქართული სკოლის მოწაფეთა რუსული ენის კარგად ცოდნამაო. თერგის ოლქის სკოლების დირექტორი გრუშევსკი სუსტ მასწავლებლებს ეტყოდა ხოლმე: „Идите в грузинскую школу, поучитесь у учителя Боцвадзе” და გზავნიდა ლუარსაბ ბოცვაძის გაკვეთილებზე დასასწრებად რუს მასწავლებლებს”.

ლუარსაბმა 14 წელი დაჰყო კავკავში. კავკავის ქართული სკოლა მისი შრომითა და უნარით გაიზარდა და დიდ სასწავლო-კულტურულ დაწესებულებად გადაიქცა. სკოლის კეთილდღეობისათვის ლუარსაბ ბოცვაძის დაუშრეტელმა მოღვაწეობამ ისეთი დიდი ნაყოფი გამოიღო, რომ ბოლოს „კავკავის ქალაქის გამგეობამ, როგორც გადმოგვცემს გიორგი ნათაძე, კავკავის ქართველებს მისცა ქალაქის საუკეთესო მაღლობზე საკმაოდ დიდი ფართობი მიწისა. აქ აშენდა გრანდიოზული შენობა. ზაფხულობით ლუარსაბი დასვენების მაგიერ თვალყურს ადევნებდა ამ სკოლის მშენებლობას. ამ შენობაში მოთავსებული იყო ქართული სკოლა, საკრედიტო საზოგადოება, თეატრი და ჭრა-კერვის პროფესიული სკოლა. ხალხი ამბობდა: „ამ შენობის კედლები ლაურსაბის ფილტვებით არის გამომშრალიო”.

ლუარსაბ ბოცვაძის მიერ კავკავში მოწყობილი საკვირაო სკოლის კარგ დონეზე დაყენება, სამხატვრო-სალიტერატურო დილა-საღამოებისა და წარმოდგენების გამართვა ყველას უდიდეს კმაყოფილებას ჰგვრიდა.

ლუარსაბმა კავკავში მდიდარ სამკითხველოს მოწყობასთან ერთად, მუზეუმიც გახსნა, რისთვისაც მისი მცირე ხელფასის ფონდიდან იძენდა ძველ ხელნაწერებს, წიგნებსა და სამუზეუმო ნივთებს.

კავკავის საზოგადოებამ ლუარსაბ ბოცვაძეს მისი პედაგოგიურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობის 25 წლის აღსანიშნავად ასეთი წერილი მიართვა: „საუკეთესო დღენი ცხოვრებისა და უმეტესი დრო თქვენი სასარგებლო მოღვაწეობისა კავკავის ქართველებში გაატარეთ. თქვენ თოთხმეტი წელიწადი ეწეოდით მძიმე უღელს მასწავლებლობისას კავკავის ქართულ სკოლაში. იმ დროს ის იყო კავკაველი ქართველები გამოდიოდნენ თავდავიწყების ბურუსიდან, მაშინ ჯერ კიდევ სუსტად გრძნობდნენ განათლებისა და დედა-ენის საჭიროებასა და მნიშვნელობას. აი, ამ დროს თქვენ მხნედ და დაუღალავად აღვიძებდით ჩვენში როგორც მოზარდ თაობაში, ისე მდაბიო ხალხში, მამულიშვილურ გრძნობებს. თქვენი მხნეობითა და მეცადინეობით შეიყვარა კავკაველმა ქართველმა ქართული სკოლა, დედა-ენა და ქართული წიგნი. თქვენ მოაგონეთ და შეაყვარეთ კავკაველ ქართველებს დავიწყებული სამშობლო. ჩვენი პატარა სკოლა თქვენ თვალწინ და თქვენი დიდი ღვაწლით გადაიქცა დიდ ეროვნულ-განმანათლებელ საქმედ. თქვენს დროს ჩაიყარა პირველი საძირკველი ჩვენი სკოლის საკუთარი შენობისა და თქვენის მონაწილეობით ეს შენობა გაიზარდა, გაართოვდა და გადაიქცა აქაური ქართველების საერთო ეროვნულ კერად”.

1906 წლის სექტემბერში დატოვა ასე დიდად ღვაწლმოსილმა ლუარსაბ ბოცვაძემ კავკავი და გადმოვიდა მასწავლებლად ქ. თბილისის ქართულ გიმნაზიაში.

საქართველოს დედაქალაქში ლუარსაბ ბოცვაძის მასწავლებლად მოწვევა მისი მრავალფეროვანი საქმიანობის კიდევ უფრო გაღრმავება-გაფართოების მკვიდრი საფუძველი გახდა.

