‍დავით მიქელაძე (მეველე) (1843-1918)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

0118 miqeთვალსაჩინო ჟურნალისტსა და საძოგადო მოღვაწეს დავით მიქელაძეს (მეველეს) მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული ჟურნალისტიკისა და საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებაში.

დავით ალექსანდრეს ძე მიქელაძე დაიბადა 1843 წ., სოფელ კულაშში, სამტრედიის რაიონი. მამა, ალექსანდრე, თურქებთან ბრძოლის მონაწილე, რუსეთის გვარდიის პოლკოვნიკი, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის პირველი წინამძღოლი (მარშალი) იყო.

1853 წ. დავითი შეიყვანეს ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც 1863 წ. დაამთავრა. იმავე წელს გაგზავნეს პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც 1867 წლამდე დარჩა. 1864 წ. დ. მიქელაძემ ი. მელიქიშვილთან და ვ. თულაშვილთან ერთად, პეტერბურგში დაარსა სტამბა, სადაც იბეჭდებოდა ქართული ჟურნალ-გაზეთები, თვით მიქელაძე წერდა სტატიებს და ლექსებს.

1867 წ. 24 წლის დ. მიქელაძე ივ. კერესელიძის ”ცისკარში” ბეჭდავს გონებამახვილურ სატირულ ლექსებს, მონაწილეობას ღებულობს ”მამებისა და შვილების” ბრძოლაში, იცავდა ახალი თაობის შეხედულებებს.

70-იანი წლების დასაწყისში დ. მიქელაძე უმაღლესი განათლების მისაღებად პარიზში გაემგზავრა, სადაც 1873 წლამდე დარჩა. ამ ხნის მანძილზე საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია, კორესპონდენციებს უგზავნიდა ”დროებას”. უცხოეთში მყოფი დ. მიქელაძე მოწმე და ერთგვარი მონაწილეც გახდა მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობის მოვლენებისა, რომელთა ცენტრი იყო პარიზის კომუნა და მისი გამოძახილი.

1873 წლის 1 აპრილს პარიზში დ. მიქელაძის რედაქტორობით ჟურნალ ”დროშის” პირველი ნომერი გამოვიდა, რომლის ყდაზე დაბეჭდილ გაშლილ დროშაზე იყო ილია უკვდავი სიტყვები: ,,აწმყო თუ არა გვწყალობს მომავალი ჩვენია!”

უცხოეთში მყოფი დ. მიქელაძე გაეცნო და დაუახლოვდა ბევრ გამოჩენილ ადამიანს. მის მებრძოლ სულს იზიდავდა პრუდონი, ლუი ბლანი, ლანგლუა, გამბეტა, ყველაზე მეტად კი ჯუზეპე გარიბადის პიროვნება. ერთხელ პარიზში მყოფი დ. მიქელაძე ტირში შესულა და სროლაში მონაწილეობის ნება უთხოვია. იარაღი რომ მიუციათ, მის უკან მდგომ უცნობს უთქვამს;” არ გირჩევთ ამ ნიშანში მოხვედრა გაგიჭირდებათო”. მას მოუხედავს, არაფერი უთქვამს, უსვრია და მიზანში მოუხვედრებია. ზუსტი სროლით აღტაცებული უცნობი ძალზედ ნასიამოვნები დარჩენილა, როცა გაუგია, რომ ეს ახოვანი, ლამაზი კაცი, ქართველი იყო, თავის მხრივ დ. მიქელაძის სიხარულსაც საზღვარი არ ჰქონდა, როცა შეიტყო რომ თურმე იტალიის განმათავისუფლებელი მოძრაობის ბელადს, ჯუზეპე გარიბალდს ესაუბრებოდა.

დავით მიქელაძე 1886 წლიდან თანამშრომლობდა ”ივერიაში”

1899 წელს ,,აკაკის კრებულის” მეორე ნომერში დაიბეჭდა და ქართულ სცენაზე დაიდგა მისი ოთხმოქმედებიანი დრამა ”ხაფანგი”; 1900 წლიდან მუშაობდა ქუთაისის შავი ქვის მრეწველთა საბჭოში.

1908 წელს დ. მიქელაძემ თარგმნა და წიგნად გამოსცა ლევ ტოლსტოის ხუთმოქმედებიანი დრამა ,,მეუფება წყვდიადისა”. 1910 წლიდან 1916 წლამდე დ. მიქელაძე ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დირექტორი იყო.

დავით მიქელაძე გარდაიცვალა 1918 წლის 25 ნოემბერს ქუთაისში. დაკრძალულია ქუთაისის მწვანეყვავილას პანთეონში.