‍მამია გურიელი (1836-1891)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

0068 guriმამია გურიელი (,,ფაზელი”) დაიბადა 1836 წ. 16 იანვარს, სოფ. ლესაში (ლანჩხუთის რაიონი). ქუთაისი), იგი სამეგრელოსა და გურიის მთავართა პირდაპირი შთამომავალია. აღიზარდა გურიის მთავართა სასახლეში. 1851-53 წწ. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ სამხედრო სამსახურში იყო. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომებში (1853-56 წწ.).

მ. გურიელი ლიტერატურულ ასპარეზზე XIX ს-ის 60-იან წლებში გამოჩნდა 1860 წ. ,,ცისკრის” №1-ში გამოაქვეყნა პირველი ლექსი ,,ფარვანა”. ხოლო შემდეგ იგი თითქმის ყველა ქართულ გაზეთსა და ჟურნალში თანამშრომლობდა.

მ. გურიელს იცნობდნენ და აფასებდნენ გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ნ. ნიკოლაძე, გ. ლასხიშვილი და სხვები.

მ. გურიელის თხზულებათა წიგნი ქუთაისში გამოვიდა 1897 წ., რომელიც მის პოეტურ მემკვიდრეობას ძირითადად მოიცავს. განიცადა ქართველი რომანტიკოსებისა და თერგდალეულების გავლენა. მის პოეზიაში აისახა რთული საზოგადოებრივი და მოუწყობელი პირადი ცხოვრებით, მარტოობითა და სიღარიბით გამოწვეული სულიერი განცდები, მელანქოლია. იგივე საფუძველი უდევს მის ბოჰემურ განწყობილებას, ღვინისა და ქალის ტრფიალში თავდავიწყების თემას.

გალაკტიონ ტაბიძის თქმით, ,,მამია გურიელს ჰქონდა თავისი საათი უმაღლესი სილამაზის და აყვავებისა”. ცოცხალ ურთიერთობაში აშკარად გამოკვეთილი არტისტიზმით მამია გურიელი ლიტერატურულ პერსონაჟს ჰგავდა და გარკვეულად აქედან შეიქმნა კიდეც მისი გალეგენდების ფაქტი. ცხოვრების გამორჩეული სტილი, ბრწყინვალე გარეგნობა, მჭერმეტყველური ნიჭი და, რაც მთავარია, ფაქიზი პოეტური სული მას მაღალ რეპუტაციას უხვეჭდა ლიტერატურულ წრეებში. პოეტის დახვეწილი არისტოკრატიზმი მშვენივრად ეხმარებოდა მის სულიერ დემოკრატიზმს. პოეტური მრწამსით იგი ახლოს იდგა სამოციანელებთან და განიცდიდა მათი რეალისტური პრინციპების გავლენას (,,პოეტი და ჩვენება”, ,,ს-სს”). აღიარებდა ლიტერატურის საზოგადოებრივ მნიშვნელობას, ცხოვრებასთან მისი მჭიდრო კავშირის აუცილებლობას, მაგრამ პრაქტიკული შემოქმედებით რომანტიკული სკოლის გვიანი მიმდევარი იყო.

მ. გურიელის სახელსა და მისი ლექსების პოეტურ რემინისცენციებს არაერთგზის ვხვდებით გალაკტიონ ტაბიძის, აგრეთვე ქართველ სიმბოლისტთა (ტ. ტაბიძის, ვ. გაფრინდაშვილის) ნაწერებში. ,,ციხფერყანწელები” მ. გურიელს თავიანთ ლიტერატურულ წინამორბედად მიიჩნევდნენ.

მხატვრული სიტყვის სფეროში, როგორც ტ. ტაბიძე აღნიშნავს, ,,მამია გურიელი უფრო პოეტი ვიზიონერი იყო, ვინემ მქმნელი”. მისივე სიტყვით, თუ გალაკტიონ ტაბიძე ჩვენს საუკუნეში სხვათაგან განსხვავებული პოეტური ცხოვრების ელფერით არის ,,მარტოობის ორდენის კავალერი”, ,,პირველი კავალერი მარტოობის ორდენისა” იყვნენ ნ. ბარათაშვილი და მამია გურიელი.

მამია გურიელის პოეზიის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი პატრიოტიზმია (ლექსები ,,კარჩხალის მთები”, ,,პოეტი და ჩვენება”, ,,ჩემი ალავერდი”, ,,ჩემს ძმას ჯაბას”). მისი ყველაზე ცნობილი ლექსია ,,ადამიანი” (1867), რომელიც ღრმა ჰუმანიზმითაა განმსჭვალული. მას ეკუთვნის აგრეთვე რომანტიკული პოემა ,,რაშიდვარდან-ოღლი” (1872-89). ქართულად თარგმნა რ. ბერნსის, ჯ. ბაირონის, გ. ლესინგის, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ტ. შევჩენკოს და სხვათა თხზულებანი.

მ. გურიელმა სიცოცხლის ბოლო პერიოდი ქუთაისში გაატარა და გარდაიცვალა 1891 წლის 26 ივლისს. დაკრძალულია არქიელის გორაზე, წმინდა გიორგის ეკლესიის გალავანში, მრავალსაუკუნოვანი ძელქვების ქვეშ. მისი მის გარდაცვალებაზე ნიკო ნიკოლაძე წერდა: ,,მთელი მეოთხეული საუკუნის განმავლობაში ქუთაისში ნახავდით ასეულ ახალგაზრდებს, რომელნიც ბაძავდნენ არა მარტო მის ტანსაცმელს – მუქ წამოსასხამს, ჩოხასა და გარიბალდის ქუდს – არამედ მის მანერებს, ხმის ტონს, საუბარსა და აზრებს”.