როგორც ყველგან, ისე თბილისის ქართულ გიმნაზიაშიც ლუარსაბ ბოცვაძემ მასწავლებლობა ნაყოფიერ საზოგადოებრივ საქმიანობას შეუთავსა.

ლუარსაბი თბილისის ქართული გიმნაზიის მასწავლებელი იყო, როცა მას მადლიერმა ერმა ოცდახუთი წლის ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მადლობა გადაუხადა.

აღნიშნული გიმნაზიის მასწავლებლობამ ლუარსაბ ბოცვაძის ღვაწლი მოკლედ ასეთი შინაარსის წერილით დაახასიათა:

“ჩვენო ძვირფასო ამხანაგო ლუარსაბ! დღეს ჩვენ, შენი ამხანაგები, ერთსულოვნად და ერთგულად გილოცავთ 25 წლის ნაყოფიერ მოღვაწეობას საზოგადო და პედაოგიურ ასპარეზზე. გისურვებთ კვლავაც გაგეგრძოს ნაყოფიერი და სასარგებლო შრომა ჩვენი ერის საბედნიეროდ და საკეთილდღეოდ. გვჯერა, რომ შენს მიერ ნათეს პატიოსან და ადამიანურ გრძნობებზე აღზრდილია და აღიზრდება მრავალი თაობა, რომელიც აღიბეჭდავს გულში უკვდავ ძეგლად შენდამი ღრმა სიყვარულს, რაიცა საუკეთესო ჯილდოდ უნდა ჩაითვალოს ყველა პატიოსან მოღვაწისათვის”.

ლუარსაბ ბოცვაძე თავისი პედაგოგიური მუშაობის პროცესში მართლაც რომ უხვად თესდა პატიოსან და ადამიანურ გრძნობებს მოწაფეთა შორის და აყვარებდა მათ სამშობლოს. ამას ადასტურებს ლუარსაბ ბოცვაძის ყოფილი მოწაფის აკადემიკოს ნიკო კეცხოველის მოგონება.

“ის იყო განათლებული პედაგოგი, – წერს ნიკო კეცხოველი, – განუწყვეტელი ექსკურსიების ჩამტარებელი. მან წაგვიყვანა ბეთანიას, საგურამოს, კრწანისს. აქ გვათქმევინა ლექსები. აქ გვიამბო საქართველოს ტრაგედიის ყველაზე საშინელი ფურცლები. მან შეგვაყვარა სამშობლო და აგვიხილა თვალი.

ერთ დღეს ლუარსაბმა კლასში შემოიტანა ხელით დაწერილი რამდენიმე ფურცელი და დაურიგა ხუთსა თუ ექვს მოწაფეს. „ეს ლექსები ისწავლეთ. ლექსები ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისას” ნაწყვეტები იყო.

მეორე თუ მესამე დღეს ლუარსაბმა დავალება ჩაიბარა. ყველამ ძალიან კარგად იცოდა. განსაკუთრებით მოეწონა იმ მოწაფის კითხვა, ვისაც დავალებული ჰქონდა „დაჰკრეს ნაღარა, გული შეზარა”, და ერეკლეს მიმართვა: „ამ დროს აღმოჩნდა სამხრეთით მტერი”, „მწყემსო კეთილო...”

10 სექტემბერს გამოგვიცხადა, რომ ხვალ წიგნებს ნუ მოიტანთ. ცოტ-ცოტა საუზმე ჩაიდეთ ჯიბეში და ისე გამოცხადდითო. მეორე დღეს, ე. ი. 11 სექტემბერს, ჩვენი ძვირფასი ლუარსაბი უკვე გიმნაზიის ეზოში იდგა. გაგვამწკრივა და გვითხრა: აბა, წყნარად იყავით, კრწანისში უნდა წავიდეთო.

ყოფილი ერევნის მოედნამდე, ვგონებ, ტრამვაით წაგვიყვანა, იქიდან კი – ფეხით. შეგვაჩერა სიონის ტაძართან, ცოტაოდენი გვესაუბრა. უფრო დიდხანს ვიყავით ნარიყალას ციხესთან და ბევრი რამ გვიამბო მის შესახებ. მეტეხის ხიდთანაც შეგვაჩერა. ჩავედით კრწანისში. მშვენიერი დღე იყო, შეგვიყვანა ერთ ბაღში, რომლის პატრონი ქუდმოხდილი და პირზე ღიმილით შეგვხვდა. მშვენიერ მწვანეზე მიგვითითა: აი, ბალღებო, აქ მოისვენეთ და მეც ხილს მოგიტანთო. მშვენიერია შემდოგომით კრწანისი, მისი ბაღები ათასნაირი ხილით თვალწარმტაცია. ჩვენმა მასპინძელმა მოგვიტანა ხილი: ლეღვი, ატამი და სხვა, ცოტა როდი იყო. ან რა ცოტა გვეყოფოდა! 50 მოწაფეზე მეტი ვიყავით... დიდი ჟივილ-ხივილი შეგვექნა. ლაურსაბიც ჩვენში ტრიალებდა, გვესაუბრებოდა.

ბალღებმა რომ გული ვიჯერეთ, გვითხრა: აბა, ახლა დასხედით და ყური მიგდეთო. ჩვენც პირდაპირ მიწაზე, ხის მორებზე თუ სხვა რამეზე მოვეწყეთ და ყურები ვცქვიტეთ. მან პატარა წიგნი ამოიღო და დაიწყო... „მწყემსო კეთილო, შენს წმინდა სამწყსოს” და სხვა.

გავინაბეთ, სმენად გადავიქეცით. ნელა და დინჯად ისმოდა მასწვლებლის ხმა. სანამდე ის კითხულობდა, კრინტი არავის დაუძრავს, არ მახსოვს ბოლომდე წაგვიკითხა, თუ მხოლოდ პირველი ნაწილი. მახსოვს კი, რომ გული ბავშვური სევდით აივსო.

– იცით დღეს რა დღეა? 11 სექტემბერია. ამ დღეს აიღო თბილისი აღა-მაჰმად-ხანმა... – და გვიამბო საქართველოს მაშინდელი ამბავი: – აი, ეს მიწა ის მიწაა, სადაც 300 არაგველი დაიღუპა, სადაც საქართველოს თავისუფლებისათვის ჩვენი მამა-პაპათა სისხლი იქცეოდა.

– აბა, პავლე, ბიჭო, შენებურად წაგვიკითხე შენი ლექსი.

აქ პავლემ თქვა „მწყემსო კეთილო”, მეორემ „დაჰკრეს ნაღარა” და სხვა.

დავიარეთ მთელი კრწანისი. ფეხს ფრთხილად ვადგამდით, თითქოს არ გვინდოდა მეტად შეგვეწუხებინა ის მიწა, რომელმაც ამდენი უბედურება გადაიტანა”.

სამწერლო-პედაგოგიურ ასპარეზზე ლუარსაბ ბოცვაძე 1893 წლიდან გამოვიდა. მისი პედაგოგიური წერილები თავიდანვე მტკიცე დებულებებით ადასტურებდა იმას, თუ როგორ უნდა ყოფილიყო ჩვენში სწავლა-აღზრდის საქმე დაყენებული, რომ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდობას სკოლებიდან ცხოვრებაში გამოსადეგი ცოდნა და განათლება გამოეტანა.

ლუარსაბის პირველი წერილი „პედაგოგიური შენიშვნები, სამრევლო სკოლის მასწავლებელთა საყურადღებოდ (პირველი დღე სკოლაში)” დაიბეჭდა 1893 წლის ჟურნალ „მწყემსში”. 1895 წლის სექტემბრის გაზეთ „ივერიაში” გამოქვეყნდა მეტად საინტერესო ფელეტონი: „მეთვალყურის შენიშვნები (ზოგიერთი ჩვენი კრიტიკოსები), ბ-ნი ბალტაზარი – „მშიშარა მასწავლებლები” და მათი აზრი ბ-ნ გოგებაშვილის ანბანისა და დედა-ენის შესახებ”.

დაუღალავი პედაგოგი და მწერალი ლუარსაბ ბოცვაძე „ივერიასა” და „მწყემსში” თანამშრომლობით არ კმაყოფილდებოდა და 1896-97 წლების „მოამბეში” გამოქვეყნა წერილი „პედაგოგიური განყოფილება სრულიად რუსეთის გამოფენისა ნიჟნი-ნოვგოროდში”. საერთოდ არ ყოფილა ჩვენში არც ერთი, ცოტად თუ ბევრად საინტერესო, სასკოლო-საგანმანათლებლო საკითხი, რომ ლუარსაბის კალამი არ შეხებოდეს.

არა ერთხელ გამოუთქვამს მას თავისი აზრი ჩვენს სკოლებში უცხო ენის სწავლების შესახებაც. მისი წერილი სათაურით: „რა ვნება მოაქვს უცხო ენის ადრე სწავლებას (მშობელთა და მასწავლებელთა საყურადღებოდ)” 1898 წლის გაზეთმა „ივერიამ” დაბეჭდა და დასმული საკითხისადმი ეს წერილი ლუარსაბის დაკვირვებული მიდგომის საუკეთესო დამადასტურებელია.

ლუარსაბ ბოცვაძეს არც საყმაწვილო ჟურნალები ავიწყდებოდა. ის ხშირად იხილავდა და არჩევდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე „ჯეჯილსა” და „ნაკადულს”.

1908 წელს ლუარსაბ ბოცვაძემ დააარსა სამეცნიერო-პედაგოგიური და სალიტერატურო ჟურნალი „განათლება”, რომლის რედაქტორ-გამომცემელი თვითონვე იყო.

ლუარსაბმა თავისი ძირითადი პედაგოგიური პრინციპი შემდეგნაირად ჩამოაყალიბა ჟურნალ „განათლების” პირველი ნომრის მოწინავეში: „უმთავრესი ძირი კულტურული ცხოვებისა ენაა. სამშობლო ენა ის ნიადაგია, რომელზედაც აღმოცენდება ნორმალური, კულტურული ზრდა და განვითარება ხალხისა. ამიტომ სწავლა-განათლება ხალხისა უსათუოდ სამშობლო ენაზე უნდა იყოს მოწყობილი, ეს აუცილებელი პირობაა, რომლის გარეშე შეუძლებელია განმანათლებელ დაწესებულებათა მოქმედება და ამასთან ძირითადი მოთხოვნილებაა იმ დროის და, თუ გნებავს, ყველა დროის პედაგოგიისა”.

ლუარსაბის წერილს „დედა-ენა, როგორც საფუძველი სწავლებისა”, შემდეგი სიტყვები აქვს ეპიგრაფად წამძღვარებული: „არც ერთ საგანს, რასაც სკოლები ასწავლიან, არა აქვს იმაზე მეტი მნიშვნელობა, როგორც სამშობლო ენას”.

არსებულით გულგატეხილი, მხოლოდ მომავლის იმედით გაცისკროვნებული ლუარსაბ ბოცვაძე 1908 წელს ასე წერდა: უეჭველია, მალე დადგება ის დრო, რომ მშობლიურ ენას ყველა სკოლებში მიენიჭება უპირველესი და ღრმა აღმზრდელობითი მნიშვნელობაო.

მხატვრულ ლიტერატურას ლუარსაბ ბოცვაძე დიდ საშუალებად თვლიდა ენის დახვეწისა და ბავშვთა სწორად აღზრდისათვის. „სამშობლო პოეზიის ნაწარმოების შესწავლა, – წერდა იგი, – პატარაობიდანვე საჭიროა და დიდად სასარგებლო, ამას ამტკიცებს ბელინსკის სიტყვებიც: დეე, ბავშვის ყური პატარაობიდანვე მიეჩვიოს მშობლიური ენის ჰარმონიას, გული აღივსოს მშვენიერების გრძნობიტ; დეე, პოეზიამ მუსიკალურად იმოქმედოს ბავშვებზე”.

ლუარსაბ ბოცვაძე თავს ევლებოდა ჟურნალ „განათლებას”, როგორც მისი რედაქტორი და სულისჩამდგმელი.

ლუარსაბი იყო არა მარტო რედაქტორ-გამომცემელი ამ ჟრუნალისა, არამედ ყველა ტექნიკურ საქმიანბოასაც ის ასრულებდა.

თითქმის ყევლა, ვისაც კი რაიმე დაუწერია ან უთქვამს ლუარსაბ ბოცვაძის შესეახებ, ერთხმად აღიარებს, რომ იგი ენერგიით აღსავსე მუშაკი იყო და, აი, სწორედ ამ თავგანწირულმა შრომამ და მოუსვენარმა მრავალმხრივმა საქმიანობამ უდროოდ გატეხა, დაასნეულა და გამოასალმა იგი სიცოცხლეს.

ქართული კულტურისა და სწავლა-განათლების დარგის გამოჩენილი მოღვაწე და სამაგალითო ადამიანი ლუარსაბ ოცვაძე 1919 წლის 24 ივნისს გარდაიცვალა.

ჟურნალმა „ჯეჯილმა” ლუარსაბ ბოცვაძის გარდაცვალებას ასეთი სტრიქონები უძღვნა: „მოკვდა ლუარსაბი და მაშინვე გრძნობთ, რომ მოგვაკლდა დიდი ძალა, რომელიც ამოძრავებდა საზოგადო საქმეს... ლუარსაბ ბოცვაძე დიდი მუშაკი იყო... ის აკეთებდა დიდ საქმეს, აშენებდა ჩვენს სკოლას. ის იყო ნამდვილი პედაგოგი-მასწავლებელი”.

“ნაკადულმა”, რომლის სარდაქციო კოლეგიის წევრი ლუარსაბი იყო, განსვენებულის შესახებ ასე დაამთავრა თავისი წერილი: „დიახ, ლუარსაბ ბოცვაძემ პირნათლად შეასრულა თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობა საზოგადოების წინაშე და მადლიერი ერი არასოდეს არ დაივიწყებს თავის უანგარო მოღვაწეს”.